Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 12 სექტემბერი. See content from before

ოთხშაბათი, 6 სექტემბერი 2023

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

თუკი იცი ეს ენა, რეფლექსი ამ ენაზე გაგაცემინებს პასუხს... თანდაყოლილი ზრდილობის, დაბნეულობის თუ იქნებ სიზარმაცის გამოც.

საქართველოში ხარ... მოდის ადამიანი - ქალი თუ კაცი - და რუსულად გეკითხება (გეგონება, საქართველოში რუსული ენა იყოს ქართული ან მშობლიური):

- ა ვი ნე პოდსკაჟეწე...

რუსულად!

და შენც ემზადები საპასუხოდ... რუსულადვე, რადგან (შესაძლოა) საბჭოთა კავშირში დაიბადე და სკოლაშიც რუსულს გასწავლიდნენ - როგორც არა უცხო ენას, არამედ მთავარ ენას, უფროსი ძმის ენას... უცხო ენები ცალკე იყო, რუსული ცალკე, წარწერებიც რუსულად იყო ქუჩებში (რუსულ-ქართულადაც, მაგრამ მხოლოდ ქართულად - არასდროს) და საერთოდაც რუსულით იყო სავსე ყველაფერი...

ჰოდა, იცი ეს ენა, კარგად იცი, გესმის და თან კულტურის ინსტინქტიც დახმარებისკენ გიბიძგებს (ადამიანი მისთვის საჭირო ქუჩას ვერ პოულობს) და შეგიძლია მყისვე, ძალისხმევის გარეშე დაუბრუნო პასუხი... რუსულ ენაზევე, ცხადია:

- და... ვოტ...

მაგრამ არა, არ შეიძლება! უსამართლოა!

საკუთარ თავზე სხვაგვარი ძალისხმევაა საჭირო... უცებ უნდა გაბრაზდე - არა მაინც და მაინც შეკითხვის დამსმელზე, არამედ შეკითხვის დამსმელის ისტორიულ უტიფრობაზე, რომ ყოფილ-კოლონია საქართველოში რატომღაც ყველა რუსულად უნდა ლაპარაკობდეს...

და აი, ვიდრე უპასუხებ, წამებში უნდა მობილიზდე, თავს ძალა დაატანო და ავტომატურად გაიხსენო - შენთვის, უთქმელად:

- რუსებმა ქართულად ლაპარაკი აკრძალეს მე-19 საუკუნეში...(საქართველოს დაპყრობის მერე).

- რუსებმა დიმიტრი ყიფიანი მოკლეს, რადგან მან გაბედა და ქართულად ლაპარაკის ამკრძალავი რუსი რექტორის მკვლელობის გამო მთელი ერის მაწყევარ ეგზარქოს პავლე ლებედევს მოსთხოვა პასუხი...

- რუსებმა აკრძალეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ქართულ ტაძრებში (ფრესკების შეთეთრება-გადაღებვის პარალელურად).

- რუსები იჭერდნენ, გადასახლებაში უშვებდნენ ან საერთოდაც ფიზიკურად ანადგურებდნენ ადამიანებს, ვინც ბედავდა და ქართული ენის უფლებების დაცვას ცდილობდა...

- რუსებმა საქართველოს სრული რუსიფიკაცია სცადეს...

- საბჭოთა იდეოლოგმა სუსლოვმა რუსული ენის სახელმწიფო ენად ქცევა განიზრახა საბჭოთა საქართველოში (ქართული ინტელიგენციის, რუსულში ჩამლბარი ნაწილის ტაშისკვრის ფონზე)... ბრეჟნევის ახალი კონსტიტუციით 1978 წელს ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა... (და რუსულ პრივილეგიებსა და კონფორმიზმში ჩამლბარი ქართველი მწერლების ნაწილი ამას ტაშს უკრავდა).

- ვერავინ მოახერხებდა პროფესიულ რეალიზებას, რუსულად რომ არ დაეწერა ნაშრომი, დისერტაცია, წიგნი და ა. შ. ქართული მეორეხარისხოვან ენად უნდა შთენილიყო და ასეც იყო ჯერ რუსეთის, მერე კი წითელ იმპერიაში...

- რუსეთმა ქართული ენის პროვინციალიზაცია სცადა...

- გალსა და ახალგორში რუსები ქართულ ენას კრძალავენ და ცდილობენ, ქართული ენა წაართვან ქართველ ბავშვებს...

- ენასთან ბრძოლით რუსები ქართულ რაობას (იდენტობას) ებრძოდნენ და დღემდე ამას შვრებიან...

ეს მხოლოდ ენაზე... და კიდევ რამდენი მაგალითია, რა დაუშავა და რას უშავებს დღესაც რუსეთი საქართველოს...

ჰოდა, როცა გვკითხავენ რუსულად, - ა ვი ნე პოდსკაჟეწე - არც მეტი, არც ნაკლები, სუსლოვი გაიხსენეთ ქართული ენის მკვლელი-რუსული კონსტიტუციით, ქართველი ერის მწყევლელი რუსი მთავარეპისკოპოსი ლებედევი, ქართველთმოძულე ჩეკისტი პუტინი და გალელი ბავშვები, რომელთაც ქართულად სწავლას (და აზროვნებას) უკრძალავენ, და ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ უპასუხეთ:

ილაპარაკეთ ქართულად!

ან - ასე, საერთაშორისო ენაზე:

I don’t speak Russian.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

​​​​​​​თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი გაოგნებით შეხვდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ.

მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია ფაქტი, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შესახვედრად.

ის, რომ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობა არსებობს, უკვე დიდი ხანია ნათელია, მსგავსი პრობლემა მაისის ბოლოსაც წამოიჭრა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტში გამოდიოდა. თუმცა ახლა ყველაფერმა სულ სხვა სიმაღლე დაიპყრო.

რამდენიმე დიპლომატმა, რომლებსაც ანონიმურობის დაცვის პირობით ვესაუბრე, მითხრა, რომ ვერ ხვდებიან, რა არის ცუდი იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხარჯებით მიემგზავრება ბრიუსელში, რათა მისი ქვეყნის სახელით წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ითხოვოს. სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელშიც და სხვაგანაც პატივს სცემენ და მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს, „სრულიად ნორმალური“, „მოსალოდნელი“ და „წახალისებულია“.

საკითხავი კი ისაა, თუ რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. ოქტომბრის მეორე ნახევარში ევროკომისია ყოველწლიურ მოხსენებას გააკეთებს გაფართოების შესახებ, სადაც რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს, ასევე მოლდოვისა და უკრაინის შესახებ. დეკემბერში კი 27-ვე წევრი ქვეყანა ერთხმად გადაწყვეტს, მიიღოს თუ უარყოს ეს რეკომენდაციები.

ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე - გადასვლის რეკომენდაციას მიიღებენ. ოფიციალურად ეს უკვე წლის ბოლოს მოხდება, რადგან ამის მზაობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც გამოთქვეს. ორივე ქვეყანა კარგად ასრულებს პირობებს, რომლებიც 2022 წლის ზაფხულში მიიღეს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არსებობს წინსვლის პოლიტიკური ნება.

საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი უფრო ბუნდოვანია. ის უკვე ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა. ეს პოლიტიკური საკითხია. ბრიუსელი თბილისისგან ვერ ხედავს იმავე ენთუზიაზმს, რასაც დანარჩენი ორი ქვეყანა ავლენს. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობამ და რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენამ ბრიუსელში გაკვირვება გამოიწვია. ისევე, როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებამ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ნატოს გაფართოებას მოჰყვა.

თუმცა, მუდმივად ვიღებდი მინიშნებებს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მაინც გასცემდა. ბრიუსელში არ ახარებთ ქვეყნის გადაწყვეტილებები რუსეთთან დაკავშირებით და არც იმ არგუმენტს აღიქვამენ სერიოზულად, რომ თბილისის ნაბიჯებმა შესაძლოა „მეორე ფრონტის გახსნა“ გამოიწვიოს, მაგრამ ზოგადად ესმით, რომ მოსკოვიდან ზეწოლა მოდის. ამასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიან წინაპირობას შორის არ ყოფილა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა.

მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს ბოლო დრამა ახალ კითხვებს აჩენს. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღები თამასა ისედაც ძალიან დაბალია და ამასაც კი შეიძლება ვერ შესწვდნენ“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა. და ეს ციტატაც: „კიდევ რამდენ გოლს გაიტანენ საკუთარ კარში?!“

ბრიუსელში პირველად მოვისმინე მოსაზრება, რომელსაც აქამდე მხოლოდ საქართველოს ოპოზიცია აჟღერებდა, რომ მთავრობა შეიძლება შეგნებულად ცდილობდეს კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას, რათა შემდეგ ბრალი ბრიუსელს წაუყენოს და ამომრჩევლებს აჩვენოს, რომ ევროკავშირი სანდრო არ არის და საქართველოს მიღებას არც არასოდეს აპირებდა.

ახლა ბევრ რამეს საქართველოში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ვიზიტი გადაწყვეტს, რომელიც 7-8 სექტემბერს გაიმართება. როგორც წესი, მსგავსი ვიზიტების შესახებ ცნობას ერთ კვირაზე ბევრად ადრე ავრცელებენ ხოლმე, თუმცა, ზურაბიშვილის ინციდენტის შემდეგ ბრიუსელმა თავი შეიკავა ამ მგზავრობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივი დადასტურებისგან. ეს დაყოვნება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ბორელი აღარ აპირებს ლექციები ისმინოს, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. ეს ბოლო მცდელობაა და კეთილგანწყობა თბილისის მიმართ თითქმის აღარ არსებობს.

მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლადაც არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები. ჯერჯერობით არავისგან გამიგია, რომ ვინმე ითვალისწინებდეს, დაეხმარება თუ არა მმართველ პარტიას კანდიდატის სტატუსის მიღება არჩევნებში, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

რაც მსმენია, არის შემდეგი: ახლა არსებობს ნება, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს და თავად ბლოკიც სერიოზულად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს გაზრდილი კლუბი. შესაძლებლობების ეს ფანჯარა ახლა ღიაა, მაგრამ შეიძლება დაიხუროს მომავალ წელს, როდესაც ევროკავშირი გადაერთვება ევროპარლამენტის არჩევნებზე და კომისიისა და საბჭოს პრეზიდენტების შერჩევაზე. ასევე ითვალისწინებენ, რომ კანდიდატის სტატუსს დიდი ფასი აღარც აქვს - ბოსნია-ჰერცეგოვინამ შარშან ეს სტატუსი ისე მიიღო, რომ საგრძნობი პროგრესი არ უჩვენებია. ასევე, ბრიუსელში არ სურთ, რომ საქართველო ძალიან ჩამორჩეს მოლდოვასა და უკრაინას.

ბოლო არგუმენტია (და, ალბათ საბოლოოდ ასეც მოხდება), რომ საქართველოს შეიძლება შესთავაზონ კანდიდატის სტატუსი დათქმებით - ანუ ქვეყანას გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს, რათა შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს.

ამ პირობებში შეიძლება შედიოდეს თავდაპირველი 12 რეკომენდაციის ნარჩენები. შარლ მიშელმა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ქვეყანას სჭირდება „მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება“. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ შარლ მიშელმა „ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესის გაღრმავებას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციის, კორუფციასთან ბრძოლისა და მედიის პლურალიზმის სფეროებში. პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ასევე დეპოლარიზაციას და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობას“.

ყველა ეს პირობა ბუნდოვანია. მის შესრულებას ვერ გაზომავ. ეს ევროკავშირს მოქმედების თავისუფლებას აძლევს. არ გამიკვირდება, თუ სხვა წევრი სახელმწიფოები დამატებით მოთხოვნებს წამოაყენებენ. მაგალითად, 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეიძლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გათავისუფლება მოითხოვონ, თუმცა ამას პირდაპირი ტექსტით არ დაწერენ.

მნიშვნელოვანია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხიც, რომელიც, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, სულ უფრო ანგარიშგასაწევი ხდება. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას აღიზიანებს, რომ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებების შესრულების მაჩვენებელი საქართველოში 44%-დან 31%-მდე დავიდა. მოლდოვა, რომელიც მსგავსი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, საპირისპირო მიმართულებით მიდის.

დაბოლოს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ახლო კავშირები აქვს ორბანის მთავრობასთან და სურს, რომ საქართველოსთვის ოქტომბერში დადებითი რეკომენდაცია გასცეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კომისრები ერთად იღებენ, მაგრამ ისინი, როგორც წესი, გაფართოებას ემხრობიან ხოლმე. არ გამიკვირდება, რომ უნგრეთმა თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს, როგორც quid pro quo უკრაინისათვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე მწვანე შუქის ასანთებად. ბუდაპეშტი ბოლო თვეებში ვეტოს ეფექტიანად იყენებს სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის გადასაჭრელად და რა შეუშლის ხელს, რომ ახლაც ასე მოიქცეს? თამაში მხოლოდ ახლა იწყება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG