Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ჩანდა, თითქოს ევროკავშირი იბრუნებდა ინიციატივას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და სწორ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა, ამ კვირას, ორგანიზაციამ კვლავ რამდენიმე მარცხი განიცადა - გადადგა მაღალჩინოსანი, ჩავარდა სტრატეგიის პრეზენტაცია და უსასრულოდ გაგრძელდა შეხვედრა, სადაც, წესით ევროპის გადამწყვეტი პასუხი უნდა შემუშავებულიყო.

ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებში ერთგვარ ეროვნულ სპორტად გადაიქცა ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება, რაც ხშირად უსამართლოა, თუმცა ამჯერად ბლოკის აუჩქარებელი და არეული პასუხი კონტინენტზე ვირუსის გავრცელებაზე მართლაც უსუსური აღმოჩნდა. ზოგისთვის ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ, როდესაც დიდი კრიზისი იწყება, სწორედ კონკრეტული სახელმწიფოები, და არა ინტერნაციონალური ინსტიტუტები კისრულობენ მოქალაქეების დაცვას.

ყველაფერი ევროკავშირის ინსტიტუტების ბრალი არ არის. ბრიუსელს ჯანდაცვის საკითხებზე ბევრი არაფერი ეთქმის - წევრი სახელმწიფოები ამ სფეროს სათავისოდ იტოვებენ, როგორც გადასახადებსა და თავდაცვას. თუმცა, ბევრისთვის ყურადსაღები იქნება ევროპის მარცხი სწრაფი ტესტების სფეროში და სამედიცინო მარაგების დაგროვებაში. არადა, ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების დაწყებიდან ორი თვე გავიდა. ინდივიდუალურ ქვეყნებს, როგორც ჩანს, დროზე უნდა დაეწყოთ მოქმედება და ბრიუსელსაც უნდა ეკისრა კონტროლისა და კოორდინაციის როლი. როგორც აღმოჩდა, არც ევროკავშირს და არც ევროპის ქვეყნების უმეტესობას არც უფიქრია სამედიცინო და ტესტირების მარაგებზე.

მომავალში, ისტორიის წიგნებში ალბათ იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროპა გულგრილად ადევნებდა თვალს თავის მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე ალპებში, სათხილამუროდ მიდიოდნენ. ეს მაშინ, როდესაც კორონავირუსით დაავადებების შემთხვევები უფრო და უფრო მატულობდა.

კიდევ უფრო სკანდალური ამბავი კი ის იყო, რომ იტალიას არავინ დაეხმარა, როდესაც მან, ევროკავშირის მექანიზმების თანახმად სამედიცინო ნიღბები და სხვა დამცავი აღჭურვილობა მოითხოვა. ამ დროს საფრანგეთმაც და გერმანიამაც განაცხადეს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას გააკონტროლებდნენ და სხვა წევრ სახელმწიფოებში მათ ექსპორტს აკრძალავდნენ. ამას მოყვა კონტინენტზე საზღვრების არათანაბარი ჩაკეტვა და აკრძალვა მოგზაურობაზე. ბრიუსელმა, ნულოვანი კოორდინაციის პირობებში, კონტროლი დაკარგა შენგენზეც და ერთიან ბაზარზეც.

მარტის შუა რიცხვების კრიტიკული დღეების შემდეგ ევროკავშირმა სცადა სადავეების დაბრუნება. მან წარმატებულად გაუწია კოორდინაცია ევროკავშირის გარე საზღვრების ჩაკეტვას, შეიმუშავა ე.წ. მწვანე ხაზები, რომელიც ევროკავშირის შიდა საზღვრებში აუცილებელი ტვირთის გადაზიდვას აიოლებს, გააუქმა შეზღუდვები ბიუჯეტში და ტენდერები გამოაცხადა სამედიცინო აღჭურვილობაზე. ევროკავშირმა 37 მილიარდი ევრო გამოყო მცირე ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორისთვის. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი განაცხადა, რომ 750 მილიარდ ევროს დახარჯავდა ვალუტის გასამაგრებლად.

თითქოს ყველაფერი დალაგდა. შემდეგ კი, 7 აპრილიდან, ისევ აირია. ჯერ მაურიო ფერერი- ევროპის კვლევის საბჭოს ხელმძღვანელი გადადგა. ეს ორგანო კი ბლოკის სამეცნიერო დაფინანსების მთავარი სააგენტოა. ფერარიმ the Financial Times-ში გრძელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ „დაკარგა სისტემის ნდობა“ და რომ „უკიდურესად იმედგაცრუებული იყო ევროპის პასუხით კორონავირუსის პანდემიაზე“. იმავე საღამოს ევროკომისიას უცერემონიოდ მოუწია სამომავლო ერთიანი მოქმედებების საგზაო რუკის გაუქმება, რადგან რამდენიმე ქვეყანამ გააპროტესტა - ჩვენთან კონსულტაცია არ გაუვლიათო. ახლა ავსტრია, დანია და ჩეხეთი საგანგებო მდგომარეობის ზომებს ნაწილობრივ აუქმებენ, სხვა ქვეყნებიო კი ჯერ იცდიან - რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაციონალური მთავრობები მიიღებენ და არა ევროკავშირის ინსტიტუტები.

ამას 7 აპრილის მესამე წარუმატებლობაც დაემატა - ევროჯგუფის შეხვედრა. ევროზონის ფინანსთა მინისტრები მთელი საღამო ვიდეოკონფერენციაში იყვნენ ჩართულნი, რათა პანდემიის შედეგებზე ერთობლივი ეკონომიკური პასუხი შეემუშავებინათ. შუაღამისკენ გამოაცხადეს, რომ მინისტრები შედეგთან ახლოს იყვნენ და დილისთვის პრეს-კონფერენცია დანიშნეს. დილით კი ბრიფინგი გაუქმდა და შეხვედრაც განახლდა. ცხადი გახდა, რომ წევრი ქვეყნები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ვერაფერზე თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, სავარაუდოდ, რაიმე სახის კომპრომისს მიაღწევენ, მაგრამ ბრიუსელი ამჯერადაც ვერ შეძლებს პატიოსანი შუამავლის როლის შესრულებას.

ევროკავშირმა სააღდგომო არდადეგები ძველი ცოდვების განსახილველად და ახალი გამოწვევებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ელექტრონული მაღაზიები და ონლაინ სერვისები საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ ამ თემაზე წერა იმას ჰგავს, რასაც გერმანელები “მაღალ დონეზე წუწუნს” უწოდებენ. ასეთი წუწუნი რომ არ გამომივიდეს, უბრალოდ, აღვწერ ჩემს გამოცდილებას და შევეცდები ამ გამოცდილებიდან ზოგადი დასკვნებიც გამოვიტანო, რომელიც შეიძლება სხვისთვისაც საინტერესო იყოს.

ონლაინ-ვაჭრობა ბოლო ათწლეულების “ოქროს საბადო” იყო. „ამაზონი“ ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა. დღეს მისი ფირმის წლიური ბრუნვა 280 მილიარდი დოლარია (მსურველს შეუძლია ეს რიცხვი შეადაროს საქართველოს ბიუჯეტს და მერე შეეცადოს გამოიანგარიშოს, რამდენი წლის საქართველოს ბიუჯეტი გამოუვა). ონლაინ-ვაჭრობა მარტივ პრინციპს ემყარება: გიზოგავს დროს და ამ დაზოგილ დროში გართმევს ფულს. დრო, რომელსაც ონლაინ-ვაჭრობა ზოგავს, უბრალო არ არის (თუ “უბარლო” “ცარიელი” დრო საერთოდ არსებობს).

ვისაც ჩემსავით “მაღაზიაში სიარული” გიყვართ, გეცოდინებათ, რომ ბაზარში, ბაზრობაზე ან მაღაზიაში სიარული გამოცდილებაა. ის ხეტიალსა ან ბოდიალთან არის დაკავშირებული. ამ ხეტიალს ან ბოდიალს ჯერ ბოდლერმა (“თანამედროვე ცხოვრების მხატვარი” 1863), მერე კი ვალტერ ბენიამინმა დაუდგა ძეგლი “პასაჟებში” (1940). ეს პასაჟები კი პარიზის გადახურული მაღაზიები იყო. მაღაზიებში სიარული მაინცდამაინც ყიდვას არ გულისხმობს - ამით განსხვავდება ის “შოფინგისგან”, რომელიც მიზანმიმართული საყიდლებზე სიარულია. ის ბოდიალის ნაწილია, რომელსაც ბოდლერი “ფლანირებას”, ასეთ მოხეტიალეს კი “ფლანიორს” ეძახდა. ასეთი ბოდიალი მიზანდასახულობის ნაცვლად შემთხვევის ლოგიკას ემყარება. მაგალითად, შეიძლება შემთხვევით გადაეყარო ძველ წიგნს, რომელიც დიდად არ გჭირდება, ყოფილი „კომუნისტის“ და აწ კაფე „სტამბის“ წინ, რომელიც შემოგხედავს და გეტყვის, მიყიდე და სახლში წამიყვანეო.

ასეთი გამოცდილება უფრო ქუჩის, ბაზრობის ან ბაზრისაა, ვიდრე მაღაზიის. მას, მაგალითად, ვერაფრით მიიღებთ სუპერმარკეტში, რომელიც სრულიად მკვდარი და შინაარსისგან დაცლილი ადგილია, თან ისეთი, სადაც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. არქიტექტურა, არანჟირება, განათება და სუნებიც კი ისეა გაკეთებული, რომ რაც შეიძლება დიდხანს დაგტოვონ მაღაზიაში და რაც შეიძლება ბევრი ფული დაგატოვებინონ. ესაა მანქანა მომხმარებლისგან ფულის გამოსაწურად. ბაზრის გამოცდილება, „აბა, ეგ ტყემალი გამასინჯეთ, თუ შეიძლებათი“, სხვანაირია, ცოცხალია. განსხვავება ისეთია, როგორიც ცოცხალ და ხელოვნურ ყვავილს შორის. ამიტომ ბერლინშიც კი, რომელიც ბაზრის ქალაქი ნამდვილად არ არის, ვცდილობ თურქების ბაზარში ვიარო მაიბახის სანაპიროზე და მოვისმინო თურქი ვაჭრების შეძახილები და ოხუნჯობები (ასეთებს ზოგ პოპულარულ ქართველ პროზაიკოსთანაც წააწყდებით, ოღონდ ბაზარში ისინი თავის ადგილზეა და გამყიდველებსაც ლიტერატურული ამბიციები ნაკლებად აწუხებთ).

თბილისი ბაზრის ქალაქი იყო. ბავშვობაში დედაჩემს ავეკიდებოდი ხოლმე ბაზარში სასიარულოდ და ბაზრების დაკარგვა თბილისისთვის დიდი დანაკარგი იყო. რომელიმე უსულგულო კარფური და გუდვილი ვერაფრით შეცვლის ბაზარში სიარულის სიამოვნებას. ყალბად გაგებულმა მოდერნიზაციამ როდისღაც გვაფიქრებინა, რომ სუპერმარკეტი, მარკეტი ან მინიმარკეტი უფრო თანამედროვეა, ვიდრე ბაზარი. ან არადა, თანამედროვეობის საათმა ერთი საათით წინ როდესაც გადაიწია, ბაზრის „ეკოლოგიურად სუფთა“, შინ მოყვანილი პროდუქტიც დავაფასეთ, რომელიც „იქ“ ერთი-ორად ძვირი ღირს, ვიდრე ჰოლანდიურ სათბურში მოყვანილი რეზინისგემოიანი პომიდორი.

საჭმელიც რომ არ იყოს, მაინც ჯობია ადგილობრივ მწარმოებელს დაუჭირო მხარი, იმისათვის რომ არ გაქრეს ბოლო რამდენიმე შემორჩენილი პატარა წიგნის, პურის ან ღვინის მაღაზია და ყოველ კუთხესა და კუნჭულში მთელ დედამიწაზე ყველა ადამიანი ერთნაირ სტარბაქსში არ სვამდეს ყავას და ერთნარი H ენდ M-ში არ ყიდულობდეს ტანსაცმელს.

სუპერმარკეტი თუ ბოდიალით ყიდვის ცოცხალ გამოცდილებას ახრჩობს, ონლაინ-ვაჭრობა მას საერთოდ ანადგურებს. ის ორმაგ ალქიმიურ ოპერაციას აკეთებს: ერთი მხრივ, მყიდველს სუფთა, დესტილირებულ მომხმარებლად გადააქცევს. შედიხარ, აგდებ კალათში პროდუქტს, იხდი, გამოდიხარ. მეორე მხრივ კი, დროისგან - ანუ არამატერიალური სუბსტანციისგან - აკეთებს ოქროს, მატერიალურ სუბსტანციას. შუა საუკუნეების ალქიმიკოსებს შეშურდებოდათ.

„ამაზონს“ ეს ოპერაცია თითქმის ავტომატიზებული აქვს (რის ხარჯზე, ამაზე ბევრი დაწერილა. შრომის თითქმის მონური პირობების გამო ძალიან ბევრ ადამიანს „ამაზონისთვის“ ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, ოღონდ ეს ბოიკოტი, ცხადია, გიგანტურ საწარმოზე დიდად არ აისახება). გრანდიოზული ქვეყნის მასშტაბებითაც კი, მიწოდება იმავე თუ არა, მეორე დღეს მაინც ხერხდება და შეფერხებები ძალიან იშვიათია ხოლმე.

საქართველოში კაპიტალის მანქანა ასე გამართულად არ მუშაობს და შეიძლება ამიტომაც გვიჩვენებდეს მისი მექანიზმების სხვაგან დაფარულ სახეს.

როგორც უკვე გითხარით, ონლაინ-ყიდვის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ორკვირიანმა თვითიზოლაციამ მაიძულა ქართული ონლაინ-სერვისებიც გამომეცადა. ვერ ვიტყვი, რომ ამ გამოცდილებით დიდად კმაყოფილი დავრჩი.

თავიდან დავრეგისტრირდი „გლოვოში“ („გლოვოში“ იმიტომ, რომ მას ჰქონდა სუპერმარკეტებიდან მოტანის სერვისი, რომელიც არ ჰქონია თავის დროზე „ვოლტს“). ყველა მსგავს ფირმასთან შედარებით „გლოვო“ ყველაზე გამართულად მუშაობს. მოაქვს ძალიან მალე. სუპერმარკეტების არჩევანი დიდი არაა: „ნიკორა“, "სპარი“ და „ევრომარკეტი“. „ნიკორას“ ხილ-ბოსტნეულის შედარებით კარგი და შედარებით იაფი არჩევანი აქვს. „ევრომარკეტი“ რისთვის არსებობს, კარგად ვერ გავიგე. მისი სათაურივე, „ევრო-რემონტს“ და ხარისხის ცალყბად დაპირებასთან დაკავშირებულ ყველა ევროთავსართიან სიტყვას გაგახსენებთ. შინაარსი კი დიდად ვერ მოგხიბლავთ, თუ მაინცდამაინც ნახევარ კილო მაკარონში 10 ლარის გადახდას არ გადაწყვეტთ. თუ საახალწლოდ ნაძვის ხეს დოლარებით რთავთ, გოიმი ქართველი ნუვორიში ან კორუმპირებული ჩინოვნიკი ხართ, მაშინ, სავარაუდოდ, ეს თქვენი სუპერმარკეტია.

„გლოვოს“ მინუსი ისაა, რომ მარტოქალს ან მარტოკაცს ერთი შეკვეთა შეიძლება ეყოს, მაგრამ რადგანაც ის „გლოვოს“ კურიერის ყუთის მოცულობით და 8 კილოთია შეზღუდული, ოჯახისთვის რამდენჯერმე გამოძახება დაგჭირდებათ, ამას კი, ალბათ, - თუ მაინცდამაინც თვითიზოლაციაში არ ზიხართ, - მაღაზიიდან ტაქსით მოტანა გირჩევნიათ.

გარდა „გლოვოსი“, ვცადე „ექსტრა.ჯი“. „ექსტრა. ჯი“, როგორც ჩანს, უფრო საბითუმო ვაჭრობაა და ამიტომ თითო-თითო რამის ყიდვა თუ გინდათ, იქ ბევრი არაფერი გესაქმებათ. მოტანის მხრივაც ჩემპიონები ვერ არიან. როგორც ტელეფონით გავარკვიე, პროდუქტი საწყობიდან მოაქვთ („გლოვოს“ კი სუპერმარკეტიდან), საწყობები კი „დღეში 2 საათია ღია“ (??), ამიტომაც მოტანებს დააგვიანდება. ორიდან ერთი შეკვეთა მივიღე ორი დღის შემდეგ. მეორეს არც ველოდი, მაგრამ მაინც მივიღე შეკვეთიდან ასე მერვე-მეცხრე დღეს.

„მოიტანე.ჯი“-ს პროდუქტები ასევე სუპერმარკეტიდან მოაქვს. ეს, ძველი ქართული სიტყვით რომ ვთქვათ, „თათარიახნად“ შექმნილი ბიზნესია და, ეტყობა, დასაქმებული ჰყავს ხალხი, რომელმაც ახლახან დაკარგა სამსახური და იქ, ეჭვი მაქვს, დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს. ერთი ადამიანი სუპერმარკეტში გილაგებთ პროდუქტს, მეორეს მოაქვს. ფაქტობრივად, ის ადამიანი თქვენ მაგივრად არ ზის სახლში და რისკს თავის თავზე იღებს. აქ შეგვიძლია დავფიქრდეთ, რა არის უფრო არაეთიკური: ასეთი რისკის სხვისთვის აკიდება თუ იმ სხვის მთლად უსამსახუროდ დატოვება. სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე მე არა მაქვს, თუმცა აქაც ვიტყვი, რომ ჩემით მაღაზიაში წასვლა მაინც მირჩევნია (როგორც უკვე გითხარით, არამარტო ეთიკური მოსაზრებებით).

თითქმის ყველა ონლაინ-ბიზნესის მინუსი ის არის, რომ ისინი ჯერ შეკვეთაში ფულს იღებენ (ბარათიდან ხსნიან), მერე კი გირეკავენ და გეუბნებიან, რომ შენ მიერ შეკვეთილი პროდუქტის ნახევარი მაღაზიაში ან საწყობში არ არის. ამ ფულს, მართალია, არ იტოვებენ, მაგრამ ისე გამოდის, რომ ფული, რომელიც შეიძლება გჭირდებოდეს, „2-3 დღე“ ანგარიშზე უდევს რომელიმე „მოიტანე.ჯი“-ს.

აქ დავინახავთ ქართული ბიზნესის ერთ თავისებურებას: მას მომხმარებელი, როგორც წესი, ფეხებზე ჰკიდია. რომ არ ეკიდოს, დახარჯავდა ცოტა ხანს თავისი ვებგვერდის იმგვარ აქტუალიზაციაში, რომ უკვე გაყიდული პროდუქტის შეკვეთა შესაძლებელი აღარ ყოფილიყო. ეს ოპერაცია ძალიან ძნელი არ არის, მარამ ქართველ „ბიზნესმენს“ ურჩევნია თავის დაბალანაზღაურებად კონსულტანტს დაარეკინოს და გაატაროს შეკვეთის მთელი სია ტელეფონით კლიენტთან, მით უმეტეს, რომ ფული უკვე ჯიბეში უდევს.

ბოლო გამოცდილება იყო „ალტა.ჯი“. მუშაობამ და სწავლამ რადგანაც შინ გადაინაცვლა, დაგვჭირდა პრინტერი, რომელიც ჰქონდა „ალტა.ჯი“-ს ონლაინ მაღაზიას. აქაც გამოჩნდა „ქართული ბიზნესის“ უნიკალური თავისებურებები. ბარათიდან ფული არ ჩამოიჭრა (ფირმის IT-ს პრობლემა). ეს რომ გავარკვიე, ფული გადავურიცხე. პარასკევი დღე იყო. რადგანაც ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს მკვდარი ფოსტისთვის ხელოვნური სული ჩაებერა, „მიწოდებას“ სწორედ ის „ახორციელებს“, ოღონდ შაბათ-კვირას არ მუშაობს. სამშაბათს დავრეკე და მოვიკითხე შეკვეთა. დაბნეულმა „ოპერატორმა“ მითხრა, თუ პარასკევს შეუკვეთეთ, აუცილებლად იქნებაო. ერთ საათში დამირეკა სხვამ და მითხრა, რომ რადგანაც არ მქონდა გადარიცხვის ორდერი გადაგზავნილი, შეკვეთა პარასკევს არ გადაუციათ და გადასცეს მხოლოდ სამშაბათს, ანუ მოტანას დასჭირდებოდა კიდევ ორი დღე.

კიდევ ერთი უნიკალური ნოუ ჰაუ ქართული ბიზნესისა ის გახლავთ, რომ გადარიცხული თანხის შესახებ დასტური თქვენ უნდა გაუგზავნოთ ფირმას, რადგანაც ინფორმაცია გადახდის შესახებ „აქვს მხოლოდ ბუხჰალტერს“ და ამ ინფორმაციას გველეშაპივით იცავს სხვა თანამშრომლებისაგან. ხანგრძლივი სატელეფონო საუბრების შემდეგ მოვახერხე, რომ გუშინ მიმეღო შეკვეთა. რომ მოიტანეს, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არ იყო. როდესაც დავრეკე და მოვიკითხე, რატომ, მითხრეს, „უი, ალბათ, დანარჩენი სხვა საწყობში იყოო“. ველი.

ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა არასწორ მისამართზე მისვლა, ან ის, რომ ორი კურიერი მანქანიდან არ ჩამოდის და ქუჩაში უნდა გახვიდე გამოსართმევად, არ ვლაპარაკობ.

ჩემს გამოცდილებასთან დაკავშირებით გამახსენდა ძველი საბჭოთა ანეკდოტი სოციალისტური და კაპიტალისტური სამოთხის შესახებ: ახალ მკვდარს ათვალიერებინებენ საიქიოს და ასარჩევად აძლევენ სოციალისტურ და კაპიტალისტურ ჯოჯოხეთს. კაპიტალისტურ ჯოჯოხეთში ყველაფერი საათივითაა აწყობილი - ზოგი კუპრის ქვაბში იხარშება, ზოგი სად და ზოგი სად. სოციალისტურში კი ცოდვილები ან უსაქმოდ სხედან, ან აქეთ-იქით დაყიალობენ. ეს ახალი მკვდარი იქაურებს ჰკითხავს, ბიჭებო, რა ხდება აქეთო, თქვენთან არ არის კუპრის ქვაბი და ეგეთი ამბებიო? ესენიც უპასუხებენ, როგორ არა, ყველაფერი არის, მაგრამ ხან კუპრი არ მოაქვთ, ხან ქვაბია გაფუჭებული, ხან ასანთი არაა და ვსხედვართ ასეო.

დასკვნა კი ისეთია, რომ თუ ბეზოსი, მართალია, გამოცდილებას გართმევთ დროის საფასურად და მომხმარებლად გადაგაქცევთ, მისი ქართველი კოლეგები დროს მაინც ვერ გიზოგავენ. მათთან სატელეფონო მოლაპარაკებები იმდენ დროს გართმევთ, რომ სამჯერ მოასწრებთ მაღაზიაში წასვლას და წამოსვლას. სამაგიეროდ, გამოცდილებასაც შეიძენთ, ოღონდ უარყოფითს, რომელიც, ცოტა იუმორის გრძნობა თუ გაქვთ, მაინც გამოცდილებად შეგრჩებათ.

რომ შევაჯამო, ქართული ბიზნესის თავისებურება ემყარება თანამშრომლისა და კლიენტის უპატივცემულობას. “დასავლელი” კოლეგები თუ გატყუებენ მაინც, რომ “კლიენტი” მეფეა, “მისტერ კონსუმერი” კი სუვერენი, ქართველი ბიზნესმენები თანამშრომელსა და კლიენტს ზუსტად მიუჩენენ თავის ადგილს. უკონტროლო და ღორული მოგება, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კაპიტალიზმის საფუძველში იდოს, შეზღუდული მაინცაა, ერთი მხრივ, ეთიკით და, მეორე მხრივ, სახელმწიფო რეგულაციებით, შრომის კოდექსით, მომხმარებელთა დაცვის კანონით და ორგანიზაციებით და ასე შემდეგ, საქართველოში კი თავის უკონტროლო, აწყვეტილ ბუნებას ავლენს. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, არის თუ არა განსხვავებაო. განსხვავება, ცხადია, არის. მაგალითად ,XIX საუკუნეში არსებობდა განსხვავება თვითმპყრობელ რუსეთსა, სადაც არსებობდა ბატონყმობა და, მაგალითად, საფრანგეთის რესპუბლიკას შორის. ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიფიქროთ, რატომღავ ბიზნესად წოდებული აღვირახსნილი მომხვეჭელობის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევისა და მისი საზოგადოებრივი ინტერესებისთვის დაქვემდებარების გზაზე გაივლის.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG