Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართველი მოგზაურები“ აფხაზეთში - რამ აღაშფოთა აფხაზური ტელეგრამი


საქართველოს პასპორტი ენგურის ხიდის ფონზე - ფოტოილუსტრაცია
საქართველოს პასპორტი ენგურის ხიდის ფონზე - ფოტოილუსტრაცია

აფხაზეთის ტელეგრამარხები აფხაზეთში „ქართველი მოგზაურების“ ჯგუფზე წერენ. ტელეგრამარხების გამომწერები ოფიციალური სტრუქტურებისგან აღშფოთებულები ითხოვენ, უპასუხონ, ვინ დართო მათ შემოსვლის ნება და რა მიზნით იმყოფებოდა ეს ჯგუფი აფხაზეთში.

ოფიციალური სტრუქტურები დუმან. მხოლოდ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია ამბობს, რომ აფხაზეთში საქართველოს მხრიდან მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდა, დანარჩენები ადგილობრივები, გალელები იყვნენ.

აფხაზური ტელეგრამარხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფხაზეთს „ქართველი მოგზაურები“ ეწვივნენ. აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ჩანს ჯგუფი, რომელიც აფხაზეთში ნოემბერში ჩავიდა. ფოტო სოხუმის სანაპიროს შუაგულშია გადაღებული, პალმების ხეივანში. ფოტოზე 13 ადამიანია, მე-14, სავარაუდოდ, ფოტოს იღებს. ქვეშ წარწერაა: „ჩვენ დავუბრუნდებით ერთმანეთს“!!!

YouTube-ზე გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჯგუფი აფხაზეთში სამი დღე დარჩა, მოინახულეს სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა, ბზიფის ხეობა. ვიდეოში ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ენგურის ხიდიდან რეპორტაჟი მიჰყავს და აფხაზეთში სტუმრობაზე საუბრობს. ის რაღაცას ამბობს ვიზის მიღებაზე. ამავე ვიდეოში არის აფხაზეთში გამართული ქეიფის კადრებიც.

შარშანდელი ამბავი ახლა რატომ გახდა აქტუალური, გაუგებარია, მაგრამ მასზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს გუშინ მომხდარიყო. აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის მხრიდან პასუხს ითხოვენ - ვინ გასცა ნებართვა ამ ჯგუფის შემოსვლაზე და რატომ არიან სახელმწიფო სამსახურები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეებით დაკავებულები, როდესაც აფხაზეთში საქართველოდან ჯგუფები შემოდიან და მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად დასეირნობენ.

როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომენტარისთვის მივმართეთ, გვიპასუხეს, თუ კომენტარი იქნება, სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოვაქვეყნებთო. მაგრამ საიტზე ბოლო ინფორმაცია მხოლოდ 18 დეკემბერსაა დადებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი მიმართვა უპასუხოდ დატოვა. დაპირება, რომ მალე დაგვიკავშირდებოდნენ, ჯერ არ შესრულებულა. პრეზიდენტის პრესსსამსახურისადმი გაგზავნილ კითხვაზე არავინ პასუხობს.

ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ასლან კობახია. ის ვიდეოს ავთენტიკურობაშია დაეჭვებული.

„ჩვენ არავინ ვიცით, ისინი ვინ არიან. ასე ნებისიმერ ფოტოს გამოვდებ და ვიტყვი, ქართველები არიან-მეთქი. სინამდვილეში ვინ იცის ქართველები იყვნენ თუ არა? მე მხოლოდ ჯგუფურ ფოტოს ვხედავ, რომელზეც ქართული წარწერაა „დავბრუნდებით“, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ამის კომენტირება როგორც პროფესიონალმა რომ შევძლო, ამ ხალხს უნდა ვიცნობდე. შუბლზე ხომ არ აწერიათ, რომ ქართველები არიან?! იქნებ, სომხები არიან ან აფხაზები?

- თუ ეს ქართველების ჯგუფია, რა წესები არსებობს აფხაზეთში შემოსასვლელად?

- თუ ადამიანი არა აფხაზეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეა, მას მხოლოდ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით შეუძლია შემოსვლა. ვიზა სჭირდება. ვიზის მიღებაზე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვაა საჭირო, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურისაც. ვნახე ენგურზე გადაღებული ვიდეო, შემდეგ სადღაც ვიღაცასთან ქეიფი. შემდეგ სადღაც ხეობის სანახავად მიდიოდნენ, მაგრამ ვიდეოზე ხეობაში მათ ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი უხეშად არის დამონტაჟებული.

- შეეძლოთ უკანონოდ შემოსულიყვნენ?

- არცერთი ქართული ჯგუფი ასეთი შემადგენლობით არასდროს არ შემოვა, თუ უსაფრთხოების გარანტია არა აქვს. უსაფრთხოების გარანტიას კი ამ ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები იძლევიან. მეტი არავინ ვიცი, ვინც მათ უსაფრთხოებას აიღებდა საკუთარ თავზე. მაგრამ ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, ეს ხალხი ვინაა, მართლაც საქართველოს მოქალაქეები არიან თუ გალელები, რომლებმაც სოხუმში ფოტო გადაიღეს? მთელ აფხაზეთში ვხვდები ეთნიკურ ქართველებს გალის რაიონიდან. ისინი სოხუმში მუშაობენ, საღამოს ისვენებენ, სანაპიროზე სეირნობენ. ქართველებს უყვართ დადგმული ფოტოები და ამას არ უნდა წამოვეგოთ. ჩვენმა უფლებადამცველებმა უნდა გვითხრან, მართლაც საქართველოს მოქალაქეები დასეირნობენ ჩვენს სანაპიროზე თუ დადგმულია ეს ყველაფერი.

ქართველი ხიდზე რაღაც რეპორტაჟს იღებს, შემდეგ სადღაც სუფრასთან ზის, რაღაც „ჟოლობით“ ღვინოს სვამს. არასდროს, არცერთ შემთხვევაში, არცერთ აფხაზურ ოჯახში „ჟოლობით“ ღვინის დალევას თავს არავინ აკადრებს. ეს ძალიან პრიმიტიული რამ არის, აფხაზურ სუფრასთან ასე ღვინოს არავინ სვამს. ამით ხვდები, რომ ვიდეო დადგმულია. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ, რომ აფხაზურ სუფრასთან ხალხი „ჟოლობით“ სვამდეს? ეს არაფერში არ ჯდება. იქ ბევრი რამ არის გაუგებარი, გარკვევაა საჭირო“.

გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინ ფილია განმარტავს, რომ ადამიანი, რომელმაც ენგურზე ვიდეო გადაიღო, ერთადერთი იყო, ვინც საქართველოდან აფხაზეთში შევიდა.

„მოვისმინე, რასაც ვიდეოში ამბობს, მარტო იყო, ჯგუფთან ერთად არ შემოსულა. ადგილობრივები დახვდნენ და რიწაზე წაიყვანეს, შემდეგ ფოტოები გადაიღეს. ყველა დანარჩენი ადგილობრივია. ეს კაცი, რომელიც პირველ ვიდეოზეა, მარტო მოვიდა და მარტო წავიდა. როდესაც მიდიოდა, თქვა, რომ აქ მეგობრები შეიძინა, ერთადეთი ის არის ცუდი, რომ ვიზას დიდხანს უნდა ელოდო და მის მისაღებად უნდა იწვალოო - ამაზე ლაპარაკობდა. უკვე სამმა ადამიანმა გადამითარგმნა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს აუგი. ამბობს, რომ მისი მოგზაურობა დასრულდა, იყო აქ და აქ, მეგობრები გაიცნო, მეგრელები და აფხაზები, ერთადერთი სიძნელე ვიზის მიღება და მეტი არაფერიო.

- ფოტოზე გალის მცხოვრებლები არიან?

- დიახ, ყველა ადგილობრივია. ვიდეოსაც ჩაგიგდებთ, სადაც ჩანს, როგორ ბრუნდება ერთი უკან, იქ სადაც ენგურის ხიდია და ვიდეოში საუბრობს, როგორ მოიარა აფხაზეთი.

- ანუ კანონიერად შემოვიდა აფხაზეთში და წავიდა, ასეა?

- დიახ, ვიზით შემოვიდა და ცუდი არაფერი უთქვამს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG