Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 25 აგვისტო. See content from before

ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2023

ომის ვირუსი სპეციფიკურ თავებში მწიფდება. პუტინის სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, კი ის ნიადაგია, რომელიც ამ ვირუსის გამრავლებისთვის ნოყიერი აღმოჩნდა. მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ამ სტატიით პუტინი უარყოფს უკრაინელი ერის არსებობას. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში „პუტინის თავს“ ავიწყდება, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, „რომანოვების თავი“ უკრაინულ ნაციონალიზმში ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავდა.

ერთი ანეკდოტის მიხედვით, „ერი ეს არის ადამიანთა ჯგუფი, გაერთიანებული ცრუ ილუზიით საკუთარი წარმოშობის შესახებ და საერთო ზიზღით მეზობლების მიმართ“. ეს ხუმრობა ხაზს უსვამს ეროვნული ცნობიერების მთავარ მუხტს - კოლექტიურ იდენტიფიკაციას სხვაობის მეშვეობით: ჩვენ ვართ „ჩვენ“, რადგან ჩვენ არ ვართ „სხვანი“.

დომინანტი „სხვის“ წინააღმდეგ აჯანყებული „ჩვენ“ ძირითადად საზრდოობდა საკუთარი კონფესიური თუ ლინგვისტური განსაკუთრებულობის არგუმენტით. დომინანტი „სხვა“ კი უარყოფდა დომინირებული „ჩვენის“ განსაკუთრებულობას. მაგალითად, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, რომელშიც ერების უფლებები პირამიდული (არათანაბარი) პრინციპით იყო განაწილებული, უნგრელები - გერმანიზაციის, რუმინელები - მადიარიზაციის, ხოლო ავსტრიელი უკრაინელები - პოლონიზაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ. რაც შეეხება რუსეთის იმპერიას - იქ პოლონური კათოლიციზმი ებრძოდა რუსულ მართლმადიდებლობას, ხოლო უკრაინული უნიატური ეკლესია და უკრაინული ენა ცდილობდა შეეჩერებინა რუსული ენისა და მართლმადიდებლური რელიგიის ექსპანსია.

მეცხრამეტე საუკუნის შუიდან მოყოლებული, საარქივო მასალები აჩვენებს, რომ დომინანტ რუსულ „სხვას“ ნათლად აქვს გააზრებული ჩაგრული უკრაინული „ჩვენის“ განსაკუთრებულობა. მკითხველს ალბათ გაგონილი აქვს სანქტ-პეტერბურგის 1863 და 1876 წლების დადგენილებების შესახებ, რომლებიც კრძალავდა უკრაინული ენის გამოყენებას რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. თუმცა საარქივო მასალა აჩვენებს, რომ ამ დეკრეტებამდეც ბევრად ადრე რომანოვების ადმინისტრაცია დიდ საფრთხედ მიიჩნევდა უკრაინულ ნაციონალურ მოძრაობას.

მაგალითად, 1847 წელს უნგრელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ფერენც ლისტი კონცერტების სერიას გამართავს უკრაინის ქალაქებში: კიევში, ჟიტომირში, ნემიროვში, ბერდიჩევსა და კრემენეცში. ის ფაქტი, რომ მუსიკოსი უარს იტყვის კონცერტების სერიაზე რუსეთის ტერიტორიაზე, რომანოვების ადმინისტრაციაში აღძრავს ეჭვს, რომ ფერენც ლისტი უკრაინული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაფინანსებლად აგროვებდა ფულს. კიევის გუბერნიის ოხრანკის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ნოიმანი გენერალ-გუბერნატორ ბიბიკოვს მოხსენებაში ატყობინებდა, რომ კონცერტებზე ადგილობრივი თავადაზნაურობის დიდი მობილიზაცია და შეგროვებული თანხის განსაკუთრებულად დიდი ოდენობა ეჭვს აღძრავს, რომ ფული შეგროვდა, რათა მოხმარდეს უკრაინულ ნაციონალურ მოძრაობას. მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს დოკუმენტის თარიღს - ე.წ. „ევროპული ერების გაზაფხულამდე“ ერთი წლით ადრე (მხედველობაში მაქვს 1848 წელს ევროპაში ადიდებული ნაციონალიზმის ტალღა) რომანოვების იმპერია უკვე როგორ უფრთხოდა უკრაინულ ნაციონალიზმს.

მეორე დოკუმენტი, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ ეშინოდა რუსეთის იმპერიას უკრაინული ეროვნული მოძრაობისა, 64 წლით უფრო გვიან არის შედგენილი. 1914 წლის თებერვალში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ხუთი თვით ადრე, პიოტრ დურნოვო მემორანდუმს წარუდგენს ნიკოლოზ II-ს. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დურნოვო კონსერვატორების ლიდერი იყო რუსეთის ზედა პალატაში. მისი ავტორიტეტი რუსეთის იმპერიის კარზე უდიდესი იყო - ნიკოლოზ II 1913-1914 წწ. ზამთარში მას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს შესთავაზებს, რაზეც ეს უკანასკნელი უარს განაცხადებს. მემორანდუმში დურნოვო ამტკიცებდა, რომ რუსეთის იმპერია არც ერთ ვარიანტში არ უნდა ჩართულიყო ევროპულ კონფლიქტში, რადგან გერმანიასა და ავსტრიაზე გამარჯვებითაც კი ვერაფერს მოიგებდა. დურნოვოს აზრით, რუსული პოლიტიკური მიზნების მიღწევის შემთხვევაში, რაც გულისხმობდა უკრაინელებით დასახლებული ავსტრიული გალიციის ანექსირებას, რუსულ იმპერიაში შემოიტანდა უკრაინული ნაციონალიზმის ისეთ ძლიერ მუხტს, რომელიც რომანოვების იმპერიას დაშლის პირამდე მიიყვანდა. სხვათა შორის, დურნოვო იქვე წერდა, რომ ევროპულ კონფლიქტში დამარცხების შემთხვევაში რომანოვების იმპერიას რევოლუცია და დაშლა დაემუქრებოდა (პიოტრ დურნოვო იმდენად ზუსტად იწინასწარმეტყველებს რუსეთის იმპერიაში განვითარებულ მოვლენებს, რომ ერთი პერიოდი ისტორიკოსები ამ მემორანდუმის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდნენ).

ის, თუ როგორ ეშინოდა რომანოვების იმპერიას უკრაინული ნაციონალიზმისა, ამას მშვენივრად ხედავდა რუსეთის ყველაზე დიდი მტერი - ავსტრია-უნგრეთის იმპერია. 1912 წლის ზაფხულში ვენასა და სანქტ-პეტერბურგს შორის ბალკანეთის საკითხის გამო გაგანია კრიზისის დროს გრაფი ლეოპოლდ ბერხტოლდი, ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი ელჩი პეტერბურგში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განუცხადებს კოლეგებს, რომ რუსეთ-ავსტრიის ურთიერთობებში იყო ერთი საკვანძო საკითხი, - უკრაინის საკითხი, - რომლის მშვიდობიანად მოგვარება მას შეუძლებლად ეჩვენებოდა: ერთი მხრივ, ჰაბსბურგების იმპერიას სურდა ავსტრია-უნგრეთის ოთხი მილიონი უკრაინელისათვის მიეცა ანალოგიური კულტურული და პოლიტიკური უფლებები, რომლებითაც იმპერიის სხვა ერები სარგებლობდნენ. მეორე მხრივ, ვენამ იცოდა, რომ ავსტრიელი უკრაინელებისათვის ამ უფლების მიცემა casus belli იქნებოდა სანქტ-პეტერბურგისთვის...

ასე რომ, უკრაინელი ერი მეტ-ნაკლებად ისეთივე ძველია, როგორც ევროპის სხვა ერები. მკითხველს შეიძლება გადამეტებულად მოეჩვენოს ჩემი ეს განცხადება, მაგრამ როგორც ერთ ჩემს იტალიელ მეგობარს შევახსენე, 1860-იანი წლების დასაწყისში. ახლად დაარსებული იტალიის სამეფო არ მოიცავდა არც რომს და არც ვენეციას და რომ არა იტალიისათვის იღბლიან მოვლენათა ჯაჭვი, კაცმა არ იცის, გახდებოდა თუ არა რომი იტალიის ან ქალაქი, ან დედაქალაქი... ჰო, ისიც დავამატე, რომ მაშინ იტალიელთა მხოლოდ ორიოდ პროცენტი თუ ფლობდა თავისუფლად იტალიურ ენას...

უბრალოდ ეროვნული თავგანწირვა და გეოპოლიტიკური იღბალი ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არაა და უკრაინელი ერის ისტორია ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია.

რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი
რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი

ათენში ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების ლიდერების შეკრებამ რამდენიმე მინიშნება მოგვცა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს გაფართოების პროცესი შემოდგომაზე და მომდევნო წლების განმავლობაში. გამოჩნდა ისიც, რომ მთელ ამ პროცესს მტკივნეული პრობლემები ახლავს თან.

თავიდან, მოდით, კონტექსტი განვიხილოთ. საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრის ორგანიზატორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი გახლდათ. ეს სამიტი უკვე რამდენიმე წელია, რაც რეგულარულად იმართება. მასში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები დასავლეთ ბალკანეთიდან - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი.

გარკვეულწილად ამ სამიტით საბერძნეთი რეგიონის ლიდერობის დემონსტრირებას ახდენს. წელს ასევე 20 წელი შეუსრულდა თესალონიკის ისტორიულ გადაწყვეტილებას - საბერძნეთის სიდიდით ამ მეორე ქალაქში მაშინ გადაწყდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ასე რომ, სამიტს მემკვიდრეობა და სიმბოლურობაც თან ახლდა.

თუმცა, 21 აგვისტოს შეხვედრა მხოლოდ წარსულის სიმბოლოებს არ შეეხებოდა. სიახლეც ბევრი იყო. შეკრებას ორი ახალი სტუმარი შემოუერთდა: მოლდოვა და უკრაინა და ის ერთგვარ „ევროკავშირის გაფართოების არაფორმალურ სამიტად“ იქცა. ახალი კანდიდატები, კიევი და კიშინიოვი, ელიან, რომ გაწევრიანებების ოფიციალური მოლაპარაკებები წლის ბოლოს დაიწყება. თუმცა, აქ ახალი კითხვები ჩნდება. პირველ რიგში კი ეს შეკითხვა: სად იყო ევროკავშირის წევრობის მსურველი კიდევ ორი ქვეყანა - თურქეთი და საქართველო?

ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატს გავესაუბრე, რომლებმაც თქვეს, რომ საბერძნეთმა მოსაწვევი ანკარასაც გაუგზავნა და თბილისსაც, თუმცა ისიც აღიარეს, რომ ეს მოწვევა „საკამათო“ და „სახელდახელო“ იყო და, რომ ეს მუდმივ ფორმატს არ წარმოადგენდა. ერთმა დიპლომატმა შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყვნენ ათენში თურქეთი და საქართველო, ასეთი პასუხი გამცა: „მოწვეული ქვეყნები უფრო წინ არიან წაწეულნი გაწევრიანების გზაზეო“. ეს შეფასება შეიძლება სწორად მოგეჩვენოთ - თბილისი მართლაც ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს, რადგან ჯერ კანდიდატის სტატუსი არა აქვს. ამ დამოკიდებულებას აძლიერებს იმის აღქმაც, რომ თბილისი დაახლოებული მოჩანს მოსკოვსა და პეკინთან. თურქეთის მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკვე წლებია, რაც გაიყინა - ანკარასა და ევროკავშირს ბევრ სხვადასხვა საკითხზე აქვთ უთანხმოება. თუმცა, ფორმალურად, თურქეთი ბევრ სხვა ქვეყანაზე წინაა - მათ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2006 წელს დაიწყეს, რაც მას ნომინალურად მონტენეგროსა და სერბეთის გვერდით აყენებს. აღსანიშნავია, რომ ათენში კოსოვოც იყო ჩასული, რომელსაც ევროკავშირი დამოუკიდებელ ქვეყნადაც კი არ აღიარებს.

თუმცა, როგორც ჩანს, აქ სხვა ფაქტორებიც მუშაობს. შემოდგომაზე ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი თემა „აბსორბციის (შთანთქმის) შესაძლებლობა“ იქნება. ეს ტერმინი გულისხმობს, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ბლოკი გაფართოების შემდეგ. მსგავსი ბიუროკრატიული და საკანონმდებლო საქმიანობით მხოლოდ ევროკავშირის თავგადაკლული ენთუზიასტები არიან ხოლმე დაინტერესებულნი. თუმცა, აქ ვხედავთ ბრიუსელში მომხდარ ძირეულ ძვრას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია. ახლა საკითხი ასე კი აღარ დგას - „მოხდება თუ არა გაფართოება“, არამედ - „როდის“ და „როგორ“.

ამ ცვლილების უკან კი დგანან ევროკავშირის დასავლელი წევრები, რომლებიც, როგორც წესი, გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ხოლმე. საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავის პირველად მოსაზრებებს სექტემბერში წარადგენს. ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება (EPC) შეიკრიბება და „შთანთქმის შესაძლებლობაზე“ იმსჯელებს. ევროკავშირმა კი დეკემბერში შეიძლება მიიღოს პოლიტიკური და ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები.

„აბსორბციის შესაძლებლობის“ განხილვისას ხშირად მსჯელობენ, თუ როგორი იქნება „35-ის ევროკავშირი“. აქ 2035 წელი არ იგულისხმება, არამედ მომავლის ევროკავშირი, რომელსაც ახალი წევრები ეყოლება. ანუ, გამოდის, რომ ევროკავშირის 27 წევრს კიდევ 8 დაემატება. მაგრამ ამჟამად გაწევრიანება 10 ქვეყანას სურს: დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს, თურქეთს, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს. რომელ ორს არ განიხილავენ მომავალ წევრებად? დიპლომატები ირწმუნებიან, რომ „35-ის ევროკავშირში“ კონკრეტული ქვეყნები არ მოიაზრება, მაგრამ მე ამის ბოლომდე არ მჯერა. ათენის სამიტმა შეიძლება მიგვანიშნოს, თუ რომელ 35 ქვეყანაზეა ლაპარაკი.

თავად შეხვედრამ როგორ ჩაიარა?

ზედაპირულად ყველაფერი კარგად იყო, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებაში მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან. როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები პირად საუბრებში გამომიტყდნენ, ბალკანეთის ქვეყნები შიშობენ, რომ კიევი და კიშინიოვი შეიძლება ევროკავშირში მათზე წინ, „ურიგოდ შეძვრნენ“. არადა, ეს ექვსი ქვეყანა უკვე ათ წელზე მეტია, რაც გაწევრიანებას ელის და ჯერ ამ პროცესს წინსვლა არ ეტყობა. სამიტის მიმდინარეობისას მომხდარმა ერთმა ინციდენტმა კი აჩვენა, როგორ შეიძლება ორმხრივი ურთიერთობების დეტალი იქცეს წინაღობად ბრიუსელისაკენ მიმავალ გზაზე.

ათენში არ დაპატიჟეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა. ამის მიზეზი იყო ფრედი ბელერის - ალბანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰიმარეს მერობის კანდიდატის დაპატიმრება. ფრედი ბელერი კენჭს ბერძენი უმცირესობით დაკომპლექტებული პარტიის სახელით იყრიდა, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციური კოალიციის ნაწილია. ბელერს არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი. ის მაისიდან პატიმრობაშია, რამაც საბერძნეთის ხმამაღალი პროტესტი გამოიწვია. ტირანა კი, თავის მხრივ, ათენს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს.

ახლა შესაძლოა, რომ საბერძნეთმა წლის ბოლოს დაბლოკოს ალბანეთის მიერ ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება. ეს კი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ლაპარაკისა „შთანთქმასა“ და 35 თუ 37 წევრი ქვეყნის განხილვაზე, საბოლოოდ მთელი ეს პროცესი დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ და, ზოგჯერ, ადგილობრივ პოლიტიკაზე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG