საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად გაემგზავრება უცხოეთში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრესრელიზის თანახმად, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.
„სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
კობახიძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ირაკლი კობახიძე მიმდინარე წლის ივლისში მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში.
საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთის და ირანის პირველმა პირებმა. არჩევნების შემდეგ საქართველოში მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა.
ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ფორუმი