თავიდანვე ცხადი იყო, რომ უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტობა საინტერესოდ წარიმართებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბუდაპეშტს ჩვევად აქვს ბრიუსელს დაუპირისპირდეს ხოლმე არაერთ საკითხში - პირველ რიგში კი, რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით.
ალბათ სწორი იქნება იმის თქმა, რომ ამ საკამათო პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას 7 ნოემბერს ვნახავთ, როდესაც უნგრეთის დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს - პოლიტიკურ ფორუმს, რომელიც აერთიანებს თითქმის ყველა ევროპული ერის ლიდერებს (გარდა ბელარუსის, რუსეთისა და ვატიკანისა). იმ საღამოს და მეორე დღეს კი გაიმართება ევროკავშირის 27 მთავრობის მეთაურის შეხვედრა, სადაც ძირითადად განიხილება, თუ როგორ უნდა გახდეს ბლოკი უფრო კონკურენტუნარიანი.
თუმცა, არსებობს რისკი, რომ ორივე შეხვედრა სხვა მოვლენებმა დაჩრდილოს - პირველ რიგში 5 ნოემბრის აშშ-ის არჩევნებმა. 7 ნოემბრის დილით, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, მათ წესით უკვე უნდა იცოდნენ გამარჯვებულის ვინაობა.
ბრიუსელში დაჟინებით დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ორბანს სტუმრებისთვის „დიდი სიურპრიზი“ აქვს მომზადებული. საინტერესოა, რა იგულისხმება ამაში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც EPC-ზეც განიხილავენ და, განსაკუთრებით, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზეც, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება. აქ დარღვევების ფონზე გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“/ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა, თუ როგორი უნდა იყოს რეაქცია ამ არჩევნებზე და იყო თუ არა კენჭისყრა თავისუფალი და სამართლიანი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა ჟოზეპ ბორელმა გასულ კვირას თავად შეაჯამა დაბნეულობა და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებსაც კი არ უთქვამთ, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი.
ასევე საინტერესო იქნება, თუ ვინ წარადგენს ამ სამიტზე თბილისს. წინა შეხვედრაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, საქართველოს წარგზავნილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახლდათ, რომლის მთავრობასაც ახლა მზარდ ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.
მოსაწვევებს სამიტზე ბუდაპეშტი აგზავნის. ორბანს ალბათ სურს, რომ შეხვედრაზე იხილოს თავისი მოკავშირე „ქართული ოცნებიდან“, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი უხერხული შეხვედრა სხვა ევროპელ ლიდერებთან.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გეგმავს, რომ პირველი ვიზიტი განახორციელოს უნგრეთში 2022 წლის დასაწყისში მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ზელენსკი და ორბანი არაერთხელ დაპირისპირებიან ერთმანეთს, რადგან უნგრეთი აფერხებს ხოლმე კიევისთვის ევროკავშირის ფულის გამოყოფას და სკეპტიკურადაა განწყობილი უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ. ეს სამიტი მართლაც ძალიან დაძაბული შეიძლება აღმოჩნდეს.
EPC-ის ფორმალური ნაწილი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება მოკლე პლენარული სესიით, რომელიც შეეხება უსაფრთხოების გამოწვევებს. ამას მიგრაციასა და ეკონომიკური უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სესიები მოჰყვება და შემდეგ სამიტს მეორე პლენარული სხდომა დაასრულებს.
ამ სამიტზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები არაფორმალურ გარემოში მიმდინარე შეხვედრებზე ხდება ხოლმე. ლიდერებს EPC-ში სწორედ ეს ასპექტი იზიდავთ. ახლაც, საკითხავი ისაა, შეხვდებიან თუ არა, მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ან თუნდაც მის გარეშე?
საინტერესო იქნება დებატები მიგრაციასთან დაკავშირებითაც, რადგან ევროკავშირი ამ სფეროში ბევრად უფრო მკაცრი ხდება. მიგრაციასთან დაკავშირებულ სადისკუსიო დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, აღნიშნულია, რომ ამ სფეროში ძირითადი პრიორიტეტი იქნება ადამიანების კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.
ყველაზე საკამათო საკითხი ამ სამიტზე კი შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტია, რომელსაც ეწოდება „ბუდაპეშტის დეკლარაცია ევროპული კონკურენტუნარიანობის ახალი შეთანხმების შესახებ“. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ 10-გვერდიანი დოკუმენტი ძალიან გრძელია. ზოგს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ აქ ნახსენებია ევროკავშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტი (ამ მხრივ ყოველთვის იმართება ხოლმე დისკუსიები, რადგან აქაა გაწერილი, თუ ვინ რამდენს იხდის). სხვები შფოთავენ, რადგან ნახსენებია გადასახადების კონვერგენცია - კიდევ ერთი მგრძნობიარე საკითხი. დანარჩენებს კი არ მოსწონთ, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები ბირთვული ენერგიის მხარდაჭერა ან ევროპაში თავდაცვის ხარჯების ზრდა.
საჩივრების გრძელი სიაა და ის კარგად ასახავს ბრიუსელის საუკუნოვან პრობლემას: ნებისმიერ საკითხზე შემდგომი მოქმედებების შეთანხმებას. როგორც ერთმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, მითხრა: „ჩვენ ვიმყოფებით მტრულ გლობალურ გარემოში, რომელშიც სამართლიანად დავადგინეთ, რომ ყველა დონეზე უფრო კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ, მაგრამ მაინც ერთ ადგილას ვართ გაჭედილები, რადგან ვკამათობთ წერტილებსა და მძიმეებზე დოკუმენტში, რომელსაც ცოტა ვინმე თუ წაიკითხავს“.