Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

America First!


„პირველ რიგში უნდა გადავარჩინოთ ამერიკა, პირველ რიგში ამერიკა უნდა გავხადოთ სტაბილური, პირველ რიგში ამერიკა უნდა ავაყვავოთ, პირველ რიგში ამერიკაზე უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში ამერიკა უნდა განვადიდოთ, პირველ რიგში ამერიკას უნდა ვეთაყვანოთ!“ - 1920 წლის 10 იანვარს საპრეზიდენტო კანდიდატმა, სენატორმა უორენ ჰარდინგმა, რამდენჯერმე გამოიყენა სლოგანი America First!, რათა დაეგმო პრეზიდენტ ვუდრო უილსონის (1913-1921) საგარეო პოლიტიკა.

როგორც კონგრესში, ისე მოსახლეობაში, ვუდრო უილსონის პოლიტიკა - ამერიკის ჩარევა ევროპის დიდ ომში - მასობრივად იქნა დაგმობილი: „რა სარგებელი მოგვიტანა 1917 წლის აპრილში ევროპაში ჯარების გაგზავნამ? ბრიტანელებისა და ფრანგების გადასარჩენად მობილიზებული იყო ოთხი მილიონი კაცი, ქვეყნის მთელი რესურსები! 116 ათასზე მეტი სამხედრო დავკარგეთ! უილსონმა ხუთი თვე გაატარა პარიზში ვერსალის ხელშეკრულების შესათანხმებლად და ერთა ლიგის, უილსონის ამ ახირების, დასაარსებლად! და რა შედეგები მივიღეთ? ამერიკულ იდეალებს პატივს არ სცემენ - გუშინდელი მოკავშირეები აგრძელებენ თავიანთ იმპერიალისტურ პოლიტიკას! არც მადლიერებას გამოხატავენ და არც ომის დროს აღებული ვალების დაფარვას აპირებენ! არა, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ არ უნდა გაყოს თავი ხაფანგში! როგორც ჯორჯ ვაშინგტონმა გვირჩია 1796 წელს, თავი უნდა შევიკავოთ ევროპის ინტრიგებში ჩარევისგან!“

უილსონის შემდეგ, ამერიკის ყველაზე არაიზოლაციონისტი პრეზიდენტი გახლდათ ფრანკლინ რუზველტი (1933-1945). თუმცა უილსონის ამ ყოფილმა მარჯვენა ხელმა, რომელიც საზღვაო ძალების მინისტრის თანაშემწის რანგში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, საკუთარი საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო როგორც იზოლაციონისტმა. რუზველტი და ჰიტლერი ერთი თვის სხვაობით გახდებიან გერმანიისა და ამერიკის ლიდერები. თუმცა 1933 წელს, დიდი დეპრესიის ფონზე, რუზველტს არ ეცალა ევროპისთვის. რუზველტის პირველი მანდატის პერიოდში კონგრესი მიიღებს მთელ რიგ კანონებს, რომლებსაც „ბოროტი ძალებისათვის“ ხელი უნდა შეეშალა „უცხო ქარიშხალში“ ქვეყნის ჩათრევაში: 1934 წლის კანონი ფედერალურ მთავრობას აუკრძალავს სესხების გაცემას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დაფარული პირველი მსოფლიო ომის დროს აღებული ვალები. 1935 წლიდან 1937 წლამდე კონგრესი ემბარგოს დააწესებს მეომარი ქვეყნებისთვის იარაღის ან სხვა სამხედრო დანიშნულების მასალის მიყიდვაზე. 1937 წლის 1 მაისს „cash and carry“-ის პროგრამა ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს, მიეყიდათ იარაღი მეომარი ქვეყნებისთვის იმ პირობით, თუ ისინი ნაღდი ფულით გადაიხდიდნენ და თვითონვე გაიტანდნენ იარაღს ამერიკის პორტებიდან.

1937 წლის 5 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც იაპონელები დაიწყებენ საომარ მოქმედებებს ჩინეთის წინააღმდეგ, რუზველტი შეეცდება თანამემამულეების გაფრთხილებას: „საერთაშორისო ანარქია ანგრევს მშვიდობის საფუძვლებს. აგრესორები კარანტინზე უნდა იყვნენ აყვანილი [...], რათა დავიცვათ მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელობა დაავადების გავრცელებისგან“. იზოლაციონისტების რეაქცია მყისიერი იქნება: „თავი დაანებეთ მსოფლიო საქმეებში ჩარევას!“. რუზველტი უკან დაიხევს.

1939 წელს ევროპაში დიდი ომი დაიწყება და რუზველტი თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ „ნეიტრალურები საქმით და არა ფიქრით“... წინ 1940 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რუზველტს სიფრთხილე სჭირდებოდა. და მართლაც, 1940 წლის საარჩევნო კამპანიაში რუზველტი დაუღალავად იმეორებდა: „მშვიდობისთვის ვმუშაობ. სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ მშვიდობისთვის ვიმუშავებ. გპირდებით, რომ ამერიკა არ ჩაერთვება სხვების ომში“.

არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება. შეერთებული შტატები ბრიტანეთს შესთავაზებს ლენდ-ლიზის პროგრამას, რომლითაც იარაღს და საბრძოლო მასალას მისცემდა ლონდონს სესხის სახით. თუმცა რუზველტი აგრძელებდა ფრთხილ პოლიტიკას: 1941 წლის 17 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, ანუ პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმამდე, გერმანული წყალქვეშა ნავები მოახდენენ ამერიკული ესკორტის გემების (რომლებსაც ბრიტანეთისთვის იარაღი გადაჰქონდათ), ტორპედირებას, რის შედეგადაც 120-ზე მეტი ამერიკელი მეზღვაური დაიღუპება. რუზველტი ჩათვლის, რომ ეს არ იყო casus belli ამერიკისათვის და რომ საქმე ისევ „სხვების ომთან“ ჰქონდა (საინტერესოა, სხვათა შორის, რა მოხდებოდა, იაპონელები რომ თავს არ დასხმოდნენ ამერიკას, ხოლო ჰიტლერს ომი რომ არ გამოეცხადებინა ამერიკისთვის).

არც მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება შეცვლის ბევრს: მიუხედავად იმ განუზომელი სახეცვლილებისა, რომელიც რუზველტის ამერიკამ განიცადა მეორე მსოფლიო ომის დროს, იზოლაციონიზმი მაინც მყარად დარჩება ქვეყნის გენებში. თვით ნატოს შექმნა - რომელიც ბრიტანელების იდეა იყო - ამერიკელების მიერ აღიქმებოდა როგორც რაღაც დროებითი. პირადად დუაიტ აიზენჰაუერი, ევროპის განმათავისუფლებელი გენერალი, რომელიც თვლიდა რომ სსრკ-ს მიმართ შეკავების პოლიტიკა (containement) უნდა ჩანაცვლებულიყო უკუგდების პოლიტიკით (roll-back), 1952 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში მოახერხებდა ევროპიდან ამერიკის ჯარების გაყვანას...

მოგვიანებით განვითარებული მოვლენები მკითხველს კარგად ახსოვს: ევროპის მიერ საკუთარი უსაფრთხოების ამერიკისთვის გადაბარება, ცივი ომის დასასრული, ევროპის ცენტრალურიდან პერიფერიულ სცენაზე გადაბარგება, ძველი კონტინენტის გეოპოლიტიკური ანესთეზია, მისი უუნარობა, იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე...

ამასობაში კი (2009 წლიდან მოყოლებული), ლიბერალური ინტერნაციონალიზმით გაწბილებული ამერიკა ნელ-ნელა თავის ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა. როგორც 1920 წელს სენატორი უორენ ჰარდინგი განიხილავდა აშშ-ს უილსონის პოლიტიკის მთავარ მსხვერპლად, ასევე თვლის დღევანდელი ტრამპისტი ამერიკას კლინტონისა თუ ბუშის პოლიტიკის მთავარ ხელმოცარულად: „ჩვენ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მძევლები უფრო ვართ, ვიდრე ჩვენი მტრებისა“. ამიტომაც, სენატორ უორდინგ ჰარდინგის მიერ ასი წლის წინ წარმოთქმული სიტყვა დღესაც ძალიან აქტუალურია ამერიკელებისათვის: America First! ისე, არის ამაში რაიმე საკვირველი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG