კვირის ბოლოს ევროკავშირი გადადგამს პირველ საკანონმდებლო ნაბიჯს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.
თუმცა, არ უნდა ველოდოთ, რომ ეს ფული მაშინვე კიევს გადაეცემა და, ასევე, არც დიდი თანხების იმედი უნდა გვქონდეს. ევროკავშირისათვის ეს სენსიტიური საკითხია, რადგან საქმე ეხება ისეთ ფუნდამენტურ სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა კერძო საკუთრების უფლებები და საერთო ვალუტის, ევროს სტატუსი. ბრიუსელი გადაწყვეტილებებს ფრთხილად მიიღებს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს ამჟამად მხოლოდ რუსეთის ცენტრალური ბანკის და რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის გაყინული აქტივები აქვს სამიზნეში ამოღებული. ამ ორი სუბიექტის აქტივები ევროკავშირში გაიყინა - ან, როგორც ბრიუსელში იტყოდნენ, მათი „იმობილიზაცია“ მოხდა - 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
გაყინულია დაახლოებით 200 მილიარდი ევრო, უმეტესწილად ბელგიაში.
და აი, მეორე ასპექტი იმისა, რის გაკეთებასაც ევროკავშირი ცდილობს: კიევის მხარდაჭერას მხოლოდ ამ აქტივებისაგან მიღებული შემოსავალი შეიძლება მოხმარდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქმე შეეხება ამ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულის პროცენტს. ეს წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიარდი ევროა, რომელიც შეიძლება მოხმარდეს უკრაინის ეკონომიკურ რეკონსტრუქციას.
ასეთი მოკრძალებული მიდგომის მიზეზი ის გახლავთ, რომ ევროზონის მრავალი მსხვილი წევრი (საფრანგეთი, გერმანია, იტალია) და ასევე ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ღელავენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება ევროს ავნოს. ევრო კი ახლა მეორე სარეზერვო ვალუტაა მსოფლიოში. თუ შესაძლებელია სუვერენული ქვეყნის მიერ ევროზონაში გაკეთებული დანაზოგების ჩამორთმევა, ხომ არ გადააფიქრებინებს ეს სხვა ქვეყნებს ფული განათავსონ ევროკავშირში? ხომ არ გამოუთხრის ეს ძირს ევროს საერთაშორისო ნდობას?
ამგვარი შიშების შესამსუბუქებლად შეიქმნა საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო.
უპირველეს ყოვლისა, ეს ნაბიჯი გადაიდგმება „დიდ შვიდეულთან“ (G7) კოორდინაციის შემდეგ. გაწერილია სამართლებრივი საფუძველი - ასე რომ, თუ რუსეთი ევროკავშირს სასამართლოში უჩივლებს, ბლოკს შეეძლება მყარი სამართლებრივი არგუმენტები წარადგინოს. პირველ რიგში სამართლებრივი აქტი ადგენს, რომ შემოსავალი არ შეიძლება ჩაითვალოს სუვერენულ აქტივებად და ისინი რუსეთს სანქციების მოხსნის შემთხვევაშიც არ უნდა დაუბრუნდეს.
აქვე ნახავთ მიზეზთა გრძელ ჩამონათვალს, თუ რატომ უნდა გადაეცეს ეს ფული უკრაინას. მიზეზებს შორისაა: „საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანების მიღწევის განხორციელების ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, მშვიდობის შენარჩუნების, კონფლიქტების პრევენციისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მხარდაჭერა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. აგრეთვე, მათი დახმარება, ვინც ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებს უმკლავდება“.
ევროკავშირის ელჩები 31 იანვრის შეხვედრაზე სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილების მიღების ორეტაპიანი პროცესის პირველ ნაბიჯს. ეს პირველი ნაბიჯია შემოსავლების იდენტიფიცირება და მათი განცალკევება დანარჩენი გაყინული აქტივებისაგან, რაც - როგორც ამ პროცესის მცოდნე ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურმა პირებმა მითხრეს - შეიძლება შედარებით სწრაფად მოხდეს.
თუმცა, მეორე ნაბიჯი ამ კვირაში არ გადაწყდება. ის შეეხება ამ ფულის უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილებას. კანონპროექტის ტექსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის ფრთხილ მიდგომას. აქ ნათქვამია, რომ „მეორე საფეხურზე საბჭომ უნდა შეძლოს გადაწყვიტა, თუ როგორ შეიძლება მიიმართოს მოგება უკრაინისა აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების თანახმად და ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პარტნიორებთან კოორდინაციით“.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის გადასაწყვეტია, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს. ასევე ხაზგასმულია ამ გადაწყვეტილებაში ECB-ის მნიშვნელობა: „ველით, რომ ასეთი წინადადების მომზადებისას, უმაღლესი წარმომადგენელი (ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეური) და კომისია კონსულტაციას გაივლიან შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და, კერძოდ, ევროპის ცენტრალურ ბანკთან“.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახლა იმაზე მსჯელობენ, თუ რა დრო უნდა გავიდეს პირველ და მეორე ნაბიჯს შორის. ბალტიის სახელმწიფოებსა და პოლონეთს უნდათ, რომ მეორე ნაბიჯი ლამის დაუყოვნებლივ გადაიდგას, რათა ფული კიევში დროზე ჩავიდეს. სხვებს სურთ დაელოდონ და სიტუაცია შეაფასონ. ძირითადად აინტერესებთ, აშშ და დიდი ბრიტანეთიც თუ გადადგამენ მსგავს ნაბიჯებს გაყინული დოლარისა და ფუნტი სტერლინგის ანგარიშებთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ ასეთი მცირე თანხის უკრაინაში დაუყოვნებლივ გაგზავნის საჭიროება არც არსებობს. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი მალე შეთანხმდება უკრაინის 50 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. თუ ევროკავშირის ლიდერები ამას ხელს მოაწერენ ბრიუსელის სამიტზე, 1 თებერვალს, მაშინ ამ შემოსავლების უკრაინაში სასწრაფოდ გაგზავნის აუცილებლობა გაქრება.