თვეზე მეტი გავიდა “წიგნის ეროვნული ცენტრის” და “მწერალთა სახლის” გაუქმებიდან. ამ ორი ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე 20 ივნისიდან “ლიტერატურის ეროვნული ფონდია”, რომელსაც მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები შექმნის მომენტიდან ბოიკოტს უცხადებენ.
როგორ აპირებს ფონდი მუშაობას ბოიკოტის პირობებში და როგორ გაგრძელდება გაუქმებული ორგანიზაციების დაწყებული პროექტები, მათ შორის მზადება პარიზის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო სტუმარი ქვეყანაა - რადიო თავისუფლების კითხვებს ფონდის ხელმძღვანელი, ირმა რატიანი პასუხობს.
- ირმა რატიანი, წიგნის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნამდე 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ლიტერატურის ინსტიტუტს. ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების თანახმად დირექტორი 4 წლის ვადით ირჩევა და ერთი და იმავე პირის არჩევა მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.
- 2006-2010 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, იყრიდა კენჭს თსუ-ს რექტორის თანამდებობაზეც.
- 1997 წლიდან 2002 წლამდე სამჯერ მოიპოვა იაპონური უნივერსტეტის სტიპენდია ოსაკის უნივერსტეტში ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე სასწავლებლად. იაპონიის უნივერსტეტში სწავლობდა მისი მეუღლე, მათემატიკოსი კახაბერ კორძაიაც, რომელიც 2005-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი კენჭს იყრიდა ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად პატრიოტთა ალიანსის სახელით.
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გეგმავდით, თუმცა ეს შეხვედრა ბოიკოტის გამო ჩაიშლა. რა სტრატეგია აქვს “ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” ამ ვითარებაში ?
სტრატეგია იყო დასაწყისიდან, უბრალოდ ფონი არ შეიქმნა საიმისო, რომ მისი გაცნობა მომხდარიყო. მე ჩემი სტრატეგიით მოვედი. ახლა მიმდინარეობს ვებ-გვერდის შექმნა, ეს პროცესი არ არის სწრაფი, მაგრამ იმედი გვაქვს მალე დასრულდება და მოგვეცემა საშუალება, სტრატეგია იქ განვათავსოთ და ყველას შეეძლება გაცნობა.
პროტესტის ფონზე გაუქმებული ორგანიზაციის თითქმის ყველა თანამშრომელმა უარი თქვა ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობაზე. იპოვეთ ახალი თანამშრომლები, რამდენი პოზიცია რჩება ვაკანტურად?
გუნდი სრულად არ არის დაკომპლექტებული, არის ძალიან ბევრი ვაკანსია, რომლებზეც გამოქვეყნდება ღია კონკურსი. სტრატეგიული დეპარტამენტის, ადგილობრივი პროექტების და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელები უკვე გვყვავს, წიგნის ცენტრიდან და მწერალთა სახლიდან გადმოვიდნენ ფინანსური განყოფილების თანამშრომლები, სხვა პოზიციები ვაკანტური გვაქვს.
როგორ აპირებთ თანამშრომლობის აღდგენას მწერლებთან?
არის პროექტები, რომლებიც სწრაფად საჭიროებს რეაგირებას, ჩვენ ვუკავშირდებით მათში ჩართულ ავტორებს, ნაწილი თანამშრომლებს, ნაწილი კვლავ უარს აცხადებს. მწერლებთან კომუნიკაცია არსებობს, ცხადია არის ჯგუფი მწერლების, რომლებიც ბოიკოტს უცხადებს ფონდის მუშაობას, მაგრამ არიან მწერლები საქართველოში, გარდა ამ ჯგუფისა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფონდის მუშაობით და მათთან კომუნიკაცია გვაქვს. .
ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ლიტერატურის სფეროში, მენეჯმენტის სფეროში და არ დავთანხმებულვარ სამუშაოს, რომელსაც ვერ შევასრულებდი.
მე ამ ფონდში მოვედი იმ მიზნით, რომ ფონდი მუშაობდეს ყველა მწერლისთვის საქართველოში, დაწყებული დედაქალაქიდან, გაგრძელებული რეგიონებიდან სასაზღვრო ზოლამდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფო სუბსიდია, რომლითაც უნდა ისარგებლოს ყველა მწერალმა, ვისაც კი ამის საშუალება მიეცემა.
ეს არის ჩემი ამოცანა და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას შევასრულებ. მე ყველა მწერალთან დიდი ხნის ნაცნობობა, ზოგთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ნამდვილად არავინ არ არის ჩემთვის მტრის და მოწინააღმდეგის ბანაკში.
მე მინდა გითხრათ, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ლიტერატურის სფეროში, მენეჯმენტის სფეროში და არ დავთანხმებულვარ სამუშაოს, რომელსაც ვერ შევასრულებდი.
მე არ ვაპირებ გვარების და სახელების ჩამოთვლას, მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ფონდთან მუშაობის სურვილი გაუჩნდებათ იმ მწერლებსაც, რომლებიც დღეს თვლის, რომ მათთვის მიუღებელია. მე დანამდვილებით ვამბობ, რომ ეს ფონდი არ არის ჩემი, ეს არის სახელმწიფო ფონდი, რომელიც უნდა მოემსახუროს ყველა მწერალს. არც ერთ ჯგუფს, არც მეორეს, არამედ ყველას. მე ყველა ავტორს დიდ პატივს ვცემ.
მწერლების ნაწილი ცდილობს დაარწმუნოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, რომ გააუქმოს ფონდის შექმნის გადაწყვეტილება. მათი მოთხოვნა თავიდანვე იყო სტატუს კვოს აღდგენა. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ?
სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო ფონდის შექმნა და თუ სახელმწიფო თავის გადაწყვეტილებას სხვა ფორმას მიცემს, ესეც იქნება სახელმწიფო გადაწყვეტილება. მე დაველოდები ამ გადაწყვეტილებას. სხვას ვერაფერს ვერ გიპასუხებთ.
უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება პარიზის წიგნის ბაზრობამდე, რომლის სტუმარი ქვეყანაც საქართველო 2021 წელს უნდა ყოფილიყო, ხომ არ შეიქმნება პრობლემები ამ მიმართულებით?
პარიზის წიგნის ბაზრობა არის რეალობა. კომუნიკაცია არსებობს და ეს კომუნიკაცია უფრო კონკრეტულ სახეს ალბათ შემოდგომიდან მიიღებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაჭრას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარიზში ქართული მწერლობა წარდგება სრულყოფილი სახით, ვინ წარადგენს მას, ირმა რატიანი თუ ვინმე სხვა, ამას არ ექნება დიდი მნიშვნელობა.