უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა შავ ზღვაში ყირიმის ნაპირებთან მდებარე ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე, იუწყება თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) პრესსამსახური.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს ‘ბოიკოს კოშკებზე’ კონტროლის დასამყარებლად. კერძოდ, კონტროლი განახლდა საბურღ პლატფორმებზე „პეტრო ჰოდოვანეცზე“ და „უკრაინაზე“, ასევე ავტომატურ საბურღ დანადგარებზე „ტავრიდასა“ და „სივაშზე“, ნათქვამია შეტყობინებაში.
GUR-ის ცნობით, ოპერაციის დროს სპეცრაზმმა ხელში ჩაიგდო ძვირფასი ალაფი: უმართავი საავიაციო რაკეტები ვერტმფრენისთვის, ასევე სარადიოლოკაციო სადგური „ნევა“, რომელსაც შავ ზღვაში გემების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება შეუძლია.
„ამ ოპერაციის ერთ-ერთი ფაზის დროს შეტაკება მოხდა კატარღებზე მყოფ უკრაინულ სპეცრაზმელებსა და რუსეთის ავიაგამანადგურებელ Su-30-ს შორის. ბრძოლის შედეგად რუსეთის თვითმფრინავი დაზიანდა და იძულებული გახდა, უკუქცეულიყო“, - იტყობინება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო.
რადიო თავისუფლება ამჟამად ვერ ახერხებს ამ ინფორმაციის შემოწმებას სხვა დამოუკიდებელი წყაროებით.
„ბოიკოს კოშკები“ არის ნავთობისა და გაზის საბურღი პლატფორმები შავ ზღვაში, ყირიმის ნაპირებთან. რუსეთმა ისინი 2015 წელს დაიკავა, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კი მას იყენებდა სამხედრო მიზნებისთვის, კერძოდ, ვერტმფრენებისა და სარადიოლოკაციო აღჭურვილობის განთავსებისთვის.
ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დარტყმებს ახორციელებენ რუსეთის მიერ უკანონოდ მითვისებულ „ჩერნომორნეფტეგაზის“ საბურღ პლატფორმებზე, შარშან ივნისიდან ვრცელდება.