რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ვარაუდობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგება. ამის შესახებ მან "რუსკაია გაზეტასთან" საუბარში განაცხადა.
“ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის, ელჩების გაცვლა”, - ამბობს გავრილოვი. მისი შეფასებით, ეს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
“ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა", - ამბობს სერგეი გავრილოვი.
სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა.
2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც იყო რუსეთის დუმის „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი. 19 ივნისს დილით, მან სხდომის წასაყვანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.