Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 სექტემბერი. See content from before

პარასკევი, 1 სექტემბერი 2023

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

როცა რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველ ახალგაზრდებს ეპატიჟებიან „უფასო უმაღლესი განათლების“ მისაღებად, ქართველი რუსეთუმეები აუცილებლად იხსენებენ ხოლმე თერგდალეულებს, რომლებმაც განათლება რუსეთის უნივერსიტეტებში მიიღეს

ღიად პრორუსული ორგანიზაციები ამ ისტორიული ფაქტის მოხმობით თითქოს ცდილობენ არგუმენტები გამოაცალონ ოპონენტებს, რომლებიც რუსეთში უფასო განათლების მიღების სურვილის უკან კრემლის მზაკვრობას და რუსული რბილი ძალის მოქმედებას ხედავენ.

სინამდვილეში, ქართველი ახალგაზრდების სწავლა რუსეთის უნივერსიტეტებში მაშინ, რუსული ორსაუკუნოვანი ოკუპაციის შედეგია, რომლის დროსაც ქართველებს წართმეული ჰქონდათ არჩევანის - მათ შორის სასწავლებლის არჩევის თავისუფლება. ევროპაში გაღწევას განსაკუთრებული ძალისხმევა და ნებართვა სჭირდებოდა, ქართული უნივერსიტეტი კი ფიზიკურად არ არსებობდა. შესაბამისად, რუსულის გარდა, სხვა არჩევანი არ იყო.

რატომ?

რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დაპყრობილი ერებისათვის განათლების რუსულ ენაზე მიცემა, იმისათვის, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა თერგდალეულმა შენიშნა, „რომ ეროვნული შეგვრჩეს ელფერი/ და რუსი ვიყოთ პოლიტიკურად”-ო (აკაკი წერეთელი).

სურვილის, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების არსებობის მიუხედავად რუსეთი ყველანაირად აფერხებდა საქართველოში ქართული უნივერსიტეტის გახსნას, რათა არ გაჩენილიყო რუსულისგან განსხვავებული, ალტერნატიული განათლების სისტემა.

ქართული უნივერსიტეტის გახსნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა, თუმცა ხორცი მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეისხა ისე, რომ რუსეთი ბოლომდე ცდილობდა ხელის შეშლას (აჯანჯლებდა დებულების დამტკიცებას): 1917 წელს თბილისის ქართული უნივერსიტეტის დებულება უნდა დაემტკიცებინა დროებითი მთავრობის განათლების სამინისტროს, რომლის არაკეთილსინდისიერება ამხილა უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აკაკი შანიძემ 1917 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი უნივერსიტეტი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის დროებითი მთავრობა ყველანაირად (მათ შორის, მატერიალურადაც) ახალისებდა ამიერკავკასიის რუსული უნივერსიტეტის გახსნას თბილისში, მაშინ როცა ქართული უნივერსიტეტის დებულების დამტკიცებას საშველი არ დააყენა.

ყველაფერი შეიცვალა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როცა ქართველი ახალგაზრდებისთვის შეუზღუდავად ამოქმედდა ქართული უმაღლესი სასწავლებელი და ფართოდ გაიღო ევროპული უნივერსიტეტების კარები. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყო ახალგაზრდების ევროპის მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებში გაგზავნა და მათთვის სტიპენდიების დანიშვნა. 1919 წლის 9 ნოემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვითაც, მთავრობას, „საუწყებათაშორისო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სტიპენდიებისთვის გამოუყვია 2 მლნ-ზე მეტი თანხა და შეურჩევია საზღვარგარეთ სწავლა-განათლების მისაღებად გასაგზავნი 50 ახალგაზრდა.

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1919 წ. 9 ნოემბერი
გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1919 წ. 9 ნოემბერი

„საუწყებათაშორისო კომისიამ იქონია მსჯელობა აგრეთვე იმაზედაც, სავალდებულო იყოს თუ არა სახელმწიფო სტიპენდიატებისათვის შემდეგ სწავლის დასრულებისა რომელსამე სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური და, თუ სავალდებულო იქნება, რა დროით (ვადით) უნდა განისაზღვროს ეს სავალდებულო სამსახური. აზრთა მცირე გაზიარების შემდეგ კომისიამ ერთხმად დაადგინა: სახელმწიფო სტიპენდიატი მოვალეა სახელმწიფოს მოთხოვნილებისამებრ იმსახუროს თითოეულ სასტიპენდიო წელიწადისათვის ორი წელიწადი იქ, სადაც სათანადო უწყება საჭიროდ დაინახავს სამსახურს“, - ვკითხულობთ 1919 წლის 9 ნოემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელიც სრულდება „სტიპენდიამისჯილი“ ახალგაზრდების სიით.

თუმცა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ ქართველი ახალგაზრდების არჩევანი კვლავ შეიზღუდა. ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის მიღება მიუწვდომელ და სიცოცხლისთვის სახიფათო ოცნებად იქცა, სამაგიეროდ ქართველებისთვის ფართოდ გაიღო რუსული უმაღლესი განათლების სისტემა, რომელმაც, ისევე როგორც თითქმის ყველაფერმა სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში, კომიკური ელფერი შეიძინა.

როგორც საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, საბჭოთა კავშირში უმაღლესი განათლების მქონე პირთა პროცენტული რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე ყოფილა:

„საქართველოს სსრ-ში 19 უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც 100 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა. პოლიტექნიკურ ინსტიტუტს თითქმის ყველა სამრეწველო ქალაქში ჰქონდა ფილიალი, სადაც დაუსწრებლად შეიძლებოდა სწავლა (ცხადია, შესაბამისი ხარისხით). ამას ემატებოდა ისიც, რომ რესპუბლიკის გარეთ, საბჭოთა კავშირის 106 უმაღლეს სასწავლებელში 33 ათასზე მეტი ქართველი ახალგაზრდა ირიცხებოდა. კალინინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს „კავკასიელების ინსტიტუტსაც“ კი ეძახდნენ. ტორფის მოპოვებისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტზე 25 სტუდენტიდან 20 ქართველი იყო, და ეს მაშინ, როცა ტორფის მოპოვება და გადამუშავება საქართველოში პრაქტიკულად არ ხდებოდა“.

ჯუმბერ პატიაშვილი
ჯუმბერ პატიაშვილი

ჯუმბერ პატიაშვილი სწავლის ხარისხზე წარმოდგენის შესაქმნელად ერთ ასეთ გახმაურებულ შემთხვევას იხსენებს:

„ერთ დღეს საკავშირო პრესაში დაიბეჭდა წერილი, სადაც ლაპარაკი იყო ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთ ქართველ სტუდენტზე. მან ხულიგნობა ჩაიდინა და როცა მილიციაში ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვეს, ვერ დაწერა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსულად წერა-კითხვა არ იცოდა. გაირკვა, რომ ასეთი სხვაც ბევრი იყო“.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მთავრობა ასეთ, რუსული ენის უცოდინარ ახალგაზრდებსაც ეპატიჟება თავის უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის გათვალისწინებული ყოფილა მოსამზადებელი კურსები. ძნელი მისახვედრი არაა, რომ მოსკოვისთვის „აბიტურიენტთა“ აკადემიურ მოსწრებაზე მეტად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის გამოყოფილი კვოტების შევსება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ახალგაზრდებით, შევსება იმის იმედად, რომ უფრო მტკიცე რუსეთუმეებად ჩამოყალიბდებიან ისე, როგორც წინა თაობების წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ საბჭოთა პერიოდში ნაყიდ დიპლომებსა და არაყ-კონიაკებით ჩაწყობილ საქმეებზე ნოსტალგიით. რუსეთის უნივერსიტეტებში სავარაუდოდ ასეთი გაქანების ახალგაზრდებს ელიან, ისეთებს, რომლებიც დაბრუნდებიან თბილისში და იტყვიან, ჩვენი თავი ჩვენადვე არ უნდა გვეყუდნოდესო.

ფორმალურად ესენიც თერგდალეულები გამოდიან, მაგრამ, ისტორიის გამეორება, ჰეგელისა და მარქსის მიხედვით, მათ თერგდალეულობას შინაარსს გამოაცლის და ფარსი იქნება.

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები

რუსეთის განათლების სისტემა, ისევე როგორც საჯარო საქმიანობის თითქმის ყველა სფერო, უკიდურესად იდეოლოგიზებულია. პუტინიზმის გავლენით იწერება ახალი სახელმძღვანელოები და მტკიცდება ახალი სასწავლო პროგრამები, ხოლო განსხვავებული აზრის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები იდევნებიან უმაღლესი სასწავლებლებიდან. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი დატოვა რამდენიმე ასეულმა ცნობილმა მეცნიერმა, მათ შორის, რუსეთის ყველაზე რეიტინგული სასწავლებლის - მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის არაერთმა თანამშრომელმა, ბევრად მეტს (არასანდო პედაგოგებს) მოგვიანებით დაატოვებინეს სამსახური. აი, ასეთ გარემოში, სადაც იგნორირებულია საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპი - კვლევისა და სწავლების თავისუფლება, ეპატიჟება შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტი ქართველ ახალგაზრდებს, არც მეტი და არც ნაკლები, უმაღლესი განათლების მისაღებად.

„საქართველოს მოქალაქეები რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე შეძლებენ. აპლიკანტებს 1-ლი სექტემბრიდან შეუძლიათ მიმართონ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს...“ - საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ განაცხადის მისაღებად, რუსეთში სწავლის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს „სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე“ („განათლება რუსეთის ფედერაციაში“) და შეავსოს სპეციალური ფორმა.

რა შეიძლება რჯიდეს რუსეთს, როცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობს?

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უჭირს იმის თქმა, თუ რისთვის აკეთებს რუსეთი ამას, თუმცა იქვე შენიშნავს, ყველას მართებს სიფრთხილის გამოჩენაო:

„სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები“.

რას გულისხმობს რუსეთის ასეთი ინიციატივა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. „რუსეთში სწავლის მძებნელი“ აპლიკაციის შევსების პირველსავე საფეხურზე წააწყდება ღია მინიშნებას.

„ინფორმაცია თქვენს ქვეყანაში გავლილი შესარჩევი ტესტების შესახებ (მონაცემები საგნების, თარიღებისა და ჩატარების ადგილის შესახებ). ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ ქვეყანა“, - ასეთია შესავსები ფორმის პირველი საფეხური, რომლის გასავლელად ქვეყნის (საცხოვრებელი ადგილის) მითითებაა საჭირო. ქვეყნების ჩამონათვალი წინასწარაა მოცემული და მასში საქართველოს მსგავსად, ცალკე ქვეყნებად არიან შეტანილი აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, რაშიც, ცხადია, გასაკვირი არაფერია. რუსეთში სასწავლებლად მიწვეულ ახალგაზრდას უნდა ესმოდეს, რომ ბოლომდე მოუწევს პუტინის რუსეთის მიერ შექმნილი „ახალი რეალობის“ მიღება და გაზიარება. მას ასევე უნდა ესმოდეს, რომ ამ ახალი რეალობის ნაწილია რუსული უმაღლესი განათლების სრულად იდეოლოგიზებული გარემო, რასაც კატასტროფული მასშტაბი მიეცა უკრაინაში შეჭრისა და ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ გიგანტური ნაბიჯების გადადგმის შემდეგ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცალკე ქვეყნებადაა მითითებული
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცალკე ქვეყნებადაა მითითებული

ახალი რუსული რეალობის ნაწილია ისიც, რომ 2022 წელს რუსეთს დაატოვებინეს ბოლონიის პროცესი, რადგან რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემისათვის მიუღებელია უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის მიუღებელია ის, რომ:

  • უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობისა და გეოგრაფიული პირობების გამო სხვადასხვაგვარად ორგანიზებულ საზოგადოებებში, რომელიც ქმნის, ამოწმებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას კვლევისა და სწავლების გზით. არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კვლევა და სწავლება ზნეობრივად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებისაგან;
  • კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპია. ამიტომ, მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ ამ ფუნდამენტური მოთხოვნის პატივისცემა.
  • უნივერსიტეტი არის ევროპული ჰუმანისტური ტრადიციების მეურვე. იგი მუდმივად მიისწრაფვის უნივერსალური ცოდნისაკენ. მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას უნივერსიტეტი სცილდება გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და ადასტურებს სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის სასიცოცხლო აუცილებლობას.

„საუკეთესო რუსული უნივერსიტეტები კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე მზად არიან მიიღონ სტუდენტები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტით. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სრულიად უფასოდ სხვადასხვა მიმართულებით - მათემატიკური მეცნიერებებიდან მსახიობის ხელოვნებამდე. სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას და იცხოვრებენ საერთო საცხოვრებლებში“, - ასეთი სარეკლამო ტექსტით ცდილობს რუსეთის მთავრობა გაავრცელოს თავისი რბილი ძალა ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს და, რომლის სუვერენიტეტს დღემდე ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა თავისთავად ისიც საინტერესოა, მართლა რამდენად მიმზიდველია „საუკეთესო რუსული უნივერსიტეტები“. ამ საკითხზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნიან მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მართლაც საუკეთესო უნივერსიტეტში, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში.

მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის შენობა
მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის შენობა

2023 წლის 30 აგვისტოს სასწავლებლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ანდრეი იაკოვლევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პროფესორის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი 700-მდე პედაგოგმა და მკვლევარმა დატოვა. იაკოვლევი ირწმუნება, რომ უნივერსიტეტიდან მეცნიერთა გადინება დაჩქარდა 2021 წლის შუა რიცხვებიდან, როდესაც შეიცვალა სასწავლებლის ხელმძღვანელობა, თუმცა, მისივე თქმით, მასობრივი წასვლა დაიწყო უკრაინაში შეჭრის შემდგომ, როცა გაამკაცრეს კანონმდებლობა და უნივერსიტეტებში გაატარეს რეპრესიული პოლიტიკა თავისუფლად მოაზროვნე თანამშრომლების მიმართ.

ანდრეი იაკოვლევი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში 1993 წლიდან მუშაობდა, 18 წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის პრორექტორი, ეკავა მოქმედი პროფესორის, სამეცნიერო კომისიის თავმჯდომარის და საწარმოთა და ბაზრის ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები.

  • 2023 წლის აგვისტოში უნივერსიტეტიდან კიდევ ერთი დამფუძნებელი, პროფესორი იგორ ლიპსიცი წავიდა.
  • 2022 წლის ივლისში უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი.
  • 2019 წელს უნივერსიტეტი ერთდროულად დატოვა რამდენიმე ცნობილმა პროფესორმა, მათ შორის - პოლიტოლოგმა ალექსანდრ კინევმა.

რუსი მეცნიერები ხაზს უსვამენ ერთ დროს პრესტიჟული უნივერსიტეტის პოლიტიკის უხეშ იდეოლოგიურ რელსებზე გადაყვანის ფაქტს. 2023 წლის ივნისში, პოლიტოლოგმა სერგეი კარაგანოვმა, რომელიც მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანია, საჯაროდ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ. თუმცა უმაღლესი სასწავლებლის ეთიკის კომისიამ ვერ იპოვა კარაგანოვის განცხადების დაგმობის საფუძველი, კომისიამ სტატიაში ასევე ვერ აღმოაჩინა შეუსაბამობა უნივერსიტეტის წესებთან.

იმას, თუ როგორ შეიცვალა აკადემიური გარემო რუსეთში, გულდასმით აკვირდება და სწავლობს გამომძიებელ ჟურნალისტთა ინტერნეტგამოცემა „პროექტი“, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები მასობრივად ტოვებენ რუსეთს.

გამოცემამ დაადგინა იმ ცნობილი მეცნიერებისა და რუსეთის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორების ვინაობა, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვეს რუსეთი. საუბარია 28 ადამიანზე, რომელთა შორის არიან მსოფლიო სახელის მქონე სპეციალისტები, პრესტიჟული პრემიების ლაურეატები: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტი ვიქტორ ვასილიევი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ასტროფიზიკოსი იური კოვალევი, პროფესორები - ასტროფიზიკოსი სერგეი პოპოვი, ბიოლოგი ალექსანდრ მარკოვი და სხვ.

„რუსეთიდან წასული მეცნიერების საერთო რაოდენობა გაცილებით მეტია. მხოლოდ ორგანიზაცია Scholars at Risk-მა 200 ადამიანი გაიყვანა რუსეთიდან, კიდევ 62 მეცნიერს რუსეთის დატოვებაში დაეხმარა ჰუმბოლდტის გერმანული ფონდი, ხოლო იმ მეცნიერებისთვის გაკეთებულ Telegram-ჩეთებში, რომლებსაც რუსეთიდან გასვლა სჭირდებათ, ახლა 6 ათასზე მეტი ადამიანია“, - წერს „პროექტი“.

„მთელი სამეცნიერო დარგები გაჩერდა, კვლევები უბრალოდ აღარ ტარდება. მრავალი წლით უკან გადაგვისროლეს“, - უთხრა გამოცემას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა სერგეი პოპოვმა.

სერგეი პოპოვი
სერგეი პოპოვი

„პროექტის“ მიხედვით, ნიშანდობლივია ის, რომ არავის უცდია მეცნიერების დაყოლიება (დარჩენილიყვნენ რუსეთში), პირიქით, რუსეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები თვითონ ცდილობდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების განდევნას. ამ გარემოებამ განსაკუთრებით უნდა დააფიქროს რუსეთში უფასო სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდები. დღევანდელ რუსეთში სწავლა, სამეცნიერო მოღვაწეობა და ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად იზიარებ პუტინის რუსეთის იდეოლოგიას - რაშიზმისა თუ ნეოსტალინიზმის სახით. სხვა შემთხვევაში ან გაგაძევებენ ქვეყნიდან, ან უარესს დაგმართებენ.

მათემატიკოსებს რომ დავესესხოთ, გასათვალისწინებელია როგორც აუცილებელი, ასევე საკმარისი პირობა: რუსეთში სწავლისთვის მხოლოდ სწავლის წყურვილი საკმარისი არაა, აუცილებელია რუსული რეჟიმის სრული ლოიალობა, რაც უამრავი არაადამიანობის მხარდაჭერას და, მათ შორის, სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასაც გულისხმობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG