6 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დეტალების შესახებ არ საუბრობენ: „მეტს არაფერს ვამბობთ. საზაფხულო სკოლის დაფინანსება USAID-მა შეაჩერა, ევროსაბჭომ - არა“.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველწლიური პროექტი - საზაფხულო სკოლა - ახალგაზრდა იურისტებში კონსტიტუციური კონტროლისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ტარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით.
2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მე-15 ნაკადს უმასპინძლა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა USAID-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
საკითხს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ვისაც უნდოდა, რომ თანაზიარი ყოფილიყო სხვადასხვა განვითარებისა, მათ შორის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამას. როცა ეს ხდება შანტაჟის ინსტრუმენტი ქართველი ხალხის მიმართ, არ არის სწორი მიდგომა“, - თქვა პაპუაშვილმა.
6 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაადასტურა, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება გახდა.
ფორუმი