რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ კუდრიავცევმა ცოდვა დაასახელა გენეტიკური დაავადებების გამოწვევის მთავარ მიზეზად. სამყაროს ამგვარ ორიგინალურ ხედვაზე რუსმა აკადემიკოსმა ისაუბრა მინსკში გამართულ III საერთაშორისო სამეცნიერო-სასულიერო კონფერენციაზე სახელწოდებით „ღმერთი-ადამიანი-სამყარო“. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი კუდრიავცევი ამტკიცებს, რომ ადრე ადამიანები 900 წელს ცოცხლობდნენ, მაგრამ წარღვნის შემდეგ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის თქმით, ამის მიზეზი, "პირველქმნილ ცოდვასთან" ერთად, ჩადენილი და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვებია, რომლებიც იწვევენ გენეტიკურ დაავადებებს. აკადემიკოს კუდრიავცევის აზრით, გენეტიკური მუტაცია, „თუ არ მოხდება ღვთის სასწაული“, თავისით ვერ შეჩერდება.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მიხედვით, ღმერთმა შექმნა სრულყოფილი და ჰარმონიული სამყარო, მაგრამ ადამიანების ცოდვად დაცემის გამო დედამიწამ და სამყარომ დაიწყეს „ხრწნა". კუდრიავცემა მოხსენების მსვლელობისას წარმოადგინა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დროზე (და წესაბამისად, ცოდვებზე) დამოკიდებულების გრაფიკი.
გარდა ამისა, კუდრიავცევმა გაიმეორა შეთქმულების თეორიის თეზისები „ოქროს მილიარდის“ შესახებ და თქვა, რომ მსოფლიო არ დაანებებს რუსეთს „იცხოვროს მშვიდად და საკუთარი სცენარით“.
„ამიტომ ჩვენ მოგვიწევს საკუთარი თავის დაცვა, მათ შორის დაცვა სამხედრო საშუალებებითა. არსობრივად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ამის გაკეთება", - დაასკვნა კუდრიავცევმა.
სხვა ციტატები აკად. კუდრიავცევის მოხსენებიდან:
ალ. კუდრიავცევმა თავის მოხსენებაში ახსენა „ოქროს მილიარდი“ - შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი მთავარი ცნება, რომლის თანახმად, გარკვეული საიდუმლო ძალები ცდილობენ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი დედამიწის მოსახლეობის მცირე ნაწილის ხელში აღმოჩნდეს.
ეს კონცეფცია თითქმის არ გამოიყენება პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა (ასეთი შეთქმულება მათემატიკურადაც შეუძლებელია), თუმცა მასზე რამდენჯერმე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 2022 წელს ფორუმზე „ძლიერი იდეები ახალი დროისთვის“. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა:
"ე.წ. ოქროს მილიარდის ტოტალური ბატონობის მოდელი უსამართლოა. რატომ უნდა დომინირებდეს პლანეტის მთელ მოსახლეობაზე ეს "ოქროს მილიარდი“? რატომ უნდა უკარნახოს მან თავისი ქცევის წესები? ექსკლუზიურობის ილუზიიდან გამომდინარე, ეს მოდელი ყოფს ხალხებს პირველ და მეორე ხარისხის ადამიანებად, შესაბამისად, ის არის არსებითად რასისტული და ნეოკოლონიალური, ხოლო გლობალისტური, ვითომდა ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს მას, სულ უფრო მეტად იძენს ტოტალიტარიზმის ნიშნებს, აფერხებს შემოქმედებით ძიებას, თავისუფალ ისტორიულ მშენებლობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთს უბრალოდ არ შეუძლია მსოფლიოს მომავლის მოდელი შესთავაზოს. დიახ, რა თქმა უნდა, ეს "ოქროს მილიარდი" შემთხვევით არ არის ოქროსი. მან ბევრს მიაღწია, მაგრამ მიაღწია არა გარკვეული იდეების რეალიზების წყალობით, არამედ დიდწილად სხვა ხალხების ძარცვით - აზიასა და აფრიკაში. დღეს „ოქროს მილიარდის“ ელიტას საშინლად ეშინია, რომ სხვა მსოფლიო ცენტრებმა შეიძლება წარმოადგინონ საკუთარი განვითარების ვარიანტები“.
აკადემიკოსმა კუდრიავცემა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზეც ისაუბრა და ომის მიზეზად დაასახელა შეთქმულება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო არ აძლევს რუსეთს მშვიდობიანად ცხოვრებისა და განვითარების საშუალებას".
„ჩვენი რესურსები, უპირველეს ყოვლისა, საკვების, სუფთა წყლის, ენერგიის რესურსები ძალიან მიმზიდველია გარე სამყაროსთვის, იქნება ეს ევროპა თუ ჩინეთი. ამიტომ, გვინდა თუ არა, მოგვიწევს საკუთარი თავის დაცვა, მათ შორის სამხედრო საშუალებებით დაცვა. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ამის გაკეთება,”- დაასკვნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის, „თეორიას“ (ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა კავშირშია როგორც კონკრეტული პირის, ისევე მისი წინაპრების მიერ ჩადენილ ცოდვებთან) ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა რუსეთშივე.
„თუ აკადემიკოსის ლოგიკას მივყვებით, გამოვა, რომ რუსეთის მოქალაქეები საშუალოდ 20%-ით მეტს სცოდავენ, ვიდრე შეერთებული შტატების, იაპონიის ან საფრანგეთის მაცხოვრებლები, ვინაიდან ამ ქვეყნების მაცხოვრებლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 20%-ით მეტია, ვიდრე რუსებისა“, - წერს ერთ-ერთი კომენტატორი.
ალექსანდრ პანჩინის, რუსი ბიოინფორმატიკოსისა და მეცნიერების პოპულარიზატორის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ რელიგიისა და მეცნიერების შერევის მცდელობებს კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა:
„თეოლოგიის მეცნიერულ სპეციალობად გამოცხადება რუსეთის მეცნიერების დეგრადაციის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. ახლა ჩვენ ვხედავთ შორს წასულ დაავადებას: ბიოლოგიის სპეციალიზებული ინსტიტუტის დირექტორი გახდა ადამიანი, რომელიც ეყრდნობა კრეაციონისტის მიერ დაწერილ ანტიმეცნიერულ წიგნს, რომელშიც სწორხაზოვნად არის განმარტებული როგორც ბიბლია, ასევე მუტაციების გამომწვევი მიზეზები. თუ კი რამე დეგრადირდება სამყაროში, პირველ რიგში რუსეთის მეცნიერება და არამც და არამც კაცობრიობა“.
რუსი ბლოგერი ილია ვეიცმანი კი დარწმუნებულია, რომ აკადემიკოსმა იცის, რომ სისულელეს ამბობს, მაგრამ მას „კარგი ადგილის“ დაკარგვის შიში ალაპარაკებს:
„პუტინზე ჭკვიანად თავს ვერავინ წარმოაჩენს, ხელისუფლება ამას არ მოითმენს და რადგან თავად ბელადი სულაც არ არის მანათობელი შუქურა, მისი ახლო წრე იძულებულია გამოიყურებოდეს "მოსულელოდ, რათა თავისი გონიერებით არ შეაწუხოს უფროსობა". შემდეგ საფეხურზე - სადაც ასევე არ შეიძლება იყო უფროსზე ჭკვიანი - საჭირო აღარაა წინსართი „მო“, ამ საფეხურზე პირდაპირ სულელები სჭირდებათ, ხოლო კვლევითი ინსტიტუტების დირექტორების დონე იმგვარია, როგორიცაა ეს აკადემიკოსი“.
ცნობილი რუსი ჟურნალისტის ალექსანდრ ნევზოროვის თქმით კი, რუსეთში მეცნიერებამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ "პარაშასთან" იმყოფება და დაიწყო მანჭვა-გრეხვა საკნის ზედამხედველის გულის მოსაგებად.
„კრემლის „პახანი“, მოგეხსენებათ, რელიგიურია, უყვარს შეთქმულების თეორიები და ეზოთერიზმი. სხვა ვერაფერი ახსნის „ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის“ საჯარო ბოდვას. გასაგებია, რომ კუდრიავცევს ამოძრავებს გაუნათლებელი ჩეკისტის როგორც შიში, ასევე მისი გულის მოგების სურვილიც. თვითონ გაუნათლებელ ჩეკისტს კი სამყაროს თავისებური ხედვა ჩამოყალიბებული აქვს ამხანაგ დუგინის ხელმძღვანელობით“, - წერს ალექსანდრე ნევზოროვი.
თუმცა კუდრიავცევი კრიტიკას არ იღებს და მოუწოდებს "ოპონენტებს" ერთმანეთისგან გამიჯნონ მისი პროფესია და რწმენა.
"ზოგადად, ამ ამბავში გამაოგნა იმ ფაქტის მიუღებლობამ, რომ მეცნიერი შეიძლება იყოს მართლმადიდებელი. დიახ, მე ვარ მეცნიერი და ვიცი, რომ სამყაროს მეცნიერულ სურათში ღმერთის ადგილი არ არის, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ მეცნიერული კვლევა ჩავატარო და მჯეროდეს მისი. სამეცნიერო კონფერენციებზე რომ ვლაპარაკობ და სამეცნიერო ჟურნალებში რომ ვწერ სტატიებს, ასეთ მსჯელობას იქ ვერ ნახავთ. მაგრამ როცა სასულიერო კონფერენციაზე ვარ და იქ ვისაუბრებ, მაშინ ხელები შორს ჩემი რწმენიდან. ის თქვენ არ გეხებათ. ჩემს პროფესიასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ჩემი რწმენა ჩემი უფლებაა, რომლითაც ჩემი ქვეყნის კანონების და სინდისის შესაბამისად ვსარგებლობ", - ამბობს ალექსანდრ კუდრიავცევი "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
- მინსკში გამართული კონფერენციაზე ბევრი სხვა „საყურადღებოდა“ მოხსენება გაკეთდა. მაგალითად, ს. კაპილოვმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა წარმოადგინა ნაშრომი მრავლისმეტყველი სათაურით - „თანამედროვე ეკონომიკური მოდელის ძიებაში: ძველი აღთქმის გამოცდილება“, ხოლო რ. სილანტიევმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის დესტრუქტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, წაიკითხა ნაშრომი "სატანისტების ტერორიზმი თანამედროვე რუსეთში".