Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წარმოადგენს უკრაინული რაკეტა-დრონი "პალიანიცა", რომელზეც ზელენსკი დიდ იმედებს ამყარებს?


ასე გამოიყურება ფრთოსანი რაკეტა-დრონი "პალიანიცა", რომლის სურათი ინფორმაციასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
ასე გამოიყურება ფრთოსანი რაკეტა-დრონი "პალიანიცა", რომლის სურათი ინფორმაციასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

24 აგვისტოს, როდესაც უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო ვითარებაში პირველად გამოცადეს შორი მოქმედების უკრაინული "რაკეტა-დრონი". უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ესაა "სრულიად ახალი კლასის" დრონი "პალიანიცა“, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რუსეთს ძალზე გაუჭირდება.

"ეს არის აგრესორის მიმართ ჩვენი შურისძიების ახალი მეთოდი. მტერი განადგურდა", - განაცხადა 24 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც არ დაუზუსტებია, მტრის ცოცხალი ძალა განადგურდა, თუ ტექნიკა. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტელეგრამის არხში გამოქვეყნებული ვრცელი ცნობა ნათელს ხდის, რომ უკრაინის სარდლობა "პალიანიცის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რუსეთის სამხედრო აეროდრომებს განიხილავს.

დრონი „პალიანიცა“ ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე რუსეთის ხელთ არსებული „შაჰედი“

მიუხედავად კოლექტიური დასავლეთისგან მიღებული მნიშვნელოვანი შეტევითი და თავდაცვითი შეიარაღების სისტემებისა, უკრაინის არმიას ჯერჯერობით კვლავაც უჭირს რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებულ სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან და განსაკუთრებით ე.წ. კორექტირებად საავიაციო ბომბებთან (KAB) გამკლავება. 24 აგვისტოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ამ დისბალანსზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება სწორედ უკრაინულ დრონ "პალიანიცაზე" საუბრისას.

„სრულმასშტაბიანი ომის ორწელიწადნახევარში რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 10 ათასამდე რაკეტა და 33 ათასზე მეტი KAB-ი (კორექტირებადი საავიაციო ბომბი) ესროლა. ჩვენს ქალაქებზე თავდასხმები შეიძლება შეწყდეს ამ იარაღის მატარებლებზე - რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე, მათსავე აეროდრომებზე - დარტყმებით. გუშინ მტრის შეტევითი პოტენციალის გასანადგურებლად მოხდა ჩვენი ძალებით შექმნილი ახალი იარაღის - უკრაინული შორი მოქმედების რაკეტა-დრონი "პალიანიცის" - პირველი წარმატებული საბრძოლო გამოყენება. შევქმნით კიდევ უფრო მეტ რაკეტა-დრონს, ისევე როგორც უკვე შევქმენით შორი მოქმედების უპილოტო თვითმფრინავები, რომელთა შედეგს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ“, - განაცხადა 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სხვა დეტალებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს არ უსაუბრია.
ოფიციალურ ვიდეოში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა, ნაჩვენებია რუკა. მასზე აღნიშნულია რუსეთის ის აეროდრომები, რომელთა მიღწევაც „პალიანიცას“ შეუძლია. რუკის ანალიზის შემდეგ სამხედრო გამოცემა „დიფენს ექსპრესის“ ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „პალიანიცის“ საბრძოლო დიაპაზონი დაახლოებით 750 კმ-ია.
ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინული დრონი, რომელსაც "დიფენს ექსპრესი" არა რაკეტა-დრონს არამედ რეაქტიულ დრონს უწოდებს, - მოწინააღმდეგის ტერიტორიის საკმაოდ დიდ სიღრმეში შეძლებს სამხედრო ამოცანების შესრულებას.

მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად დაფრინავს ეს დრონი. თუ ჩვეულებრივი პროპელერიანი დრონი, მაგალითად, იგივე "შაჰედი" (ირანული წარმოების დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს) დაფრინავს 100-200 კმ/ სთ სიჩქარით, მაშინ "პალიანიცის" მსგავს რეაქტიულ დრონს შეუძლია მინიმუმ 400-500 კმ/სთ და მაქსიმუმ 800-900 კმ/სთ სიჩქარით ფრენა. სინამდვილეში, მტერს მოუწევს დაეყრდნოს ძვირადღირებულ საზენიტო რაკეტებს და ზოგადად საკმაოდ მწირ საზენიტო სარაკეტო სისტემებს.

„ასეთ შემთხვევაში მტერი იძულებული გახდება, მათ წინააღმდეგ გამოიყენოს ძვირადღირებული საზენიტო რაკეტები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რაშიც რუსეთს დიდი დეფიციტი აქვს“, - წერს გამოცემა „დიფენს ექსპრესი“.

"უკრაინას მეტი პოტენციალიც მოეპოვება!"

ყველა ახალი იარაღის ავ-კარგს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს პოლიგონი და საბრძოლო ოპერაცია. ვინაიდან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დრონ "პალიანიცის" გამოყენება საბრძოლო ვითარებაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანები უკრაინული "რაკეტა-დრონის" თაობაზე დასკვნებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

"დეტალები არ ვიცით, ამიტომ "პალიანიცის" თაობაზე შეგვიძლია მხოლოდ მწირი ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ. ცუდი არ არის, მაგრამ უკრაინას მეტი პოტენციალი მოეპოვება", - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლკოვნიკმა არჩილ ცინცაძემ, 2014-2019 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე 1998 -2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო. 2014-2019 წლებში იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველი.
პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე 1998 -2008 წლებში აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო. 2014-2019 წლებში იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სამხედრო მრჩეველი.

ზოგადად რაკეტა-დრონების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ მათ დიდ მანძილზე შეუძლიათ დიდი წონის ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა.

„[„რაკეტა-დრონებს“] შეუძლიათ 300-დან 400 კმ-მდე ფრენა და 400 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანა. მათი აეროდინამიკური ფორმისა და 600 კმ/სთ-მდე სიჩქარის გამო, ამ თვითმფრინავების დანახვა იოლი არ არის საჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის, რაც ართულებს მათ განადგურებას. დრონის რეაქტიული ძრავა უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს, რაც ზრდის მის ეფექტიანობას საბრძოლო პირობებში“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლექსანდრ მუსიენკომ უკრაინულ საინფორმაციო პორტალ ТСН-ს.

მაგრამ რეაქტიულ დრონს, ანუ უპილოტო თვითმფრინავს, რომელსაც რეაქტიული ძრავა აქვს, აქვს ერთი „ნაკლიც“. რეაქტიული ძრავიანი დრონის თვითღირებულება, ექსპერტების აზრით, გაცილებით მაღალია, ვიდრე პროპელერიანი ანუ შიდა წვის ძრავიანი დრონებისა. „უხეშად თუ ვიტყვით, პროპელერიანი დრონის აწყობა წყლის მილებისგანაც შეიძლება, რეაქტიულისა კი არა“, - წერს გამოცემა „დიფენს ექსპრესი“.

მაგრამ უკრაინისათვის ფინანსები არ არის პრობლემა.
როგორც 27 აგვისტოს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინა მოკავშირეებისგან იღებს საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას, რაც, უწინარეს ყოვლისა, სწორედ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაზე იხარჯება.

შემთხვევითი არ არის, რომ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უკრაინელ მეიარაღეთა მიერ შექმნილ კიდევ ერთ ნაკეთობაზე - ახალ უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტაზე - გაამახვილა ყურადღება.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ახალი რაკეტა პირველია ქვეყანაში. მან თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული, გამოექვეყნებინა თუ არა ინფორმაცია გამოცდის შესახებ. „ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მინდოდა, საზოგადოებას შეეფასებინა ის ადამიანები, რომლებიც 24/7 რეჟიმში მუშაობენ თავდაცვით საწარმოებში,“ - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე აქვთ შეიარაღებაში და აქტიურადაც იყენებენ მტრის წყალზედა სამიზნეების წინააღმდეგ ფრთოსან რაკეტა „ნეპტუნის“ მოდიფიკაციას. ქვებგერითი რაკეტა 2000-იანი წლების დამდეგიდან იწარმოება ერთეულ ეგზემპლარებად და კიევი მათ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად იყენებს.

2022 წლის აპრილში სწორედ ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნის“ ერთ-ერთი პირველი ნადავლი გახდა რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“ და მისი ეკიპაჟის ორ ათეულ წევრზე მეტი მეზღვაური, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

სავარაუდოდ, სწორედ "ნეპტუნით" გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა 22 აგვისტოს შავი და აზოვის ზღვების აუზში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს პორტ „კავკაზში" ნავთობით დატვირთული სარკინიგზო ბორანი "კონრო ტრეიდერი".

  • გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს სარაკეტო კომპლექს "ნეპტუნის" სანაპირო დაცვის ვარიანტი РК-360-იც, რომელსაც 3-5 წამის ინტერვალით ერთბაშად 24 ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG