Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონების რბოლა. უპილოტო თვითმფრინავების როლი რუსეთ-უკრაინის ომში


თანამედროვე ომის პირობებში დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებია საჭირო
თანამედროვე ომის პირობებში დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებია საჭირო

ფრონტის ხაზზე მყოფი როგორც უკრაინელი, ისე რუსი სამხედროები დრონებზე, როგორც ყველაზე საშიში საფრთხეზე ისე ლაპარაკობენ.

მებრძოლები მუდმივად აკვირდებიან ცას და ყურს უგდებენ, ხომ არ ისმის პროპელერების დამახასიათებელი ხმა.

"დრონების ხმას ფრონტის ხაზზე ნებისმიერი ცნობს", - წერს ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ ტაიმსი". "დრონები გვაწიოკებენ, ჩვენ კი ვერაფრით ვპასუხობთ", - წერდა შარშან რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეთა" რუს "კონტრაქტნიკზე" დაყრდნობით.

დრონებით ბრძოლას სულ უფრო ხშირად უწოდებენ ომის ახალ სახეობას. თუ ომის დასაწყისში, უკრაინის არმია მხოლოდ მცირე კვადროკოპტერებს იყენებდა, ახლა მის შეიარაღებაში მრავლად არის ისეთი უპილოტო თვითმფრინავები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებია საჭირო.

"თავიდან, 2022 წელს ომი რომ დაიწყო, ბრძოლაში „მავიკებს“ ვიყენებდით. არის ასეთი ჩინური წარმოების დრონები. მაგრამ, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტრეკერები აქვს ამ დრონებს და რუსები იგებდნენ, თუ საიდან ფრინდებოდნენ ეს დრონები, რის გამოც ოპერატორები ძალიან ხშირად საფრთხის ქვეშ გვყავდა.

შემდეგ შემოვიდა FPV (First Person View), ხელით აწყობილი დრონები, სულ სხვა მოდულებით, სულ სხვა ვიდეოგადაცემით და სულ სხვა რეტრანსლატორებით.

შემდეგ გამოგვიჩნდა უკვე „ვამპირები“ (რუსები „ბაბაიაგებს“ ეძახიან), ესენი უკვე დიდი დრონებია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ტვირთის გადატანაც, დაბომბვაც, მათ შორის 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის ჭურვებით.

და სულ ბოლოს ჩვენ გაგვიჩნდა უკრაინული „პალიანიცა“, ეს არის რაკეტა დრონი, რომელიც 700 კილომეტრზე დაფრინავს და საკმაოდ დიდი სისწრაფე აქვს", - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, რომელიც, როგორც ამბობს, პარალელურად დრონების ერთ-ერთ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.

უკრაინელი ჯარისკაცი ცას შეჰყურებს დრონის აღმოსაჩენად
უკრაინელი ჯარისკაცი ცას შეჰყურებს დრონის აღმოსაჩენად

უკრაინის ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგეები უფრო ხშირად სწორედ FPV-დრონებს ხმარობენ. მათი სიჩქარე 100 კმ/საათს აღემატება. მათ საშუალოდ ერთიდან სამ კილოგრამამდე ასაფეთქებელი მასალის გადატანა შეუძლიათ. ასეთ დრონებს მათზე დაყენებული ვიდეოკამერით, როგორც "პირველი პირისგან", შორიდან მართავენ ოპერატორები. აქედან წარმოდგება მათი სახელწოდებაც FPV (First-person view) დრონები.

"უკრაინული „ჩიტების“ მასებს ვერაფერს ვუხერხებთ"

რადიოსადგურ "ამერიკის ხმას" მოჰყავს ამერიკელი ექსპერტების მოხსენება, რომლის თანახმად, FPV კამიკაძე დრონებს, რომლებიც "პირდაპირი ხედვის ფარგლებს მიღმა მოქმედ ტაქტიკურ იარაღს წარმოადგენენ, იაფი და მაღალი სიზუსტის დარტყმის შესაძლებლობები აქვთ, რაც აფართოებს სახმელეთო ჯარებზე მათ წვდომას".

FPV-დრონები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც "იაფი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი", მიუხედავად იმისა, რომ მათი დიაპაზონი "დაახლოებით ექვსჯერ აღემატება ყველაზე თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დიაპაზონს". მათი მინუსი არის დაბალი ტვირთამწეობა და, შესაბამისად, შედარებით მცირე მუხტი, მაგრამ ეს კომპენსირდება სიზუსტით და სიიაფით, რაც შესაძლებელს ხდის მათ მასიურ წარმოებას.

დრონების გამოყენების შედეგია ბრძოლის შეცვლილი სურათი, როდესაც ჯავშანტექნიკას ქვეითი ჯარი მტრის პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მიჰყავს, ტოვებს მათ, ტექნიკა უკან იხევს, ხოლო ქვეითები იწყებენ იერიშს დრონების დარტყმების ქვეშ.

ბრიტანული "გარდიანი" ამას ასე აღწერს: ნაკლებია სროლა, (თუმცა ნაღმსატყორცნების და არტილერიის სროლები არ კლებულობს) "მკვდარი ზონის" ფართობი, რომელიც მოწინააღმდეგეებს ყოფს, ადრე თუ სროლის დისტანციით იზომებოდა, ახლა რამდენიმე კილომეტრს შეადგენს, სადაც მცირე კვადროკპოტერების შეტევა მიდის.

ანგარიშში, რომელსაც "ამერიკის ხმა" ციტირებს, ნათქვამია, რომ "უკრაინა მუდმივად უსწრებს რუსეთს ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციების მხრივ", მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალები "სწრაფად ადაპტირდებიან და კიევის მიღწევებს იმეორებენ".

დრონების მხრივ უკრაინის უპირატესობაზე ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძეც საუბრობს.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ უფრო განვვითარდით ე.წ. FPV (ინგლისური აბრევიატურისგან First Person View) კამიკაძე დრონების თვალსაზრისით, თუმცა ჯერჯერობით დრონებს კვლავ საგარაჟო, კუსტარულ პირობებში ვაწყობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.

FPV-დრონის ოპერატორი
FPV-დრონის ოპერატორი

ორი თვის წინ რუსულ სამხედრო უწყებასთან დაახლოებული გამოცემა "ვოენნოე ობოზრენიე" ამტკიცებდა, რომ სწორედ დრონებზე გადატანილმა ყურადღებამ შექმნა "უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო სტაბილურობის საფუძველი". ეს რომ არა, უკრაინა უკვე დამარცხდებოდაო.

"რომ არა მათი უპილოტო თვითმფრინავები, ჩვენ აქამდე გავიმარჯვებდით. მაგრამ უკრაინული "ჩიტების" მასებს ვერაფერს ვუხერხებთ. შედეგად, ჩვენ წინ უდიდესი დანაკარგებით, კუს ტემპებით მივიწევთ. ავდეევკის შტურმი 2023 წლის 10 ოქტომბერს დავიწყეთ. ჩვენი ჯარები კი სელიდოვოში 2024 წლის 24 ოქტომბერს შევიდნენ. ავდეევკიდან სელიდოვომდე 24 კილომეტრია. სირბილით ორი საათი... წარმოიდგინეთ [რა მოხდება], თუ რამდენიმე ჩვენი (ჯარისკაცი) დარჩა იქ ამ 24 კილომეტრზე. და ეს ყველაფერი თითქმის "დრონების არმიის" შედეგია", - წერს რუსული გამოცემა.

"ვინც დრონების ამ რბოლაში გაიმარჯვებს, ის ომშიც გაიმარჯვებს"

როგორც ზემოთ ითქვა, დრონებს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის შეჭრის დასაწყისიდანვე იყენებდნენ, მაგრამ გასულ წელს დრონებით ბრძოლის წილი მკვეთრად გაიზარდა. 2023 წლის დეკემბერში უკრაინელმა ბლოგერმა სერგეი სტერნენკომ, რომელიც ფრონტიდან ბრუნდებოდა, ჩაწერა ვიდეო. მასში ბლოგერი საარტილერიო ჭურვების ძალიან დიდი დეფიციტზე საუბრობს და საარტილერიო ჭურვების იაფი ალტერნატივით - დრონებით ჩანაცვლებას უსვამს ხაზს.

"ჩვენ უკვე ვართ ცუდ სიტუაციაში და ახლოს ვართ ფრონტზე კატასტროფულ შედეგებამდე, თუ პირდაპირ ახლა არ შეიცვლება სიტუაცია, თუ არ ავაწყობთ ფრონტისათვის დონების მიწოდებას".

სტერნენკოს შეფასებით, ფრონტს დღეში სულ მცირე 10 ათასი FPV-დრონი ესაჭიროება. ის უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ ემოქმედა რაც შეიძლება სწრაფად. ექსპერტი ხაზს უსვამდა, რომ რუსეთსაც ესმის დრონების მნიშვნელობა.

"რუსები ჩვენ უკვე გვეწევიან და მალე გაგვასწრებენ დრონების მხრივ. ვინც დრონების ამ რბოლაში გაიმარჯვებს, ის ომშიც გაიმარჯვებს", - განაცხადა სტერნენკომ.

სწორედ მაშინ, დეკემბრის თვეში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024 წლისათვის ფრონტისათვის მილიონამდე დრონის მიწოდების გეგმის შესახებ გამოაცხადა.

"ვოენნოე ობოზრენიეს" თანახმად, სწორედ ამ მომენტიდან "მკვეთრად იმატა დრონების გამოყენებამ და ომი შეუქცევადად შეიცვალა".

გასული წლის სექტემბერში ტელეარხმა "ნასტოიაშჩეე ვრემიამ" ისაუბრა უკრაინული ქვედანაყოფის მეთაურის, იური ფედორენკოს შეფასებაზე არმიის შეიარაღებაში დრონების რაოდენობის ზრდის შესახებ. "ერთი გათვლა (ჯგუფი) დღეში საშუალოდ 40-60 FPV-დრონს ხარჯავს, რაც სხვადასხვა კატეგორიის 20-დან 30-მდე მიზნის დაზიანებისა და განადგურების შესაძლებლობას იძლევა. თუ 2023 წლის შუა ზაფხულისათვის ჩვენ ერთ FPV-დრონზე მოწინააღმდეგის საშუალოდ 5-6 დრონი მოდიოდა, დღეისათვის ჩვენი პარიტეტი 1:2-თანაა, სადღაც უპირატესობაც კი გვაქვს", - ამბობდა უკრაინელი ოფიცერი.

დაახლოებით ერთი წლის წინ უკრაინამ უპილოტო სისტემების ძალები (СБС) შექმნა. "ნიუ-იორკ ტაიმსმა" ამ ძალების სარდლის, გენერალ ვადიმ სუხარევსკის კომენტარი მოიპოვა.

მაღალი რანგის ოფიცერი ამტკიცებდა, რომ ამ ძალებში უკვე 2024 წელს დაახლოებით 2 ათასი სპეციალისტი ირიცხებოდა. ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის - 10 ათასი, რაც ომში დრონების გამოყენებას "გარკვეული სახის სუბკულტურიდან" საბრძოლო მოქმედების საფუძვლად აქცევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ ამ დღეებში ასე აღწერა ბრძოლის ველზე უპილოტო სისტემების გამოყენება: "დეკემბერში უკრაინის უპილოტო სისტემების ოპერატორებმა მოწინააღმდეგის 54 ათასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. ამ შედეგის თითქმის ნახევარი, 49% კი, კამიკაძე დრონებმა უზრუნველყვეს...

ვზრდით გაძლიერებული უპილოტო ელემენტების მქონე ბრიგადების რაოდენობას. რაც უფრო მაღალი იქნება მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენების ეფექტიანობა, მით უკეთესად შევძლებთ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის შენარჩუნებას", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

დრონების ომის ახალი ტენდენციები და პერსპექტივა

ომის მომხრე რუსი ბლოგერების განცხადება ზოგჯერ ისე ჟღერს, თითქოს უკრაინას ტოტალური უპირატესობა ჰქონდეს დრონების მხრივ. მაგრამ ციფრები თანაბარ პარიტეტზე მეტყველებენ: სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წელს რუსეთის არმია დაახლოებით 1,4 მილიონ დრონს მიიღებდა, ოქტომბერში ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, რომ დაგეგმილი მილიონი დრონი უკვე გადაეცა ფრონტს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე თვითმფრინავის ოპერატორი არტური (სახელი შეიცვალა) ამბობს, რომ რუსეთის ჯარები უფრო მეტ დრონებს იყენებენ, სამაგიეროდ უკრაინის ჯარი უფრო მეტად ოპერატორის პროფესიონალიზმს ეყრდნობა, ვიდრე დრონების რაოდენობას.

"რუსებს კვლავ არ შეუძლიათ ფრენა, მათ უჭირთ ქალაქის კვარტლებში, მაგრამ მასობრიობის ხარჯზე ისინი თავიანთი დრონებით პრობლემებს გვიქმნიან", - ამბობს უკრაინელი სამხედრო და განმარტავს, რომ მას მხედველობაში აქვს ოპტიკურბოჭკოვანი FPV-დრონები. (ასეთ დრონზე აყენებენ კოჭას, რომელზეც ძალიან თხელი, რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კაბელია დახვეული. ასეთი კაბელით მართულ დრონს არ სჭირდება რადიოკავშირი და, შესაბამისად, მისი გადაჭერა არ ხდება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით).

FPV კამიკაძე და სხვა უფრო შორი მოქმედების დრონების განვითარების კვალობაზე, უკრაინის ჯარი ჯერ კიდევ იყენებს პირველი თაობის დრონებს.

"კიდევ უნდა ვახსენოთ ჩვენ მიერ შექმნილი "კარდონის" (მუყაოს) დრონები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამადაც საკმაოდ კარგად მოქმედებენ. რატომ კარდონის დრონებიო, იკითხავთ?

იმიტომ, რომ ასეთი დრონები რადიოტალღებს არ ატარებენ და რუსების რადარებს უჭირთ მათი გადაჭერა. ეს მუყაოს დრონები ახლაც გამოიყენება, მაგრამ ისინი ნელა დაფრინავენ. მაგალითად, როდესაც ენგელსის სახელობის აეროდრომი დავბომბეთ, მოწინააღმდეგის თვითმფრინავებმა მოასწრეს აფრენა და ვერ მოვახერხეთ მათი ჩამოგდება", - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

ოპტიკურბოჭკოვანი დრონები არ არის გასული წლის ერთადერთი ინოვაცია ფრონტის ხაზზე. არტურს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ უკრაინელმა ინჟინრებმა მოახერხეს ისეთი FPV-დრონების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ სიმაღლეზე მფრინავი რუსული სადაზვერვო დრონების ჩამოგდება.

ვანო ნადირაძე კუსტარულად აწყობილი FPV-დრონით ხელში
ვანო ნადირაძე კუსტარულად აწყობილი FPV-დრონით ხელში

ისინი დაფრინავენ რამდენიმე ასეული კმ/სთ სიჩქარით (ჩვეულებრივი FPV-დრონების სიჩქარე არ აღემატება 120 კმ/სთ-ს, რაც საკმარისია, მაგალითად, იმისთვის, რომ ავტომობილს დაეწიოს), რაც მნიშვნელოვნად ართულებს რუსული დრონების სადაზვერვო მუშაობასა თუ პირდაპირ შეტევას უკრაინულ პოზიციებზე.

რუსული გამოცემა "ვოენნოე ობოზრენიე" შიშობს, რომ 2025 წლის ზაფხულისთვის რუსეთის ქვევით ჯარს დაუპირისპირდება "დამრტყმელი დრონების მინიმუმ 60 უკრაინული პოლკი" და ერთდროულად მომუშავე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების 1500 გათვლა. "ეს, როგორც ეტყობა, გამოიწვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაყვანას რაოდენობიდან ახალ ხარისხამდე, რასთანაც ჩვენს ჯარებს მოუწევთ საქმის დაჭერა დაახლოებით 1,5 წლის უწყვეტი იერიშის შემდეგ".

როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის "დრონების ომზე" მსჯელობს, კიდევ ერთი რუსული პროექტი Re:Russia აღნიშნავს, რომ "გარკვეულ ეტაპზე უკრაინის დრონების უპირატესობამ უკვე ითამაშა გამთანაბრებელი ფაქტორის როლი".

კერძოდ, საშუალება მისცა უკრაინას, შეემცირებინა ტანკებისა და ჯავშანმანქანების მხრივ რუსეთის უპირატესობის ეფექტი. მაგრამ შემდეგ, რუსეთის არმიამ მოახერხა ადაპტირება დრონების ომში, გააძლიერა საკუთარი არმია დრონებით და შესაბამისი თავდაცვის სისტემები გაშალა.

Re:Russia-ს ექსპერტების აზრით, ომის წარმოებაში რევოლუცია მოხდება მაშინ, როდესაც დრონების მართვა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ ბაზას დაეფუძნება. ხოლო არსებული პოტენციალით უკრაინას შესაძლებლობა ექნება, ამ სფეროს გამოყენებაში გადამწყვეტი ნახტომი ერთ-ორ წელიწადში გააკეთოს.

რუსეთ-უკრაინის დრონების ომში ძალთა ბალანსი მუდმივად იცვლება და ძნელია იწინასწარმეტყველო, თუ როგორი იქნება ის მომავალში.

დღეისთვის დრონების ომი, სულ მცირე, ართულებს ნებისმიერ შეტევით მოქმედებას, კერძოდ, ეხმარება უკრაინის არმიას შეანელოს რუსეთის ჯარის წინსვლა ფრონტის მთელ ხაზზე. მაგრამ, როგორც უკრაინელი ჯარისკაცი არტური აღნიშნავს, პოზიციების შენარჩუნება მხოლოდ დრონებით შეუძლებელია.

მათი შენარჩუნება აუცილებლად უნდა მოხდეს "ხმელეთზე". "თავდაცვის ნორმალურად ფუნქციონირება მხოლოდ დრონების ოპერატორებისა და ქვეითების ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი, და არ შეიძლება დრონებით სრულად იქნეს ნიველირებული უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის მხრივ არსებული ნაკლოვანება", - ამბობს არტური.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG