Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არსებობს ცხედრის გადმოცემის ტრადიცია და იმედია არ დაირღვევა“ - შოთა უტიაშვილი


შოთა უტიაშვილი
შოთა უტიაშვილი

რა მექანიზმები არსებობს, იმისათვის, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს დროულად გადმოეცეს და გარდაცვალების რეალური მიზეზები გაირკვეს?

ამ საკითხზე რადიო თავისუფლების შეკითხვებს "რონდელის ფონდის" მეცნიერ-თანამშრომელი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი უპასუხებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელის რეზო ქობალიას განმარტებით ირაკლი კვარაცხელია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის იყო დაკავებული, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ინფორმაციის თანახმად, რომლის წყაროც დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლები არიან, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიიღო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით.

რადიო თავისუფლება: რა შესაძლებლობები და მექანიზმები აქვს ქართულ მხარეს აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის?

შოთა უტიაშვილი: ძალიან შეზღუდული საშუალებები გვაქვს, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ მათ სამართალდაცვის სისტემას და არ ვთანამშრომლობდით მათთან. თავის მხრივ, არც ისინი თანამშრომლობენ ჩვენთან. ამიტომ ოფიციალურ სამართალდაცვით თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის. არსებობს მხოლოდ ჰუმანიტარული თანამშრომლობა, რაც იმაში გამოიხატება ხოლმე, რომ როგორც წესი, გარდაცვლილის ოჯახს უბრუნებენ ცხედარს და პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს სწორედ ეს. მას შემდეგ რაც ქართულ მხარეს გადმოეცემა ცხედარი, ამის შემდეგ შეიძლება დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი.

რადიო თავისუფლება: რა გარემოებებზეა ხოლმე დამოკიდებული ცხედრის გადმოცემა?

შოთა უტიაშვილი: ​თუ მას აღენიშნება ძალადობის და წამების კვალი, ცხადია გაწელავენ ამ პროცესს. მთავარი ახლა არის ის, რომ ჩვენ მოვითხოვოთ და ამ საქმეში ჩართული იყოს გაეროც და ევროკავშირის მისიაც, რომ ჰუმანიტარული საფუძვლით გადმოგვცენ გარდაცვლილის ცხედარი. ესეც დამოკიდებულია ოჯახზე. თუ ოჯახი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, გადმოგვცემენ. მაგრამ თუ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა, მაშინ არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ. თუმცა, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ.

რადიო თავისუფლება: აქ ასევე გასათვალისწინებელია პოლიტიკური კონტექსტი - ჩაშლილია (IPRM) ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრების ფორმატი, რა ფაქტორია ეს ამგვარ შემთხვევებში და რა სახის კომუნიკაციის შესაძლებლობა რჩება ამ ვითარებაში?

შოთა უტიაშვილი: ​ოთხოზორიას შემთხვევის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობები არ არის ნორმალური. მუშაობს ცხელი ხაზი, შესაძლებელია სატელეფონო კავშირი, როგორც პირდაპირ ასევე ევროკავშირის მეშვეობით და ამას არაფერი წინ არ უდგას. პლუს ადგილზე არის წითელი ჯვარი, რომელსაც, ასეთ დროს, ფასდაუდებელი საქმის გაკეთება შეუძლია და როგორც წესი, ისინი არიან ხოლმე ჩართული ცხედრის გადმოსვენების პროცესში და სხვა პროცედურების მოგვარებაში.

რადიო თავისუფლება: რა ტიპის ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს ამ შემთხვევაში?

შოთა უტიაშვილი: ​როგორც წესი, დამოკიდებულია ხოლმე მხარეების კეთილ ნებაზე და რაიმე იძულების მექანიზმი საერთაშორისო ინსტიტუტებს არ გააჩნიათ. არსებობს ჩამოყალიბებული ტრადიციები და ამ ტრადიციების ნაწილია, რომ მხარეები არასოდეს ამბობენ უარს ცხედრების გაცვლაზე და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს ტრადიცია შენარჩუნდება. შეიძლება პროცესი გაიწელოს, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რატომ შეიძლება ოჯახს უარი ეთქვას ცხედრის გადმოსვენებაზე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG