Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2023

სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები

რუსეთის განათლების სისტემა, ისევე როგორც საჯარო საქმიანობის თითქმის ყველა სფერო, უკიდურესად იდეოლოგიზებულია. პუტინიზმის გავლენით იწერება ახალი სახელმძღვანელოები და მტკიცდება ახალი სასწავლო პროგრამები, ხოლო განსხვავებული აზრის მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები იდევნებიან უმაღლესი სასწავლებლებიდან. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი დატოვა რამდენიმე ასეულმა ცნობილმა მეცნიერმა, მათ შორის, რუსეთის ყველაზე რეიტინგული სასწავლებლის - მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის არაერთმა თანამშრომელმა, ბევრად მეტს (არასანდო პედაგოგებს) მოგვიანებით დაატოვებინეს სამსახური. აი, ასეთ გარემოში, სადაც იგნორირებულია საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპი - კვლევისა და სწავლების თავისუფლება, ეპატიჟება შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტი ქართველ ახალგაზრდებს, არც მეტი და არც ნაკლები, უმაღლესი განათლების მისაღებად.

„საქართველოს მოქალაქეები რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე შეძლებენ. აპლიკანტებს 1-ლი სექტემბრიდან შეუძლიათ მიმართონ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს...“ - საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ განაცხადის მისაღებად, რუსეთში სწავლის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს „სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე“ („განათლება რუსეთის ფედერაციაში“) და შეავსოს სპეციალური ფორმა.

რა შეიძლება რჯიდეს რუსეთს, როცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობს?

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უჭირს იმის თქმა, თუ რისთვის აკეთებს რუსეთი ამას, თუმცა იქვე შენიშნავს, ყველას მართებს სიფრთხილის გამოჩენაო:

„სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები“.

რას გულისხმობს რუსეთის ასეთი ინიციატივა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. „რუსეთში სწავლის მძებნელი“ აპლიკაციის შევსების პირველსავე საფეხურზე წააწყდება ღია მინიშნებას.

„ინფორმაცია თქვენს ქვეყანაში გავლილი შესარჩევი ტესტების შესახებ (მონაცემები საგნების, თარიღებისა და ჩატარების ადგილის შესახებ). ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ ქვეყანა“, - ასეთია შესავსები ფორმის პირველი საფეხური, რომლის გასავლელად ქვეყნის (საცხოვრებელი ადგილის) მითითებაა საჭირო. ქვეყნების ჩამონათვალი წინასწარაა მოცემული და მასში საქართველოს მსგავსად, ცალკე ქვეყნებად არიან შეტანილი აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, რაშიც, ცხადია, გასაკვირი არაფერია. რუსეთში სასწავლებლად მიწვეულ ახალგაზრდას უნდა ესმოდეს, რომ ბოლომდე მოუწევს პუტინის რუსეთის მიერ შექმნილი „ახალი რეალობის“ მიღება და გაზიარება. მას ასევე უნდა ესმოდეს, რომ ამ ახალი რეალობის ნაწილია რუსული უმაღლესი განათლების სრულად იდეოლოგიზებული გარემო, რასაც კატასტროფული მასშტაბი მიეცა უკრაინაში შეჭრისა და ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ გიგანტური ნაბიჯების გადადგმის შემდეგ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცალკე ქვეყნებადაა მითითებული
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცალკე ქვეყნებადაა მითითებული

ახალი რუსული რეალობის ნაწილია ისიც, რომ 2022 წელს რუსეთს დაატოვებინეს ბოლონიის პროცესი, რადგან რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემისათვის მიუღებელია უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის მიუღებელია ის, რომ:

  • უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობისა და გეოგრაფიული პირობების გამო სხვადასხვაგვარად ორგანიზებულ საზოგადოებებში, რომელიც ქმნის, ამოწმებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას კვლევისა და სწავლების გზით. არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კვლევა და სწავლება ზნეობრივად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებისაგან;
  • კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპია. ამიტომ, მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ ამ ფუნდამენტური მოთხოვნის პატივისცემა.
  • უნივერსიტეტი არის ევროპული ჰუმანისტური ტრადიციების მეურვე. იგი მუდმივად მიისწრაფვის უნივერსალური ცოდნისაკენ. მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას უნივერსიტეტი სცილდება გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და ადასტურებს სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის სასიცოცხლო აუცილებლობას.

„საუკეთესო რუსული უნივერსიტეტები კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე მზად არიან მიიღონ სტუდენტები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტით. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სრულიად უფასოდ სხვადასხვა მიმართულებით - მათემატიკური მეცნიერებებიდან მსახიობის ხელოვნებამდე. სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას და იცხოვრებენ საერთო საცხოვრებლებში“, - ასეთი სარეკლამო ტექსტით ცდილობს რუსეთის მთავრობა გაავრცელოს თავისი რბილი ძალა ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს და, რომლის სუვერენიტეტს დღემდე ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა თავისთავად ისიც საინტერესოა, მართლა რამდენად მიმზიდველია „საუკეთესო რუსული უნივერსიტეტები“. ამ საკითხზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნიან მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მართლაც საუკეთესო უნივერსიტეტში, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში.

მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის შენობა
მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის შენობა

2023 წლის 30 აგვისტოს სასწავლებლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ანდრეი იაკოვლევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პროფესორის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი 700-მდე პედაგოგმა და მკვლევარმა დატოვა. იაკოვლევი ირწმუნება, რომ უნივერსიტეტიდან მეცნიერთა გადინება დაჩქარდა 2021 წლის შუა რიცხვებიდან, როდესაც შეიცვალა სასწავლებლის ხელმძღვანელობა, თუმცა, მისივე თქმით, მასობრივი წასვლა დაიწყო უკრაინაში შეჭრის შემდგომ, როცა გაამკაცრეს კანონმდებლობა და უნივერსიტეტებში გაატარეს რეპრესიული პოლიტიკა თავისუფლად მოაზროვნე თანამშრომლების მიმართ.

ანდრეი იაკოვლევი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში 1993 წლიდან მუშაობდა, 18 წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის პრორექტორი, ეკავა მოქმედი პროფესორის, სამეცნიერო კომისიის თავმჯდომარის და საწარმოთა და ბაზრის ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები.

  • 2023 წლის აგვისტოში უნივერსიტეტიდან კიდევ ერთი დამფუძნებელი, პროფესორი იგორ ლიპსიცი წავიდა.
  • 2022 წლის ივლისში უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი.
  • 2019 წელს უნივერსიტეტი ერთდროულად დატოვა რამდენიმე ცნობილმა პროფესორმა, მათ შორის - პოლიტოლოგმა ალექსანდრ კინევმა.

რუსი მეცნიერები ხაზს უსვამენ ერთ დროს პრესტიჟული უნივერსიტეტის პოლიტიკის უხეშ იდეოლოგიურ რელსებზე გადაყვანის ფაქტს. 2023 წლის ივნისში, პოლიტოლოგმა სერგეი კარაგანოვმა, რომელიც მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანია, საჯაროდ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ. თუმცა უმაღლესი სასწავლებლის ეთიკის კომისიამ ვერ იპოვა კარაგანოვის განცხადების დაგმობის საფუძველი, კომისიამ სტატიაში ასევე ვერ აღმოაჩინა შეუსაბამობა უნივერსიტეტის წესებთან.

იმას, თუ როგორ შეიცვალა აკადემიური გარემო რუსეთში, გულდასმით აკვირდება და სწავლობს გამომძიებელ ჟურნალისტთა ინტერნეტგამოცემა „პროექტი“, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები მასობრივად ტოვებენ რუსეთს.

გამოცემამ დაადგინა იმ ცნობილი მეცნიერებისა და რუსეთის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორების ვინაობა, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვეს რუსეთი. საუბარია 28 ადამიანზე, რომელთა შორის არიან მსოფლიო სახელის მქონე სპეციალისტები, პრესტიჟული პრემიების ლაურეატები: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტი ვიქტორ ვასილიევი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ასტროფიზიკოსი იური კოვალევი, პროფესორები - ასტროფიზიკოსი სერგეი პოპოვი, ბიოლოგი ალექსანდრ მარკოვი და სხვ.

„რუსეთიდან წასული მეცნიერების საერთო რაოდენობა გაცილებით მეტია. მხოლოდ ორგანიზაცია Scholars at Risk-მა 200 ადამიანი გაიყვანა რუსეთიდან, კიდევ 62 მეცნიერს რუსეთის დატოვებაში დაეხმარა ჰუმბოლდტის გერმანული ფონდი, ხოლო იმ მეცნიერებისთვის გაკეთებულ Telegram-ჩეთებში, რომლებსაც რუსეთიდან გასვლა სჭირდებათ, ახლა 6 ათასზე მეტი ადამიანია“, - წერს „პროექტი“.

„მთელი სამეცნიერო დარგები გაჩერდა, კვლევები უბრალოდ აღარ ტარდება. მრავალი წლით უკან გადაგვისროლეს“, - უთხრა გამოცემას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა სერგეი პოპოვმა.

სერგეი პოპოვი
სერგეი პოპოვი

„პროექტის“ მიხედვით, ნიშანდობლივია ის, რომ არავის უცდია მეცნიერების დაყოლიება (დარჩენილიყვნენ რუსეთში), პირიქით, რუსეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები თვითონ ცდილობდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების განდევნას. ამ გარემოებამ განსაკუთრებით უნდა დააფიქროს რუსეთში უფასო სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდები. დღევანდელ რუსეთში სწავლა, სამეცნიერო მოღვაწეობა და ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად იზიარებ პუტინის რუსეთის იდეოლოგიას - რაშიზმისა თუ ნეოსტალინიზმის სახით. სხვა შემთხვევაში ან გაგაძევებენ ქვეყნიდან, ან უარესს დაგმართებენ.

მათემატიკოსებს რომ დავესესხოთ, გასათვალისწინებელია როგორც აუცილებელი, ასევე საკმარისი პირობა: რუსეთში სწავლისთვის მხოლოდ სწავლის წყურვილი საკმარისი არაა, აუცილებელია რუსული რეჟიმის სრული ლოიალობა, რაც უამრავი არაადამიანობის მხარდაჭერას და, მათ შორის, სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასაც გულისხმობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

*იდიოტს ძველი ბერძნები უწოდებდნენ პოლიტიკისგან განცალკევებულად მდგომ მოქალაქეს. მოქალაქეს, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ ქმედებასა და აზროვნებაზე.

- წვიმამ ქუჩები დატბორა, მთა ჩამოიშალა, უღელტეხილზე კლდე დაიშალა... ქვეყანა ფიგურალურად კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით იშლება...

- ქვეყანა ნაცებმა არ დაშალეს 2008 წელს? დაარიგეს მიწები...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ 2024-ის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- რუსეთის მოქალაქეები შეუზღუდავად შემოდიან საქართველოში... ალბათ, რამდენია სპეცსამსახურებიდან, ბინებს ყიდულობენ, მიწებს...

- რუსეთის მოქალაქეები ნაცების დროსაც შემოდიოდნენ...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- ტოტალური კორუფციაა, პროფესიონალებს სამსახურებიდან ყრიან, ნათესავებს და ნაცნობებს ნიშნავენ თანამდებობებზე, თავიანთი კლანები ჰყავთ... არაფერი არ კეთდება, ყველაფერი ფუჭდება და დეგრადირდება...

- კორუფცია ნაცების დროსაც იყო... ელიტური...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- მთავრობას ვერ გადავირჩევთ... ვინც ამათ მართავს, ჩრდილოვანი მმართველია, ავტოკრატი, ოლიგარქი, რომელიც ყველას ყიდულობს... ღარიბ ქვეყანაში ეს ადვილია... არჩევნებს გააყალბებს... ფულით მოისყიდის ადამიანებს, დააშინებს...

- არჩევნებს ნაცებიც აყალბებდნენ... დაშინება მაშინ იყო თუ იყო...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- აქედან გაქცევაზე ფიქრობს უმრავლესობა... ან დეპრესიაშია. პერსპექტივის შეგრძნება გაქრა, იმედი გაქრა... მარტო ამათი კლანებია დაცული. დაუცველობის შეგრძნებაა ყველგან... ქვეყანა უპატრონოდაა...

- ეს ქვეყანა ნაცების დროსაც დაუცველი იყო...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- ქვეყანა მოშლილია... არსად არ მიდის, არავინ არ მუშაობს... ფული და კონფორმიზმია ამათი ხელისუფლება... მარტო ბოტები ჰყავთ ორგანიზებული და პროპაგანდა. მხოლოდ სიძულვილის გაღვივებაში დებენ რესურსს, მტრის ხატებს ქმნიან და ტვინს ურეცხავენ ხალხს. სხვა ყველაფერი მორღვეული და დანგრეულია... პრობლემებს ვერ აგვარებენ - მარტო ბოტებს გისევენ... ვინც ხმას ამოიღებს კრიტიკულად, მტრად ეკიდებიან...

- ნაცების დროსაც მტრად ეკიდებოდნენ კრიტიკულად განწყობილ ხალხს...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- დასავლეთს ვშორდებით... არადა, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი დაგვიპყრობს... პროპაგანდა დასავლეთისგან ქმნის მტრის ხატს - გეგონება, ევროპა იყოს საქართველოს მტერი და არა პუტინის რუსეთი...

- რუსეთი ნაცების დროსაც გვიპყრობდა...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- წლები გადის, დროს ვკარგავთ, არ ვვითარდებით... პირიქით, უკან-უკან მივდივართ...

- წლები ნაცების დროსაც გადიოდა...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- ოლიგარქმა მოკლა პოლიტიკა, ავტორიტეტი დაუკარგა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს... ოპოზიციაც კი ქრება...

- ოპოზიცია ნაცების დროსაც აღარ იყო...

- ნაცებმა ხომ წააგეს არჩევნები 2012 წელს? 11 წელია აღარ არიან ხელისუფლებაში...

- ... რომ დაბრუნდნენ?

- და რომ არ დაბრუნდნენ, მაინც ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში 2024 წლის მერეც? სხვას მიეცი ხმა...

- სხვა ვის...

- აბა, რა ვქნათ?

- ამ ჟურნალისტების ისტერიკა აღარ შემიძლია... ტელევიზორს აღარ ვუყურებ...

- სულ წარსულში ყურება იდიოტიზმია...

- იდიოტები ნაცების დროსაც იყვნენ...

საუბარი გრძელდება დაუსრულებლად...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG