მოსკოვი-თბილისის პირველი რეისის 70-მდე მგზავრს შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, ასევე ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები. მათ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბრიდან დაიწყეს.
რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედია დახვდა. მგზავრების ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა, თუმცა რამდენიმე ჟურნალისტებს გამოელაპარაკა.
"კარგია, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა", - თქვა "აზიმუტის" ერთ-ერთმა მგზავრმა პასუხად კითხვაზე, რამდენად კარგად იმგზავრა?
შუახნის ქალმა, რომელიც "აზიმუტის" რეისს ჩამოჰყვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და აქ დარჩენას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
"თბილისში პირველად არ ვარ. დიდი მადლობა. ძალიან კომფორტულია, რომ გაიხსნა რეისი, [აქ] ძალიან ბევრი [მეგობარი] მყავს, გველოდებიან. სექტემბრამდე დავრჩები".
მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა "საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის" ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელია, რომელმაც ქართველ ხალხს რუსეთთან ფრენების აღდგენა მიულოცა. ის ერთ-ერთი იყო, ვინც ავიამიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავდა.
"დაანებეთ თავი პუტინს! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ გაუქმებულია რუსეთთან სავიზო რეჟიმი და დაწყებულია პირდაპირი ფრენები. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება. ვისაც უნდა - გაფრინდება, ვისაც არ უნდა - არ გაფრინდება", - თქვა მან.
თბილისამდე "აზიმუტის" რეისით იმგზავრა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამაც, რომელმაც აეროპორტში რუსეთთან ფრენების ეკონომიკურ სარგებელზე ილაპარაკა და დაამატა, რომ "რუსეთი უკრაინაში შეჭრილი არ არის".
"დიდ სარგებელს ნახავენ, ციფრები იქნება დეკემბრისთვის, რამდენი ვართ იქ, რამდენი ფული იგზავნება, ყველაფერს დეკემბერში მოგახსენებთ", - უთხრა მამუკა ფიფიამ ჟურნალისტებს. კითხვას კი მისაღებია თუ არა მისთვის რუსული პოლიტიკა და შეიჭრა თუ არა რუსეთი უკრაინაში, ფიფია ასე პასუხობს: "კი [მისაღებია], არ არის შეჭრილი მანდ, თავის ფუნქციებს ასრულებს, СВО ჰქვია (სპეციალური სამხედრო ოპერაცია). მე ბიზნესმენი ვარ, ბიზნესმენს რატო ეკითხებით პოლიტიკის ამბავს?"
ბიზნესმენ ფიფიას გვერდით ედგა "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"ის, რაც დღეს ხდება უვიზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, არის იმ პარიტეტული საწყისების აღდგენა, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს, ჯერ კიდევ 2008 წელს, ცალმხრივად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ განხორციელდა", - თქვა მან და ჟურნალისტებს უთხრა ისიც, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, ეს არის აუცილებელი პირობა, რათა ქართულმა მხარემ "თავისი ლეგიტიმური ინტერესი დაიკმაყოფილოს." "ეს მოქმედებები, რაც დღეს არის დაწყებული, მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის განმტკიცებისკენ".
მგზავრებს შორის იყო თემურ ფიფია, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "სოციალისტური მოძრაობა - საქართველოდან". მისი თქმით, მისი ორგანიზაცია რუსეთთან სახალხო დიპლომატიაშია ჩართული.
"საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიესალმება ურთიერთობების დათბობას რუსეთთან, მიესალმება სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, რადგან ეს უმარტივებს ცხოვრებას უბრალო მოსახლეობას. რატომ უნდა არსებობდეს საფრთხე? ჩვენ გვინდა, ჩვენს მეზობელთან აღვადგინოთ კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობები. რატომ უნდა იყოს ეს წინააღმდეგობრივი თუნდაც ევროპასთან და ამერიკასთან მიმართებით?", - ამბობს ის და ამატებს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით უშუალოდ მათ, მის ორგანიზაციას ჰქონდა მოლაპარაკებები კაზბეგ ტაისაევთან, რომელიც რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
"მათთან მოლაპარაკების შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სახალხო დიპლომატიის მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს განვიხილავთ".
თბილისის აეროპორტთან მოსკოვი-თბილისის რეისის ჩამოსვლის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მოქალაქეები "აზიმუტის" მგზავრებს საპროტესტო ბანერებით დახვდნენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც - საქართველოდან 55 მგზავრი გაფრინდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.