Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს ძალიან ჰგავს თევზაობას" - უკრაინული დრონები რუსეთის არმიისა და ფლოტის წინააღმდეგ


უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე FPV-დრონების მართვის პროცესში. საილუსტრაციო ფოტო
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე FPV-დრონების მართვის პროცესში. საილუსტრაციო ფოტო

11 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე მდებარე ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე, ე.წ. ბოიკოს კოშკებზე, რომლებიც რუსეთმა 2014-15 წლებში, ყირიმის ანექსიის დროს იგდო ხელთ.

„ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლის დასამყარებლად უნიკალური ოპერაცია განხორციელდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების მიერ. კერძოდ, კონტროლი აღდგა საბურღ პლატფორმებზე „პეტრო ჰოდოვალეცსა“ და „უკრაინაზე“, და ასევე თვითმზიდ საბურღ დანადგარებზე - „ტავრიდასა“ და „სივაშზე“, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ეყრდნობა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

ამ ოპერაციაში, მზვერავებისა და სპეცდანიშნულების ძალების გარდა, თავისი სიტყვა თქვეს ასევე უკრაინულმა საზღვაო დრონებმა, რომლებმაც „ბოიკოს კოშკების“ და კუნძულ „ზმეინის“ გასათავისუფლებლად მანამდე რამდენჯერმე მიიტანეს იერიში რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე.


უკრაინელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ადგილობრივი წარმოების თუ დასავლეთიდან შეძენილი დრონები ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი წარმმართველი ძალაა, რომელიც ეფექტიანად გამოიყენება მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად და მისი ცოცხალი ძალის თუ ტექნიკის გასანადგურებლად.

„სინამდვილეში ეს ძალიან ჰგავს თევზაობას“

ჩვენ ძირითადად ორიენტირებულნი ვართ თვითმავალ საარტილერიო სისტემებზე, საარტილერიო ბატარეებზე, ჰაუბიცებზე, ნაღმსატყორცნებსა და ყველაფერზე, რასაც მივაგნებთ.
ამბობს მებრძოლი, სახელად ნიკიტა

რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც უკრაინის არმია რიცხოვნობით და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის თვალსაზრისით ჯერჯერობით ჩამორჩება აგრესორ ქვეყანას, მისი ტაქტიკა ასიმეტრიულობაში მდგომარეობს. ასეთი ასიმეტრიულობა კი, სამხედრო ექსპერტ მიხაილო სამუსის აზრით, უახლოესი ტექნოლოგიებით და ახლებური დოქტრინული მიდგომებით მიიღწევა.

„ასეთი დოქტრინის ერთ-ერთ კომპონენტს შეადგენს ე.წ. დრონცენტრულობა, როდესაც დრონები ხდება ერთ-ერთი წარმმართველი ძალა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა, დაზვერვით დაწყებული და მაღალი სიზუსტის სხვადასხვა სახის დარყმების მიყენებით დამთავრებული. იმისთვის, რომ გასაგები გახდეს, თუ რა მასშტაბით იყენებს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა დრონებს, საილუსტრაციოდ მხოლოდ პროგრამა "იუნაიტედ 24"-ის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებიც გამოდგებოდა. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდულია სხვადასხვა მოდიფიკაციის დაახლოებით 10 000 დრონი. შემდეგ ასევე მოდის 10 000 FPV (First Person View), ე.წ. პირველი პერსონის ხედვის კამიკაძე-დრონებზე გათვლილი პროექტი. ამგვარად, უკრაინა ბრძოლის ველზე ამჟამად იყენებს ათობით ათას დრონს და ეს ტენდენცია უფრო და უფრო უმატებს სიჩქარეს. უკვე საუბარი მიდის იმაზე, რომ უკრაინას წლიურად უნდა ჰქონდეს 200 000 დრონი, რათა წარმატებული საბრძოლო ოპერაცია აწარმოოს რუსეთის წინააღმდეგ და მოახდინოს თავისი მიწების დეოკუპაცია“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

პროექტ Deep State-ის მონაცემებით, აგვისტოს თვის სტატისტიკით, FPV-დრონების მხრივ უპირატესობა იყო უკრაინის მხარეზე, რომელსაც შეიარაღებაში ჰქონდა 362 დრონი, რუსეთის 156-ის წინააღმდეგ.

ასეთი ტიპის FPV-დრონებს უკრაინის ბახმუტის მიმართულებაზე მოქმედი დრონების ასეული „აქილევსი“ იყენებს. ამ დანაყოფის ერთ-ერთ მებრძოლს, ნიკიტას, რადიო თავისუფლება მაშინ ესაუბრა, როდესაც იგი უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავის საბრძოლო გაშვებისთვის ემზადებოდა. წელზე იმაგრებდა ბატარეებს, ამოწმებდა ხრახნებს და იკეთებდა სპეციალურ სათვალეს. სახელწოდება FPV-დრონები, ანუ პირველი პერსონის ხედვის დრონები, უკავშირდება სწორედ მის ოპერატორს, რომელიც სპეციალური სათვალით მართავს უპილოტო აპარატს. მსგავსი დრონი ითვლება ახალ სიტყვად სამხედრო საქმეში და ძალიან ეფექტიანია.

დრონს, რომლის ღირებულებაც 500 ამერიკული დოლარია, ერთი იერიშით რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის განადგურება შეუძლია.


„სინამდვილეში ეს ძალიან ჰგავს თევზაობას. ზიხარ, ელოდები, და როდესაც მიზანი გამოჩნდება - მოქმედებ. ჩვენ ძირითადად ორიენტირებულნი ვართ თვითმავალ საარტილერიო სისტემებზე, საარტილერიო ბატარეებზე, ჰაუბიცებზე, ნაღმსატყორცნებსა და ყველაფერზე, რასაც მივაგნებთ. [დრონი] მიფრინავს, ფეთქდება. ვის არ მოეწონება ეს. სინამდვილეში ეს ბავშვის ოცნებაა. თანაც რა ლამაზად იწვის“, - ხუმრობს ნიკიტა თავის საქმიანობაზე საუბრის დროს.

დამრტყმელი დრონების ოცეულს მეთაურობს სვიატოსლავ ბოიკო, წარსულში ცნობილი უკრაინელი ბარდი და აქტივისტი, რომელიც თავის რაზმთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის მიმართულებით ასრულებს საბრძოლო დავალებას და, როგორც ამბობს, ბოლო კვირა-ნახევარში უპილოტო ავიაციით მოწინააღმდეგის რამდენიმე ტექნიკაც გაანადგურა.

„მე ახლა ასევე ვხელმძღვანელობ იმ დრონების ეკიპაჟს, რომლებსაც ჩვენს ენაზე ვუწოდებთ "ბულბულს" და "თეთრ მგელს". ჩვენ ამ დრონებით ახლა ბერდიანსკის მიმართულებაზე ვმუშაობთ. ამ "ჩიტით", რომელსაც 6 კუმულატიური ჭურვის გადატანა შეუძლია 15 კილომეტრის მანძილზე, ბოლო ოპერაციის შედეგად 2 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (თსდ) გავანადგურეთ. ანუ ერთი გაფრენის შედეგად ორი რუსული თსდ დაიწვა. ეს მოხდა დაახლოებით კვირა-ნახევრის წინ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ დრონებით, ასევე ვიყენებთ ოქტოკოპტერებს (რვახრახნიან დრონებს), ასევე ვიყენებთ [ამერიკული წარმოების] დამრტყმელ დრონებს "პანიშერებს" (Punisher) და "ავენჯერებს" (MQ-20 Avenger) და ჯამში, აქ ბრიანსკის მიმართულებაზე ყოფნის დროს, დავწვით 150 ერთეულზე მეტი ტექნიკა. საუბარი არ არის ავტომობილებსა და მიკროავტობუსებზე, საუბარია მძიმე ტექნიკაზე - თვითმავალ საარტილერიო დანადგარებზე, ტანკებზე, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებზე ("გრადებსა" და "სმერჩებზე") და ცოტა ხნის წინ ასევე გავანადგურეთ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის ორი კომპლექსი“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს სვიატოსლავ ბოიკომ.

ყოფილმა მომღერალმა სამხედრო სამსახური წელიწად-ნახევრის წინ უკრაინის „ტერაბარონაში“ (ტერიტორიულ თავდაცვაში - რედ.) დაიწყო, სანიტარიულ რაზმში, და მონაწილეობდა კიევის ოლქის ქალაქ ირპენიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.

შემდგომ ბოიკომ გადამზადება გაიარა, დრონის პილოტის სპეციალობა აითვისა და ფრონტის არაერთ სახიფათო უბანზე, მათ შორის ქალაქ ბახმუტის მისადგომებთანაც მოუწია ბრძოლა.

„საზღვაო დრონები - უკრაინის უნიკალური იდეაა“

ეს იერიშები რუსეთისათვის იქცევა კოშმარად, რადგან რუსეთის დიდი ფლოტი და დიდი გემები ვერაფერს უხერხებენ პატარა დრონებს, რომლებიც უბრალოდ ანადგურებენ მათ.
მიხაილო სამუსი, სამხედრო ექსპერტი

რუსეთის ფართომასშტაბიან ომში მოწინააღმდეგის საზღვაო ზურგში დივერსიული და სადესანტო ოპერაციების განსახორციელებლად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნულების ძალები აქტიურად იყენებენ საზღვაო წყალზედა თუ წყალქვეშა დრონებს.

სავარაუდოდ, სწორედ უკრაინული საზღვაო დრონებით განხორციელებული აფეთქებით დაზიანდა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ორი ტანკერი, ქერჩის სრუტეში, მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს.

კიევს უშუალოდ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ უკისრია, მაგრამ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა 5 აგვისტოს თქვა, რომ უკრაინის შესაძლებლობები, მიზანში ამოიღოს რუსეთის სამიზნეები, სულ უფრო კონკურენტული ხდება.

„ყოველი ახალი საბრძოლო მისიით, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო დრონები ხდება უფრო ზუსტი, ოპერატორები უფრო გამოცდილები, ბრძოლის კოორდინირება უფრო ეფექტიანი, ხოლო მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება, გააუმჯობესონ ტაქტიკური და ტექნიკური მასახიათებლები“, - წერდა დანილოვი.

თუ უკრაინა, როგორც ზემოთ ითქვა, დამრტყმელ საავიაციო დრონებს დასავლეთისგან იღებს, საზღვაო დრონებს კიევი და უკრაინელი სამხედრო ექსპერტები უკრაინის უნიკალურ იდეას უწოდებენ.

„მხოლოდ უკრაინის სპეცსამსახურებს და სამხედრო-საზღვაო ძალებს თავიანთ განკარგულებაში აქვთ რამდენიმე სახეობა, როგორც წყლის ზედა, ისე წყალქვეშა საზღვაო დრონი. მსოფლიოში ასეთი დრონები არცერთ ქვეყანას არ აქვს. ანუ შემუშავების სტადიაში აქვთ, მაგრამ საბრძოლო ვითარებაში არც ერთი საზღვაო სახელმწიფო, - არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი, არც საფრანგეთი და არც იტალია ასეთ დრონებს ჯერჯერობით არ იყენებს. უკრაინამ საზღვაო დრონებით მიაღწია იმას, რომ რუსეთს ამჟამად არ შეუძლია მშვიდად ყოფნა შავი ზღვის ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. და ის, რომ უკრაინამ გაათავისუფლა კუნძული „ზმეინი“ და ახლახან გამოაცხადა ე.წ. ბოიკოს კოშკების გათავისუფლება, - ყველა ეს მიღწევა ჩვენი სპეცდანიშნულების ძალებისა და სამხედრო დაზვერვის მოქმედების გარდა, მათ შორის, პირველ ყოვლისა, სწორედ საზღვაო დრონების საშუალებით გახდა შესაძლებელი“, - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

„ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლის დამყარების შესახებ ცნობა და ერთ-ერთ ჭაბურღილზე აღმართული უკრაინული დროშის ამსახველი ფოტო, 11 სექტემბერს უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.

„ამ ოპერაციის ერთ-ერთი ფაზის დროს გაიმართა ბრძოლა კატარღებზე მყოფ უკრაინელ სპეცრაზმელებსა და რუსეთის SU-30 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს შორის. ბრძოლის შედეგად, თვითმფრინავი დაზიანდა და იძულებული გახდა, უკუქცეულიყო“, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში საუბარია ასევე ამ ობიექტებზე ნაპოვნი რუსული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შესახებ.

საომარი ვითარების გამო, რადიო თავისუფლების რედაქციას არ შეუძლია ამ ინფორმაციის სხვა დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება.

მაგრამ "ბოიკოს კოშკების" გათავისუფლება არ უკვირს უკრაინელ ექსპერტ მიხაილო სამუსს, რომელიც იხსენებს, რომ ამ პლატფორმების გათავისუფლებისათვის სადესანტო ოპერაციებს უკრაინა გასული წლის ივნისიდან ახორციელებს.

„არა მარტო მანდ, არამედ ჩვენი საზღვაო დრონები ოკუპირებულ ყირიმში იერიშებს ახორციელებენ ნოვოროსიისკის ყურეში, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ყველზე უფრო დაცულ ტერიტორიად ითვლება. ეს იერიშები რუსეთისათვის იქცევა კოშმარად, რადგან რუსეთის დიდი ფლოტი და დიდი გემები ვერაფერს უხერხებენ პატარა დრონებს, რომლებიც უბრალოდ ანადგურებენ მათ“, - აცხადებს მიხაილო სამუსი.

„ბოიკოს კოშკები“ შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროზე აგებული გაზისა და ნავთობის საბურღი პლატფორმებია. რუსეთმა ისინი 2015 წელს დაიკავა და 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე მათ სამხედრო მიზნებისთვის, ვერტმფრენის მოედნად და სარადარო სისტემების განთავსებისთვის იყენებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG