Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების "თამაში" პუშკაშის მოედანზე


ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ვიქტორ ორბანი (მარჯვნივ). პუშკაშის არენა, ბუდაპეშტი
ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ვიქტორ ორბანი (მარჯვნივ). პუშკაშის არენა, ბუდაპეშტი

ევროპის საზღვრებთან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი და ევროპის უსაფრთხოება იყო მთავარი განსახილველი თემები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (ეპგ) სამიტზე, რომელიც 7 ნოემბერს ბუდაპეშტში, პუშკაშის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

„დღეს ჩვენ ამ სტადიონზე ვთამაშობთ, მოედანზე მთელი ევროპაა“, - თქვა სამიტის დაწყების წინ მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

მაგრამ „თამაშის დაწყების“ შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ ევროპის 44 ქვეყნისგან შემდგარ არაფორმალურ გაერთიანებას, რომელსაც საფუძველი რუსეთის მიერ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ჩაეყარა, ჯერ კიდევ არ აქვს ერთიანი პოზიცია, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე.

ორბანის ცალმხრივი მისია

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერების გარდა, ევროკავშირის ხელმძღვანელები და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რიუტეც მონაწილეობდნენ.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდაპეშტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოჩენა იყო. საქმე ისაა, რომ რუსეთის მიერ მისი სამშობლოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომის განმავლობაში, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთხელაც არ ჩასულა უნგრეთში, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთადერთი ლიდერია, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგაც ინარჩუნებს პარტნიორულ ურთიერთობას მოსკოვთან.

მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ორბანი მოსკოვში ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა ვლადიმირ პუტინთან, რასაც როგორც ევროკავშირის, ისე კიევის აღშფოთება მოჰყვა.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორბანის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას, განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილება უკრაინასთან „შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე“ იქნა მიღებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ის მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, დაიცვას პრინციპი „უკრაინის გარეშე უკრაინაზე შეთანხმება არ იქნება“.

ევროკავშირის ლიდერებმა კი ხაზგასმით შეახსენეს ორბანს, რომ ვიზიტები ექსკლუზიურად უნგრეთსა და შესაბამის ქვეყნებს შორის მიმდინარეობს და არა ევროკავშირის ეგიდით.

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტის შესახებ ორბანის გადაწყვეტილებას „გამაოგნებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ორბანის პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელსა და ბუდაპეშტს „სერიოზული და გულწრფელი“ საუბარი სჭირდებათო.

მაგრამ კრიტიკის მიუხედავად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევსა და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ პეკინს ეწვია. იგი „სამშვიდობო მისიის მესამე რაუნდში“ შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს, რადგან მიაჩნია, რომ ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.

ორბანთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას „დაეხმარონ“ პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაში.

მაგრამ კიევი თავის პოზიციას არ ცვლის. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ კვლავაც ემხრობა პრინციპს: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი რეალიზმი და ეფექტიანობა.

„ახლა ის კვლავ საჭიროა. და არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ სისუსტის გამოვლენით ან ზოგიერთი ევროპული პრინციპის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პოზიციის დათმობით, შეძლებთ ვიყიდოთ სამართლიანი მშვიდობა“, - აღნიშნა ბუდაპეშტში ზელენსკიმ.

"ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა ევროპისთვის"

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების წინა, ლონდონის სამიტის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა გამანადგურებელი იერიშები უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო კურსკის ტერიტორიაზე გამოჩნდა რამდენიმე ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო, რომლებიც, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებითად ომს ევროპაში აწარმოებენ.

„და ზოგიერთი აქ გამომსვლელი გადაჭრით ემხრობოდა იმას, რომ უკრაინა წასულიყო დათმობაზე პუტინის წინააღმდეგ. ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა ევროპისთვის. და რა იქნება შემდეგ? ნუთუ ევროპამ უნდა ეძებოს კეთილგანწყობა კიმ ჩენ ინისგან იმის იმედად, რომ ის ევროპას თავს დაანებებს? ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდა ვერცერთი ძლიერი ლიდერი, რომელმაც წვლილი შეიტანა გაერთიანებული, ძლიერი და მშვიდობიანი ევროპის შექმნაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში.

უკრაინელი ლიდერის მთავარმა ადრესატმა, ვიქტორ ორბანმა, სამიტის დაწყებამდე მოუწოდა ევროპის ქვეყნების ლიდერებს, რომ განსაზღვრონ ახალი სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე.

ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა 6 ნოემბერს განაცხადა ბიშკეკში, სადაც ის თურქი ხალხების სამიტში მონაწილეობდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა უკრაინაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მოწოდებით და ეწინააღმდეგებოდა ამ ქვეყნის სამხედრო დახმარებას, თვლის, რომ უკრაინაში ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომები ახლოს არის მის საკუთარ მიდგომებთან. ტრამპმა პირობა დადო, რომ არჩევის შემდეგ „ომს დაასრულებს“, მაგრამ არ განუმარტავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას.

ვიქტორ ორბანი ასევე გადაჭრით ეწინააღმდეგება უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით დახმარებას. თუმცა ევროკავშირში ორბანი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ამავე პოზიციას იზიარებს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას დასავლეთი უჭერს მხარს რუსეთის დასაჩოქებლად.

ნოემბრის დასაწყისში ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა, შეუერთდეს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთისა და ბრაზილიის გეგმას.

ჩინეთმა და ბრაზილიამ აგვისტოში ერთობლივად გამოაქვეყნეს „ექვსპუნქტიანი კონსენსუსი“, რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომში გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მიღწევას.

გეგმა გულისხმობს ბრძოლების შენელებას და იმის აღიარებას, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ომის დასრულების ერთადერთი გზაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წინადადებას „დესტრუქციული“ და „უმეტესად პრორუსული“ უწოდა, რადგან ის უკრაინის მხრიდან კომპრომისს მოითხოვს და კიევის მონაწილეობის გარეშე იქნა შემუშავებული.

საქართველო ბუდაპეშტის (ეპგ-ს) სამიტის ჩარჩოებში

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს.

„ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა... ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტად“, - მოჰყავს ირაკლი კობახიძის სიტყვები სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და რობერტ ფიცო (მარჯვნივ)
ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და რობერტ ფიცო (მარჯვნივ)

სამიტიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს გვერდით ზის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ქართველმა კოლეგამ ერთი-ერთზე შეხვედრაც გამართა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ორმხრივ ფორმატშიც შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

აქამდე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ქართული ოცნების“ წარმატება ჯერჯერობით ევროკავშირის ერთადერთი ქვეყნის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰქონდა აღნიშნული. როდესაც ვიქტორ ორბანმა „ოცნებას“ მიულოცა, ოფიციალური წინასწარი შედეგები არც იყო გამოქვეყნებული. მან პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაკვეთილი „გორბის“ ეგზიტპოლით იხელმძღვანელა.

აშშ და ევროპა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

საქართველოს ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53.93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს, გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

7 ნოემბერს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის (ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის) ქვეყნების ლიდერებმა გაავრცელეს ერთობლივი გაცხადება, რომელშიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნებზე დაყრდნობით გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარი დარღვევების გამო.

„კერძოდ, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იქ მითითებული მრავალი დარღვევითა და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“, - წერია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაში.

ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიემხრობიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, სანამ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

„სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, გაუქმებით ბოლოდროინდელი კანონმდებლობისა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისადმი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გაგზავნილი მოსაწვევი წერილის თანახმად, საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ საპარლამენტო „არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას“.

პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს არჩევნები 7 ნოემბერს თავის გამოსვლაშიც ახსენა, როდესაც არჩევნებში მანიპულაციებსა და ევროპული დემოკრატიის მოდელზე თავდასხმებზე საუბრობდა და მას შემდეგ, რაც მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მიულოცა.

ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრაც 8 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG