Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აეროპორტთან აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს


აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან
აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვი-თბილისის პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, დაკავებულია 6 ადამიანი - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა მათგანს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.

აქციაზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაკავებულები არიან აქტივისტი ნატა ფერაძე, პარტია "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, ექიმი გიორგი ახობაძე, ასევე გელა ხასაია, ლევან თარხნიშვილი და თათა ხუნდაძე.

ნატა ფერაძე ერთ-ერთია იმ აქციის ორგანიზატორებს შორის, რომელიც დღეს, საღამოს 8 საათზე, პარლამენტის შენობასთან არის დაგეგმილი, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.

საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს, 19 მაისს, შესრულდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG