Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვამოწმებთ ფაქტებს: რა არის სიმართლე ირაკლი რუხაძის ნათქვამში და რა არა


ირაკლი რუხაძე რადიო თავისუფლების პოდკასტში. 21 იანვარი, 2025 წელი
ირაკლი რუხაძე რადიო თავისუფლების პოდკასტში. 21 იანვარი, 2025 წელი

რადიო თავისუფლების პოდკასტში „2150“ ბიზნესმენი, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ორი საათისა და 22 წუთის განმავლობაში პასუხობდა როგორც აუდიტორიის, ასევე ჟურნალისტის კითხვებს. ამ საუბარში მან არაერთი სადავო ფრაზა თქვა. ფაქტების გადამოწმებით გთავაზობთ მათგან ექვსს:

1. „მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ… ამერიკის მოქალაქე ვარ”

ირაკლი რუხაძის გვარი მოხვდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ე.წ. გამაძლიერებელთა სიაში, რომელიც, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, კონგრესიდან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მის დამტკიცებამდე, 9 იანვარს გაეგზავნა. წერილი ივანიშვილის გამაძლიერებელთა სანქცირებას ითხოვდა.

„მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება... შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა - ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს”, - თქვა ირაკლი რუხაძემ, რომელიც სანქცირებულია უკრაინაში.

შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მართლაც ძალიან იშვიათ და საგამონაკლისო შემთხვევებში უწესებს სანქციებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა აშშ-ს სანქციების ქვეშ შეიძლება მოექცნენ კონკრეტული სამართლებრივი და ეროვნული უსაფრთხოების გარემოებების გათვალისწინებით აშშ-ის მოქალაქეები.

ეს ხდება იშვიათ შემთხვევებში, როცა მოქალაქე ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ან არღვევს კონკრეტულ საერთაშორისო და შიდა კანონებს.

ეს შეიძლება იყოს ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობა (OFAC), ნარკოტიკების ტრეფიკინგი და ორგანიზებული დანაშაულები (Kingpin Act). ამავე დროს, აშშ-ს შეუძლია მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქე შეიყვანოს ე.წ. მაგნიტსკის სიაში (Global Magnitsky Act).

აშშ-ს შეუძლია ფინანსური სანქციები დაუწესოს მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ან კორუფციულ საქმიანობაში. ეს აქტი მოქმედებს არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ აშშ-ის მოქალაქეებისთვისაც.

აშშ-მა ფინანსური სანქციების ქვეშ შეიძლება მოაქციოს თავისი მოქალაქე, თუ ის არღვევს საერთაშორისო სანქციებს (მაგალითად, ცდილობს სანქცირებული ქვეყნისთვის სერვისების ან საქონლის მიწოდებას).

კიბერუსაფრთხოების დარღვევების ან ფულის გათეთრების სქემებში მონაწილეობის გამო, ამერიკულ უწყებებს ასევე აქვთ უფლება, აშშ-ის მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესონ.

სანქციებს ექვემდებარება:

სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება

  • აშშ-ის მოქალაქე ჩართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების დარღვევაში, მაგალითად, შპიონაჟში

და სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობა

  • აშშ-ის მოქალაქე ეხმარება უკვე სანქცირებულ პირს ან ორგანიზაციას

ირაკლი რუხაძის მიერ რადიო თავისუფლების ეთერში გაკეთებულ განცხადებას მეორე დღეს, 22 იანვარს X-ზე გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.

„ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს თავისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანის რეჟიმზე. მისი პროპაგანდისტების ჯგუფი, ტელეკომპანია „იმედი“ 24/7-ზე ავრცელებს ამერიკის მიმართ სიძულვილს. სანქციები მოდის”, - დაწერა მან.

როგორ მუშაობს აშშ-ის მოქალაქეების მიმართ დაწესებული სანქციები?

  • ქონების გაყინვა: სანქცირებული მოქალაქის ფინანსური აქტივები შეიძლება გაიყინოს აშშ-ში.
  • ტრანზაქციების აკრძალვა: მათ ეკრძალებათ ფინანსური ინსტიტუტების სერვისებით სარგებლობა.
  • დასჯადი ქმედებები: სანქციების დარღვევისთვის შეიძლება დაემუქროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.


აშშ-ის მოქალაქეებისთვის ამერიკული სანქციების პირობების შესრულება სავალდებულოა. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, კონგრესიდან მეორე წერილი, სადაც ამჯერად მხოლოდ რუხაძის გვარი ფიგურირებს, მომავალ გენერალურ პროკურორთან, პამელა (პემ) ბონდთან 15 იანვარს გაიგზავნა. წერილი ითხოვს ირაკლი რუხაძის, როგორც აშშ-ის მოქალაქის, ბიზნესსაქმიანობისა და უკვე სანქცირებულ პირებთან შესაძლო კავშირების შესწავლას.

2. საქართველოს ხელისუფლების შელახული რეპუტაცია დასავლეთში იმის ბრალია, რომ „ოცნება“ ლობიზმზე სათანადოდ არ ზრუნავს

ირაკლი რუხაძემ, კითხვაზე, დაესახელებინა „ქართული ოცნების” სამი პრობლემა, რომლებიც მის უკმაყოფილებას იწვევდა, თქვა, რომ „ოცნების” მთავრობა სათანადოდ არ ზრუნავს პიარსა და ლობისტების დაქირავებაზე.

„უნდა ეწეოდნენ პიარს [ქვეყნის შიგნით] და ლობიზმს ქვეყნის გარეთ - ამერიკაში ფულს ხარჯავს ლობიზმზე რუსეთი, ჩინეთი, ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს. ამიტომ გადის აბსოლუტურად ცალმხრივი ინფორმაცია.

მე მიმაჩნია, რომ უნდა გადიოდეს ჩვენი ისტორიები გარეთ, უნდა გადიოდეს რამდენი კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში - ასე დავანახებთ მხოლოდ, რომ ჩვენ არ ვართ პრორუსული და ანტიდასავლური, ეს რიტორიკა, რომელიც გადის აქედან ცალმხრივი, არის "ოცნების" ბრალი”, - თქვა მან.

ქვეყნის შიგნით „ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მათ შორის თავად რუხაძე, აკონტროლებენ სულ მცირე 6 მსხვილი სატელევიზიო არხის საინფორმაციო პოლიტიკას.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტში (The Foreign Agents Registration Act ) - „ფარაში“ რეგისტრირებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2024 წლის იანვრით თარიღდება, საქართველოს მთავრობა გასულ წელს თვეში 40 000 დოლარს იხდიდა ლობისტურ საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაღრმავება აშშ-ის წამყვან ჯგუფებთან, მათ შორის:

  • თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და წამყვან ოფიციალურ პირებთან,
  • კონგრესის წევრებთან,
  • სხვა მაღალი რანგის პირებსა და მათ მრჩევლებთან,
  • კვლევითი ორგანიზაციებისა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებსა და მედიასთან.

2024 წლის ბოლოს „ფარაში“ რეგისტრირებულია კიდევ ერთი ლობისტური ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული აქვს რუხაძის ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აშშ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტს, მამუკა წერეთელს - 40 000$-ის ღირებულების მომსახურებაზე ეს შეთანხმება ძალაშია 2025 წლის ბოლომდე.

3. ხელისუფლებაში ერთი პარტიის უწყვეტი ხანგრძლივი ყოფნა დემოკრატიაზე „საერთოდ არ მეტყველებს”

ირაკლი რუხაძემ ინტერვიუს დასაწყისშივე თავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად წარადგინა და მოგვიანებით რამდენჯერმე ახსენა, რომ „არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ” და ასევე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ხელისუფლებაში ერთი პარტიის ყოფნის ხანგრძლივობა დემოკრატიაზე „საერთოდ არ მეტყველებს”.

„ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. დემოკრატია არის ხალხის არჩევანი. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ევროპული ქვეყნებიდან, სადაც 12 წელზე მეტი ყოფილა [ერთი და იგივე პარტია ძალაუფლებაში]“, - თქვა ირაკლი რუხაძემ.

ევროპის კონტინენტის ქვეყნებიდან 12 წლის ან უფრო ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში ერთი პარტიის ყოფნის ყველაზე ცოცხალი მაგალითებია რუსეთი, ბელარუსი და უნგრეთი. სამივე ქვეყნის პოზიცია დემოკრატიის ინდექსის შკალაზე წლიდან წლამდე უარესდება.

  • ფიდესის პარტია (Fidesz), რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, ხელისუფლებაშია 2010 წლიდან დღემდე. (15+ წელი).
  • მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სისტემა ნაწილობრივ განსხვავებულია, ვლადიმირ პუტინის მმართველობა (პარტია „ერთიანი რუსეთი“) 2000 წლიდან დღემდე გრძელდება, თუმცა ფორმალურად პრეზიდენტი და პრემიერი პერიოდულად იცვლებოდნენ.
  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლება (ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ რეალურად ერთი რეჟიმის მართვის ქვეშ) გრძელდება 1994 წლიდან დღემდე.

ასევე, 16 წლის განმავლობაში, 2005 წლიდან 2021 წლამდე მართავდა გერმანიას CDU, ანგელა მერკელის პარტია.

4. საქართველოში მედიათავისუფლების მაღალი სტანდარტია

ირაკლი რუხაძემ „2150“-ში გაიმეორა თავისი თეორია იმის შესახებ, რომ საქართველოში მედიათავისუფლების კუთხით პრობლემები არ არსებობს და ამის დასტურად კვლავ ტელევიზიის გახსნის სიმარტივე მოიყვანა, მხოლოდ რეგისტრაციის ფორმით, ლიცენზიის აღების და სხვა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე.

„ჩვენ ვართ წარმოუდგენელი ქვეყანა, ასი ტელევიზია გვაქვს, ორი კვირა გჭირდება, რომ შეატყობინო და ლიცენზია არ გჭირდება. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, ბალტიის ქვეყნები გამოვრიცხოთ, სადმე არის ასეთი მედიათავისუფლება?

ჩვენ ხომ იმ ქვეყნებს უნდა შევედაროთ, საიდანაც გამოვედით 30 წლის წინ. ერთ ქვეყანას დამისახელებთ დსთ-ს ქვეყნებიდან, სადაც უფრო თავისუფალია მედია, ვიდრე საქართველო? ჩვენთან მედია არათუ თავისუფალია, მედიას საერთოდ არ ეშინია სახელმწიფოსი”, - თქვა მან.

მედიათავისუფლების ინდექსის შემდგენი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF) შკალაზე საქართველომ 2024 წელს 26 პოზიციით დაიხია უკან და 180 ქვეყანაში 103 ადგილზე აღმოჩნდა. 2023 წელს ის 77-ე ადგილზე იყო. ამ ინდექსში ასეულს მიღმა არ არის ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, მეტიც, ევროპის კონტინენტის არცერთი სახელმწიფო, გარდა ბელარუსისა.

„საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, უახლოვდება მოსკოვს და თავისუფალ მედიასთან მიმართებით შესამჩნევად უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს“, - წერია RSF-ის ანგარიშში.

საქართველო ბელარუსთან, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანთან ერთად სახელდება იმ ქვეყნადაც, სადაც მედიაზე ცენზურა გაძლიერდა რუსული რეპრესიული მეთოდების თარგით.

საქართველოზე ასევე ნათქვამია, რომ აქ მედიის მუშაობა, ისევე როგორც რუსეთში, ბელარუსსა და თურქმენეთში, გართულებულია იმ დეზინფორმაციული ნარატივებისა და ცენზურის მცდელობების გამო, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებსა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებში დადანაშაულებას გულისხმობს.

2025 წლის 22 იანვარს ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაში ატეხა გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მე-11 დღეა საპატიმროში შიმშილობს. პლატფორმა გადაწყვეტილების მიმღებთ საქართველოში მოუწოდებს, გაათავისუფლონ ჟურნალისტი და მოუხსნან წაყენებული ბრალდება. მისი შემთხვევა მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებაში მომდევნო წელს აისახება.

მედიამფლობელი ირაკლი რუხაძე მედიის თავისუფლების შემადგენელ კომპონენტებად არ განიხილავს არც დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, იურისტების შეფასებით, უკანონო პატიმრობას, არც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, აქციებზე ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნედ ქცეული და დაშავებული ჟურნალისტების ამ დრომდე გამოუძიებელ ძალადობის ფაქტებს.

5. „ორი ტელევიზია აქვს მოლდოვას, სახელმწიფო პირველი, სახელმწიფო მეორე”

მედიის თავისუფლებაზე საუბრისას ირაკლი რუხაძემ ახსენა მოლდოვაც, როგორც საქართველოზე გაცილებით ცუდ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა. მოლდოვა, იმის გამო, რომ საქართველოსთან შედარებით მკვეთრად წინ წავიდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის პროცესში, ხშირად იხსენიება ხელისუფლების და პროპაგანდის მხრიდან როგორც ქვეყანა, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიღო ევროკავშირის ქვეყნების კეთილგანწყობა.

„თქვენ [რადიო თავისუფლება] მოლდოვაში რომ იყოთ, ვერ იარსებებდით.

ორი ტელევიზია აქვს მოლდოვას, სახელმწიფო პირველი, სახელმწიფო მეორე. რაზეც გინდათ, იმაზე ილაპარაკებთ თქვენს ტელევიზიაში და ეს არის მედიათავისუფლება”, - თქვა ირაკლი რუხაძემ.

რადიო თავისუფლება მოლდოვაში თავისუფლად და სრულფასოვნად ფუნქციონირებს. გარდა ამისა, 2025 წლის მონაცემებით, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელია 55 ტელევიზია, აბსოლუტური უმრავლესობა კერძო მფლობელობაშია, გამოდის 113 გაზეთი და ფუნქციონირებს ასზე მეტი ონლაინმედია.

  • მოლდოვაში ბოლო წლებში პრორუს ოლიგარქებთან - ილან შორთან და ვლადიმირ პლაჰოტნიუკთან დაკავშირებულ ხუთ ტელეარხს შეუჩერდა ლიცენზია

  • 2022 წლის დეკემბერში, მოლდოვის მთავრობამ ლიცენზია შეუჩერა კიდევ ექვს ტელეარხს: First in Moldova, RTR Moldova, Accent TV, NTV Moldova, TV6 და Orhei TV, პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო


6. ევროკავშირში არავინ არ მიუღიათ ნატოს [წევრობის] გარეშე

„ევროკავშირში არავინ არ მიუღიათ ნატოს [წევრობის] გარეშე - 11 ქვეყანა მიიღეს ევროკავშირში დასავლეთ ევროპიდან, ყველა ჯერ ნატოში მიიღეს, მერე ევროკავშირში”, - თქვა ირაკლი რუხაძემ და გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის საკითხის გადაწყვეტისას, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა ნატოში ახალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, გაწევრიანების საკითხი დიდი ხნით გადადოს.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნატოს წევრობა აუცილებელი პირობა არ არის - ევროკავშირის წევრობა დამოკიდებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიკურ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაშინ როცა ნატოს წევრობა, დემოკრატიული სტანდარტების გარდა, ფოკუსირებულია სამხედრო და უსაფრთხოების სფეროზე. შესაბამისად, ქვეყანა შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ნატოს წევრობის გარეშე.

ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, მალტა და კვიპროსი არის ის შემთხვევები, როცა ნატოში გაუწევრიანებლობა ან ნეიტრალიტეტი არ გამხდარა დაბრკოლება, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გამხდარიყვნენ.

ამ შემთხვევებიდან უფრო ძველი მაგალითები არის ავსტრია, შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 1995 წლიდან არიან, სკანდინავიის ქვეყნებმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთეს.

კვიპროსს, რომელიც ევროკავშირის წევრი 2004 წლიდან არის, ნატოს წევრობა არ შეუძლია თურქეთთან არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რადგან თურქეთი ვეტოს ადებს მის გაწევრიანებას უსაფრთხოების ალიანსში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG