„ჩვენ მიერ დახარჯული თითოეული დოლარი, ჩვენ მიერ დაფინანსებული თითოეული პროგრამა და ჩვენ მიერ გატარებული თითოეული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პასუხებს სამ შეკითხვაზე: აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოდ? აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერად? აქცევს თუ არ ეს ამერიკას უფრო აყვავებულად?“, - განაცხადა 22 იანვარს მარკო რუბიომ, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა.
დონალდ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის დაფინანსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული ქვეყნები, პროგრამები თუ ბენეფიციარები, რომლებსაც შესაძლოა შეეხოთ ეს პროგრამა და შეეხება თუ არა უკვე მიმდინარე პროექტებს, რომელთათვისაც დახმარება უკვე გამოყოფილია კონგრესის მიერ, ფედერალური ბიუჯეტიდან.
დონალდ ტრამპის მიერ 20 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი ავალებს იმ დეპარტამენტებისა და სააგენტოების ყველა ხელმძღვანელს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საგარეო დახმარებაზე, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ახალი ვალდებულებები და გადარიცხვები განვითარების დახმარების ფონდებში 90 დღის განმავლობაში, სანამ პროგრამების ეფექტიანობა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არ გადაიხედება.
განვითარებისთვის გამიზნული დაფინანსების დაპაუზება განსაკუთრებით მძიმეა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამერიკულ დახმარებაზე დიდწილად არიან დამოკიდებული. შიშობენ, რომ თუკი, მაგალითად, ავღანეთში დახმარება საბოლოოდ შეწყდება, მძიმე კვალს დატოვებს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების დახმარების დროებით შეწყვეტას მიესალმა „ქართული ოცნება”, რომელიც საერთაშორისო დახმარების სააგენტოს [USAID] წლებია აკრიტიკებს.
სწორედ USAID-ი განკარგავს და აკონტროლებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვას როგორც საქართველოში, ასევე ევროპის, აზიის, აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის კანონი“, ვსაუბრობდით იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში, არამედ აქ საუბარი იყო ხშირად პირდაპირ რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელის გულზე დევს”, - USAID-ის მიმართ ბრალდებები, 23 იანვარს, ისევ გაიმეორა „ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, როცა ის დახმარების დროებით შეჩერების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.
კობახიძის თქმით, „გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად. კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით ამერიკას და რუსეთს“.
USAID-ის მიმართ „ოცნების” მთავარი ბრალდება, წლებია, ქვეყანაში „არეულობისა“ და „გადატრიალების“ დაფინანსებაა. „ქართული ოცნება“ ქვეყნის არევის მცდელობას „მეორე ფრონტის” გახსნისა და საქართველოს ომში ჩართვის შეთქმულებას უკავშირებს, რაც ფაქტებით არ დასტურდება.
2023 წლის შემოდგომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული CANVAS-ის „ტრენინგების საქმის“ გამოძიება დაიწყო. ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ. რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა სუსიდან საქმის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი დეტალების მოპოვება. „გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს“, - ეს არის უწყების სტანდარტული პასუხი რადიო თავისუფლების კითხვებზე.
CANVAS-ი - გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრია − მსოფლიოში ცნობილია წარმატებული არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
„ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა“, - განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაქიიმ, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე, თბილისში განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული პროგრამის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა.
დაფინანსება ისედაც მცირდებოდა "ქართული ოცნების" მთავრობისთვის
ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი საერთაშორისო დახმარების საკითხის გადახედვას დაიწყებდა, უკვე პრობლემური იყო ამერიკული დაფინანსების მიღება საქართველოს მთავრობისთვის. საერთაშორისო, მათ შორის, ამერიკული დახმარება დაპაუზდა „ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო.
„შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება”, - გამოაცხადა აშშ-ის აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 2024 წლის ივლისში. ნოემბრის ბოლოს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობაც შეაჩერა.
საერთაშორისო პარტნიორებსა და თბილისს შორის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვას სადავო კანონების მიღების, სადავო არჩევნებისა და საპროტესტო გამოსვლების დარბევის გამო სავიზო შეზღუდვები და საფინანსო სანქციების დაწესებაც მოჰყვა.
რა ხდება ახლა?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამები საქართველოში ამ ეტაპზე ჩვეულებრივ ტემპში გრძელდება და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას შეფერხება ჯერ არ გამოუწვევია.
ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობაში გაგზავნილ შეკითხვებზე - რას მოელიან და არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა დაფინანსებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
USAID-ის ოფიციალურ ვებსაიტზე იძებნება ათეულობით მიმდინარე პროგრამა, რომლებიც მრავალ მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა:
- განათლება მომავლისთვის - პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს, გააძლიეროს მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამები; მეტი შესაძლებლობა შეუქმნას სკოლების ხელმძღვანელობას; მხარი დაუჭიროს სკოლის ავტონომიის პოლიტიკას.
- განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის - პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს) დიალოგსა და თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის სფეროებში.
- დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის - პროგრამის მიზანია მოსახლეობის ხელშეწყობა ისეთი უნარ-ჩვევების შეძენაში, რომელსაც მოითხოვს კერძო სექტორი და აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. პროგრამა აფინანსებს და ქმნის გადამზადების პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას.
- მცირე პროექტების დახმარება - პროგრამა მოიცავს თანამშრომლობას USAID-სა და მშვიდობის კორპუსს შორის, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდით, ძლიერდება სამოქალაქო საზოგადოება.
USAID-ის ჩამონათვალშია ასევე: კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების პროგრამა, საბაზისო განათლების პროგრამა, სამართლის უზენაესობის პროგრამა, სამოქალაქო განათლების პროგრამა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა, სამხრეთ კავკასიის წყლის რეგიონული პროგრამა, სოფლის მეურნეობის ექსპორტის დივერსიფიკაციის პროგრამა, პარტნიორობა გაძლიერებისათვის და სხვა.
აშშ-ის დახმარების ეფექტიანობისა და საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის გადახედვა 3 თვეში უნდა დასრულდეს. არავინ იცის, რა იქნება 90 დღის შემდეგ.
რა ხდება სხვაგან?
დაფინანსების 90 დღით შეჩერება, როცა მომავალი ბუნდოვანია, აღელვებს ბევრს, მთელ მსოფლიოში, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ხელმძღვანელმა - იან ეგელენდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მაგალითად, ავღანეთში განვითარების პროგრამების დაფინანსება ხმარდება არა რეჟიმს, არამედ „ძალიან ღარიბ ხალხს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება საკუთარი თავის მოსავლელად”.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აცხადებს, რომ აშშ-ის დაფინანსებით ავღანეთში 22 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტას „კატასტროფული” შედეგი ექნება.
პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება სახელმწიფო მდივანს აძლევს უფლებას, რომ 3-თვიანი შეზღუდვა გააუქმოს „სპეციფიკური პროგრამებისთვის“. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოში იმედოვნებენ, რომ შეზღუდვა ავღანეთისთვის გამიზნულ ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეეხება.
აშშ-ის საგარეო დახმარების მასშტაბებს ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც.
„ვაპირებთ დავეხმაროთ მხოლოდ მათ, ვინც პატივს გვცემს და გულწრფელად არიან ჩვენი მეგობრები“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, 2018 წელს, გაეროში გამოსვლისას.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, განვითარების დახმარება და პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება გამოუყო. დონალდ ტრამპმა ამ დახმარების მასშტაბები გააკრიტიკა და მათ შორის - მილიარდობით დოლარის შეიარაღებისთვის გამოყოფა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის“ მკვლევარი კიევიდან, სვეტლანა მუსიაკი რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ეუბნება, რომ უკრაინისთვის USAID-ის დახმარების შეჩერება შესაძლოა უარყოფითად აისახოს სამოქალაქო საზოგადოებაზე და აღიქმებოდეს, როგორც აშშ-ის მხარდაჭერის შემცირება დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. თუმცა ის არ მოელის, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც „დამოუკიდებლობითა და სიცოცხლისუნარიანობით“ გამოირჩევა, გაჩერდება.
ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის „ჩვენი სამყაროს“ წარმომადგენელი, ანდრეი კრავჩუკი აშშ-ის დახმარებას უწოდებს „არა გადამწყვეტს“, მაგრამ „ძალიან მნიშვნელოვანს“ და შემდგომი დახმარების იმედიც აქვს. იხსენებს, რომ დახმარებას ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ფარგლებშიც იღებდნენ და ეს პროცესი არ გაჩერებულა.
6.2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება დამოუკიდებლობისთვის
არსებობს უამრავი მაგალითი, როცა, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში, USAID-ის დახმარება მთლიანად ცვლის კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას. რადიო თავისუფლება სხვადასხვა დროს შეხვედრია ადამიანებს, რომლებმაც, მაგალითად - პანკისის ხეობაში საოჯახო მეურნეობა ააწყვეს - მეწველი ძროხები იყიდეს, ყველის წარმოება დაიწყეს ანდა კახეთში ფუტკრების ოჯახები შეიძინეს და თაფლის წარმოება დაიწყეს.
კოსოვოში, რომელიც სერბეთს 2008 წელს გამოეყო, USAID-ის დახმარება აშკარად დაეტყო, მაგალითად, ხის მასალების წარმოებასა და ექსპორტს. 2014 წელს ექსპორტის მოცულობა 2.5 მილიონ ევროს გაუტოლდა. 1999 წლის შემდეგ, აშშ-მა კოსოვოს განვითარებაში მილიარდი დოლარი ჩადო. „არ მინდა დავიჯერო, რომ USAID ზურგს შეგვაქცევს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა მცირე მეწარმემ, ხის საამქროს მფლობელმა შეჰუ კრეშნიკმა, რომლის თქმითაც - ეს დარგი დახმარებას კვლავ საჭიროებს.
2024 წლის ივლისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 32 წლის მანძილზე, ამერიკელმა ხალხმა საქართველოს 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო, „რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში”.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ ძირითადად არასამთავრობო სექტორს ეხმარება და ძირითადად, ქვეყნის არევის მიზნით.
USAID თანამშრომლობს კერძო ბიზნესთან საქართველოში. „2020 წელს, ერთობლივი პროექტების შედეგად, ადგილობრივმა ბიზნესებმა 20 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, შეიქმნა 3400 ახალი სამუშაო ადგილი, საქართველოს განვითარების მიზნების ხელშესაწყობად. კერძო ინვესტიციების ოდენობამ 6.4 მილიონ დოლარს მიაღწია”, - წერია USAID-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.
ფორუმი