რუსეთის პოლიტიკური და ანალიტიკური წრეები პერიოდულად იწყებენ მსჯელობას ბირთვული იარაღის პრევენციული გამოყენებისა და რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ. ჟურნალმა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ („Russia in Global Affairs“) ახლახან გამოაქვეყნა რუსი პოლიტოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო თავმჯდომარის, სერგეი კარაგანოვის სტატია „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება“ („ბირთვული იარაღის გამოყენებას შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა გლობალური კატასტროფისგან“), რომელშიც პუტინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი განმარტავს, თუ რატომ უნდა მიიტანოს რუსეთმა პრევენციული ბირთვული იერიში აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მდებარე სამიზნეებზე.
პოლიტოლოგების შეფასებით, კარაგანოვის სტატია პუტინის გლობალური შანტაჟის სტრატეგიის ნაწილია და მისი დეგრადირების თვალსაჩინო ნიმუშადაც გამოდგება.
"დასავლეთთან შეჯახება გარდაუვალია"
სერგეი კარაგანოვი დარწმუნებულია, რომ კონვენციური ომით რუსეთი ვერაფერს გახდება უკრაინასა და დასავლეთთან. მართალია, სერგეი კარაგანოვი არ ამბობს, რუსეთის არმია ბრძოლის ველზე დამარცხდებაო, მაგრამ გამარჯვებაც შეუძლებლად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, რუსეთი გაიმარჯვებდა, „თუ შეძლებდა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის მიერთებას, დარჩენილი ნაწილის სრულ კაპიტულაცია-დემილიტარიზაციას და მისგან ბუფერული, მეგობრული სახელმწიფოს შექმნას“, რაც, სტატიის ავტორის თქმით, შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთის ნების გატეხით.
კარაგანოვი წერს, რომ დასავლეთი თმობს პოზიციებს, იცვლება ძალთა ბალანსი „გლობალური უმრავლესობის“ სასარგებლოდ: ეკონომიკური ლოკომოტივის როლში გამოდის ჩინეთი და ნაწილობრივ ინდოეთი, ხოლო სამხედრო-სტრატეგიული საყრდენის როლში - რუსეთი, „ასეთი ცვლილება (დასუსტება) კი აცოფებს დასავლეთის იმპერიულ ძალებს“.
„ამ პროცესის შესაჩერებლად დასავლეთი გაერთიანდა და უკრაინა აქცია დამრტყმელ მუშტად, რათა მისი საშუალებით ხელები შეუკრას რუსეთს - ნეოკოლონიალიზმის ბორკილებისგან გათავისუფლების პროცესში მყოფი სამყაროს სამხედრო-პოლიტიკურ ღერძს. იდეალურ შემთხვევაში ამერიკას უნდა რუსეთის განადგურება, რითაც კარდინარულად დაასუსტებს ჩინეთს - ალტერნატიულ ზესახელმწიფოს“, - წერს სერგეი კარაგანოვი, რომლის თქმითაც, რუსეთის დასავლეთთან შეჯახება გარდაუვალია და, შესაბამისად, არანაირი გამართლება არ აქვს პრევენციული დარტყმის დაგვიანებას:
„მრავალი წელია ვსწავლობ ბირთვული სტრატეგიის ისტორიას და მივედი ცალსახა, თუმცა არც ისე მეცნიერულ დასკვნამდე. ბირთვული იარაღის შექმნა უზენაესის ჩარევის შედეგია, რომელიც შეძრწუნდა, როცა დაინახა, რომ ხალხმა (ევროპელებმა და მათთან ერთად იაპონელებმა) ერთი თაობის განმავლობაში გააჩაღეს ორი მსოფლიო ომი, რამაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ღმერთმა გადასცა კაცობრიობას არმაგედონის იარაღი, აჩვენა მას, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. სწორედ ამ შიშს ეყრდნობოდა ბოლო სამი მეოთხედი საუკუნის შედარებითი მშვიდობა. ახლა ეს შიში გაქრა. ბირთვული შეკავების შესახებ ადრინდელი იდეების თვალსაზრისით წარმოუდგენელი რამ ხდება - ქვეყნების ერთმა ჯგუფმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა ბირთვულ ზესახელმწიფოსთან“.
დააყენებს თუ არა აშშ საფრთხის ქვეშ პირობით ბოსტონს პირობითი პოზნანის გამო?
სერგეი კარაგანოვის თქმით, რუსეთმა უნდა აღადგინოს ბირთვული ესკალაციის შიში, რაც მარტივად დასაძლევი ამოცანაა იმის გათვალისწინებით, რომ სტატიის ავტორი ურჩევს რუსეთის ხელისუფლებას, პრევენციის მიზნით გამოიყენოს ბირთვული იარაღი:
„ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ კიდევ ორი ან სამი წელი, გავწიროთ ათასობით ჩვენი საუკეთესო მამაკაცი და გავანადგუროთ ათობით და ასობით ათასი ადამიანი, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაცია არ შეიძლება დასრულდეს გადამწყვეტი გამარჯვებით დასავლეთის სტრატეგიული უკანდახევის ან კაპიტულაციის გარეშე. ჩვენ უნდა ვაიძულოთ დასავლეთი, უარი თქვას ისტორიის ჩარხის უკან დაბრუნების მცდელობებზე, უარი თქვას გლობალური დომინირების მცდელობებზე და ვაიძულოთ, იზრუნოს მხოლოდ საკუთარ თავზე. უხეშად რომ ვთქვათ, აუცილებელია, რომ დასავლეთმა უბრალოდ „დაახვიოს“ და ხელი არ შეუშალოს რუსეთსა და მსოფლიოს წინსვლაში... მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მზად ვართ მივაყენოთ შურისგების პრევენციული დარტყმა მის ყველა ამჟამინდელი და წარსული აგრესიის პასუხად, რათა თავიდან ავიცილოთ გლობალური თერმობირთვული ომი“.
სწორად აგებული ბირთვული იარაღის შეკავების თუ გამოყენების სტრატეგიით, წერს კარაგანოვი, რუსეთი მინიმუმამდე დაიყვანს თავის ტერიტორიაზე "საპასუხო" ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას, რადგან, მისი აზრით, ამერიკა ევროპელების დასაცავად არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს პირობით ბოსტონს პირობითი პოზნანის გამო.
„მაგრამ რა მოხდება, თუ ისინი უკან არ დაიხევენ? თუ სულ დაკარგეს თვითგადარჩენის ინსტინქტი? - კითხულობს სერგეი კარაგანოვი, - მაშინ მოგვიწევს დავარტყათ სამიზნეებს მთელ რიგ ქვეყნებში, რათა გონს მოვიყვანოთ ისინი. ეს მორალურად საშინელი არჩევანია - ჩვენ ვიყენებთ ღმერთის იარაღს, ვწირავთ საკუთარ თავს მძიმე სულიერი დანაკარგებისთვის. მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, შეიძლება არა მხოლოდ რუსეთი დაიღუპოს, არამედ, დიდი ალბათობით, დასრულდება მთელი საკაცობრიო ცივილიზაცია“.
ცნობილი რუსი ისტორიკოს-ამერიკანისტი ივან კურილა კარაგანოვის სტატიას დეგრადირების თვალსაჩინო ნიმუშად მიიჩნევს.
„კარაგანოვი გვთავაზობს ბირთვული ბომბის ჩამოგდებას პოზნანში და მოცდას, გაბედავენ თუ არა ამერიკელები რუსეთისათვის საპასუხო დარტყმის მიყენებას. მას მიაჩნია, რომ ამერიკელები რისკის ქვეშ არ დააყენებენ „ბოსტონს“ (შესაბამისად, დაიშლება ნატო და რუსეთი გაიმარჯვებს). ადრე დავწერდი, ალბათ ცდილობენ დეგრადირებულ ნაძირალებად მოაჩვენონ მსოფლიოს თავი-მეთქი, მაგრამ ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ მართლა არ დეგრადირდნენ", - დაწერა პროფესორმა კურილამ სერგეი კარაგანოვის სტატიის კომენტირებისას.
კარაგანოვს კი სხვა გლობალური მოთამაშეების - ჩინეთის და სხვა ბირთვული ქვეყნების რეაქციაზეც აქვს ნაფიქრი:
- რუსეთმა რომ ატომური იარაღი გამოიყენოს, ჩინელები ამას დაგმობენ, მაგრამ გულში ალბათ გაიხარებენ, რადგან ძლიერი დარტყმა მიაყენეს შეერთებული შტატების რეპუტაციას და პოზიციებს.
- როგორი იქნებოდა რეაქცია, თუ პაკისტანი თავს დაესხმება ინდოეთს ან პირიქით? შევძრწუნდებით. დავმწუხრდებით, რომ ბირთვული ტაბუ დაირღვა. შემდეგ კი ჩვენ დავიწყებთ მსხვერპლთა დახმარებას და შესაბამისი ცვლილების შეტანას ჩვენს ბირთვულ დოქტრინაში.
- ინდოეთისთვის, მსოფლიოს უმრავლესობის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ბირთვული ქვეყნებისთვის (პაკისტანი, ისრაელი), ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება ძნელად მისაღებია როგორც მორალური, ასევე გეოსტრატეგიული მიზეზების გამო. თუ ამ იარაღს მოქმედებაში მოიყვანენ, გაუფასურდება ბირთვული ტაბუ - მოსაზრება, რომ ასეთი იარაღი არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული და რომ მისი გამოყენება პირდაპირი გზაა ბირთვული არმაგედონისაკენ.
სერგეი კარაგანოვს ესმის, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის პრევენციული გამოყენების გამო სწრაფი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა იმედოვნებს, რომ „გლობალურ სამხრეთში ბევრი იგრძნობს კმაყოფილებას მათი ყოფილი მჩაგვრელების განადგურებით“.
ვრცელი სტატიის ბოლო აბზაცში ავტორი მაინც გამოთქვამს იმედს, რომ პრევენციულ დარტყმას არ მოჰყვება საპასუხო დარტყმები და, რომ შესაძლებელი იქნება გამარჯვება და მტრის გონზე მოყვანა უკიდურესი ზომების გარეშე:
„მტერი იძულებული იქნება უკან დაიხიოს. რამდენიმე წელიწადში კი დავიკავებთ პოზიციას აშშ-თან ბრძოლაში ჩაბმული ჩინეთის ზურგს უკან ისე, როგორც ახლა ის დგას ჩვენ უკან. ასეთ შემთხვევაში ეს დაპირისპირება შეიძლება დიდი ომის გარეშე დასრულდეს“.
პოლიტოლოგ ილია ბუდრაიცკისის თქმით, კარაგანოვის სტატია პუტინის გლობალური შანტაჟის სტრატეგიის ნაწილია, თუმცა, მისი თქმით, ამ ტექსტში გაკეთებულია ორი ახალი და მნიშვნელოვანი დაშვება:
- შესაძლებელია ბირთვულ ომში გამარჯვება. შესაბამისად, ღირს სცადოს რუსეთმა
- ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის გამოწვევა მთელი კაცობრიობისთვის. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ბევრი პოლუსია - რაც გამოწვევაა ამერიკელისთვის, კარგია რუსისთვის, ჩინელებისთვის კი სულერთია.
„ეს არის ბოლო ათწლეულების ბირთვულ იარაღზე დისკუსიის საფუძვლების ძალიან სერიოზული ცვლილება, რომელიც უკვე მიმდინარეობს რიტორიკის დონეზე, რაც ნამდვილად საგანგაშოა“, - ამბობს პოლიტოლოგი.
ჟურნალისტ სტანისლავ კუჩერის თქმით, სერგეი კარაგანოვი ყოველთვის უკიდურესად მგრძნობიარედ რეაგირებდა კრემლში გაჩენილ მოთხოვნილებებზე. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ის ჯერ მედასავლეთე იყო, შემდეგ პრიმაკოვის დროს, დერჟავნიკი გახდა:
„არანაირი სენსაცია ამ სტატიაში არაა - კარაგანოვის მოწოდება დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ აბსოლუტურად ლოგიკურად ჯდება პუტინის ბირთვული შანტაჟის პოლიტიკასა და რუსების თვალში ასეთი პერსპექტივის ლეგალიზების ძალისხმევაში. თავად კარაგანოვმა იგრძნო მოთხოვნილების გაჩენა და ინიციატივა გამოიჩინა თუ დაავალეს, მეორეხარისხოვანი საკითხია“.
ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერის აბას გალიამოვის თქმით, საქმე იმაზე ბევრად მარტივადაა, ვიდრე ბევრს ჰგონია:
„Რა მოხდა?! კრემლმა დაავალა მსგავსი რამ ეთქვა, რადგან საჭიროა განვითარდეს აზრი, რომელიც აუცილებლად გაჩნდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ: "ისინი სრულიად ბოლომოღებული ნაძირალები არიან და, ალბათ, უმჯობესია არ გავრისკოთ და არ მოვიმწყვდიოთ კუთხეში". ყველაფერი ზედაპირზეა, არანაირი ინტრიგა აქ არაა. ისინი უბრალოდ აშინებენ მსოფლიოს. ადრე მედვედევი აჟღარუნებდა იარაღს, ახლა კარაგანოვს დაავალეს“.