მან 10 იანვარს, ვაშინგტონის ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ წარადგინა ანგარიში: „სანქცირებული კლეპტოკრატია - როგორ გადაურჩნენ ომს პუტინის კრემლიგარქები“.
ილია ზასლავსკი ექსპერტია ისეთ საკითხებში, როგორიცაა სანქციები, კლეპტოკრატია და ენერგორეგულაციები. ის უკრაინულ არაკომერციულ ორგანიზაცია Razom We Stand-ს წარმოადგენს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს იმაზე მეტი სანქცია დაუწესა, ვიდრე ირანს, ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეას ერთად აღებულს. მაგრამ მაინც ჩანს, რომ სანქციებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. „სასურველ შედეგში“ ილია ზასლავსკი ომის შეწყვეტას გულისხმობს.
აშშ-ის სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ რუსული ფინანსური ინსტიტუტები ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემას (SWIFT) ჩამოაშოროს. აშშ-მა ნაწილობრივ აკრძალა რუსული წიაღისეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტი, ასევე რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემა. ამერიკამ სანქციები დაუწესა ბევრს, მაგრამ არა ყველა ოლიგარქს (მაგალითად, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ მიხელსონი და დმიტრი რიბოლოვლევი სანქციებს მიღმა არიან).
„გლობალური ფინანსური კრიზისის გამო 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთის ეკონომიკა ძალიან სუსტი იყო. როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, [რუსეთისთვის] მკაცრი სანქციები რომ დაეწესებინათ, ეს მის შემდგომ აგრესიას აგვარიდებდა... პუტინმა იფიქრა, რომ უკრაინის შემთხვევაშიც დასავლეთი ისეთივე პასიური იქნებოდა, როგორც საქართველოსთან მიმართებით იყო“, - წერს ილია ზასლავსკი.
სანქციების ნაკლებეფექტიანობის მიზეზებზე საუბრისას, ზასლავსკის შემოაქვს ტერმინი „კრემლიგარქი“ და აღწერს სისტემას, რომელიც პუტინმა შექმნა. პუტინის კრემლიგარქები არა დამოუკიდებელი ბიზნესმენები, არამედ რეჟიმის ეკონომიკური და პოლიტიკური აგენტები არიან. ისინი კრემლის პროპაგანდისტულ აპარატს და კრემლთან დაახლოებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს ასულდგმულებენ.
რაც ყველაზე მოულოდნელია, სანქცირების შემდეგ, მათ აღარ უწევთ თავი დასავლური სტილის კანონმორჩილ ბიზნესმენებად მოაჩვენონ და გარკვეულწილად ხელ-ფეხი მეტად გაეხსნათ.
კრემლიგარქების უმეტესობამ თავიანთი ბიზნესი დუბაისა და სხვა ისეთ ადგილებში გადაიტანა, სადაც დასავლური იურისპრუდენცია არ მოქმედებს. ზოგმა კანონში იპოვა ხარვეზები და საქმიანობის გაგრძელება შეძლო. ასევე ძალიან ბევრი ტვირთი რუსეთში არალეგალურად, მესამე ქვეყნების გავლით შეიტანეს.
„მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა, მათი ძირითადი ვალუტა კრემლის ლოიალურობაა და არა აქტივები. არცერთ ცნობილ კრემლიგარქს დასავლეთისთვის მხარი არ დაუჭერია და არც პუტინის ომისა და აგრესიის წინააღმდეგ გამოსულა“, - ამბობს ილია ზასლავსკი თავის ანგარიშში.
ოლიგარქების სტიმულირებისთვის კრემლი ფულს არ იშურებს. ცნობილი ეკონომიკური ჟურნალის „ფორბსის“ მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა თავიანთ ქონებას კიდევ 72 მილიარდი დოლარი შემატეს, რითაც მათი საერთო ქონება 577 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამით ნაწილობრივ აინაზღაურეს ის 353 მილიარდი დოლარი, რომელიც 2022 წლიდან სანქციების გამო იზარალეს. მანამდე, 2021 წელს, რუსი მილიარდერების საერთო ქონება 606 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რუსული ეკონომიკის მაჩვენებელი 2022 წელს სანქციების გამო 2.1 პროცენტით დაეცა. მაგრამ რუსეთი გლობალურ ბაზარზე ჯერაც ყიდის ნავთობს, ლითონს და სხვა ბუნებრივ რესურსებს, უმეტესად ჩინეთში, ინდოეთში, შუა აზიაში და ამით კრემლიგარქების ჯიბესაც ამდიდრებს.
რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა კლეპტოკრატიის წინააღმდეგ?
ილია ზასლავსკი ამბობს, რომ კრემლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები არა მხოლოდ ოჯახის წევრებს უნდა ეხებოდეთ, არამედ იმათაც, ვინც ამ ფულის ოპერირებაში არის ჩართული.
- დასავლეთმა უნდა შექმნას მრავალშრიანი და სისტემური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც რუსეთში შეწყდება ექსპორტი ელექტრონული ჩიპებისა და სხვა რთული მოწყობილობების, რომლებსაც სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ, მაგალითად, ამზადებენ დრონებს და ჭურვებს.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შვიდეულის ქვეყნებმა და ევროკავშირმა უნდა გააძლიერონ სანქციები რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტზე. ილია ზასლავსკის აზრით, რომ არა ნავთობისგან მიღებული მილიარდები (780 მილიარდი ევრო დღეის მონაცემებით), რუსეთს უკრაინაში შეჭრის თავი არ ექნებოდა.
- დასავლეთმა უნდა შეიმუშაოს მექანიზმი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ევროკავშირმა 2022 წელს რუსეთს შეზღუდვა დაუწესეს. მას არ შეუძლია ბარელი საწვავი 60 დოლარზე ძვირად გაყიდოს. ეს სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფულის მობილიზება ვერ შესძლებოდა. მაგრამ რუსეთმა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გამოცდილება გაიზიარა და ჩრდილოვანი ფლოტი ჩამოაყალიბა, რომელსაც საწვავი სანქციების გვერდის ავლით გადააქვს.
- უნდა გაზარდოს იმ რუსული პროდუქციის ნუსხა, რომელსაც ამერიკის, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სანქციები შეეხება, მაგალითად, ისეთ საქონელზე, რომლის ექსპორტიც რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია: ალუმინი, ნიკელი, თუჯი, თუთია და კობალტი.
„სანქციები არ არის პანაცეა, ეს ნათელია, რადგან რუსეთი ისევ ეომება უკრაინას. აშკარაა, რომ მხოლოდ სანქციები მრავალმხრივ პრობლემებს ვერ მოაგვარებს… - წერს ილია ზასლავსკი, - დასავლეთმა უნდა შეიმუშაოს შეკავების განახლებული სტრატეგია, რომელიც აღიარებს, თუ რა როლი აქვს რუსულ კლეპტოკრატიას აგრესიისა და დესტაბილიზაციის გაღვივებაში და პრობლემებს საფუძველშივე აღმოფხვრის“.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში დიდი ომის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად კი, 2014 წელს, ყირიმის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა, ცალ-ცალკე, ასევე ევროპის კავშირმა, მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს და მას შემდეგ სანქციების პაკეტები დროდადრო მკაცრდება და ფართოვდება.
ფორუმი