73 წლის ბოჩია მებონიას, რომელიც მეგობრებთან ერთად ხშირად სეირნობს ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ეზოში, ძაღლების მოგერიება ჯოხით უწევს:
„ჯოხი დამაქვს, რომ შევაშინო. მე არაფერს ვერჩი, მაგრამ ზოგჯერ ერთიანად იციან მოვარდნა. თუ ერთი წამოვიდა ყეფით, მერე სხვებიც მოჰყვებიან და ასეთ დროს უნდა გაგიმართლოს, რომ არ დაგკბინონ.
არადა, ძაღლები მიყვარს, სახლშიც მყავს... ქუჩაში უპატრონოდ მიგდებული ძაღლებიც მეცოდება, მაგრამ მე რა ვქნა? მეც მეშინია. ამათ გამო სულ დაძაბული დავდივარ. მხოლოდ მე კი არა, ბავშვებსაც ერჩიან. ველოსიპედით ვინც დადის, მაგათ მისდევენ უფრო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პენსიონერმა ბოჩია მებონიამ.
4 თვის წინ მარტვილის მუნიციპალიტეტში მიუსაფარმა ძაღლმა, რომელსაც მოგვიანებით კვლევით ცოფი დაუდასტურდა, ქუჩაში 22 ადამიანი დაკბინა. ის ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდა.
დაკბენილებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ და ცოფს გადაურჩნენ, თუმცა ამ შემთხვევის გამო მარტვილში 60 დღით კარანტინის გამოცხადება გახდა საჭირო.
„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ვიზიტორების მიმართ იყო ძაღლი აგრესიული, მათკენ გაიწია და ჩვენები ჩაერივნენ, რომ გაეშველებინათ... ამას მოვლა სჭირდება...არც ადამიანის და არც ცხოველის უფლებები არ უნდა დაირღვეს, მაგრამ, ფაქტია, რომ საფრთხე არის ძალიან დიდი“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ენგურის ატრაქციის“ დირექტორმა ნიკა ანთიძემ. ენგურჰესის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი ჩადის.
ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად ასობით ადამიანი მიმართავს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს ცხოველის ნაკბენის ან დადორბვლის ჩივილით. მათ შორის უმრავლესობა ქუჩის ძაღლების მიერ არის დაკბენილი.
ზუგდიდელი მოხალისე, ცხოველთა დამცველი სალომე ფარცვანია წლებია, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას - ცხოველებს ვაქცინაციას და სტერილიზაციას უტარებენ, მკურნალობენ, ცდილობენ ოჯახები მოუძებნონ.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მე და სხვა მოხალისეებმა, მეგობრების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მოვახერხეთ, დაახლოებით, 500 ძაღლის სტერილიზაცია. მათ შორის - როგორც ქუჩის, ასევე სახლის ძაღლების. თითქმის ყველა უბანშია ერთი მოხალისე მაინც, რომელიც ზრუნავს ძაღლებზე, მაგრამ როცა გვგონია, რომ ყველა ძაღლი გავასტერილეთ, 2 კვირაში ისევ ივსება უბანი ახალი ცხოველებით“, - ჰყვება სალომე ფარცვანია.
მუნიციპალიტეტები ამ პრობლემას ვერ უმკლავდებიან. ერთადერთი, რაც შეიძლება, ვაქცინაცია-კასტრაცია-სტერილიზაციის მიზნით მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში დროებით გაგზავნაა. მერე ძაღლები ისევ ქუჩას უბრუნდებიან. სამეგრელოს ცხოველთა თავშესაფარი არ აქვს, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ხელშეკრულება ოზურგეთის თავშესაფართან აქვს გაფორმებული.
რეგიონული განვითარების სამინისტრო ჯერ კიდევ 2018 წელს ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ 2019 წლის ბოლოსთვის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონს, მათ შორის სამეგრელოსაც ექნებოდა. საამისოდ ზუგდიდში შეირჩა ფართი, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.
რეგიონული განვითარების სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ცხოველთა თავშესაფარი მოეწყო კახეთში, რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, მათ მხოლოდ მშენებლობის პროექტები გადაეცათ. თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის ააშენებენ დაპირებულ თავშესაფარს.
მანამდე კი პრობლემა ასე „გვარდება“ - მაგალითად, ენგურჰესის მიმდებარედ აგრესიული ძაღლების მომრავლებაზე ნიკა ანთიძის მიმართვის შემდეგ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ [ენგურჰესი წალენჯიხის ქალაქ ჯვარში მდებარეობს] ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფრის თანამშრომლების დახმარებით გაიყვანა ტერიტორიიდან ძაღლები.
სტერილიზაციის შემდეგ ცხოველებს ისევ უკან, წალენჯიხაში დააბრუნებენ, ამიტომ შესაძლოა, ისინი ისევ ენგურჰესთან აღმოჩნდნენ.
იგივე ხდება ზუგდიდშიც. მერიის თანახმად, 2021 წელს 295 ძაღლს ჩაუტარდა კასტრაცია, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და აცრა, 2022-ში - 360 ძაღლს, წელს - მხოლოდ 67-ს. ყველა მათგანი მერე უკან დააბრუნეს.
სალომე მიიჩნევს, რომ თუ ცხოველების უკონტროლო გამრავლება არ შეწყდა, პრობლემას ვერც სამეგრელოში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მოაგვარებს.
სალომე, სხვა მოხალისეების მსგავსად, დიდი იმედით ელოდება, როდის მიიღებს პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტს.
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება, მეტისების გამრავლება აიკრძალება, ჯიშიანი ცხოველის გასამრავლებლად კი პატრონს მოუწევს აიღოს ნებართვა, რომელიც თვითმმართველმა ორგანოებმა უნდა გასცენ.