Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა ირანს სანქციები დაუწესა რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე-დრონების მიწოდებისთვის


ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო კიევში, ირანის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია. 2022 წლის 17 სექტემბერი
ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო კიევში, ირანის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია. 2022 წლის 17 სექტემბერი

ევროკავშირის შემდეგ, ირანს ახალი სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც. უკრაინის წინააღმდეგ საომრად რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის გამო, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები აამოქმედა ე.წ. კამიკაძე-დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიის, Shahed Aviation-ის და სამი სამხედრო მაღალჩინოსნის - ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აეროკოსმოსური ძალების მეთაურის და თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მათ მიმართ 20 ოქტომბრიდან სანქციები აამოქმედა ევროკავშირმაც.

უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.

ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა განახორციელეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. 17 ოქტომბერს, ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. 18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.

XS
SM
MD
LG