Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენის სამიტის შედეგები - ვინ დაემატა, ვინ გამოაკლდა და რას ამბობენ ევროკავშირის გაფართოებაზე


რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი
რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი

ათენში ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების ლიდერების შეკრებამ რამდენიმე მინიშნება მოგვცა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს გაფართოების პროცესი შემოდგომაზე და მომდევნო წლების განმავლობაში. გამოჩნდა ისიც, რომ მთელ ამ პროცესს მტკივნეული პრობლემები ახლავს თან.

თავიდან, მოდით, კონტექსტი განვიხილოთ. საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრის ორგანიზატორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი გახლდათ. ეს სამიტი უკვე რამდენიმე წელია, რაც რეგულარულად იმართება. მასში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები დასავლეთ ბალკანეთიდან - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი.

გარკვეულწილად ამ სამიტით საბერძნეთი რეგიონის ლიდერობის დემონსტრირებას ახდენს. წელს ასევე 20 წელი შეუსრულდა თესალონიკის ისტორიულ გადაწყვეტილებას - საბერძნეთის სიდიდით ამ მეორე ქალაქში მაშინ გადაწყდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ასე რომ, სამიტს მემკვიდრეობა და სიმბოლურობაც თან ახლდა.

თუმცა, 21 აგვისტოს შეხვედრა მხოლოდ წარსულის სიმბოლოებს არ შეეხებოდა. სიახლეც ბევრი იყო. შეკრებას ორი ახალი სტუმარი შემოუერთდა: მოლდოვა და უკრაინა და ის ერთგვარ „ევროკავშირის გაფართოების არაფორმალურ სამიტად“ იქცა. ახალი კანდიდატები, კიევი და კიშინიოვი, ელიან, რომ გაწევრიანებების ოფიციალური მოლაპარაკებები წლის ბოლოს დაიწყება. თუმცა, აქ ახალი კითხვები ჩნდება. პირველ რიგში კი ეს შეკითხვა: სად იყო ევროკავშირის წევრობის მსურველი კიდევ ორი ქვეყანა - თურქეთი და საქართველო?

ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატს გავესაუბრე, რომლებმაც თქვეს, რომ საბერძნეთმა მოსაწვევი ანკარასაც გაუგზავნა და თბილისსაც, თუმცა ისიც აღიარეს, რომ ეს მოწვევა „საკამათო“ და „სახელდახელო“ იყო და, რომ ეს მუდმივ ფორმატს არ წარმოადგენდა. ერთმა დიპლომატმა შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყვნენ ათენში თურქეთი და საქართველო, ასეთი პასუხი გამცა: „მოწვეული ქვეყნები უფრო წინ არიან წაწეულნი გაწევრიანების გზაზეო“. ეს შეფასება შეიძლება სწორად მოგეჩვენოთ - თბილისი მართლაც ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს, რადგან ჯერ კანდიდატის სტატუსი არა აქვს. ამ დამოკიდებულებას აძლიერებს იმის აღქმაც, რომ თბილისი დაახლოებული მოჩანს მოსკოვსა და პეკინთან. თურქეთის მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკვე წლებია, რაც გაიყინა - ანკარასა და ევროკავშირს ბევრ სხვადასხვა საკითხზე აქვთ უთანხმოება. თუმცა, ფორმალურად, თურქეთი ბევრ სხვა ქვეყანაზე წინაა - მათ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2006 წელს დაიწყეს, რაც მას ნომინალურად მონტენეგროსა და სერბეთის გვერდით აყენებს. აღსანიშნავია, რომ ათენში კოსოვოც იყო ჩასული, რომელსაც ევროკავშირი დამოუკიდებელ ქვეყნადაც კი არ აღიარებს.

თუმცა, როგორც ჩანს, აქ სხვა ფაქტორებიც მუშაობს. შემოდგომაზე ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი თემა „აბსორბციის (შთანთქმის) შესაძლებლობა“ იქნება. ეს ტერმინი გულისხმობს, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ბლოკი გაფართოების შემდეგ. მსგავსი ბიუროკრატიული და საკანონმდებლო საქმიანობით მხოლოდ ევროკავშირის თავგადაკლული ენთუზიასტები არიან ხოლმე დაინტერესებულნი. თუმცა, აქ ვხედავთ ბრიუსელში მომხდარ ძირეულ ძვრას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია. ახლა საკითხი ასე კი აღარ დგას - „მოხდება თუ არა გაფართოება“, არამედ - „როდის“ და „როგორ“.

ამ ცვლილების უკან კი დგანან ევროკავშირის დასავლელი წევრები, რომლებიც, როგორც წესი, გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ხოლმე. საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავის პირველად მოსაზრებებს სექტემბერში წარადგენს. ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება (EPC) შეიკრიბება და „შთანთქმის შესაძლებლობაზე“ იმსჯელებს. ევროკავშირმა კი დეკემბერში შეიძლება მიიღოს პოლიტიკური და ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები.

„აბსორბციის შესაძლებლობის“ განხილვისას ხშირად მსჯელობენ, თუ როგორი იქნება „35-ის ევროკავშირი“. აქ 2035 წელი არ იგულისხმება, არამედ მომავლის ევროკავშირი, რომელსაც ახალი წევრები ეყოლება. ანუ, გამოდის, რომ ევროკავშირის 27 წევრს კიდევ 8 დაემატება. მაგრამ ამჟამად გაწევრიანება 10 ქვეყანას სურს: დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს, თურქეთს, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს. რომელ ორს არ განიხილავენ მომავალ წევრებად? დიპლომატები ირწმუნებიან, რომ „35-ის ევროკავშირში“ კონკრეტული ქვეყნები არ მოიაზრება, მაგრამ მე ამის ბოლომდე არ მჯერა. ათენის სამიტმა შეიძლება მიგვანიშნოს, თუ რომელ 35 ქვეყანაზეა ლაპარაკი.

თავად შეხვედრამ როგორ ჩაიარა?

ზედაპირულად ყველაფერი კარგად იყო, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებაში მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან. როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები პირად საუბრებში გამომიტყდნენ, ბალკანეთის ქვეყნები შიშობენ, რომ კიევი და კიშინიოვი შეიძლება ევროკავშირში მათზე წინ, „ურიგოდ შეძვრნენ“. არადა, ეს ექვსი ქვეყანა უკვე ათ წელზე მეტია, რაც გაწევრიანებას ელის და ჯერ ამ პროცესს წინსვლა არ ეტყობა. სამიტის მიმდინარეობისას მომხდარმა ერთმა ინციდენტმა კი აჩვენა, როგორ შეიძლება ორმხრივი ურთიერთობების დეტალი იქცეს წინაღობად ბრიუსელისაკენ მიმავალ გზაზე.

ათენში არ დაპატიჟეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა. ამის მიზეზი იყო ფრედი ბელერის - ალბანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰიმარეს მერობის კანდიდატის დაპატიმრება. ფრედი ბელერი კენჭს ბერძენი უმცირესობით დაკომპლექტებული პარტიის სახელით იყრიდა, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციური კოალიციის ნაწილია. ბელერს არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი. ის მაისიდან პატიმრობაშია, რამაც საბერძნეთის ხმამაღალი პროტესტი გამოიწვია. ტირანა კი, თავის მხრივ, ათენს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს.

ახლა შესაძლოა, რომ საბერძნეთმა წლის ბოლოს დაბლოკოს ალბანეთის მიერ ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება. ეს კი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ლაპარაკისა „შთანთქმასა“ და 35 თუ 37 წევრი ქვეყნის განხილვაზე, საბოლოოდ მთელი ეს პროცესი დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ და, ზოგჯერ, ადგილობრივ პოლიტიკაზე.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG