Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 10 ნოემბერი. See content from before

პარასკევი, 8 ნოემბერი 2024

კალენდარი
ნოემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის კომისრობის კანდიდატმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა 7 ნოემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღო, თუმცა მას ჯერ მოუწია პასუხები გაეცა რთულ შეკითხვებზე გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით და თავისი კომუნისტური წარსულის შესახებ.

სლოვენიელმა ყოფილმა ჟურნალისტმა, ბიზნესმენმა და დიპლომატმა, ფიცი შეიძლება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დადოს. მიუხედავად იმისა, რომ მან თავდაჯერებით გაითავისა ბრიუსელის ენა ევროკავშირის გაფართოების შესახებ და ეს სამ ენაზე (სლოვენიური, ინგლისური და გერმანული) შეძლო, შემდეგ კი კიევისადმი იმედისა და მხარდაჭერის გზავნილიც წაიკითხა უკრაინულად, მას თითქმის არაფერი ახალი არ უთქვამს სამსაათიანი შეხვედრის დროს.

კოსმა გაიმეორა მისი არაერთი წინამორბედის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ევროკავშირის გაფართოება არის "მარათონი და არა სპრინტი", რომ ახალი წევრების მიღების პროცესი "დაფუძნებულია დამსახურებაზე და არ გააჩნია მოსაჭრელი გზები" და, რომ გაფართოება გვთავაზობს "ისტორიულ შესაძლებლობას მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთელ კონტინენტზე“. მან ასევე დაამატა, რომ ჯერ თავად ევროკავშირმა უნდა განახორციელოს შიდა რეფორმები, ვიდრე ახალ ქვეყნებს მიიღებს და, რომ ის ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაორმაგებას ევროკავშირის დაუცველ მეზობელ ქვეყნებში.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კონკრეტული რა გავიგეთ? ბევრი არაფერი.

კოსს რაიმე თარიღი არ დაუსახელებია, თუ როდის შეძლებს ბლოკი ახალი წევრების მიღებას და მხოლოდ აღნიშნა, რომ „დღეს, პირველად ათი წლის შემდეგ, არის რეალური შანსი, რომ ჩვენ ერთ ან ორ ქვეყანასთან დავასრულოთ მოლაპარაკებების პროცესი“.

შემდეგ მან მიუთითა მონტენეგროს ამბიციურ მიზნებზე, რომელსაც სურს ბრიუსელთან მოლაპარაკებების დასრულება 2026 წლის ბოლოს და ალბანეთს კი - 2027 წელს. მან ისიც კი თქვა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ ხაზი გაუსვა, რომ მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რომ თავისი ქვეყნის კანონმდებლობა შესაბამისობაში მოეყვანა ევროკავშირთან.

თუმცა, როდესაც მას ჩაეკითხნენ, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ბელგრადს სრულად უნდა დაეკოპირებინა ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც სერბეთს აქამდე არ გაუკეთებია, კოსმა ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები გასცა. ჯერ თქვა, რომ ეს არ იყო გაფართოების პროცესის დაყენებული სავალდებულო პირობა, შემდეგ კი აღიარა, რომ წევრობისთვის 100%-იანი თანხვედრა აუცილებელია. კოსმა ასევე აირიდა არაერთი შეკითხვა სერბეთისთვის შესაძლო სანქციების შესახებ, გასულ წელს სერბი შეიარაღებული პირების მიერ ჩრდილოეთ კოსოვოში განხორციელებული თავდასხმის გამო. მან ასევე ვერ უპასუხა, უნდა მოიხსნას თუ არა ბლოკის შეზღუდვები კოსოვოს, რომლებიც ამოქმედდა გასულ წელს ქვეყნის სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილში შექმნილი დაძაბულობის გამო.

თუმცა, კოსმა მიანიშნა, რომ ის აპირებს უფრო დიდი როლის შესრულებას ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილ დიალოგში ბელგრადსა და პრიშტინას შორის, რომელსაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი მესვეური, კაია კალასი გაუწევს ზედამხედველობას.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით კოსს არაერთი შეკითხვა დაუსვეს ბულგარელმა ევროპარლამენტარებმა. მათ აინტერესებდათ ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ბულგარელების, როგორც დამფუძნებელი ხალხის შეყვანის საკითხი, რასაც სკოპიე არ აკეთებს და რის გამოც მისი სვლა ბრიუსელისკენ შეჩერებულია. როგორც მოსალოდნელი იყო, მან სოფიას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების ინტერესები "რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა" და, რომ ბლოკს "არ შეუძლია ორმხრივი საკითხების იმპორტი".

უკრაინაზე რა ითქვა?

არაფერი კონკრეტული, გარდა შესავალ სიტყვაში ნათქვამისა, რომ "გაფართოების მოლაპარაკებები არის ევროპული გზამკვლევი ამ მამაცი ერისთვის" და, რომ იგივე ითქმოდა მოლდოვაზე. მან ასევე დაადასტურა, რომ კომისრის რანგში პირველ რიგში უკრაინას ეწვევა და თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო რეკონსტრუქციის პროცესი, მაგრამ შემდგომში ასევე საჭირო იქნება გაიზარდოს ქვეყანაში კერძო სექტორის ინვესტიციები ევროპული კომპანიებისგან.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ რომელი ქვეყანა გამოტოვა კოსმა სიტყვაში. შესავალში მან შეაქო უკრაინა და მოლდოვა, ილაპარაკა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, თურქეთზე, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების“ შესაძლებლობაც ილაპარაკა, საქართველოს სახელი კი არ უხსენებია.

საკმაოდ სიმბოლურია.

როდესაც პარლამენტარმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა სამხრეთ კავკასიის ამ რესპუბლიკის შესახებ, სადაც ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირს გაუჭირდა თანმიმდევრული პასუხის მომზადება, მან თქვა, რომ გზავნილი აქვს ქართველი ხალხისთვის: „იმედი არ დაკარგოთ“. თქვა, რომ მზადაა განაახლოს საქართველოსთან გაფართოების პროცესი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოქმედი მთავრობა, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარულ მიდგომას იჩენს, გააუქმებს ახლახან მიღებულ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს და „ანტი-ლგბტ კანონს“. არჩევნებზე კრინტიც არ დაუძრავს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბრიუსელი მაინც მზადაა იმუშაოს მმართველ „ქართულ ოცნებასთან“. ევროკავშირის მომხრე ოპოზიცია საქართველოში, სავარაუდოდ, არ იქნება აღფრთოვანებული ამ თითქოს „ყველაფერი ჩვეულებრივ გრძელდება“ მიდგომით.

ყველაზე დიდი დაძაბულობა შეხვედრაზე გამოიწვია მრავალმა კითხვამ მის წარსულთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მის ახალგაზრდობაზე ყოფილ იუგოსლავიაში და მის ბოლოდროინდელ ბიზნესსაქმიანობაზე. მან დაადასტურა, რომ იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო, თუმცა დაჟინებით უარყო ბრალდებები, რომ ის იყო ინფორმატორი, კოლაბორაციონისტი ან თუნდაც რეჟიმის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი. მან თქვა, რომ არ იცოდა, თუ როგორ აღმოჩნდა კომუნისტური სახელმწიფოს უშიშროების ჩინოვნიკების სიაში და აღნიშნა, რომ ამ სიაში შედიოდა ათასობით სხვა ადამიანი, მათ შორის სლოვენიის სამი პრემიერ-მინისტრი და სამი ევროპარლამენტარი, რომელთა კოლაბორაციონისტობისა მას არ სჯეროდა.

ანალოგიურად, მან ასევე განმარტა თავისი წინა საკონსულტაციო სამუშაო ბრიუსელში, როგორც ორი შეთანხმების საკითხი, რამაც მას 4800 ევრო გამოუმუშავა: ერთი ეხებოდა დავოსში ჯანმრთელობის საკითხებზე ქალთა მრგვალი მაგიდის შექმნას და მეორე - სლოვენიაში სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციას.

ევროპარლამენტის წევრებმა მისი კანდიდატურა მაინც მოიწონეს, რადგან კარგად იციან - ბრიუსელი სავსეა რთული წარსულის მქონე ადამიანებით და, რომ მბრუნავი კარი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ამ ქალაქის მუდმივი მახასიათებელია.

საბოლოო ჯამში კი, აქ ყველამ იცის, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება წევრი ქვეყნების დედაქალაქების ხელშია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ იჯდება ბრიუსელის კაბინეტში.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

თავიდანვე ცხადი იყო, რომ უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტობა საინტერესოდ წარიმართებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბუდაპეშტს ჩვევად აქვს ბრიუსელს დაუპირისპირდეს ხოლმე არაერთ საკითხში - პირველ რიგში კი, რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით.

ალბათ სწორი იქნება იმის თქმა, რომ ამ საკამათო პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას 7 ნოემბერს ვნახავთ, როდესაც უნგრეთის დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს - პოლიტიკურ ფორუმს, რომელიც აერთიანებს თითქმის ყველა ევროპული ერის ლიდერებს (გარდა ბელარუსის, რუსეთისა და ვატიკანისა). იმ საღამოს და მეორე დღეს კი გაიმართება ევროკავშირის 27 მთავრობის მეთაურის შეხვედრა, სადაც ძირითადად განიხილება, თუ როგორ უნდა გახდეს ბლოკი უფრო კონკურენტუნარიანი.

თუმცა, არსებობს რისკი, რომ ორივე შეხვედრა სხვა მოვლენებმა დაჩრდილოს - პირველ რიგში 5 ნოემბრის აშშ-ის არჩევნებმა. 7 ნოემბრის დილით, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, მათ წესით უკვე უნდა იცოდნენ გამარჯვებულის ვინაობა.

ბრიუსელში დაჟინებით დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ორბანს სტუმრებისთვის „დიდი სიურპრიზი“ აქვს მომზადებული. საინტერესოა, რა იგულისხმება ამაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც EPC-ზეც განიხილავენ და, განსაკუთრებით, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზეც, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება. აქ დარღვევების ფონზე გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“/ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა, თუ როგორი უნდა იყოს რეაქცია ამ არჩევნებზე და იყო თუ არა კენჭისყრა თავისუფალი და სამართლიანი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა ჟოზეპ ბორელმა გასულ კვირას თავად შეაჯამა დაბნეულობა და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებსაც კი არ უთქვამთ, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი.

ასევე საინტერესო იქნება, თუ ვინ წარადგენს ამ სამიტზე თბილისს. წინა შეხვედრაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, საქართველოს წარგზავნილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახლდათ, რომლის მთავრობასაც ახლა მზარდ ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.

მოსაწვევებს სამიტზე ბუდაპეშტი აგზავნის. ორბანს ალბათ სურს, რომ შეხვედრაზე იხილოს თავისი მოკავშირე „ქართული ოცნებიდან“, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი უხერხული შეხვედრა სხვა ევროპელ ლიდერებთან.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გეგმავს, რომ პირველი ვიზიტი განახორციელოს უნგრეთში 2022 წლის დასაწყისში მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ზელენსკი და ორბანი არაერთხელ დაპირისპირებიან ერთმანეთს, რადგან უნგრეთი აფერხებს ხოლმე კიევისთვის ევროკავშირის ფულის გამოყოფას და სკეპტიკურადაა განწყობილი უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართ. ეს სამიტი მართლაც ძალიან დაძაბული შეიძლება აღმოჩნდეს.

EPC-ის ფორმალური ნაწილი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება მოკლე პლენარული სესიით, რომელიც შეეხება უსაფრთხოების გამოწვევებს. ამას მიგრაციასა და ეკონომიკური უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სესიები მოჰყვება და შემდეგ სამიტს მეორე პლენარული სხდომა დაასრულებს.

ამ სამიტზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები არაფორმალურ გარემოში მიმდინარე შეხვედრებზე ხდება ხოლმე. ლიდერებს EPC-ში სწორედ ეს ასპექტი იზიდავთ. ახლაც, საკითხავი ისაა, შეხვდებიან თუ არა, მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ან თუნდაც მის გარეშე?

საინტერესო იქნება დებატები მიგრაციასთან დაკავშირებითაც, რადგან ევროკავშირი ამ სფეროში ბევრად უფრო მკაცრი ხდება. მიგრაციასთან დაკავშირებულ სადისკუსიო დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, აღნიშნულია, რომ ამ სფეროში ძირითადი პრიორიტეტი იქნება ადამიანების კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.

ყველაზე საკამათო საკითხი ამ სამიტზე კი შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტია, რომელსაც ეწოდება „ბუდაპეშტის დეკლარაცია ევროპული კონკურენტუნარიანობის ახალი შეთანხმების შესახებ“. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ 10-გვერდიანი დოკუმენტი ძალიან გრძელია. ზოგს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ აქ ნახსენებია ევროკავშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტი (ამ მხრივ ყოველთვის იმართება ხოლმე დისკუსიები, რადგან აქაა გაწერილი, თუ ვინ რამდენს იხდის). სხვები შფოთავენ, რადგან ნახსენებია გადასახადების კონვერგენცია - კიდევ ერთი მგრძნობიარე საკითხი. დანარჩენებს კი არ მოსწონთ, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები ბირთვული ენერგიის მხარდაჭერა ან ევროპაში თავდაცვის ხარჯების ზრდა.

საჩივრების გრძელი სიაა და ის კარგად ასახავს ბრიუსელის საუკუნოვან პრობლემას: ნებისმიერ საკითხზე შემდგომი მოქმედებების შეთანხმებას. როგორც ერთმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, მითხრა: „ჩვენ ვიმყოფებით მტრულ გლობალურ გარემოში, რომელშიც სამართლიანად დავადგინეთ, რომ ყველა დონეზე უფრო კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ, მაგრამ მაინც ერთ ადგილას ვართ გაჭედილები, რადგან ვკამათობთ წერტილებსა და მძიმეებზე დოკუმენტში, რომელსაც ცოტა ვინმე თუ წაიკითხავს“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG