21 იანვრის ღამეს სოხუმში ეროვნული სამხატვრო გალერეა დაიწვა - აფხაზი ოსტატების 4000 უნიკალური ნამუშევარი. ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300 ნახატი, ვარვარა ბუბნოვას ნახატები, მარინა ეშბასი, ვალერი გემგიასი, რომელმაც დამოუკიდებელი აფხაზეთის სიმბოლიკა შექმნა... ამ ხანძარს ხალხმა „შავი კვირა“ შეარქვა.
დიდი ალბათობით, მიზეზი შუქის გამორთვა გახდა. ღამის სამ საათზე შუქი ისევ ჩართეს, ამან კი მოკლე ჩართვა გამოიწვია. უსაფრთხოების სისტემა შენობაში არ არსებობდა.
აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, ვინც ფონდის ხანძარსაშიში მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა, აფხაზეთის კულტურის მინისტრი დინარა სმირი იყო. მან უკიდურესი არაპროფესიონალიზმი გამოიჩინა და განაცხადა, ინფორმაცია არ მქონდა, გალერეაში ასეთი სავალალო ვითარება თუ იყოო.
აფხაზი განმანათლებლისა და პოეტის დიმიტრი გულიას შვილიშვილმა ტატიანამ მინისტრის თავის მართლება რომ მოისმინა, სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე დაწერა, მწერლის იუბილესთვის გამოყოფილი თანხა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დასაყენებლად გამოიყენეთო.
სამინისტროს მესვეურები შემჩნეულები არიან იმაში, რომ შეუძლიათ თანამშრომლების ხელფასი კაზინოში წააგონ ან პიკასოს თეფში გაყიდონ, სხვა დანარჩენისთვის კი ქვეყანას ფული არა აქვს. ოღონდ, მორიგი ჯავშნიანი ავტომობილის შესაძენად, რომელიც 30 მილიონი რუბლი ღირს, ფული ყოველთვის ყოფნით. ფული ყოფნით იმისთვისაც, რომ ადმინისტრაციულ შენობას დიდი აფხაზური კედელი შემოავლონ; სახელმწიფო აგარაკებზე, სადაც ბჟანია ცხოვრობს, უსაფრთხოების სისტემა დააყენონ და ასე შემდეგ.
ეს ის ფულია, რომელიც ეროვნულ გალერეას არ ეყო. მხოლოდ გუშინ უპასუხისმგებლო ხელისუფლების შენარჩუნება რამდენიმე მილიარდი რუბლი დაჯდა (ამაში არ შედის ის მატერიალური ზიანი, რომელიც ისტორიულ შენობას მიადგა, არც ქვეყნისთვის მიყენებული მორალური ზიანი შედის).
ახლა ჩვენი დროის გმირს, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დავუბრუნდეთ, ნახანძრალზე მისვლამდე გზად კორპორაციულ წვეულებაზე რომ გაიარა. თავის ადმინისტრაციასთან, მინისტრებსა და დეპუტატებთან ერთად სტალინის აგარაკზე ახალ წელს აღნიშნავდა (დაგვიანებით, იმის გამო, რომ ბჟანია ქვეყანაში არ იყო). ამ დროს ახალგაზრდობა, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა ამქარმა აითვალწუნა, დამწვარი შენობიდან გადარჩენილი ნახატების გამოტანას ცდილობდა. ამავე დროს გავიგეთ, რომ ჩვენი თანამემამულე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაიღუპა. „უთვისტომო ივანი“ კი სტალინის აგარაკზე ერთობოდა. აქ კორპორაციული წვეულებისთვის შერჩეული ადგილიც კი სიმბოლურია.
კი, ასლაბ ბჟანიას მხიარულების მიზეზი აქვს: რაც ოლიგარქებს დაჰპირდა, თითქმის ყველაფერი შეასრულა - ქვეყანა ვალებში ჩაახრჩო; თავის გარემოცვას კრიპტოვალუტის წარმოების საშუალება მისცა; ქვეყანას კაბალური ხელშეკრულებები აჰკიდა; რაც არ იყიდება, გაყიდა და რაც თავისი არ იყო, გააჩუქა. მაგრამ მის „მრევლს“ რაღა ახარებდა - ენერგეტიკის სფეროს კრახი? ნავთობის ბიზნესზე მონოპოლია? გაყიდული ქვეყანა? ჩანს, სახელმწიფოს მეთაურს ვერავინ შებედა, მიეთითებინა, სად უნდა ყოფილიყო იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში ისეთი კატასტროფა მოხდა, რომელიც თავისი მასშტაბით მხოლოდ ომის დროს აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და სახელმწიფო არქივის დაწვას თუ შეედრება.
აი, ესაა ჩვენი უბედურება. ჩვენ დავუშვით, ხელისუფლებაში ვაჭრები და დილეტანტები მოსულიყვნენ, შემთხვევითი ბიჭები და გოგოები, რომლებსაც გაუმართლათ და ბჟანიას მეგობრებად და ნათესავებად დაიბადნენ; რომლებმაც მოსკოვში თანამდებობისთვის შესაფერისობის გამოცდა ვერ გაიარეს და რუსეთში ჩადენილ დანაშაულებს აფხაზეთის სამინისტროებში, სახელმწიფო სტრუქტურებში ემალებიან. თან ისე, რომ ამ სტრუქტურებიდან პროფესიონალები გამოყარეს.
ჩემი აზრით, სასაცილო, უაზრო და დესტრუქციულია წინადადება: სიტუაცია პარლამენტთან და საზოგადოებრივ პალატასთან განიხილონ. ჩაიარა მატარებელმა. ვისთან უნდა განიხილო აფხაზეთის მორიგი ტრაგედია? იმათთან, ვინც ქვეყნის ტერიტორიის გასხვისებას დაუჭირა მხარი? ვინც საკუთარ ელექტორატს არ დაეხმარა და ხმა არ მისცა, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მორატორიუმით შეეჩერებინა? ვინც აეროპორტი ისე გაასხვისა, კაბალური ხელშეკრულება არც კი წაუკითხავს? ვინც ელექტროენერგიას ყიდის და ქვეყნისთვის მავნე პროექტებს უჭერს მხარს? საკუთარი მოქალაქების დევნას ჩუმად რომ უყურებენ, იმათთან? ტრაგედიის დროს სტალინის აგარაკზე რომ ერთობიან, იმათთან?
არა, ჩემო ძვირფასებო, ჩიხში ვართ. ქვეყანაში სტრუქტურა აღარ დარჩა, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესებზე დაელაპარაკები. ასე რომ, შევეშვათ მიზეზების მოგონებას, თავზე ნაცრის ყრას და შავი დღეების გამრავლებას. უნდა ჩამოვყალიბდეთ: ჩვენ, საზოგადოება ან ჩავაბარებთ ქვეყანას, ან სახელმწიფო მართვის მთელი სისტემა უნდა შევცვალოთ, რომ ბიუჯეტის ხარჯვა უკონტროლოდ აღარავის შეეძლოს, არც ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ვერანაირი ასლან ბჟანია თავისი ორგანოებით და მცველებით, ციხეებით თუ ჩეკისტებით ვერ შეძლებს, ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - გადაწყვეტილების მიღება - აუკრძალოს.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.