Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

გიომ ანსელი
გიომ ანსელი

26 იანვარს ფრანგი მწერლისა და თადარიგის პოლკოვნიკის გიომ ანსელის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ანსელი ცნობილი სამხედრო ექსპერტია საფრანგეთში, რომელიც 2022 წლის დასაწყისიდან აშუქებს რუსეთ-უკრაინის ომს. მეც შემთხვევით ვისარგებლე და მცირე ინტერვიუ ვთხოვე რადიო თავისუფლებისთვის.

ლაშა ოთხმეზური: გიომ, ზოგადი კითხვით დავიწყოთ: რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში რა არის ამ წლის მთავარი გამოწვევა ევროპისათვის?

გიომ ანსელი: პირველ რიგში საჭირო არის სამხედრო ინდუსტრიის მობილიზება. ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა მიზნად დაისახა ეს და მჯერა რომ ევროპა შეძლებს ამის მიღწევას. უკრაინის არმიამ დაახლოებით 3 მილიონი ჭურვი იხმარა 2023-ში. შარშან ევროპა დაპირებული იყო, რომ მისცემდა 1 მილიონ ჭურვს და საბოლოოდ მისცა მხოლოდ 300 000. 2023 შეიარაღების მთავარი დონორი ამერიკა იყო. ამერიკელები დღეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით არიან დაკავებულები და ვეღარ ეხმარებიან უკრაინას იარაღით. ასე რომ თუ არა ჩვენ მაშინ ვინ? 2024-ში ჩვენ თუ არ ჩავანაცვლეთ ამერიკა, უკრაინა შეიძლება „მშრალზე“ დარჩეს.

ჩვენ გვაქვს ამის პოტენცია: დღეს-დღეისობით არსებობს იტალიური გერმანული, ფრანგული სამხედრო ინდუსტრია, რომლებიც ერთმანეთს დუბლირებენ. დღეს ევროპულმა ინდუსტრიამ უნდა შეწყვიტოს ოთხი-ხუთი ტიპის ტანკის და ათი ტიპის ქვემეხის წარმოება. უნდა მოხდეს ინდუსტრიის ჰომოლოგიზირება (საწარმოო სისტემაში გაერთიანება). პარიზი ერთ დღეს მიხვდა რომ თითო-ოროლა ფრანგული კონკორდის [ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის რ.თ.] მარტო წარმოებაზე უფრო მომგებიანი იქნებოდა ევროპელებთან ერთად ასეულობით ეარბუსის წარმოება. თუ მოვახერხეთ ევროპული ეარბუსის შექმნა, რომელსაც აწარმოებენ არა გერმანული, ესპანური ან ფრანგული ფირმები, არამედ ევროპული ფირმები, რატომ ვერ უნდა შევძლოთ იგივეს გაკეთება თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში? ბრიუსელი დღეს ცდილობს ევროპული ინდუსტრიის ანალოგიური მობილიზება. პირველ რიგში უნდა შევძლოთ მილიონი ჭურვის მიწოდება 2024-ის გაზაფხულისათვის. საფრანგეთში ჭურვების მწარმოებელი მხოლოდ ერთი ქარხანაა. მან გაასამმაგა პროდუქცია და აწარმოებს 30 000 ჭურვს წელიწადში. არადა მილიონია საჭირო გაზაფხულისათვის... თუმცა არც ისე ძნელია: მწარმოებელს სჭირდება გარანტია, რომ თუ აწარმოებს მილიონი 155 მმ ჭურვს, სახელმწიფო მისგან შეიძენს ამ პროდუქციას. უხეშად რომ შევაფასოთ - ერთი მილიარდი ევროა საჭირო ერთი მილიონი ჭურვის წარმებისთვის. ეს დიდი თანხა არ არის. მოკლედ ამ ინდუსტრიული ხაზის გამართვა რთული არ არის და მე როგორც უკვე ვწერდი, ბრიუსელი იღებს სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით.

მაგრამ ჭურვებს უნდა მიყვეს ასეულობით - და არა ათეულობით - ტანკი და თვითმფრინავი... დღეს უკრაინელებს ხუთჯერ ნაკლები ქვემეხი აქვთ და ათჯერ ნაკლები ჭურვი აქვთ ვიდრე რუსებს. ეს უთანაბრობა დაძლეული უნდა იქნას 2024-ში.

კოვიდის პანდემიის პირველ წელს ყველა ევროპული ქვეყანა ცალ-ცალკე ცდილობდა ვაქცინის მოპოვებას. ბოლოს მიხვდნენ რომ ვირუსის დამარცხებისთვის საჭირო იყო ძალების გაერთიანება. ასევე უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის წინააღმდეგ.

მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება.

მე შორს ვარ იმ იდეისგან, რომ უკრაინა შესძლებს ამ ომში გამარჯვებას ჩვენი მხოლოდ ფინანსური ან სამხედრო დახმარებით. მე ვთვლი, რომ ევროპა ადრე თუ გვიან მივა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო არის ჩვენი, ევროპული კორპუსის, დიდი საჯარისო შენაერთის, გაგზავნა ბრძოლის ველზე: როგორც პირველი ერაყის ომის დროს ევროპელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ჰუსეინის წინააღმდეგ ომში, ასევე მე ვთვლი რომ აუცილებელია ევროპამ გააგზავნოს ევროპული კოალიცია. ეს არის ომი, რომელიც ჩვენ გვეხება და როცა ომი შენ გეხება, გინდა არ გინდა უნდა იომო. ჩვენ ამერიკელებმა მიგვაჩვიეს იდეას, რომ სხვა ჩვენს მაგივრად, ჩვენი უსაფრთხოებისთვის იომებდა. ვიმეორებ, უკრაინა მარტო ვერ მოიგებს ომს. ჩვენ შეიძლება ცინიკურად ვიმედოვნოთ, რომ უკრაინელები გაუძლებენ ათწლეულები ამ ზეწოლას, მაგრამ გამოდის რომ ევროპაში კორეის კონფლიქტის ტიპის კერას გავაჩენთ.

ლაშა ოთხმეზური: გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ისევე როგორც ნატოს ხელმძღვანელობა, აცხადებს, რომ 5-8 წელიწადში რუსეთმა შეიძლება ნატოს ქვეყნებზე მიიტანოს იერიში. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი, იგივე მარკ გალეოტი, თვლის, რომ ეს განცხადებები გარკვეულწილად მიზანმიმართული დაშინებაა, რათა სამხედრო ხარჯების ზრდა გაამართლონ...

გიომ ანსელი: საფრთხე აბსოლუტურად რეალურია და გერმანელი მინისტრი ამ სიტყვებს იმიტომ არ იძახის რომ გერმანიის მოსახლეობა შეიძლება დაიღალა უკრაინის დახმარებისგან. ზოგადად, როცა მე ზოგიერთ ფრანგ ან ევროპელ პოლიტიკოსს ვუსმენ, რომელიც იძახის რომ პუტინი უკრაინის იქით არ წავა, ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს 1936-1938 წლებს, როცა ევროპაში ბევრი გვარწმუნებდა, რომ ჰიტლერს მხოლოდ ჩეხეთის სუდეტის მხარე უნდოდა და ამ ლუკმას დასჯერდებოდა. პუტინი და მისი გარემოცვა მუდმივად გაიძახის რომ 1: რუსეთს არ აქვს საზღვრები და 2: ის რაც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უნდა გაუვნებელდეს. 16 იანვარს, სულ რაღაც ათი დღის წინ, პუტინმა განაცხადა რომ ბალტიის ქვეყნების „დენაციფიკაციაა“ საჭირო და ფინეთი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვის. ძალიან ჰგავს უკრაინაზე საუბარს რაც პუტინისგან გვესმოდა 2022 წლის თებერვლამდე...

ლაშა ოთხმეზური: დასავლეთი ცოტა შიზოფრენიულ სიტუაციაში ხომ არ არის? აგერ გერმანიის თავდაცვის მინისტრი იძახის, რომ პუტინი შეიძლება მალე ევროპას თავს დაესხას და ამასთან ერთად გერმანიის კანცლერი კვლავ უარზეა Taurus-ის რაკეტები გადასცეს კიევს.

გიომ ანსელი: შენ როგორც იცი საფრანგეთმა გამოაცხადა რომ ორმოციოდე შორი რადიუსის ფრთოსან რაკეტა Scalp-ს გადასცემს უკრაინას. ეს ძალიან კარგია, თუმცა არ არის საკმარისი. მაგალითად იგივე ქერჩის ხიდის დანგრევისათვის, Taurus ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე Scalp. Taurus-ს ასეფეთქებელი მუხტიც უფრო დიდი აქვს და ანტისაჰაერო თავდაცვისათვის იგი ბევრად უფრო ძნელად გასანეიტრალებელია. Taurus შექმნილია ზუსტად ისეთი დიდი კონსტრუქციების გასანადგურებლად, როგორიც ქერჩის ხიდია. და მე არ მესმის არანაირად გერმანელების ლოგიკა. 30 წელია რაც ევროპა ფიქრობს რომ ომი მისი პრობლემა აღარ არის. 30 წელია რაც ევროპა აღარ ფიქრობს ომზე. ომზე ფიქრი კი ნიშნავს რისკზე წასვლას, დანაკარგების განცდას და ომში გამარჯვებას.

გაზაფხულზე უკრაინას წესით ეყოლება გადამზადებული მფრინავები და F-16 თვითმფრინავები. ამ თვითმფრინავს შეუძლია შეიარაღებაზე ჰქონდეს გრძელ რადიუსიანი რაკეტები მაგრამ თუ ისევ დარჩება ტაბუ უკრაინის საზღვრის იქით დარტყმებზე, თუ ვთქვათ ეს თვითმფრინავები ვერ შესძლებენ ქერჩის ხიდის დაბომბვას, მაშინ ეს თვითმფრინავები დაემსგავსებიან არტილერიას...

ლაშა ოთხმეზური: გადაჭარბებული იქნება ეს ტაბუ რომ შევადაროთ ფეხბურთის მატჩს, სადაც ერთ გუნდს უფლება არ აქვს მოედნის მეორე მხარეს ბურთი დაარტყას და თან მისგან ყველა მოგებას მოელის?

გიომ ანსელი: აბსოლუტურად არა. ძალიან კარგი მეტაფორაა. თამაშის წესები რუსების გადასაწყვეტი არ არის... აბსურდულია სიტუაცია როცა რუსები გვიწესებენ თამაშის წესებს... ჩვენ არ ვართ თანამიმდევრული ჩვენს ქმედებებში. მოკავშირეობა ნიშნავს მხარდამხარ ბრძოლას. რა გვიშლის ხელს რომ უკრაინაში გავგზავნოთ გრანგული, ბელგიური შენაერთები? ატომურ იარაღს გამოიყენებს პუტინი? ეს ხომ სასაცილოა? ჩვენ ვერ განვთავისუფლდით ფობიებისგან, ირაციონალური შიშისგან. ჩვენ მუდმივად ახალ-ახალ წითელ ხაზებს ვიგონებთ... გაიხსენე, დისკუსიები, შეიძლება თუ არა ტანკების გადაცემა უკრაინისათვის... გამოიწვია ამან ბირთვული ომი როგორც პუტინი გვაშინებდა? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ევროპის დაცვის დავალების მინდობა სხვა ქვეყნებისათვის, იქნება ეს აშშ თუ უკრაინა.

ლაშა ოთხმეზური: მაკრონი მუდმივად საუბრობს ევროპულ თავდაცვაზე, სამხედრო ბიუჯეტის 100%-ზე მეტით გაზრდაც დაისახა მიზნად 2030 წლისათვის. მიუხედავად ბიუჯეტის ამ ისტორიული ზრდისა ეწ სახმელეთო ოპერატიული ძალების რაოდენობა 2030 წლისათვის იქნება იგივე, რაც დღეს - 77 000 ადამიანი. რაც ფრანგული დოქტრინის მიხედვით ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ტიპის ომის შემთხვევაში საფრანგეთი შეძლებს მხოლოდ 80 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის დაცვას... მოკლედ პარიზი ვარშავისკენ და ტალინისკენ კი არა, არამედ ისევ აფრიკისკენ იყურება.

გიომ ანსელი: გეთანხმები, რომ მაკრონი, ისევე როგორც საფრანგეთის ყველა ყოფილი ლიდერიც, მთავარი პრობლემაა ევროპული არმიის შექმნის გზაზე. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნები, რომლებიც მოწინავეა და მიისწრაფვიან ევროპული თავდაცვისკენ, არან პატარა ქვეყნები, როგორიცაა ბელგია. იმიტომ, რომ ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც იაზრებს რომ არის პატარა ქვეყანა და აქედან გამომდინარე მისი ნება, იყოს თანხვედრაში სხვა ევროპულ ქვეყნებთან, დიდია. ევროპაში ყველაზე უფრო სუსტი არიან ყველაზე დიდი ქვეყნები, რომლებსაც მსგავსად საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთისა, კიდევ სჯერათ, რომ „დიდი ქვეყნები” და გლობალური მოთამაშეები არიან. .

ვიმედოვნებ რომ რეალობის გააზრება საბოლოოდ მიიყვანს საფრანგეთს დასკვნამდე, რომ ერთის მხრივ მხოლოდ საერთო ევროპული პასუხია საჭირო, და მეორეს მხრივ, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენი, და არა ამერიკის ვალდებულებაა. როცა მე ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ, მე პირველ რიგში ვგულისხმობ უკრაინას. მე მგონი ევროპელები გონს მოდიან და ხვდებიან რომ ამერიკა მუდმივად ვერ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი.

თუმცა ეს ძალიან ნელა ხდება. წითელი ზღვის სავაჭრო გზის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ევროპის და ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებისათვის. ირანის მიერ შეირაღებული ჰუთების დაჯგუფების მიერ წითელი ზღვის ნაოსნობის ბლოკირება casus belli არის ევროპისათვის. მე ვთვლი რომ უბრალოდ სირცხვილია რომ ევროპა არ აგზავნის საკუთარი ფლოტილიას რათა დაიცვას ნაოსნობა... ისევ ამერიკელების იმედზე ვართ. ასე დიდხანს არ გასტანს.

ლაშა ოთხმეზური: რა მოხდება ტრამპის არჩევის შემთხვევაში?

გიომ ანსელი: ეს იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსათვის და პირველ რიგში ევროპისათვის, რადგან ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს იმპერიალისტური რუსეთის ერთხელ და საბოლოოდ დამარცხებისა.

ლაშა ოთხმეზური: ბრძოლის ველზე როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას წელს?

გიომ ანსელი: რუსეთი ახორციელებს ზეწოლას მთელ ფრონტზე. ფრონტის ხაზი ათასს კილომეტრზეა გადაჭიმული და დაახლოებით ათ რაიონში რუსეთი შეზღუდულ შეტევას ახორციელებს. ინიციატივა დღეს მათ ხელშია. უკრაინა თავდაცვაშია. რუსეთს, თავისი არმიის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა - ოპერატიულ გარღვევას მოსკოვი ვერ შესძლებს. რუსეთი შეეცდება ზავის იდეის გაყიდვას ევროპისათვის. ეს იქნება „მიუნხენის ცდუნება“, ანუ არასტაბილური მშვიდობა და ილუზია, რომ ომი დამთავრდა. ზავი მისთვის სასარგებლო იქნება. პუტინს სჭირდება ორი-სამი წელი... ეს იქნება საკმარისი რუსეთის გადაიარაღებისათვის. ოღონდ, სამ წელიწადში ომის განახლებისას, ის მხოლოდ უკრაინით არ დაკმაყოფილდება, მის სამიზნეში უკვე ბალტიის რესპუბლიკები და ფინეთი იქნებიან.

ლაშა ოთხმეზური: ყველა მიჩერებულია სახმელეთო ოპერაციებს. არადა შავ ზღვაში უკვე მიაღწიეს უკრაინელებმა გარკვეულ წარმატებას: რუსების ფლოტი იძულებული იყო სევასტოპოლი დაეტოვებინა. რას ფიქრობ ე.წ. პერიფერიულ სტრატეგიაზე?

გიომ ანსელი: პერიფერიული სტრატეგიას შეუძლია მტრის დაღლა მაგრამ ის საკმარისი არაა. ყირიმის გარშემო საზღვაო ოპერაციას შეუძლია რუსულ ლოჯისტიკას დიდი პრობლემა შეუქმნას, მაგრამ ეს საკმარისი არაა ომის მოსაგებად. საზღვაო ოპერაცია ამ ომის ბედს ვერ გადაწყვიტავს.

ლაშა ოთხმეზური: გიომ, საინტერესოა შენი აზრი ილ-76-ის ჩამოვარდნაზე ბელგოროდში... რუსებმა მოითხოვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა და ეს ყველაფერი შემთხვევით დაემთხვა ლავროვის ნიუ-იორკში ვიზიტს... რა ვიცით დადასტურებით?

გიომ ანსელი: ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ესაა ის, რომ რუსები იტყუებიან. პირველ რიგში ისინი იტყუებიან მსხვერპლის რაოდენობაზე. 65 უკრაინელი პატიმარი გადაყავდა სამ რუსს? მემგონი სასაცილოა იქნებოდა რომ არა ეს ტრაგიკული ისტორია. 65 ტყვეს, 65 პროფესიონალ სამხედროს გადაყვანას სულ ცოტა 15 თანმხლები - კონვოი სჭირდება. მაგრამ რუსეთის ტყუილი ამით არ მთავრდება: მე შევისწავლე ფრენის ტრაექტორია და ეს ტრაექტორია აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ტოვებდა ბელგოროდს. ბელგოროდი უკრაინის მოსაზღვრე რუსული ქალაქია ხომ? როგორ წარმოგიდგენია თვითმფრინავი ასეთ ტრაექტორიას აკეთებდეს? აღარაფერს ვამბობ მარგარიტა სიმონიანის მიერ გამოქვეყნებულ უკრაინელი დაღუპული ტყვეების სიაზე - 13 ტყვე, რომელიც სიმონიანის ვერსიით დაღუპულია, გაცვლის შედეგად ადრე დაბრუნდა უკრაინაში.

ეს თვითმფრინავი შეიძლება უკრაინელებმა ჩამოაგდეს. შეიძლება თვით რუსებმაც შეცდომით რადგან პირველად არ ხდება როცა მათი საფრენი აპარატებს მათივე ანტისაჰაერო დაცვა აგდებს. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. სამაგიეროდ რაც არის ნათელი, ესაა მოსკოვის მიერ უხეში ტყვილების სწრაფი და დიდი რაოდენობით გადმოგდება ინფორმაციულ სფეროში. ეს ძალიან მაგონებს ტყუილებს, რომლებიც რუსებმა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გაავრცელეს 2014 წლის მარტში.

25 იანვარს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, განსხვავებით მართლმადიდებლებისგან, ზეიმობს პავლეს მოქცევას.

პავლე მოციქული მიეკუთვნებოდა იმ თაობას, რომლის ღვაწლი ყველაზე უფრო განმსაზღვრელი იყო ქრისტიანული რელიგიის ჩამოყალიბებისათვის. და ამ თაობაში პავლე გახლდათ ის ადამიანი, ვინც უზრუნველყო, რომ იესოსგან შობილი ახალი მოძრაობა გამხდარიყო ინტელექტუალურად თანმიმდევრული, ზეეთნიკური, საერთაშორისო (და არა უნივერსალური, როგორც ხშირად წერენ) რელიგია.

ქრისტიანული სახარების პავლესეული განმარტება მარკოზისათვის (ყველაზე ადრეული სახარება) გახდება ნიმუში და განმსაზღვრელი სახარების იმ სულისკვეთებისა თუ იერსახისა, რომელიც ფეხს მოიკიდებს ქრისტიანულ ტრადიციაში. მოგვიანებით, ქრისტიანული კანონის ჩამოყალიბებისას, ქრისტიანული სახარების პავლესეული განმარტება გახდება ასევე მთავარი დაბრკოლება, რომელიც სახარებების ნაწილს (რომელიც დღესდღეობით აპოკრიფულად არის ცნობილი) ქრისტიანული კანონის მიღმა დატოვებს.

მოციქული პავლე (ავტორობა მიეწერება რემბრანდტს)
მოციქული პავლე (ავტორობა მიეწერება რემბრანდტს)

სწორედ პავლე მოციქულის წერილებით ისაზრდოებენ ირენეოსი, ტერტულიანე და მეორე საუკუნის სხვა ქრისტიანი თეოლოგები, როცა შეეცდებიან ახლად შობილი რელიგიის ორთოდოქსიის გამომუშავებას, ქრისტიანული კანონის შექმნას და ჰეტეროდოქსიის წინააღმდეგ ბრძოლას. და ყოველ ჯერზე, როცა ქრისტიანული რელიგია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ყოველ ჯერზე, როცა მას „ახალი სისხლი“ დასჭირდება, სწორედ პავლეს წერილებით ისაზრდოებენ დიდი თეოლოგები - იქნება ეს ნეტარი ავგუსტინე თუ მარტინ ლუთერი.

რაში მდგომარეობს ქრისტიანული სახარების პავლესეული განმარტება? რაში მდგომარეობდა პავლეს როგორც თეოლოგის უნიკალურობა? ამისთვის ალბათ უპრიანია, დავსვათ კითხვა, რაში მდგომარეობს ქრისტიანული რწმენის განსაკუთრებულობა, მისი უნიკალურობა?

პავლე მოციქული, ქრისტიანულ რწმენაზე საუბრისას არ დაეყრდნობა იესოს სწავლებას, რადგან, ნაზარეველის მსგავსად, ქარიზმატული, თერაპევტული ნიჭით დაჯილდოებული მოხეტიალე მქადაგებლების მაგალითები მრავლად არსებობდა როგორც ებრაულ, ისე ელინურ-რომაულ სამყაროში (საკმარისია გადახედოთ იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა სიძველენს“ ან სტოიკურ ლიტერატურას).

თუ პავლე გენიალური თეოლოგია, ამის მიზეზი ისაა, რომ ქრისტიანობის განსაკუთრებულობას დაინახავს აღდგომის ჯვარში: ის, რომ ღმერთი გამოცხადდება ხეზე დაკიდებულ სხეულში, იყო სრულიად წარმოუდგენელი, იმის გათვალისწინებით, რაც კი ღმერთზე თქმულა ანტიკურ სამყაროში, იქნებოდა ეს ელინურ-რომაული ფილოსოფია თუ ებრაული თეოლოგია (ამასთან დაკავშირებით მკითხველს ვთხოვ, გადაიკითხოს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს პირველი თავი, განსაკუთრებით ამ თავის 18-31 მუხლები). დიახ, კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს ეს მუხლები გვაჩვენებს, თუ რამდენად გაუგონარი, სკანდალური და აბსურდული იყო პავლეს მსჯელობა ღმერთზე როგორც ებრაელისათვის, ისე ბერძნისთვის. მაგრამ სწორედ ეს გაუგონარი, სკანდალური, აბსურდული გახდება მოგვიანებით, პავლეს სიკვდილიდან დაახლოებით 70 წლის თავზე, ახალი რელიგიის საფუძველი.

ასე რომ, ალბათ არ იქნება გადაჭარბებული იმის მტკიცება, რომ პავლე მოციქული არის ყველა დროის უდიდესი ქრისტიანი თეოლოგი. სხვათა შორის, პავლე მოციქულის წერილების ადგილი და მასა ახალ აღთქმაში, ქრისტიანული დადასტურებაა, ქრისტიანული აღიარებაა იმ ავტორიტეტისა, რომელიც მის ეპისტოლეებს მიენიჭა დაწერის პირველი დღიდანვე. ალბათ, უნდა დავამატოთ, რომ პავლე მოციქულის თეოლოგიამ არა მარტო საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას, არამედ მისი თეოლოგია რჩება თანამედროვე ღვთისმეტყველების უშრეტ წყაროდ.

და, მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლური კალენდარი არ ზეიმობს პავლეს მოქცევას დღეს, რაც, ალბათ, მრავლისმეტყველია. სხვათა შორის, პავლე მოციქულის ეს უგულებელყოფა არა მარტო ფორმალური, არამედ შინაარსობრივიც არის - მართლმადიდებლურ ეგზეგეტიკაში პავლე მოციქულის ეპისტოლეებს მარგინალური როლი უკავია.

თანამედროვე ბერძენი თეოლოგები, პავლე მოციქულის უგულებელყოფის ფაქტს ოსმალეთის ოთხსაუკუნოვანი მმართველობით და ათენის (1837) თუ თესალონიკის (1960) უნივერსიტეტების გვიანი დაარსებით და იქ თეოლოგიური ფაკულტეტების ნელი განვითარებით ხსნიან. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენადაა ეს არგუმენტი მისაღები: რუსეთის, ბიზანტიური ტრადიციის ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიაც ვერ დაიკვეხნის ისტორიულ-კრიტიკულ კვლევებს პავლე მოციქულზე.

ასეა თუ ისე, ემბრიონული ქრისტიანობის განვითარების, მასში იუდაისტური და ელინისტური შრეების დადგენის სურვილმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დასავლეთი ევროპა ბიბლიური ტექსტების ისტორიულ-კრიტიკულ ეგზეგეტიკამდე მიიყვანა. კვლევის ეს მეთოდი გულისხმობს იმ ისტორიული კონტექსტის თუ სოციალური გარემოს შეცნობას, რომელშიც, ერთის მხრივ, იქმნებოდა წერილები და, მეორეს მხრივ, რომელშიც „იხარშებოდნენ“ წერილის ადრესატი ქრისტიანული თემები. მაგალითისათვის საინტერესო არის პავლე მოციქულის წერილების შესწავლა იუდაიზმის ფართო კონტექსტში, რომელიც ასახულია ყუმრანის ხელნაწერებში. პავლეს ეპისტოლეების ყუმრანის ტექსტებთან შედარება მნიშვნელოვანია, რადგან იგი აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია პავლე მოციქულის იუდაიზმის რენეგატად წარმოჩენა. არადა, იუდაიზმიდან განდგომილის კლიშე მოციქულს ხომ საუკუნეების მანძილზე მიჰყვებოდა და დღესაც თან ახლავს როგორც ებრაულ, ისე ქრისტიანულ ტრადიციაში!

სხვათა შორის, სწორედ პავლეს ეპისტოლეების ყუმრანის ტექსტებთან შედარება იყო ჩემი სადოქტორო დისერტაციის კვლევის საგანი პარიზის წმინდა სერგის ინსტიტუტში, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ამ უძველეს დასავლეთევროპულ აკადემიურ დაწესებულებაში. ასე რომ, ჩემი გატაცება პავლე მოციქულით დიდი ხნის წინ დაიწყო და მისი წერილების შესწავლას არაერთი წელი დავუთმე.

თეოლოგიური გენიის გარდა ერთ-ერთი, რაც მე, ურწმუნო ადამიანს, ყველაზე მეტად მხიბლავს პავლეს წერილებში, ეს არის ორი ათასი წლის წინ მცხოვრები ამ თეოლოგის ანტიმორალისტობა. პავლე მოციქულის მიერ მორალისტობის სრული უარყოფა ყველაზე კარგად კორინთელთა მიმართ პირველი წერილიდან გამოსჭვივის.

როდესაც პიერ პაოლო პაზოლინი პავლე მოციქულზე ფილმის გადაღებას აპირებდა, ის გეგმავდა, პავლეს სამისიონერო არენად პარიზი, ლონდონი და ნიუ-იორკი ექცია. პაზოლინის მიერ ამ ქალაქების არჩევანი ძალიან გონივრული იყო, რადგან ნიუ-იორკის მსგავსად ანტიკურ ხანაში კორინთო ითვლებოდა ადგილად, სადაც ფული იყო ერთადერთი ღმერთი და ეკონომიკური წარმატება - ერთადერთი მიზანი. სწორედ ქრისტიანული ეთიკის მიმართ განწყობილ ასეთ მტრულ გარემოში დააარსებს პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას ჩვენი წელთ აღრიცხვით 51-52 წლებში.

კორინთოს ეკლესიის დაარსებიდან ორი წლის თავზე ქრისტიანული თემი დიდ სახეცვლილებას განიცდის და თემს დაშლის ზღვარზე მიიყვანს: ეკლესია დაიქსაქსება სამლოცველოებად, რომლებიც სხვადასხვა წესებით ცხოვრობდნენ (1 კორინთ. I.3 და III.5). სხვათა შორის, სამლოცველოებად დაქსაქსული კორინთოს თემი არის ერთგვარი სიმბოლო კონფესიებად დანაწევრებული თანამედროვე ქრისტიანული სამყაროსი.

და რას შვება ამ დროს პავლე მოციქული?

მიმართავს რა კორინთოს სამლოცველოებად დაქსაქსულ ეკლესიას, პავლე ყოველ ჯერზე უბრუნდება ქრისტეზე დაფუძნებულ იდენტობას. პავლეს აზრით, ეს იდენტობა უნდა იყოს საფუძველი ისეთი მრავალფეროვნებისა, რომელიც მის მიერ აღქმული იყო როგორც სიმდიდრე და არა როგორც საფრთხე. და ამის დასამტკიცებლად ის გამოიგონებს ახალ ცნებას - ქრისტეს სხეულის მეტაფორას, ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის განსახიერებას: თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე მისი ასონი (...) მაგრამ ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს (1 კორინთ. XII. 4-27; რომ. XII. 4-8).

კორინთოს თემში კონფლიქტის წყაროს წარმოადგენდა ასევე კერპებისთვის შეწირული ხორცის ჭამა-არჭამის საკითხი; კერპებისათვის შეწირული ხორცი ბევრად უფრო იაფი ღირდა და შესაბამისად ბევრი კორინთელისათვის მისი საკვებში მიღება-არმიღება ფინანსურ საკითხთან იყო დაკავშირებული (დღევანდელი გადმოსახედიდან კორინთელთა ეს დავა შეგიძლიათ შეადაროთ დისკუსიებს მარხვა-არმარხვაზე).

სხვათა შორის, კორინთოს თემის წევრებში წარმოშობილ ამ კონფლიქტში არაფერი იყო გასაკვირი: ვინაიდან იესო ნაზარეველი არ დატოვებს არც მითითებების ნუსხას, არც რელიგიური თემის ცხოვრების მოდელს, წესების გამოგონება ხელდახელ ხდებოდა.

რას აკეთებს ამ სიტუაციაში პავლე? ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მიეცა უფლება ან აეკრძალა კერპებისათვის შეწირული ხორცის ჭამა, ეპისტოლეს სამი თავის მანძილზე (პირველი კორინთელთა, მერვე - მეათე თავები), ის ახსენებს კორინთოს თემის წევრებს, თუ რა სახეცვლილება მოხდა მათში ქრისტეს რწმენის შემდეგ. და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, თუ რა მეტამორფოზი განიცადეს მათ, ეკლესიის წევრებს თვით უნდა გაეცათ პასუხი მათთვის საჭირბოროტო ამ კითხვაზე.

აქ მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა გაითვალისწინოს ერთი ასპექტი: როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ-რომანულ რელიგიებში, ორთოპრაქსია (სწორი ქმედება, წესების სწორი აღსრულება) განიხილებოდა ორთოდოქსიის (სწორი რწმენის) ლაკმუსის ქაღალდად, მის საზომად. პავლე თავდაყირა დააყენებს ამ ხედვას და არა ორთოპრაქსიას, არამედ იესო ქრისტეს რწმენას მიიჩნევს გადამწყვეტად.

კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს კიდევ ერთი ადგილი აჩვენებს, თუ როგორ მიუღებელია პავლესათვის მორალისტობა. ეს ეხება თემის წევრების სიარულს მეძავებთან. პავლეს ორი სიტყვით შეეძლო მოეგვარებინა ეს საკითხი - ებრაული რელიგია მკაცრად გმობდა სიძვას. ნაცვლად ამისა, სიტყვებით - თქვენი სხეული ხომ ტაძარია - პავლე მორწმუნეებს მიანიშნებს სხეულის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე მორწმუნეთა ბედისწერაში.

მეორე, რაც პავლე მოციქულის თანამედროვეობაზე მეტყველებს, ესაა მისი დამოკიდებულება ქალების მიმართ. 43 თანაშემწიდან, რომლებსაც პავლე მოციქული ახსენებს თავის ეპისტოლეებში, 21 ქალი გახლდათ. თუ ამ 21 ქალს დაუმატებთ კიდევ 18-ს, რომლებსაც ლუკა ახსენებს მოციქულთა საქმეში, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა როლს ანიჭებდა პავლე ქალებს თავის მისიონერულ საქმიანობაში. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი: იუნია, „სახელგანთქმული მოციქულთა შორის“; ფებე, კენკრეის ეკლესიის ხელმძღვანელი; პრისკილა, რომელიც წამყვან როლს თამაშობდა ეფესოს და რომის ეკლესიებში; განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ ეკლესიებში მარიამს, ტრიფენას, ტრიფოსა და პერსიდას. პავლე მოციქული ამ ქალებს მოიხსენიებს როგორც „უფალში მაშვრალთ“. ეს სტატუსი კი ეკლესიის წევრების, მათ შორის მამაკაცების, მხრიდან მათ წინაშე მორჩილებას მოითხოვდა. ასე რომ, ტყუილად არ ქილიკობდა მესამე საუკუნის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი პორფირიოსი ქრისტიანებზე, როცა მათ „ქალების სენატს“ უწოდებდა.

პავლე მოციქული ოცნებობდა ისეთ ეკლესიაზე, სადაც ქალსა და კაცს ერთნაირი უფლებები ექნებოდათ; ისეთ ეკლესიაზე, სადაც არ იარსებებდა ეთნიკური თუ სოციალური იერარქია, (გალ. III, 26-28); მას სურდა ეხილა ისეთი ქრისტიანული სამყარო, სადაც კონფესიური მრავალფეროვნება სიმდიდრედ და არა საფრთხედ აღიქმებოდა; პავლე მოციქული ოცნებობდა ისეთ ეკლესიაზე, სადაც მქადაგებელი მრევლს მორალს კი არ წაუკითხავდა, არამედ შეახსენებდა, რას ნიშნავს იესოს სიკვდილში მონათვლა (რომ. VI.3). დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყვიან last but not least: პავლე მოციქული ოცნებობდა ისეთ ქრისტიანულ რწმენაზე, რომელიც აღიარებდა მის უზარმაზარ, შეუფასებელ ვალს ებრაული რელიგიის წინაშე (გადაიკითხეთ რომაელთა ეპისტოლე, განსაკუთრებით მეცხრე-მეთერთმეტე თავები).

რამდენი მღვდელმსახური იცით, ვინც მარხვა-არმარხვას პირობითად თვლის? რამდენი ეკლესიის თავკაცისგან გაგიგიათ, რომ კონფესიური სიმრავლე არა საფრთხეს, არამედ სიმდიდრეს წარმოადგენს? ქალი მქადაგებელი ბევრი გინახავთ? ბევრ ღვთისმსახურს უსაუბრია თქვენთან იუდაიზმზე, ქრისტიანობის უდიდეს ვალზე ამ რელიგიის წინაშე?

ასე რომ, იქნებ პავლესეული ეკლესიის შექმნა არის ქრისტიანების მომავლის ამოცანა? იქნებ სწორედ ამიტომ არის პავლე მოციქული ქრისტიანობის ხვალინდელი დღე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG