"9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
ავტობუსებში ირთვებოდა ასევე ზურაბ ჟვანიას სიტყვები: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი", რომელიც მან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოთქვა 1999 წლის 27 იანვარს. მის ამ სიტყვას ხშირად იყენებენ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ.
დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ისმოდა ევროკავშირის ჰიმნი, "დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" და სხვა.
თბილისის მერიის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება, სავარაუდო კიბერშეტევის გამო.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომლის თანახმად, ხარვეზის აღმოფხვრის პერიოდში ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
რადიო თავისუფლება ცდილობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული გადახდის აპარატების ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან დაკავშირებას.
ფორუმი