ავტორი: თამარ ბურჭულაძე
დევიდ ლინჩი გარდაიცვალა. კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაცი. კინომ კვდომა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, მას მერე რაც მაღალ ბიუჯეტურმა, თუმცა დაბალი ფასეულობის სერიალებმა, სიქველებმა და ნეთფლიქსის მიერ ჩარჩოებში მოქცეულმა, საიდანღაც ნაკარნახევმა სცენარებმა დაიწყო მისი ჩანაცვლება ფართო მასებში.
სადღაც ათწლეულია ვუყურებ, ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყვარული, როგორ იძირება და გუშინ მართლა დაიწყო კვდომა. არც ისე შორ მომავალში აღარ იქნება- ვუდი ალენი, სკორსეზე, სპილბერგი... ტარანტინომ და არანოვსკიმ ბოლოს როდის გადაიღეს ფილმი?
კინო კვდება და ნელ-ნელა როგორც მაღალი ხელოვნება თაროზე შემორჩება. „რჩეული ბავშვები“ თუ უყურებენ, როგორც ჩვენ 30იანი წლების ფილმებს ვუყურებთ -„რჩეულნი“ .
გული მტკივა, რომ კინემატოგრაფია, როგორც ხელოვნება მხოლოდ არქივებში დარჩება და სკორსეზეს სიტყვებით, ატრაქციონების პარკს ემსგავსება.
„Twin Peaks” ამ საზოგადოებისთვის, რომელიც მდაბიო სერიალებით კმაყოფილდება, ისეთივე რთული საყურებელი და მოსაბეზრებელი იქნება, როგორც მუნჯი კინო და ძალიან არ მომწონს და ვერ ვიღებ ამ მოცემულობას. მე კი ბედნიერი ვარ, იმ დროს დავიბადე, როდესაც ლინჩმა დეტექტივი კუპერის ისტორია მოგვიყვა.
ჩემთვის კინო ცხოვრების დიდი ნაწილია, მაღალ ხელვოვნებად აღვიქვამ და არა როგორც დროის გასაყვანად მოგონილ, პასიურ მოქმედებას. კინო ჩემთვის უფრო ნამდვილია ვიდრე თეატრი, უფრო ნამდვილი- ვიდრე ცხოვრება, თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ასეა.
ბევრზე მეტი ფილმი და უფრო ბევრზე ნაკლები ფილმი მინახავს, არც კინოს ისტორია ვიცი სიღრმისეულად და არც რაიმე ამბიცია მაქვს ვიყო მეორე გოგი გვახარია (ჩვენში კინოკრიტიკოსის უფრო მარტივად სათქმელი რეგალია ხომ გოგი გვახარიაა). არც რაიმე სურვილი მაქვს ვინმეს კინოს ცოდნასა თუ სიყვარულში შევეჯიბრო . უმეტეს წილად პერსონაჟების სახელებსაც ვერ ვიმახსოვრებ, თუმცა ვიცი, კინო ჩემშია და ხმამაღალი არ იქნება თუ ვიტყვი რომ მასაზრდოვებს და დღემდე ვერ ვხვდები ტაქსის მძღოლსაც და რავიცი, მარველის ფილმსაც თუ კინო ჰქვია (მარველის ფილმებიც არ „გამიმაზავს“, მართობს კიდევაც).
კინომ გადამარჩინა დიდი დეპრესიის დროს, კინოა ის, რაშიც ზამთრის ცივ საღამოებსა და ზაფხულის ცხელ დღეებს ვაფარებდი თავს, კინოა ის რაზეც ბევრი მიფიქრია და ვის პერსონაჟებთანაც რაიმე საერთო მიპოვნია, უამრავ პერსონაჟში დამინახავს ჩემი თავი და ამ პერსონაჟების გავლენით შემყვარებია ჩემი უამრავი ნაკლიც კი. დამინახავს ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც და მათზე ჩემი წარმოდგენაც არაერთხელ შეცვლილა. კინო კადრებად ვხვედავ ცხოვრებას, ღამის ქუჩებიც კინოს დეკორაციას მაგონებს და ხანდახან ვგრძნობ რომ ცხოვრებაც კინოა. ვფიქრობ კინო ფსიქოლოგიაა, ხელოვნება და ფილოსოფია. ყველაფერია კინო, რამაც შეიძლება გაგამდიდროს, ცოდნაცაა, ემოციაც და ფრუსტრაციაც, გულის რევაცა და მუცლის ტკივილამდე სიცილიც, ბედნიერებაც.
არ ვარ კონსტერვატული აზროვნების ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფერი ძველი და შეჩვეულია მისაღბი და ყოველი ახალი „ეშმაკის მოგონილი“.
თუმცა ვხედავ ფაქტს, რომ დღეს კინო აღარაა, კინო ისეთი, რაც მიყვარს, კინო როგორც ხელოვნება კვდება და სამწუხაროდ ამ ჩარჩოებში ჩასმულმა და მწვანე ფონზე გადაღბულმა კადრებმა ჩაყლაპა კინემატოგრაფი.
მიხარია, რომ გავიზარდე და ვცხოვრობ დროში რომელსაც ახსოვს, რომ ვუდი ალენმა მანჰეტენზე გაგვასეირნა, ტრუფომ და გოდარმა პარიზში შეგვახედა, ჰიჩკოკმა გრეის კელი გაგვაცნო, ლურმანმა შექსპირი გააცოცხლა, ტარანტინომ ცეკვა გვასწავლა და დე ნირომ თმა გადაიპარსა.
ფორუმი