„საქართველოს სახელით“ სხვას რომ დაეწერა, მეც გავიზიარებდი იმ საერთო აღტაცებას, ამ წიგნმა რომ გამოიწვია. ეგაა, წიგნის ავტორი ლაშა ბუღაძეა - მწერალი, რომელმაც, ბევრი მწერლისგან განსხვავებით, წერა იცის. იცის, როგორ იწერება რომანი, მოთხრობა, პიესა, ბლოგი...
აქვე ვიტყვი, რომ მე ლაშას მკითხველი ვარ და სისტემატურად ველი მისი ახალი წიგნის გამოსვლას. მაგალითად, ახლახან გარდაცვლილი ზურა ქარუმიძის წიგნებსაც მუდამ ვკითხულობდი, მაგრამ არასდროს ველოდი მათ გამოჩენას. იმის მიუხედავად, რომ ზურა კარგი მწერალი იყო, მაგრამ ეს სხვა ამბავია.
ბაკურ სულაკაურმა ერთხელ თქვა: ლაშა უკეთ ხატავს, ვიდრე წერს, და უკეთ მღერის, ვიდრე ხატავსო. ჩემგან დავამატებდი: ლაშა უკეთ ჰყვება, ვიდრე მღერის. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ცოცხლად მისგან ნაირგვარი ამბები, იოლად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ხშირად მინახავს, როგორ დაუხოცავს თავისი მსმენელი ლაშას სიცილით.
რაც მთავარია, ლაშამ იცის პუბლიკის მართვა. როდის გააკეთოს პაუზა, მოიჩლიქოს ენა, შეიცვალოს ხმა, შეკეროს მიმიკა, და ა.შ. თან შესანიშნავი პაროდისტია. ოღონდ ეს არაა იაფფასიანი კომიკური იმიტაციები, ცნობილი პაროდისტებისგან რომ გვსმენია და გვინახავს. სხვისი დაცინვა ბევრს გამოსდის, სრულიად უტვინო ხალხსაც, მაგრამ ლაშა სხვა პილოტაჟია. მას კარგად ეხერხება პაროდია-სიმულაკრებიც, ანუ როცა დაცინვის ობიექტი არ არსებობს, მაგრამ „წარმოდგენისას“ იგი იმდენად დამაჯერებელია, გგონია პირადად იცნობ, ვისაც ასახიერებს.
ლაშამ სხვისი შექებაც იცის. რაც თავისთავად დიდი ამბავია. ის კი არა, ზოგჯერ იმაზე მეტადაც შეგაქებს, ვიდრე იმსახურებ. ერთ თბილისურ ცხელ ზაფხულს საწოლს მივეჯაჭვე ცოტა ხნით, დიღმის ტრასაზე ავტოავარიის შემდეგ. მაშინ როგორღაც გადავრჩი. თუმცა იმ დროს გატეხილი მენჯი დღემდე შემახსენებს ხოლმე თავს. განსაკუთრებით, უამინდობისას. მოკლედ, ლაშამ და ბაკურმა მომინახულეს. მაშინ ლაშამ თქვა, გადავრჩით, კინაღამ დაობლდაო ქართული ლიტერატურა. ასეთ რამეს კომპლიმენტებზე ხელმოჭერილი კაცი ვერ გეტყვის. დედაჩემმა, რომ გაიგო, ბუღაძე მოდისო, უცებ დაფაცურდა, თორემ ბაკურის ვიზიტს დიდად არ აუღელვებია. ბაკური ერთობ ხმელი კაცია, ვიწრო, კოჭებამდე შარვლებით, ძველი თაობისთვის უნდო იერით. საერთოდ, მთელი ქართული ლიტერატურა ერთგვარ ვალშია ამ ორთან. ლაშა ბუღაძე და ბაკურ სულაკაური რომ არა, საქართველოს ეგებ დღემდე არ რგებოდა საპატიო სტუმრის სტატუსი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
რასაკვირველია, გერმანიაში წარმატება ჯგუფური მუშაობის შედეგი იყო, ურომლისოდაც ამდენი ქართველი ავტორი ასე ერთბაშად არ ითარგმნებოდა და გამოიცემოდა მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე. ამ საქმეში ყველამ დადო თავისი წილი აგური, თუმცა საძირკველი ლაშამ და ბაკურმა ჩაუყარეს. ამ ორმა შეასმინა თავის დროზე ნიკა რურუას, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნისთვის სტუმრის სტატუსი დიდი ნაბიჯი იქნებოდა ბევრი მიმართულებით. მათ შორის, ევროინტეგრაციისთვისაც. ნიკამაც შეისმინა. მაშინ ნელა და გაჭირვებით, მაგრამ საქმე დაიძრა.
ცალკე წერილს იმსახურებს ის საორგანიზაციო გუნდი, დეა მეტრეველის მეთაურობით, რომელმაც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა, ისევე, როგორც თვითონ ბაკურ სულაკაური, რომელმაც საერთოდ გადაარჩინა თანამედროვე ქართული ლიტერატურა. ამ ხმელი კაცის მაშინდელი სიჯიუტე და რწმენა რომ არა, დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა. დიდ წილად მისი ენთუზიაზმის შედეგია, დღეს ამდენი ახალგაზრდა ავტორი რომ გვყავს. ქართული ლიტერატურა არასდროს ყოფილა ასე მრავალფეროვანი. შეიძლება ხარისხში ოდნავ მოვიკოჭლებთ, სხვა თუ არაფერი, ძალიან პატარა ენაში ვყვინთავთ, მაგრამ ეს გამოსწორებადი ამბავი მგონია.
რაც შეეხება ლაშას ბოლო რომანს. ვინ აღარ აქო „საქართველოს სახელით“. სავსებით დამსახურებულადაც. ჩემზე უფრო სანდო და ავტორიტეტულმა ხალხმა შედევრიც უწოდა. მართლაც, კომპლიმენტი არ დაგენანება, ისეთი ნამუშევარია. აქ არ არის პრობლემა. მეც სიამოვნებით ვაგდებ ჩემ ხუთ კაპიკს საერთო აღიარების ყულაბაში. უბრალოდ, მე, როგორც ლაშას გულშემატკივარს, კითხვისას მისი სიცილი დამაკლდა. თუ ადრე ლაშა პატარა სასაცილო წიგნებს წერდა, დღეს მისი ხელიდან ერთიმეორეზე სქელტანიანი, მოღუშული წიგნები გამოდის. არადა, მას შეეძლო ყოფილიყო საქართველოს მთავარი კომედიოგრაფოსი, თვითონ კი ბოლო დროს რატომღაც ჯიუტად დრამას წერს.
ოღონდ ეს არ უნდა ჩავუთვალოთ მინუსად. მით უფრო, რომ ბევრი სწორედ ამას უთვლის პლუსად. მეც ვუთვლი, კერძოდ, როგორც „ნავიგატორის“ ავტორს. ეს მოკლე რეპლიკა უფრო ჩემი პირადი წუხილია და არა სხვისი რამეში გამოჭერის მცდელობა. ეგებ მე შემომაკლდა სიცილი ამ ჟამიანობისას და უბრალოდ შუშხუნა იუმორი მომენატრა? რაც უნდა თქვა, განსაკუთრებული ნიჭია გაცინების უნარი. რა ვიცი, მე რომ კომედიების წერა შემეძლოს, სხვა არც არაფერს გავეკარებოდი და დავხოცავდი ხალხს სიცილით.
[პრეზიდენტმა] უეცრად თმის ღერი შენიშნა ჩაის ბლანტ ზედაპირზე. „ეტყობა მზარეულს სცვივა“, გაიფიქრა და შემცბარმა გაიხედა ცოლისკენ, რომელიც რატომღაც დედამისის შესახებ უყვებოდა ბარბარიზმებთან მებრძოლ კაშნეგაქუცულ მსახიობ-იდეოლოგს. პრეზიდენტმა შეუმჩნევლად ამოაცურა თმის ღერი ჭიქიდან და თერმომეტრივით დაიფერთხა ხელი, ძლივს მოიცილა თითიდან.
ლაშას ჩემგან ჭკუა არ ესწავლება. უბრალოდ, ძალიან არ მინდა, დაკარგოს მან ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. მით უფრო, რომ თანდათან ყველანი ვემსგავსებით მიკ ტრევისს ფილმიდან „ო, იღბლიანო!“ - ოდესღაც მხიარულ კაცს, რომელსაც ფილმის ბოლოს გაღიმებაც კი უჭირს. შესაბამისად, ყველაფერს, რაც გაგაცინებს, დღეს პირდაპირ წამლის ფასი აქვს. ლაშას კი მუდამ ეხერხებოდა გაცინება. ცხადია, მისი საქმეა, რა ჟანრში დაწერს, ეგაა, ძნელია, მის სტაჟიან მკითხველს წიგნიდან წიგნამდე სულ უფრო და უფრო არ ეცოტაოს მისი საფირმო იუმორი. იუმორი, რომლის ფასიც და ძალაც, ყველაზე უკეთ თვითონ ლაშამ იცის. ტყუილად ხომ არ წერს თავის ახალ წიგნში: [პროფესორი] უკიდურესი გაღიზიანების დროსაც კი არ კარგავდა იუმორსო...
იცის ლაშამ სიცილის ძალა. და განსაკუთრებით, დაცინვის გამომაფხიზლებელი მუხტი. ამიტომ ჩემთვის გამოცანაა, ეს მხიარული კაცი რატომ ჭირისუფლობს. მასზე უკეთ ვინ იცის, რომ დაცინვა სჯობს დატირებას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.