დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, ქალაქში, რომელიც 1992 წლიდან ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა.
ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დაბრუნდნენ.
„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინშია განლაგებული, სოფლები ზაბუხი და სუსი კონტროლს ექვემდებარებიან. ვულოცავ ლაჩინელებს და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, - დაწერა ილჰამ ალიევმა.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით მოითხოვს ყარაბაღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გადაადგილების ორგანიზებას.
ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აღავნოსა და სუსის მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოდან ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან და თვის ბოლომდე სახლები უნდა დატოვონ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლაჩინის დერეფანი ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და სუსის თემებთან ერთად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა. ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ არ დაეწვათ მიტოვებული სახლები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციამდე სახლები სულ მცირე ორმა ოჯახმა დაწვა.
20 აგვისტოს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ბრიგადები რუსი სამშვიდობოების თანხლებით ლაჩინში ჩავიდნენ.
რაც შეეხება ე.წ. მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორს დამაკავშირებელ ახალ გზას, ლაჩინის კორიდორის ახალი მარშრუტი სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"მანამდე იმოქმედებს სტეფანაკერტ (ხანქენდი)-ბენძორ (ლაჩინი)-გორისის ავტომაგისტალი. ალტერნატიული მარშრუტი ახალი სამხრეთის კორიდორის ამოქმედებამდე იმუშავებს. ახალ გზაზე მოძრაობა ყველა საგუშაგოზე რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებების შემდეგ დაიწყება. ამ ხნის განმავლობაში მზად იქნება 4,5 კილომეტრის სიგრძის დროებითი მონაკვეთი, რომლის ნაწილი უკვე მოასფალტებულია და უახლოეს დღეებში დასრულდება. ვვარაუდობთ, რომ სექტემბრის პირველ კვირაში მოძრაობა ახალი გზით იქნება შესაძლებელი“, - განმარტა ხანუმიანმა.
მისივე თქმით, ახალი საავტომობილო გზის დროებითი მონაკვეთი გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს ბერძორს (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხს) და ნერკინ სუსს (სუსი), შემდეგ აღავნოდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით აღავნო-ტეხის გზას უერთდება.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საავტომობილო გზების სააგენტოს სამმართველოს ხელმძღვანელმა სალეჰ მამედოვმა განაცხადა, რომ ახალი გზის გამოყენება „უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი“. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის გადაცემის საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია, განაცხადა ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ.
„კომუნიკაციის პრობლემა უკვე მოგვარებულია. ელექტროგადამცემი ხაზების გადატანას დრო დასჭირდება, მაგრამ გაზმომარაგების კუთხით, როგორც ვთქვი, სხვა გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ჰაიკ ხანუმიანმა.
აღსანიშნავია, რომ მთიან ყარაბაღს გაზი სომხეთის მხრიდან მოქმედი მილსადენით მიეწოდება, თუმცა ის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას კვეთს.
ლაჩინის კორიდორი ბაქოს კონტროლქვეშ 2020 წლის 1 დეკემბერს გადავიდა - ყარაბაღის მეორე ომის შედეგების საფუძველზე. ამავდროულად, ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ სიგანის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, „რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ რჩება".
12 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ლაჩინი (ბერძორი) და სოფლები ზაბუჰო (ახავნო) და სუსი „უკანონოდ ჩასახლებულმა“ ხალხმა "თავისი ნებით" უნდა დატოვოს და იქ აზერბაიჯანული ოჯახები უნდა დასახლდნენ, რომლებმაც ეს ადგილები 1990-იან წლებში დატოვეს. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის გამოსახლების კონკრეტული თარიღი უმნიშვნელოა. „დაე, ეს იყოს არა 5 აგვისტო, არამედ 25 აგვისტო, 1 სექტემბერი, დიდი განსხვავება არ არის“, - თქვა მან.