Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 1 დეკემბერი. See content from before

შაბათი, 30 ნოემბერი 2024

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

გაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი.

გაანებეთ ამ ხელოვანებს თავი.

გაანებეთ ამ საპატრიარქოს თავი.

მაგათაც ეგ უნდათ, რომ გაანებო, და წყნარად მიირთვან ის, რასაც მიირთმევენ.

არა, არ უნდა გაანებო.

ან როგორ გავანებოთ, როცა ეგა ვართ, რაცა ვართ. ბევრნი კი არა ვართ, ერთი ბეწო ერი ვართ.

თუ ერთს გავანებეთ თავი, ბარემ მეორესაც შევეშვათ, იქვე მესამესაც, და რაღა დავრჩებით?

გუშინ ბერლინში საქართველოს საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, მწერალ ნინო ხარატიშვილს ვუთხარი, საუბარი მიჭირს, სიტყვები ენაზე მაკვდება-მეთქი. არადა, წამომცდა, სინამდვილეში სხვანაირად მინდოდა თქმა. ნინომ, არ დაივიწყო ეგ ფრაზა, მერე სადმე გამოიყენეო. ეს ჩვენი, სამწერლობო ამბებია, ლამაზი ფრაზების შეგროვება.

მწარედ გამეცინა. როდის მერე? ან სად? ან როგორ უნდა გამოიყენო რამე სიტყვა, თუ მწერალს ხელი გაგქვავებია?

მაგრამ სანამ ენას ჯერ კიდევ ატრიალებ, უნდა იმეორო და იმეორო სულ უფრო ხმამაღლა და სულ უფრო ხშირად: სადა ხართ, დემნებო, ხატიებო, ილიებო?

არავინ გთხოვთ, იღრიალოთ: „გაჟიმე რეჟიმი! გაჟიმე რეჟიმი! გაჟიმე რეჟიმი!“ უბრალოდ, ნუ მიედ-მოედებით. თქვით, თქვით სათქმელი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. მე ჯერ არ მინახავს არცერთი მკაფიო სიტყვა თქვენგან. და თუკი ვინმე რამეს ამბობთ, რასაც შემდეგ ნაცემ-ნაგვემი ხალხი დააფრიალებს, ამბობთ ორაზროვნად. ხომ იცით, რომ ლიტონია, სიაბანდია, ფუყეა ეგ სიტყვები.

ქოცთა ენაა ასეთი, თავისი ორ ფეხზე დგომებითა და ევროპაში ღირსებით შესვლებზე. ახლა თუ არ გამოადექით თქვენს ხალხს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებით, სხვა როდისღა? ორაზროვანი პოსტები არ ითვლება. ახლა ან ბნელ მხარეს დგახარ, ან ნათელ მხარეს. ნუ მიძვრებით ამათ შორის, რუხ მხარეში. ეს ბიძინას საუფლოა. იმისი, ვინც ერთი ხელით გენერალ ლებედს აფინანსებდა, მეორით - ეფესბეს.

გუშინ აქციაზე არავინ გამოსულა საქართველოს საელჩოდან ჩვენთან. ჩუმად გვითვალთვალებდნენ ჩაბნელებული ფანჯრებიდან. ლანდიღა გამოჩნდებოდა ხოლმე, როცა ფარდას შეარხევდნენ. ერთადერთი, ვიღაც ქართველმა კაცმა ჩაგვიარა, გვერდითა სახლში შევიდა. იქ ცხოვრობენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. სანამ ჩაივლიდა, ზიზღით მოგვიგდო, აქ რას ღრიალებთ, შევწუხდი, წადით, თქვენს სახლებში იყვირეთო.

არა, არ მოგასვენებთ, ყველგან შეგახსენებთ, ვინცა ხართ და რაცა ხართ. ჰოდა, აბა, სადა ხართ, ჩვენო სასიქადულო მამულიშვილებო, პირში რომ წყალი ჩაგიგუბებიათ?

ეგებ, ეგ წყალი კი არა, სხვა რამეა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

იცი, რა არის უროლაგნია? იგივე უროფილია. პისინგსაც ეძახიან. ოქროს წვიმასაც. ესაა სექსუალური ფეტიშიზმი, სადაც წყვილი განიცდის კმაყოფილებას შარდისგან ან მოშარდვისგან.

უროფილიის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შენ წარმოიდგინე, აივნიდანაც კი აფსამენ ცხოველებს, ავტომობილებს, ქუჩაში გამვლელებს.

ტელემაყურებელსაც.

ჩვენ ოდითგან მიჩვეული ვართ ტელევიზორიდან თვალებში ნაცრის შეყრას, მაგრამ ეს თავზე დაფსმა შედარებით ახალია. ადრე ჩუმად მაინც აღშფოთდებოდა ხოლმე მაყურებელი. დღეს კი ისე მიეჩვია, მოსწონს კიდეც, ყურში რომ აფსამენ. რაღაც შეიცვალა ჩვენს ღირებულებათა სისტემაში. მაგიდას უზიხარ, სავარძელში ჩაფლულხარ თუ დივანზე გორავ, ზედ ოქროს წვიმა გაწვიმს.

სულაც ეს ხომ არაა ჩვენებური ოჯახური ღირებულება? იგივე უროლაგნია. იგივე პისინგი. ამას ხომ არ იცავს კანონი, ჩვენ კი სულ სხვა რამე წარმოგვიდგენია?

არ გაინტერესებს მაინც, როგორ მოვაღწიეთ აქამდე? რამდენი ვიარეთ, რამდენი ვიომეთ, რამდენი ვილოცეთ, რომ ოქროს საწმისიდან ბოლოს ოქროს წვიმამდე მოვსულიყავით.

ასეა თუ ისე, დღეს ლამის ყოველი მეორე ბინიდან შარდის შხაპუნი ისმის. ამ დროს სულერთია, პოლიტიკური გადაცემა გადის ეთერში, სპორტული თუ რამე იუმორისტული. შენც ხვდები, რომ კედლებს მიღმა იქ კოკისპირულად წვიმს. ეს არაა თავსხმა, ესაა თავფსმა.

ტყუილად მივიღეთ ამდენი კანონი? ეს კანონები არა მარტო არეგულირებენ ბევრ რამეს, ზღუდავენ კიდეც. ჰოდა, მალე ეგებ აღარც დაგვრჩეს რამე, ამ ფსლის მეტი. მაშინ აღარც ის გაგიკვირდეს, ამინდის პროგნოზისას ერთხელაც თუ გამოგვიცხადეს, ამიერიდან იქნება ოქროს წვიმა ელჭექითო.

მხოლოდ მაინტერესებს, რომელი სანიაღვრე სისტემა გაუძლებს ამდენ ნალექს? ჰოდა, მეშინია, სანამ წვიმა გადივლიდეს, ფსელდიდობამ არ წაგვიღოს, თორემ მშვიდობას რა ჯობია. მთავარია, ომი არ იყოს. ყურში ჩაფსმას კი როგორმე გადავიტანთ.

ისე, უროლაგნიიდან უროფაგიამდე ერთი ნაბიჯია. უროფაგია შარდის სმას ნიშნავს, სხვისი თუ საკუთარი. ასევე, შარდის დიდი მოცულობით სმა ოდითგან ალტერნატიული მედიცინის სახეობა იყო. უბრალოდ, უროფაგიიდან კოპროფაგიამდე თითქმის არაფერი რჩება. ჰოდა, ეგებ გადაგემოწმებინა, რა არის ეს კოპროფაგია. ამასთან შედარებით თავზე დაფსმა ჟუჟუნა წვიმად მოგეჩვენება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG