Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ საუბრობს საქართველოს სახელით მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე


„არა რუსეთს“ - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტს რუსეთის დროშა გადახაზული აქვს. მოსკოვსა და თბილისში გარკვეული წრეები „ურთიერთობების აღდგენაზე“ საუბრობენ
„არა რუსეთს“ - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტს რუსეთის დროშა გადახაზული აქვს. მოსკოვსა და თბილისში გარკვეული წრეები „ურთიერთობების აღდგენაზე“ საუბრობენ

რუსეთის საგარეო უწყებაში ცრუს უწოდებენ ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვი და თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის ემზადებოდნენ. აი, რუსეთის დუმაში კი „ხედავენ“, რომ მხარეები ამით დაინტერესებული არიან.

თუმცა მთავარი დათქმა ასეთია: მოსკოვი არ გაიწვევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

ამ სტატიაში გიამბობთ,

  • ვინ საუბრობს მოსკოვსა და თბილისში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე;
  • რას ამბობენ ოფიციალური პირები თბილისსა და მოსკოვში;
  • რატომ ფიქრობენ ექსპერტები, რომ ოკუპაციის პირობებში, მსგავსი საუბრებიც კი დამანგრეველია საქართველოს ინტერესებისათვის.

რუსეთის საგარეო: „ცრუ ინფორმაცია“

12 ივნისს, - მას შემდეგ, რაც ქართულ მედიასა და რუსულ ტელეგრამარხებზე გაჩნდა ცნობები, თითქოს ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას განიხილავს, - მეტიც, მუშაობს კიდეც საამისოდ, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს:

„ვერ ვხედავთ აზრს, კომენტარი გავაკეთოთ ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“.

ეს უთხრეს კრემლის რუპორს, „რია ნოვოსტის“, რუსეთის საგარეო უწყებაში.

წინა დღეს, 11 ივნისს, ჯერ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ საქართველო მოსკოვში საელჩოს გასახსნელად, ანუ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ემზადება, - თანამშრომლების მოძიებაც კი დაწყებულიაო.

დამატებით არგუმენტად მოიყვანა ბოლო პერიოდში მოსკოვთან აფილირებული პრორუსი ფიგურების განცხადებები, რომლებიც სწორედ ამისკენ მოუწოდებენ მხარეებს.

მოგვიანებით ტელეგრამის რუსულმა არხმა, BRIEF-მა დაწერა, რომ თბილისში რუსმა დიპლომატმა, - უფრო ზუსტად, შვეიცარიის საელჩოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა, - უთხრა, „საქართველოს და რუსეთის საელჩოების გახსნა მოსკოვსა და თბილისში დროის საკითხიაო“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ან რომელიმე სხვა დეპარტამენტს ამ საკითხზე, - მათ შორის, რადიო თავისუფლების მიმართვის მიუხედავად, - კომენტარი არ გაუკეთებია.

ორმხრივი ინტერესი - რუსეთის დუმის ჩინოსანი

ამავე საკითზე, რუსეთის საგარეო სამინისტროს შემდეგ, კომენტარი გააკეთეს რუსეთის დუმაში.

კონსტანტინ ზატულინმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გამოცემა Lenta.ru-ს განუცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით ორივე ქვეყანა დაინტერესებულია, მაგრამ მოსკოვი არ გაიწვევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

კონსტანტინ ზატულინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
კონსტანტინ ზატულინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

„ეს [ცნობები, რაც მედიაში გავრცელდა] შეიძლება შეესაბამებოდეს ჭეშმარიტებას, ან, შეიძლება, ჯერ კვლავ მაინც მხოლოდ ვარაუდი იყოს. [მაგრამ] ის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა აღდგეს, უნდა განახლდეს - ეს, ჩემი აზრით, ჩვენი ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესია“, - აღნიშნა ზატულინმა.

მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა, რომ მთავარი კითხვა ღიად რჩება, - გადალახავს თუ არა საქართველო იმას, რაც აქამდე ხელს უშლიდა ურთიერთობების დამყარებაში, - რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

„საქართველოში არსებობს და ხანდახან ძლიერდება ნადირობა რუსეთში მათზე, ვინც მხარს უჭერდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ან ვინც სწვევია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთში კი ასეთი ადამიანების რაოდენობა დიდია, - არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ რიგით მოქალაქეებშიც, რომლებიც, მაგალითად, აფხაზეთში სულ უფრო და უფრო ხშირად მიემგზავრებიან დასასვენებლად“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, „ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება დაკავშირებული იყოს ან არ იყოს დაკავშირებული დიპლომატიური ურთიერთობების გახსნასთან. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მთავრობებს შორის ურთიერთობებზე, არამედ უფრო ფართოდ, მოსახლეობებს [შორის ურთიერთობებზეც]“.

ამ კომენტარებს რამდენიმე კვირით უსწრებდა „ქართული ოცნების“ დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, - რაც, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური შემობრუნების გამყარების შემდეგ, ანალიტიკოსებს მორიგ ცრუ დაპირებად მიაჩნდათ.

საბოლოოდ, ერთი შეხედვით, ასეც აღმოჩნდა.

გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი
გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი

„ეშმაკისეული მსჯელობა“, - ასე შეაფასა გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, „ოცნების“ დაპირება.

იქვე თქვა, რომ საქართველოს პრემიერისთვის „ახლა მთავარია, კანონით განისაზღვროს ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები ინახავენ და რომლებიც პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას ეწევიან“.

მას შემდეგ მმართველი გუნდის წევრებს ამ საკითხზე აღარ უსაუბრიათ.

„დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტისთვის“

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის, საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ ოკუპირებისა და მოსკოვის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

საქართველოს ანალიტიკურ წრეებში კონსენსუსია - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციისა და განგრძობადი აგრესიის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს დააზიანებს.

„არავითარ შემთხვევაში! სრულიად გამორიცხულია ამ ვითარებაში ამაზე საუბრის დაწყებაც კი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის გეგმა: ის ჯერ ახორციელებს აგრესიას, შემდეგ იტაცებს ტერიტორიას ან რაიმე სხვა საერთაშორისო სამართლის უკიდურესად მძიმე დარღვევას განახორციელებს და შემდეგ ცდილობს, რომ ეს გახადოს ნორმალური“, - ამბობს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დათო სიხარულიძე.

დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი
დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი

სიხარულიძე, რომელიც 2006-08 წლებში აშშ-ში საქართველოს ელჩი იყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია, კატასტროფული იქნებოდა საქართველოსთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის განხილვაც კი:

„იმიტომ, რომ ეს მაშინ იქნებოდა კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ვითარების „განორმალურებისკენ“. ყველანაირი მცდელობა, რომელიც შესაძლებელია თეორიულად იყოს მიმართული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ, არის საქართველოს ინტერესებისთვის დამანგრეველი და შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ ამ ტერიტორიების ოკუპაცია გახდეს ნორმალური. ამან, თავის მხრივ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არაღიარების პოლიტიკაზე“.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი ნაბიჯი იქნება „უმძიმესი დარტყმა საქართველოსთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.

2024 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 103 ხმით კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია.

მაგრამ პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილი უკვე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რისკს, რომ „აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური გადახრის შედეგად საქართველოს შესაძლო საერთაშორისო იზოლაცია საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას.

ვინ საუბრობს ურთიერთობების აღდგენაზე?

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის „აუცილებლობას“ ბოლო პერიოდში ხშირად განიხილავენ როგორც პრორუსული განწყობის პოლიტიკოსები, ასევე რუსეთში კრემლთან დაახლოებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები - ბიზნეს და სხვა ტიპის კავშირებით რუსეთთან.

მაგალითად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს ლობირებს ქართული წარმოშობის ბიზნესმენი მამუკა ფიფია, რომელიც პრორუსულ პარტიას, „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“, წარმოადგენს. მან 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია Звезда-ს ეთერში ისაუბრა.

მოსკოვში ოფიციალური კომენტარების შემდეგ, 12 ივნისს ფიფიამ ახლა უკვე „იზვესტიას“ ეთერში ილაპარაკა იმავე საკითხზე, - „უცხოეთის აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე თქვა, ბევრი მტერი გვყავს და იცით, რა ხდება საქართველოს ქუჩებშიო, - შემდეგ კი დასძინა: „ამ პირობებში, ბუნებრივია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს“.

მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში, „ოცნების“ დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის კაბინეტში. 2023 წლის შემოდგომა
მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში, „ოცნების“ დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის კაბინეტში. 2023 წლის შემოდგომა

შემდეგი არგუმენტი ასეთი იყო: პარადოქსია, რომ რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და დიპლომატიური ურთიერთობები კი არ გვქონდესო.

შემდეგ კიდევ უფრო შორს წავიდა და „სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-პოლიტიკურ შეთანხმებაზე“ ისაუბრა, - ამ მიმართულებითაც ვდგამთ ნაბიჯებსო:

„აქ უკვე საუბარია სამხედრო-სტრატეგიულ შეთანხმებაზე, სამხედრო-პოლიტიკურ შეთანხმებაზე. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ, ვმოძრაობთ წინ ერთმანეთისკენ და ვიმედოვნებთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები სრულად აღდგება“.

ასევე განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების გარანტორია.

ვინ არის მამუკა ფიფია

მამუკა ფიფია, რომელმაც ქართული ყვითელი პრესის ყურადღება ათიოდე წლის წინ მისი და მისი ცოლის სუპერმოდელ ირინა შეიკთან ნაცნობობით მიიპყრო (შეიკი იმავე პერიოდში ფეხბურთის სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა), ამჟამად ქართულ-რუსულ არაოფიციალურ წრეებში ცნობილი ფიგურაა.

2023 წლის მაისში, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო რეისები აღდგა, - საზოგადოების პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, - ფიფია ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც „აზიმუტის“ პირველი რეისით მოსკოვიდან ჩამოფრინდა.

მამუკა ფიფიამ მაშინ აეროპორტში რუსეთთან ფრენების ეკონომიკურ სარგებელზეც ილაპარაკა, უკრაინაში რუსეთის ომიც გაამართლა, მაგას „СВО“ - სპეციალური სამხედრო ოპერაცია (ტერმინი, რომელსაც უკვე მოსკოვშიც იშვიათად იყენებენ) ჰქვიაო - და დაამატა, რომ „რუსეთი უკრაინაში შეჭრილი არ არის და თავის ფუნქციებს ასრულებს“.

ფიფიასთან ერთად პირველ რეისს ჩამოჰყვნენ სხვა ცნობილი ფიგურები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ლობირებენ. მათ შორის:

  • „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელია;
  • მერაბ ჭიქაშვილი, „ობიექტივის“ ყოფილი ჟურნალისტი, ქართული პრორუსული არხის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, დამფუძნებელი და, ამავე დროს, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მეგობარი;
  • „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მამუკა ფიფია 2023 წელს საქართველოს პარლამენტშიც იმყოფებოდა - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით. მართალია, ჩიგოგიძემ თქვა, არ შევხვედრივარ, ვერ მოვიცალეო, თუმცა მის კაბინეთში შევიდა და გადაიღო ფოტო, როგორ კითხულობს საქართველოს კონსტიტუციას.

ფიფიას ინსტაგრამი რომ დაათვალიეროთ, ბევრ ფოტოს შორის თვალში მოგხვდებათ, ცნობილ რუს პირებთან, სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან, სერგეი გავრილოვთან და კაზბეგ ტაისაევთან ერთად გადაღებული ფოტო.

გავრილოვი სწორედ ის დეპუტატია, რომლის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წაყვანასაც მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაციები 2019 წელს და მოვლენა, რასაც მედიამ „გავრილოვის ღამე“ უწოდა: 20-21 ივნისს სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დარბევა. ამ დროს რამდენიმე მონაწილემ თვალი დაკარგა.

სულ ცოტა ხნის წინ ფიფიამ მოსკოვში მიიღო საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრინდონ ინჯია. ინჯია, თავის მხრივ, გამორჩეულად ანტიდასავლური შეხედულებებისაა და ღიად უჭერს მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის საკითხების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „მედიაციით“ გარკვევას. ამისკენ მოუწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსაც.

ინჯიას საჯაროდ განმარტება არ გაუკეთებია ვიზიტზე. „მოვეფერეთ, ცოტა დავლიეთ და დამთავრდა“, - მხოლოდ ეს თქვა ფიფიასთან შეხვედრაზე.

ფიფიამ მანამდე ფეისბუკზე დადო ინჯიასთან გადაღებული ფოტო და დაწერა: „ჩემი მხარდაჭერა კანონს გეი პროპაგანდის წინააღმდეგ“.

ბიზნესსაბჭო მოსკოვში

ეს ამბავი კიდევ ერთი კუთხით არის საინტერესო.

2024 წლის 17 მაისს, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგ სხდომაზე სწორედ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრეს.

ეს ის საბჭოა, სადაც 2023 წელს, ფრენების საბოლოოდ აღდგენამდე, მიმოსვლის აღდგენას განიხილავდნენ.

იმედი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ გამოთქვა.

ბიზნესსაბჭოს სხდომას კი 12-14 მაისს წინ უძღოდა მოსკოვში რუსეთის ქართული სათვისტომოს ფორუმი, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის მთავრობებს მიმართეს და განაცხადეს, რომ არაერთი პრობლემაა მოსაგვარებელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG