კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები არ ქმნის სახარბიელო გარემოს ბიზნესისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის. საგანგებო მდგომარეობამ, კარანტინმა ზოგიერთ რეგიონში და თვითიზოლაციის იძულებითმა ზომებმა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმების შესაძლებლობის და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დატოვა. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიდან დაწყებული და მასპინძლობის ინდუსტრიის (სასტუმროები, კაფე-რესტორნები) წარმომადგენლებით დამთავრებული, ბიზნესის ნგრევის საფრთხის წინაშე დგანან. კარგი დღეები არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს უდგათ, რადგან მოხმარების შემცირება და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითება მძიმე კრიზისს იწვევს, რასაც ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა კიდევ უფრო ამძიმებს.
საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე ეკონომიკაში წარმოქმნილ მხოლოდ რამდენიმე პრობლემაზე რეაგირებს.
სფერო, რომელსაც მთავრობა დახმარებას დაჰპირდა, არის ტურისტული ბიზნესი (სასტუმროები, მცირე სასტუმრო ობიექტები და ამ ბიზნესის სხვა წარმომადგენლები). ასევე, მთავრობა ძირითადი მოთხოვნის პროდუქციის 9 სახეობაზე ლარის კურის ვარდნით გამოწვეული გაძვირების კომპენსირებას ცდილობს და, კიდევ, სიტყვიერად ჰპირდება თბილისის სამარშრუტო ტაქსების 3000 მძღოლს, რომ მინიმალურ ანაზღაურებას შეუნარჩუნებს. ლარის კურსის ვარდნის შესამსუბუქებლად, ანუ პანიკის შესაჩერებლად, ეროვნული ბანკი სავალუტო მარაგებს - ათობით მილიონ დოლარს - ხარჯავს.
ძირითადად ეს არის ის, რასაც მთავრობა რთულ ეკონომიკურ გამოწვევებს უპირისპირებს.
რამ შეიძლება შეამსუბუქოს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გვერდით მოვლენად შეიძლება იქცეს და რომლის შედეგებიც უშუალოდ ვირუსით მიყენებულ ზარალზე გაცილებით დიდი და მწვავე შეიძლება აღმოჩნდეს?
რადიო თავისუფლებამ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტს, გია ჯანდიერს.
რადიო თავისუფლება: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ეკონომიკურ პოლიტიკას მიმართავენ ვირუსით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად თუ დასაძლევად. თქვენ როგორ შეაფასებთ იმ ნაბიჯებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა დგამს?
გია ჯანდიერი: მე ვფიქრობ, მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს 2 რამეზე:
1. გადასახადების მკვეთრი შემცირება;
2. ხარჯების მკვეთრი შემცირება.
გადასახადების შემცირებას ახლა ყველა მომუშავე ბიზნესი ელოდება. მათ მრავალი ვალდებულება აქვთ და მათ მიმართაც ბევრი ვალდებულებაა შეუსრულებელი. ახლა მათთვის გადასახადი კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს, რის გამოც ოპერირებას შეწყვეტენ. მთავრობას უნდა ესმოდეს ეს პროცესი, ეს არ არის იდეალური სიტუაცია და ბიზნესს, რომელსაც ისედაც უჭირდა მოქმედება, ახლა კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვს.
მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს გადასახადების და ხარჯების მკვეთრ შემცირებაზეგია ჯანდიერი
რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯებს, აქ დიდი რეზერვია იმისთვის, რომ გადასახადების შემცირებით გამოწვეული დისბალანსი შემცირდეს და, ამავდროულად, მთავრობამ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებები ეფექტიანად შეასრულოს.
ასეთი ხარჯები არის:
1. ყოველგვარი კონცერტები, მათთან დაკავშირებული ხარჯები, ქუჩების დეკორაციები, განათებები;
2. არასაჩქარო ინფრასტრუქტურული პროექტები;
3. ყოველგვარი სუბსიდიები, მათ შორის ყველა სამთავრობოი პროგრამა ბიზნესის დასახმარებლად - ასეთი პროექტებისათვის ფული ისედაც არ გვქონდა და დიდი სისულელე იყო, თუ არა დანაშაული, მათი მოქმედება. ახლა აუცილებელია მათი მყისიერად შეჩერება;
4. არსებობს, ცხადია, კიდევ მრავალი ხარჯი, რომელიც არც რელევანტურია ამ დროს, არც რაიმე შედეგზეა გათვლილი ისედაც - მაგალითად, მივლინებები, სატრანსპორტო ხარჯები და ა.შ.
რადიო თავისუფლება: როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი გადასახადი რამდენით და რატომ უნდა შემცირდეს, რა ეფექტს უნდა ველოდოთ?
გია ჯანდიერი: ჩვენ გვქონდა უკვე მიღებული კანონი გადასახადების შემცირებაზე. ახლა უნდა გვქონდეს 15-პროცენტიანი საშემოსავლო, 15-პროცენტიანი დღგ და 10 პროცენტი მოგების გადასახადი.
მიმდინარე მოვლენების ფონზე მოგების გადასახადს საერთოდ გავაუქმებდი და, ასევე, აუცილებელია აქციზის განაკვეთის დაუყოვნებელი შემცირება საწვავზე.
ხოლო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფრო რადიკალურადაც შევამცირებდი განაკვეთებს 10 % საშემოსავლო, 12 % დღგ - ამ განაკვეთის ნელ-ნელა კიდევ შემცირების პერსპექტივით.
ახლა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი რესურსის დატოვება, რაც პოსტკორონა სიტუაციაშიც დიდ უპირატესობასაც მოგვცემდა.
რადიო თავისუფლება: გადასახადების შემცირება რამდენად სწორი გამოსავალი იქნება, რადგან შესაბამისად ხარჯებიც უნდა შემცირდეს ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობისგან დახმარებას და, შესაბამისად, ხარჯების გაზრდას მოითხოვს?
გია ჯანდიერი: მე არ მითქვამს, რომ მთავრობამ სულ უნდა გააუქმოს ხარჯები. აუცილებელია პრიორიტეტების სწორად დალაგება და მიღებული რესურსების სწორად გამოყენება. მაგალითად, ბედკრული საყოველთაო ჯანდაცვის სახსრები გადაისროლონ ტესტირებაზე, ხოლო მეორე ბედკრული საპენსიო სახსრები - ხაზს ვუსმვამ, სახელმწიფოს ნაწილი და მხოლოდ ის, რაც უკვე გადარიცხულია ფონდის ანგარიშზე - გამოიყენონ კერძო სექტორისაგან ჯანდაცვის სერვისების შესასყიდად. უფრო კონკრეტულად - ფული გადაუხადონ კერძო კლინიკებს ათობით, ასობით ბოქსირებული პალატების შესაქმნელად. თუ დაგვჭირდა - იქნება, თუ არ დაგვჭირდა - საავადმყოფოების ხარისხის გაზრდას მოხმარდება, რისი წინააღმდეგი არ ვარ.
ასევე, როდესაც ვსაუბრობთ გადასახადებზე, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს საპენსიო გადასახადები და ეს ფონდიც დაიხუროს. მთავრობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, 130 მილიონი ლარის ფონდში ჩარიცხვა, გადაიხადონ სხვადასხვა აუცილებელ ხარჯებში, თუნდაც ვაუჩერებით დაუბრუნონ მოსახლეობას.
რადიო თავისუფლება: ეროვნული ვალუტა რთულ ვითარებაშია. რაოგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს სწრაფი ვარდნის შესაჩერებლად?
გია ჯანდიერი: რაც შეეხება ფულის/ვალუტის საკითხს, ეს საკითხი, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვნია. მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ლარის ერთადერთი საგადამხდელო საშუალების კანონი. ეს შვებას მისცემს ბიზნესს და ეკონომიკას. მომავალში შესაძლებელია უფრო დავხვეწოთ ეს მოდელი, მაგრამ ახლა დახვეწის დრო არ არის. ლართან დაკავშირებით მთავრობა რამდენიმე დილემის წინაშე დგას:
1. ლარის გაუფასურება არ აწყობს, რადგან პოლიტიკურად წამგებიანია და ფასების ზრდა გარდაუვალია;
2. ლარის კურსის ვარდნა ამ კრიზისულ ვითარებაში ბიუჯეტის შესრულებაში ეხმარება;
3. ლარის გაუფასურების პირობებში იმპორტიორები (და ყველა სხვაც) რთულ მდგომარეობაშია - მათი უცხოელი პარტნიორები ვერანაირ შეღავათს ვერ გაუკეთებენ, მით უმეტეს, რომ მათი პარტნიორების ქვეყნებშიც მოსალოდნელია დეფიციტი და ფასის ზრდა;
4. მთავრობა მოუწოდებს ბიზნესს - ფასები არ გაზარდონ, რაც მათი მსყიდველუნარიანობის ხარჯზე ხდება. ანუ, მათ თუ პროდუქტის ფასი არ გაზარდეს, შემოსული თანხებით ნაკლებ დოლარს/ევროს იყიდიან, შედეგად - ნაკლებ პროდუქტს შემოიტანენ. აქ არის კიდევ სხვა პრობლემაც - მთავრობის ჩარევა მათთვის სიგნალია თავი აარიდონ დიდ ოპერაციებს;
5. ახლა მთავრობას შეუძლია კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, ანუ გაზარდოს სების განაკვეთი, თუმცა ეს ცუდია - კრედიტი კიდევ უფრო გაძვირდება. რომ შეამციროს, პირიქით - ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. აქ გამოსავალი არ აქვთ - უნდა სასწრაფოდ შეეშვან ლარის ოფიციალურ დომინირებას.
ადვილად წარმოსადგენია, რამდენი დანახარჯი გვაქვს ლარის გამო - მხოლოდ გადაცვლა-გადმოცვლაში, რომელიც იმპორტიორებს სჭირდებათ, რომელიც ყველა დიდ ოპერაციაში ხდება, რომელსაც ყველა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დროს ვხარჯავთ - შესაძლებელია წელიწადში ასობით მილიონი დოლარი გამოთავისუფლდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხია ათასობით სწრაფი ტესტების ჩამოტანა და ხალხის დატესტვა - ეს არის ის, რამაც შეიძლება ხალხი დააბრუნოს სამსახურებში, ოფისებში, ბიზნესებში.
6. ფასების საკითხი ასევე მნიშვნელოვანია დეფიციტის საბაზრო მართვისათვის - თუ ფასის ზრდა არ მოხდა, ხალხს გადამეტებული მარაგების გაკეთებისაკენ უბიძგებენ, რაც, თავისი მხრივ, წარმოშობს დეფიციტს. ზოგადად კი, არ მჯერა, რომ ფასები მაღალი ტემპით გაიზრდება, რადგან ხალხს ფული არ აქვს.
კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მნივნელოვანი მგონია: 1. პანიკა ჩვეულებრივი რეაქციაა და არ არის საჭირო მისი დაქვეითება. ჯობს ხალხი პანიკაში იყოს და სახლში დარჩეს, ვიდრე ეგონოს, არაფერი ხდებაო. 2. მთავრობას გარკვეული როლი აქვს, თუმცა ჯობს ხალხმა იცოდეს, რომ მთავრობას და, თუნდაც, ყველაზე კარგ ჯანდაცვას (რომელიც არ გვაქვს), აქვს თავისი ლიმიტები. არ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ - რაც იქნება-იქნება, თუ ავად გავხდები, მიშველიან.
კიდევ ერთი ფაქტორია, რომ ხალხი მაღაზიებს ძრითადად მიაწყდა იმის გამო, რომ არ იციან ხვალ შეძლებენ თუ არა ქუჩაში გამოსვლას და არა იმიტომ, რომ თითქოს აღარ იციან ფული სად დახარჯონ. პირიქით, კარგიცაა, როდესაც იმარაგებენ, რადგან ქუჩაში ხშირად გამოსვლის საჭიროება მცირდება.
ამ მომენტში, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხია ათასობით სწრაფი ტესტების ჩამოტანა და ხალხის დატესტვა - ეს არის ის, რამაც შეიძლება ხალხი დააბრუნოს სამსახურებში, ოფისებში, ბიზნესებში.
რადიო თავისუფლება: ანუ, როგორც ვხვდებით, კორონავირუსის ტესტების საკითხს მჭიდროდ უკავშირებთ ეკონომიკური სირთულეების დაძლევას?
გია ჯანდიერი: კორეაში და იაპონიაში აქვთ საწოლების რეკორდული რაოდენობა კლინიკებში. ამის მიუხედავად, მასობრივი ტესტირება ჩაითვალა ძირითად სტრატეგიად. წარმოიდგინეთ, იტალიაში 2.6 საწოლია 1000 კაცზე, იაპონიაში 14. ჩვენთან კლინიკები ვერ გუძლებენ დატვირთვას, ისევე როგორც მოხდა იტალიაში. და, მით უმეტეს, იტალიელი ექიმების კვალიფიკაცია საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომ, მით უმეტეს, ჩვენ უფრო მეტი ტესტირება გვჭირდება.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: საჭიროა ყველას ინფორმირება, თუნდაც პოლიციამ ყველა სოფელში უნდა იაროს და ქართულად თუ სხვა საჭირო ენაზე განუმარტოს მოსახლეობას ის, თუ რა ხდება. „დარჩი სახლში“ არაადეკვატური მოწოდებაა.
მაგალითად, ისლანდიაში მოსახლეობას მასობრივად ჩაუტარეს ტესტები. ვინც იპოვეს კორონავირუსით ინფიცირებული, მათ 20 %-ს არავითარი სიმპტომი არ ჰქონდა, ჰოსპიტალებში მოათავსეს და ერთ კვირაში ისე გადაიტანეს, სიცხეც არ ჰქონიათ და სახლში გაუშვეს.
რაც შეეხება სხვა მაგალითებს, ჩვენ, ამერიკის მსგავსად, ფულის „ფლანგვა“ არ შეგვიძლია. ასევე, ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, რუსეთში ტესტირება უფრო ძნელია - საქართველო კი პატარა ქვეყანაა და ეს სრულებით შესაძლებელია.