Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 2 აგვისტო 2024

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

​​ათი წლის წინ, საქართველო რომ დავტოვე, ძალიან გამიჭირდა. ან როგორ მოილხენ, როცა ყოველი უჯრედით შეიგრძნობ, რომ სამშობლოს მოწყდი, თანაც შენი ნებით კი არა, გარემოებათა გამო, და არ იცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წყვეტა. ეგებ სამუდამოდაც.​

რბილად რომ ვთქვათ, არც გერმანია აღმოჩნდა კანფეტი. ან მე არ ვიყავი ამ ქვეყნისთვის მზად. დღემდე არა ვარ. თუმცა ვიაზრებ, რომ ქვეყანაში არ არის საქმე, საქმე ჩემშია. ან რომელი ქვეყნისთვის ვიქნებოდი მზად? ასეა თუ ისე, მაშინ ძალიან დამეხმარა Воплі Відоплясова.​

არის ასეთი უკრაინული როკ-ჯგუფი, მოკლედ „ВВ“, რომელსაც მაშინ ვუსმენდი. მოვითავსებდი ნიჟარებში საყურისებს, ჩავრთავდი აიპოდში ამ „ვევეს“ და ვსეირნობდი უმისამართოდ უცნობი კელნის თოვლიან ქუჩებში ქანცის გაწყვეტამდე. ისე მოხდა, ეს მუსიკა მანამდე არ ვიცოდი. აღარც მახსოვს, მაშინ როგორ მოხვდა იგი ჩემს ყურში. მაგრამ მოხვდა და იქვე დასახლდა.​

ჩემს საყვარელ მუსიკას მაშინ ვერ ვუსმენდი. ზოგადად, მუსიკის განწყობაზე არც ვყოფილვარ. სიმართლე ითქვას, მუსიკა მაშინებდა. მზად ვიყავი, არაფრისთვის მესმინა და სიჩუმეში მეხეტიალა გათოშილ ქუჩებში, მაგრამ სიჩუმე კიდევ უფრო მაშინებდა. თან მეჩვენებოდა, რომ გარშემო ხალხი ჩემს შავ-ბნელ ფიქრებს ხედავდა.​

ჩვენ კი გვინდა ვიყოთ იმაზე დახვეწილნი და ამაღლებულნი, ვიდრე ზოგადად ვართ, ვუსმენდეთ ლუიჯი ნონოებსა და დიერდ ლიგეტებს, მაგრამ ყოველთვის არ გამოგვდის, გული სხვაგან მიგვიწევს ხოლმე. მე მიმიწევს. და სულ მიმიწევდა.​

მოკლედ, სასწრაფოდ მჭირდებოდა ახალი მუსიკა, ისიც უფრო შხამად, ვიდრე წამლად. მეც ბრმად დავიწყე სხვადასხვა პლატფორმაზე უცნობ ჰანგთა ჩხრეკა. ასე შემთხვევით მოვჩხრიკე ერთხელაც „ვიდოპლასოვი“, იგივე „ვევე“.​

თავიდან იყო ჯგუფის რიგით მეორე ალბომი პრეტენზიული სახელწოდებით „Музіка“. თავის დროზე, როცა არანაირი ციფრული დამკვრელი არ არსებობდა, რამეს თუ დღედაღამ უსმენდა კაცი, ასეთზე იტყოდნენ, კასეტა გაცვითაო. იგულისხმებოდა კასეტის მაგნიტური ლენტი, რომელიც ხმარებაში მართლაც ცვდებოდა ადრე თუ გვიან. ათი წლის წინაც, კელნში ხეტიალისას, ამ „მუზიკისთვის“ „ვოქმენით“ რომ მესმინა და არა აიპოდით, ნაღდად გავცვეთდი კასეტის ლენტს.​

„Музіка“ არაა ჯგუფის საუკეთესო ალბომი ჩემთვის, თუმცა მშვენიერი რამეა. უბრალოდ, როგორღაც ჩავიხვიე და ვუსმენდი და ვუსმენდი იდიოტივით. მომწონდა მელოდიაც, მომწონდა უკრაინულიც და მომწონდა სერგეი სკრიპკას (გვარიც ასეთი უნდა ჰქონდეს მუსიკოსს) ხმაც, ერთდროულად რომ შეუძლია იყოს მხიარულ-სევდიანი, რაც მე იოლად მნუსხავს. საერთოდ, ორი რამ, იუმორი და სევდა თუ არის კაცში, დანარჩენი როგორღაც მიეტევება. ეს სკრიპკა კი, ჯგუფის არა მარტო ლიდერი, მისი გულ-ღვიძლია.​

არა მგონია, საჭირო იყოს ამ ალბომიდან კომპოზიციათა გამორჩევა, აქ ბევრი დიდებული რამეა. მხოლოდ დავაზუსტებ, რომ აქვეა ჯგუფის ჰიტი „გაზაფხული“ (Весна), რომელიც მის ერთ-ერთ და არა ერთადერთ სავიზიტო ბარათად ითვლება. ან რა გამორჩევა უნდა მუსიკას, მუსიკას უნდა მოუსმინო.​

სხვათა შორის, ამ „ვევედან“ გამოდიან მთელი გორანები და მთელი ბრეგოვიჩები. ზოგს ამიტომ თუ ეჩვენება ხოლმე, რომ საიდანღაც უკვე იცის ეს მელოდიები, თუნდაც პირველად ისმენდეს მათ. თუმცა სად გორანი და სად „ვევე“.​

ამ მუსიკამ მაშინ ბევრი რამით მომისყიდა, პირველ რიგში კი იუმორისა და სევდის უცნაური სინთეზით. ერთმა და იმავე სიმღერამ შეიძლება გაგაღიმოს და უცებ გულიც მოგიწუროს. უკრაინული ხალხური მუსიკა არ ვიცი, მასზე რამე რომ ვთქვა, იმდენს კი მივხვდი, რომ სრულიად დიდებულად ჰქონდა ჯგუფს იგი ათვისებულ-ადაპტირებული. „ვევეს“ რეპერტუარი არც არსებობს ხალხური მუსიკის გარეშე, მისი ელემენტები გხვდება მეტ-ნაკლებად ყველგან.​

უკრაინა ძლიერ უკვე რომ არ მყვარებოდა მწერალ იური ანდრუხოვიჩის და რეჟისორ კირა მურატოვას გამო, მარტო ამ „ვევეს“ ხათრითაც კი შემიყვარდებოდა. დღეს ეს ქვეყანა სამმაგად მიყვარს-მეთქი არ ვამბობ, არამედ მისი კულტურა ჩემში სამი განსხვავებული მხრიდან და განსხვავებულ პერიოდში შემოვიდა.​

თავის დროზე ეს „ВВ“ ისე დამეხმარა, მას შემდეგ სულ მეშინოდა მასთან მიბრუნება. ბავშვობაში წაკითხულ წიგნს რომ გაურბიხარ დიდობაში კაცი, იმის შიშით, ძველი შთაბეჭდილებანი არ შემოიცრიცო უნებურად. მთელი ცხოვრება ისედაც წარსული ბედნიერების განიავებაა. თუმცა იმან რა თქვას, ვინც არასდროს, არცერთი წამით ყოფილა ბედნიერი.​

ცხადია, ყველა ალბომი არა აქვთ ერთნაირი დონისა, მაგრამ უშედევრო არა აქვთ არცერთი. ერთ-ორ მარგალიტს ყველგან მოჩხრეკ. პირადად ჩემი ფავორიტია 1997 წლის ალბომი „ფაინო“ (​Файно​). მთავარი აქ მაინც მგონია „ზღვა“ (Море), რომელზეც დღემდე გამაჟრიალებს ხოლმე. პოეტური ნიჭი რომ მქონდეს, უკეთ ვთარგმნიდი ფინალურ სიტყვებს. მანამდე კი იყოს ასე: „შორს არის შავი ზღვა, ესმის ხალხს უსაზღვრობის ხმა“ (Море чорне у далині, / Люди чують звуки безмежності).​

ამ ორზე, ზღვასა და შავ ფერზე მეტად რა უნდა გაერთიანებდეს სხვასთან? განა ბევრს აქვს ზღვაზე გასასვლელი? არც შავ ფერს უკავია იმხელა ადგილი მის ცხოვრებაში, როგორც ჩვენთან. როგორი ნათელი დროშებიც უნდა გვქონდეს, ესაა ფერი, რომლის გარეშეც ძნელია ჩვენი წარმოდგენა. ფერი, რომელიც არის ჩვენს გარდერობსა და განწყობაში, ფიქრსა და რუტინაში, სულში და გულში. ეს არაა მარტო ფერი, რომელიც გამოწვეულია ხილული სინათლის არარსებობით ან სრული შთანთქმით. ესაა კიდევ ის ძველისძველი, რაღაც წარმართული ძარღვი, ავთენტიკური და ნამდვილი, რისიც ასე შურს სხვას, ვისაც იგი არ გააჩნია.​

ჩვენ არა მარტო გამოვედით წყლიდან, არამედ ჩვენ წყვდიადის შვილები ვართ, რომლებიც ვკვდებით უმზეოდ.​ ​ათი წელია ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მზე სანთლით უნდა ეძებო და ვერ იპოვი. შენც სულ სხვადასხვა რამით ცდილობ მის ჩანაცვლებას. მე თვითონ რით აღარ ჩამინაცვლებია მზე, დ ვიტამინით, სიმღერით, ლექსით, მთვარითაც კი.​ ​და საერთოდაც, წყვდიადის შვილები რომ არ ვიყოთ, მზეს განა ვუმღერებდით ამდენს?​

დღეს როგორც იქნა გავბედე და ათი წლის შემდეგ პირველად ჩავრთე „ВВ“. დინამიკებში „მამაი“ (Мамай) რომ გაისმა, ჩემმა ხუთი წლის ქალიშვილმა უცებ ხატვას თავი ანება, აკვარელიანი ფუნჯი წყლიან ქილაში ჩატოვა და შუა ოთახში მარტომ დაიწყო ცეკვა. იქამდე იტრიალა, ვიდრე სიმღერა არ ჩამთავრდა. ბოლოს მოვიდა, კისერზე ჩამომეკიდა და ბედნიერმა მითხრა, მამი, რა კარგია, რომ ადრე არ მოკვდიო.​


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ვაშინგტონში ნატოს შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ამჯერად ეს გახლავთ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტი, რომელიც აერთიანებს თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერებს ბელარუსისა და რუსეთის გარდა.

ის გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება 18 ივლისს. ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან ბლენიმის სასახლეში, ლონდონის სიახლოვეს მდებარე ოქსფორდშირში, სადაც ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დაიბადა.

ყველაზე დიდი ყურადღება ალბათ მის ერთ-ერთ მემკვიდრეს, გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეულ ლიდერს, კირ სტარმერს დაეთმობა. ეს სამიტის მასპინძელი პრემიერის პირველი რეალური მცდელობა იქნება, თავისი ქვეყანა კვლავ ევროკავშირის კურსზე დააბრუნოს რვაწლიანი რთული პოსტბრექსიტული ურთიერთობების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრისთვის მზადების უმეტესი ნაწილი წინა, კონსერვატიული მთავრობის დროს დაიწყო, ბრიუსელი კომპლიმენტების რეჟიმშია. აღნიშნავენ, თუ რამდენად უპრობლემოდ წარიმართა ყველაფერი და სამიტს ვერც ივნისის დასაწყისში ჩატარებულმა ვადამდელმა არჩევნებმა შეუშალა ხელი.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები მოუთმენლად ელიან შეხვედრას სტარმერთან - პირველ ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრთან 2010 წლის შემდეგ. ყველა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში, ნატოს ბოლო სამიტის კულუარებში მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასთან საუბრები აღწერეს, როგორც „პოზიტიური“. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, „ჯერჯერობით განწყობა გადასარევია. ახლა შინაარსზე უნდა დავილაპარაკოთ”.

არსებობს განცდა, რომ ბრიტანეთს და ევროკავშირს სასწრაფოდ სჭირდებათ პოლიტიკური დაახლოება. ამის ერთ-ერთი მიზეზია უკრაინაში მიმდინარე ომი. ამას გარდა, ლონდონის ახალი, მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობაც და დანარჩენი ევროპაც განიხილავენ აშშ-ში ტრამპის კიდევ ერთი პრეზიდენტობის პერსპექტივას. ბლენიმის შეხვედრისგან დიდ გადაწყვეტილებებს არ ელიან, თუმცა შემდგომში შესაძლებელია დაიდოს უსაფრთხოების გაუმჯობესებული პაქტი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის და გაძლიერდეს სავაჭრო ურთიერთობები. მალე შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამიტი, სადაც უკვე გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თავად EPC-ს?

ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მონაწილეობას 45 ლიდერი მიიღებს, მათ შორის - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბევრ კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქ არ მიიღებენ, ეს EPC-ის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. მისი შექმნა ემანუელ მაკრონის იდეა გახლდათ. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დანარჩენი ევროპის პოლიტიკური დაახლოება - „სტრატეგიული ინტიმური ურთიერთობა“, როგორც ეს მაკრონმა პირველად თქვა. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან - ერთხელ მასპინძელი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მეორეჯერ კი - არაწევრი ქვეყანა. როგორც ჩანს, ლიდერებს ეს ძალიან მოსწონთ.

უპირველეს ყოვლისა კი ის მოსწონთ, რომ შეხვედრა ხანმოკლეა - ის მხოლოდ ნახევარი დღე გრძელდება. ასევე, სამიტი სანახაობრივ ადგილებში იმართება. ორი წლის წინ საინაუგურაციო შეხვედრა პრაღის მონუმენტურ ციხესიმაგრეში ჩატარდა და ყველა შემდეგი შეკრების ადგილი შთამბეჭდავი გახლდათ. ლიდერებს მოსწონთ ნაკლებად ფორმალურ გარემოში შეკრება - ბევრად სჯობია ევროპის ევროსაბჭოსა და ეუთოს.

რა არის მენიუში?

გამხსნელი სესიის შემდეგ ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ, რასაც რამდენიმე თემატური მრგვალი მაგიდა მოჰყვება და დასკვნითი შეხვედრა ჩატარდება. ყველაფერი ხუთ საათში მოესწრება. რამდენიმე ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მონაწილეები დაესწრებიან მიღებას, რომელსაც მეფე ჩარლზ III უმასპინძლებს. მრგვალ მაგიდებზე განიხილავენ სამ კონკრეტულ თემას: დემოკრატიების დაცვას (იგულისხმება კოორდინაცია უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა საარჩევნო პროცესები), მიგრაციას (განსაკუთრებით თანამშრომლობას „არალეგალური მიგრაციის“ დაძლევისა და ევროპაში მისასვლელად ლეგალური გზების შექმნაზე) და ენერგეტიკულ კავშირებს.

მაკრონი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უხელმძღვანელებენ მრგვალ მაგიდას დემოკრატიების დაცვაზე. ეს საკითხი იმდენად პოპულარულია, რომ იმავე თემაზე მეორე ჯგუფიც შეიქმნა, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მონტენეგროს პრემიერი მილოიკო სპაიჩი თავმჯდომარეობენ. მიგრაციის შესახებ მრგვალ მაგიდას უმასპინძლებენ იტალიისა და ალბანეთის პრემიერ-მინისტრები - ჯორჯა მელონი და ედი რამა. საკამათო არჩევანია, რადგან ამ ორმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ დადო საკმაოდ კონტროვერსიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ალბანეთი დააბინავებდა მიგრანტებს, რომლებიც იტალიურმა გემებმა ზღვაზე დააკავეს. ენერგეტიკის შესახებ მრგვალ მაგიდას სლოვენია და ნორვეგია უძღვებიან.

თვალი ადევნეთ...

გარდა იმისა, რომ ფოტოებზე გამოჩნდება, თუ ვინ ვის ელაპარაკება, შეიძლება იმის დანახვაც, თუ სად შეიძლება ჩაიყაროს პოტენციური ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველი. სწორედ EPC-ზე სცადა ევროკავშირმა, მიშელისა და მაკრონის მეთაურობით, დაემყარებინა სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის. მოლაპარაკებები შემდეგ ბრიუსელში დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებით ნამდვილად არ დასრულებულა, მაგრამ არის შანსი, რომ მიშელმა ბლენიმში მცდელობა განახორციელოს, ვიდრე წლის ბოლოს თავის ამჟამინდელ მანდატს დაასრულებდეს. ევროკავშირის წარმომადგენელმა, ამ საკითხში გათვითცნობიერებულმა, მითხრა, რომ კონტაქტი არსებობს, მაგრამ ფორმატი (ორმხრივი, სამმხრივი ან საერთოდ არანაირი) დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება ყველაზე ხელსაყრელი და შესაბამისი.

შემდეგი EPC სამიტი 7 ნოემბერს - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ გაიმართება. ჯერჯერობით არსებობს შეთანხმება, რომ შეხვედრა უნგრეთში ჩატარდება და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უმასპინძლებს. თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა ვიზიტებმა მოსკოვსა და პეკინში ევროკავშირის არაერთი ქვეყანა იმდენად გააღიზიანა, რომ ისინი უნგრეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე მინისტრებსაც კი აღარ აგზავნიან. მართალია, EPC ევროკავშირის ორგანო არ გახლავთ და ჯერჯერობით ღიად არავის მოუთხოვია შეხვედრის ადგილის შეცვლა, მაგრამ საკითხავია, მოუნდებათ თუ არა სხვა ლიდერებს ბუდაპეშტში დიდ შეკრებაზე ჩასვლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ტრამპის გამარჯვებით გახარებული ორბანი უმასპინძლებთ?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG