Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტას მილიარდები მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ


დონალდ ტრამპი მასზე თავდასხმის შემდეგ, 2024 წლის 13 ივლისი. ეს ფოტო მალევე ინტერნეტმიმად იქცა. ახლა კი ტრამპმა იგი საკუთარი კრიპტოვალუტის გარეკანად აქცია.
დონალდ ტრამპი მასზე თავდასხმის შემდეგ, 2024 წლის 13 ივლისი. ეს ფოტო მალევე ინტერნეტმიმად იქცა. ახლა კი ტრამპმა იგი საკუთარი კრიპტოვალუტის გარეკანად აქცია.

დონალდ ტრამპმა და მისმა ცოლმა მელანიამ ცოტა ხნის წინ საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვეს და უკვე მილიარდები იშოვეს. აი, ამ კრიპტოვალუტის მყიდველები კი, ბევრი ექსპერტის აზრით, ვერაფერს იშოვიან.

გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპმა გამოუშვა კრიპტოვალუტა, სახელად $TRUMP.

თავდაპირველად ერთი მონეტის ღირებულება 1 ამერიკულ ცენტრს უდრიდა. 23 იანვარს კი ის უკვე 34 დოლარი ღირდა. ინაუგურაციის დღეს მისმა ფასმა 75 დოლარს მიაღწია.

რაღაც მომენტში ვალუტის მთლიანი საბაზრო ღირებულება ცაში ავარდა და 40 მილიარდ დოლარს გადასცდა.

თუმცა ექსპერტები ტრამპის კრიპტოვალუტის აღმასვლას სიფრთხილით უყურებენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მონეტების 80%-ს ტრამპი და მასთან დაკავშირებული კომპანიები აკონტროლებენ.

თანაც, ტრამპმა შექმნა არა უბრალოდ კრიპტოვალუტა, არამედ მიმკოინი.

არ დაიბნეთ, ახლავე ყველაფერს აგიხსნით.

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა ციფრული ფულია. ის მხოლოდ ონლაინ არსებობს, თუმცა გამოიყენებთ ისევე, როგორც ქაღალდის ფულს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ კრიპტოვალუტას ვერ აკონტროლებენ ვერც ბანკები და ვერც სახელმწიფო. ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინია.

მიმკოინი რაღაა?

მიმკოინი კრიპტოვალუტის სახეობაა. სახელი ეფუძნება სიტყვა მიმს - ინტერნეტში მასობრივად გაზიარებულ სასაცილო სურათს, ვიდეოს ან იდეას. მიმკოინები ხშირად შთაგონებულია პოპულარული ხუმრობებით, ან მოვლენებით.

მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მიმკოინს დოჯკოინი ჰქვია. იგი 2013 წელს შექმნეს ძაღლის პოპულარული გამოსახულებით შთაგონებულმა პროგრამისტებმა - ბილი მარკუსმა და ჯეკსონ პალმერმა.

იაპონური შიბა ინუს ჯიშის ძაღლი, რომლის ფოტოც 2013 წელს ინტერნეტმიმად იქცა
იაპონური შიბა ინუს ჯიშის ძაღლი, რომლის ფოტოც 2013 წელს ინტერნეტმიმად იქცა

მისი პოპულარობის მიუხედავად, ერთი მონეტა დოჯკოინი დოლარზე ნაკლები ღირს და სერიოზულ კრიპტოვალუტად მას არავინ აღიქვამს.

რად უნდა ტრამპს საკუთარი კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტის გაშვების შესახებ ტრამპმა მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში ამცნო.

„დროა აღვნიშნოთ ყველაფერი, რისთვისაც გამოვდივართ: გამარჯვება! შემოუერთდით ტრამპის სპეციალურ თემს. მიიღეთ თქვენი $TRUMP დღესვე”, - დაწერა მან.

$TRUMP-ის ვებგვერდზე გამოსახულია ტრამპი, რომელსაც მუშტი მაღლა აქვს აღმართული. ეს ფოტო 2024 წლის 13 ივლისს, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მიმად გადაიქცა. მაშინ ყურში დაჭრილმა მომავალმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვალუტის შექმნით, ტრამპი ცდილობს, გაზარდოს საკუთარი ბრენდის პოპულარობა.

ის ახლად გაპრეზიდენტებულია, ბევრი ადამიანი მასზე იმედს ამყარებს და მზადაა ეს მხარდაჭერა ფულით გაამყაროს.

ძალიან რომ გავამარტივოთ, ამ კრიპტოვალუტის გაყიდვა უბრალოდ ფულის შოვნის კიდევ ერთი გზაა. დაახლოებით იგივე, რაც ტრამპის გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვა.

ანუ ტრამპმა ათეულობით მილიარდი დოლარი იშოვა?

არა. მართალია, მისი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ამ ფულზე წვდომა აქვს.

გამოცემები ვოქსი და ტაიმი განმარტავენ, რომ ტრამპის კრიპტოვალუტა მეტისმეტად არასტაბილურია და მას არაფერი უმაგრებს ზურგს მისი გაპრეზიდენტებით გამოწვეული აჟიოტაჟის გარდა.

ამიტომ ტრამპი ნამდვილად კი გამდიდრდა, თუმცა დღეს თითქმის შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენით.

ტრამპს ადრე კრიპტოვალუტა არ მოსწონდა

წლების მანძილზე, ტრამპი კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგე იყო და მას „აფერას” უწოდებდა. თუმცა ამ საარჩევნო კამპანიისას აზრი მოულოდნელად შეიცვალა.

მის დაპირებებს შორის იყო კრიპტოვალუტაზე რეგულაციების მოხსნა, ბიტკოინების სახელმწიფო რეზერვის შექმნა და აშშ-ის „მსოფლიოს კრიპტოვალუტის დედაქალაქად” გადაქცევა.

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება მყისვე გაიზარდა.

სხვათა შორის, საკუთარი კრიპტოვალუტა ტრამპის ცოლმა, მელანიამაც გამოუშვა. მისი ფასი გაცილებით მოკრძალებულია - თითო მონეტა 2,5 დოლარამდე ღირს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG