ის გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება 18 ივლისს. ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან ბლენიმის სასახლეში, ლონდონის სიახლოვეს მდებარე ოქსფორდშირში, სადაც ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დაიბადა.
ყველაზე დიდი ყურადღება ალბათ მის ერთ-ერთ მემკვიდრეს, გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეულ ლიდერს, კირ სტარმერს დაეთმობა. ეს სამიტის მასპინძელი პრემიერის პირველი რეალური მცდელობა იქნება, თავისი ქვეყანა კვლავ ევროკავშირის კურსზე დააბრუნოს რვაწლიანი რთული პოსტბრექსიტული ურთიერთობების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრისთვის მზადების უმეტესი ნაწილი წინა, კონსერვატიული მთავრობის დროს დაიწყო, ბრიუსელი კომპლიმენტების რეჟიმშია. აღნიშნავენ, თუ რამდენად უპრობლემოდ წარიმართა ყველაფერი და სამიტს ვერც ივნისის დასაწყისში ჩატარებულმა ვადამდელმა არჩევნებმა შეუშალა ხელი.
ევროკავშირის მაღალჩინოსნები მოუთმენლად ელიან შეხვედრას სტარმერთან - პირველ ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრთან 2010 წლის შემდეგ. ყველა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში, ნატოს ბოლო სამიტის კულუარებში მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასთან საუბრები აღწერეს, როგორც „პოზიტიური“. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, „ჯერჯერობით განწყობა გადასარევია. ახლა შინაარსზე უნდა დავილაპარაკოთ”.
არსებობს განცდა, რომ ბრიტანეთს და ევროკავშირს სასწრაფოდ სჭირდებათ პოლიტიკური დაახლოება. ამის ერთ-ერთი მიზეზია უკრაინაში მიმდინარე ომი. ამას გარდა, ლონდონის ახალი, მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობაც და დანარჩენი ევროპაც განიხილავენ აშშ-ში ტრამპის კიდევ ერთი პრეზიდენტობის პერსპექტივას. ბლენიმის შეხვედრისგან დიდ გადაწყვეტილებებს არ ელიან, თუმცა შემდგომში შესაძლებელია დაიდოს უსაფრთხოების გაუმჯობესებული პაქტი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის და გაძლიერდეს სავაჭრო ურთიერთობები. მალე შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამიტი, სადაც უკვე გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თავად EPC-ს?
ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მონაწილეობას 45 ლიდერი მიიღებს, მათ შორის - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბევრ კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქ არ მიიღებენ, ეს EPC-ის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. მისი შექმნა ემანუელ მაკრონის იდეა გახლდათ. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დანარჩენი ევროპის პოლიტიკური დაახლოება - „სტრატეგიული ინტიმური ურთიერთობა“, როგორც ეს მაკრონმა პირველად თქვა. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან - ერთხელ მასპინძელი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მეორეჯერ კი - არაწევრი ქვეყანა. როგორც ჩანს, ლიდერებს ეს ძალიან მოსწონთ.
უპირველეს ყოვლისა კი ის მოსწონთ, რომ შეხვედრა ხანმოკლეა - ის მხოლოდ ნახევარი დღე გრძელდება. ასევე, სამიტი სანახაობრივ ადგილებში იმართება. ორი წლის წინ საინაუგურაციო შეხვედრა პრაღის მონუმენტურ ციხესიმაგრეში ჩატარდა და ყველა შემდეგი შეკრების ადგილი შთამბეჭდავი გახლდათ. ლიდერებს მოსწონთ ნაკლებად ფორმალურ გარემოში შეკრება - ბევრად სჯობია ევროპის ევროსაბჭოსა და ეუთოს.
რა არის მენიუში?
გამხსნელი სესიის შემდეგ ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ, რასაც რამდენიმე თემატური მრგვალი მაგიდა მოჰყვება და დასკვნითი შეხვედრა ჩატარდება. ყველაფერი ხუთ საათში მოესწრება. რამდენიმე ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მონაწილეები დაესწრებიან მიღებას, რომელსაც მეფე ჩარლზ III უმასპინძლებს. მრგვალ მაგიდებზე განიხილავენ სამ კონკრეტულ თემას: დემოკრატიების დაცვას (იგულისხმება კოორდინაცია უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა საარჩევნო პროცესები), მიგრაციას (განსაკუთრებით თანამშრომლობას „არალეგალური მიგრაციის“ დაძლევისა და ევროპაში მისასვლელად ლეგალური გზების შექმნაზე) და ენერგეტიკულ კავშირებს.
მაკრონი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უხელმძღვანელებენ მრგვალ მაგიდას დემოკრატიების დაცვაზე. ეს საკითხი იმდენად პოპულარულია, რომ იმავე თემაზე მეორე ჯგუფიც შეიქმნა, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მონტენეგროს პრემიერი მილოიკო სპაიჩი თავმჯდომარეობენ. მიგრაციის შესახებ მრგვალ მაგიდას უმასპინძლებენ იტალიისა და ალბანეთის პრემიერ-მინისტრები - ჯორჯა მელონი და ედი რამა. საკამათო არჩევანია, რადგან ამ ორმა ქვეყანამ ცოტა ხნის წინ დადო საკმაოდ კონტროვერსიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ალბანეთი დააბინავებდა მიგრანტებს, რომლებიც იტალიურმა გემებმა ზღვაზე დააკავეს. ენერგეტიკის შესახებ მრგვალ მაგიდას სლოვენია და ნორვეგია უძღვებიან.
თვალი ადევნეთ...
გარდა იმისა, რომ ფოტოებზე გამოჩნდება, თუ ვინ ვის ელაპარაკება, შეიძლება იმის დანახვაც, თუ სად შეიძლება ჩაიყაროს პოტენციური ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველი. სწორედ EPC-ზე სცადა ევროკავშირმა, მიშელისა და მაკრონის მეთაურობით, დაემყარებინა სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის. მოლაპარაკებები შემდეგ ბრიუსელში დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებით ნამდვილად არ დასრულებულა, მაგრამ არის შანსი, რომ მიშელმა ბლენიმში მცდელობა განახორციელოს, ვიდრე წლის ბოლოს თავის ამჟამინდელ მანდატს დაასრულებდეს. ევროკავშირის წარმომადგენელმა, ამ საკითხში გათვითცნობიერებულმა, მითხრა, რომ კონტაქტი არსებობს, მაგრამ ფორმატი (ორმხრივი, სამმხრივი ან საერთოდ არანაირი) დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება ყველაზე ხელსაყრელი და შესაბამისი.
შემდეგი EPC სამიტი 7 ნოემბერს - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ გაიმართება. ჯერჯერობით არსებობს შეთანხმება, რომ შეხვედრა უნგრეთში ჩატარდება და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უმასპინძლებს. თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა ვიზიტებმა მოსკოვსა და პეკინში ევროკავშირის არაერთი ქვეყანა იმდენად გააღიზიანა, რომ ისინი უნგრეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე მინისტრებსაც კი აღარ აგზავნიან. მართალია, EPC ევროკავშირის ორგანო არ გახლავთ და ჯერჯერობით ღიად არავის მოუთხოვია შეხვედრის ადგილის შეცვლა, მაგრამ საკითხავია, მოუნდებათ თუ არა სხვა ლიდერებს ბუდაპეშტში დიდ შეკრებაზე ჩასვლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ტრამპის გამარჯვებით გახარებული ორბანი უმასპინძლებთ?