უკვე სამ კვირაზე მეტია, რაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54 პროცენტით გაიმარჯვა და ამას ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა - ევროკავშირმა კი ჯერაც არ იცის, რა პასუხი უნდა გასცეს ამას.
ზოგადად რომ ვთქვათ, ამას სამი მიზეზი აქვს: შესაძლო პასუხების სიმწირე, განხეთქილება ევროკავშირის შიგნით და სიცხადის ნაკლებობა, თუ რეალურად რა მოხდა არჩევნების დღეს და არჩევნებამდე.
ევროკავშირის პირველი განცხადება კენჭისყრის შემდეგ ფრთხილი იყო, ციტირებდა ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებს და აღნიშნავდა, რომ იყო "დარღვევები". სამი დღის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა ჟოზეპ ბორელმა ზეწოლა ცოტა გაზარდა, გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს „ასევე არ გამოუცხადებიათ არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად“.
შემდეგ კი, 13 ნოემბერს, ევროპარლამენტში საქართველოს არჩევნების შესახებ ჩატარებულ დებატებს მოჰყვა თბილისის მმართველი ხელისუფლების ყველაზე მკაცრი გაკიცხვა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განაცხადა: „ეს არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელიც იყო როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს“.
თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირს საქართველო უკვე ავიწყდება. ეს ნოემბრის დასაწყისში ბუდაპეშტში ჩატარებულ სამიტებზე გამოჩნდა. უნგრეთის დედაქალაქში ჩატარებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. ის თბილად წარადგინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც მანამდე, არჩევნების დასრულებისთანავე თბილისს გაეშურა „ქართული ოცნებისათვის“ გამარჯვების მისალოცად და ამით საჯაროდ დაარღვია ევროკავშირის ერთიანობა.
როგორც ამბობენ, ბუდაპეშტში კობახიძემ „ზოგიერთი ევროპელი“ გააკრიტიკა არჩევნების შედეგების გამო იმედგაცრუების გამოხატვისათვის, მოუწოდა ევროკავშირს სამართლიანად მოჰპყრობოდნენ საქართველოს და თქვა, რომ ოპოზიცია არ სარგებლობს ქართველი ხალხის მხარდაჭერით. საქართველოს ლიდერი სიტყვით შეხვედრის ბოლოს გამოვიდა. ამ შეხვედრაზე ორბანმა სიტყვა მხოლოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ლიდერებს მისცა, ამიტომაც კობახიძის გამოსვლას პირდაპირი რეაქცია არ მოჰყოლია.
ევროკავშირის ლიდერებს საქართველო EPC სამიტის მეორე დღეს სიღრმისეულად უნდა განეხილათ, თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მარიო დრაგის პრეზენტაციამ ბლოკის კონკურენტუნარიანობის შესახებ ყველა სხვა თემა გადაფარა. იმ დღეს საქართველო მხოლოდ ესტონეთისა და ლიეტუვის ლიდერებმა ახსენეს.
დიპლომატები, რომლებსაც ვესაუბრე, ცოტათი გაღიზიანებულნი ჩანდნენ იმით, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კობახიძესთან ორმხრივი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს შეხვედრა საქართველოზე დასკვნით პრესკონფერენციაზე არ უხსენებია. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელსაც ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკის უფლებამოსილება არ გააჩნია, მითხრა, რომ შეხვედრამ „10 წუთზე ნაკლებ ხანს“ გასტანა. დიპლომატის თქმით, შარლ მიშელმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა სავარაუდო საარჩევნო დარღვევების შესახებ და ირაკლი კობახიძეს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
სხვა ნიშნებიც გვაჩვენებს, რომ ეს ევროკავშირისთვის პირველი რიგის პრობლემა არ გახლავთ. ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი მესვეურის, კაია კალასის სამსაათიანი მოსმენის დროს საქართველო საერთოდ არ უხსენებიათ (l). მოსმენებისას საქართველო არც გაფართოების საკითხებში ევროკავშირის მომავალ კომისარს მარტა კოსს უხსენებია თავის შესავალ სიტყვაში. როდესაც ევროპარლამენტარმა მას ამ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხა, კოსმა უპასუხა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ შეიძლება განახლდეს, თუ მთავრობა გააუქმებს ახლახან მიღებულ და საკამათო „უცხოელი აგენტების კანონს“ და „ანტი-ლგბტ კანონს“.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს (ალბათ, ყოყმანით) ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან. ევროკავშირის ოფიციალური პირები, ვისაც ვესაუბრე, მიიჩნევენ, რომ „საცეკვაო მოედანზე“ მხოლოდ ისინი არიან, ამიტომ ევროკავშირს დიდი არჩევანი ნამდვილად არ გააჩნია.
ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილი ისიც არის, რომ არ არსებობს ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებების უტყუარი მტკიცებულება. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში 54 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს მთლად დაუჯერებელი რამეც არ გახლავთ. რაღაც უფრო რეალური ალბათ იქნებოდა სადღაც 40-დან 50 პროცენტამდე მხარდაჭერა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეუთომ არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებას შეიძლება სამი თვე მოანდომოს, ახლა ბევრი გასაკეთებელი არც არაფერია, გარდა ლოდინისა.
სანქციების დაწესება მოითხოვს კონსენსუსს, რომელიც არ არსებობს. მას უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, სულ მცირე, ბულგარეთი და იტალიაც დაუპირისპირდებიან.
წამოიჭრა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების თემაც, მაგრამ ბევრს, მათ შორის გერმანიას, არ სურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა.
პოტენციურად, ერთ-ერთი ზომა, რომელიც მხოლოდ კვალიფიციურ უმრავლესობას (წევრი ქვეყნების 55 პროცენტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65 პროცენტს) საჭიროებს, იქნება ევროკავშირის სავიზო მოთხოვნების შემოღება საქართველოს ოფიციალური პირებისთვის.
ზოგიერთი წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სავარაუდოდ, მოითხოვს რაიმე სახის საერთაშორისო გამოძიებას შესაძლო საარჩევნო დარღვევების შესახებ. მაგრამ ამას თავისი ნაკლიც აქვს. ჯერ ერთი, მიიღებს თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება? და გამოავლენს თუ არა ევროკავშირის მხარდაჭერილი გამოძიება ეუთოსაგან რაიმე რადიკალურად განსხვავებულს? და, როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა: ახლა ნამდვილად იმის დროა, რომ ზოგადად ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიების დასკვნები ეჭვქვეშ დავაყენოთ? მიღწეულია შეთანხმება ევროკომისიისა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლების ე.წ. ტექნიკური მისიის გაგზავნაზე. ისინი გაესაუბრებიან ქვეყანაში ყველა დაინტერესებულ მხარეს და ბრიუსელს მოხსენებას დაუბრუნებენ.
ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, საქართველოს შესახებ არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს. ეს შეიძლება ჰგავდეს რეზოლუციას, რომელიც პარლამენტმა თებერვალში მიიღო 2023 წლის დეკემბრის სერბეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელმაც დარღვევების ფონზე ჩაიარა. ეს დოკუმენტი მოითხოვდა „დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას პატივცემული საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ“ და მოუწოდებდა ევროკომისიას, გაეგზავნა საექსპერტო მისია სერბეთში არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი მოვლენების შესაფასებლად. აღსანიშნავია, რომ სერბეთში ჯერ არც საგამოძიებო და არც საექსპერტო მისია არ მიუვლენიათ. ბელგრადთან ურთიერთობა კვლავაც ცივია, მაგრამ ის არ შეწყვეტილა. ევროკავშირის ყურადღება კი ძირითადად კვლავაც უკრაინაში მიმდინარე ომისკენ და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისკენ იქნება მიპყრობილი.