Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 2 მაისი. See content from before

ოთხშაბათი, 26 აპრილი 2023

ორიოდ თვის წინ, The New York Times-მა, გაზეთმა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, გამოაქვეყნა ვაშინგტონსა და კიევში საკუთარი მთავარი კორესპონდენტების ერთობლივი სტატია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მოახერხეს ზელენსკიმ და ბაიდენმა ომის დროს მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. სტატიის ავტორების თქმით, თუ ზელენსკი არის თანამედროვე უინსტონ ჩერჩილი, (...) მაშინ ბაიდენი თავის თავს ხედავს პერლ-ჰარბორამდელი რუზველტის როლში, რომელმაც ევროპელი მოკავშირეების შეიარაღებისათვის ერთ მუჭად შეკრა მსოფლიოს დემოკრატია. ამერიკელი ჟურნალისტები ასევე ციტირებენ მაიკლ მაკფოლს, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მოსკოვში, რომლის აზრითაც, ბაიდენი სამართლიანად თვლის, რომ მან მოახდინა ამერიკისა და მსოფლიოს მობილიზება, რომ პენტაგონმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გაკეთებულა და რომ იმედგაცრუებულია, ვინაიდან საკმარისად არ არის დაფასებული ამის გამო.

მართალია, რომ ვაშინგტონს არასდროს გაუკეთებია ამდენი მოკავშირეებისათვის? შეგვიძლია ბაიდენის რუზველტთან შედარება? მოდით, ჯერ რიცხვებს შევხედოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ლონდონს მიაწოდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების 7,2%. თუ ამას მივამატებთ სხვა მოკავშირეებისათვის გაწეულ დაახმარებას, მაშინ ეს რიცხვი 14,2%-ს აღწევს. 2023 წელს, ვაშინგტონი გეგმავს საკუთარი წლიური სამხედრო ბიუჯეტის 5,4%-ის მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას, მაგრამ თუ გამოვიყენებთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოთვლის მეთოდს, ეს მაჩვენებელი 3,2% და 4%-ს შორის მერყეობს.

თუ შემოვიფარგლებით პერლ ჰარბორამდე პერიოდით, როდესაც შეერთებული შტატები ეკონომიკური გიგანტი და სამხედრო ქონდრისკაცი გახლდათ, ლონდონისადმი ვაშინგტონის დახმარება იმდენად გულუხვი იყო, რომ ამან აშშ ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად, 1940 წლის ნოემბერში, რუზველტმა გადაწყვიტა, ჩერჩილისთვის გადაეცა ახლადწარმოებული საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ნახევარი, მათ შორის ულტრათანამედროვე B-17 ბომბდამშენები. როდესაც ჰენრი სტიმსონი (სამხედრო მინისტრი) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ეს თვითმფრინავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რუზველტი უპასუხებს, რომ ბრიტანელებს შეეძლოთ მათი გამოცდა საბრძოლო პირობებში.

1940-41 წლებში ომისთვის აშშ-ის მზადების რთული ამოცანის წინაშე მდგომი სამხედროები შეძრწუნებული ადევნებდნენ თვალს, თუ რა დიდი რაოდენობით მიდიოდა სამხედრო დახმარება ჯერ ლონდონის, შემდეგ კი მოსკოვის მიმართულებით. 1941 წლის 11 აპრილს ადმირალი ემორი ლენდი (სენატის საზღვაო კომისიის თავმჯდომარე), სარკასტულად შესჩივლებს რუზველტს, რომ თუ შეერთებული შტატები ფრთხილად არ იქნებოდა, ერთ დილას გაიღვიძებდნენ და აღმოაჩენდნენ თეთრ სახლს ინგლისისკენ მიმავალ გზაზე, მასზე მიმაგრებული ვაშინგტონის ძეგლით. რაც შეეხება სამხედრო მინისტრ სტიმსონს, 1 აგვისტოს ის განუცხადებს პრეზიდენტს, რომ ყველა ამ ადამიანს [იგი გულისხმობდა ჰარი ჰოპკინსს, რუზველტის მარჯვენა ხელს მოკავშირეების დახმარების საქმეში - ლ.ო.] აქვს მიდრეკილება, დააკმაყოფილოს გარდამავალი იმპულსი თუ ემოცია, რათა დაეხმაროს ჩვენს მხარეს მდგომ სხვა ერებს, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა ამერიკის შეიარაღებული ძალების წინაშე და არ აინტერესებთ, დარჩება თუ არა ჩვენი ჯარი იარაღის გარეშე.

რუზველტისეული დახმარება, ბაიდენისეულისგან არა მარტო მოცულობით, არამედ ხარისხითაც განასხვავდებოდა: თუ რუზველტი გასცემდა საუკეთესო აღჭურვილობას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, დღეს კიევისათვის იარაღის მიწოდება გადის ორჭოფობის გრძელ ციკლს და ძირითადად შემოიფარგლება ძველი აღჭურვილობით. ხოლო თუ თანამედროვე იარაღზეა საუბარი, იგი გაიცემა მთელი რიგი შეზღუდვებით: M777 ჰაუბიცები GPS-ის გარეშე, ABRAMS-ის ტანკები თანამედროვე ჯავშნის გარეშე და ა.შ.

მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა 300 000 თვითმფრინავის წარმოება შეძლო და მათგან 55 000 მოკავშირეებს გადასცა. დღეს ბაიდენი უარს ამბობს უკრაინისათვის მოძველებული F-16 თვითმფრინავების მიწოდებაზე. New York Times-ის ცნობით, ბაიდენს პუტინის პროვოცირების ეშინია, რათა ამ უკანასკნელმა ეს ომი ბირთვულ კონფლიქტად არ გადააქციოს. ამგვარად, ვაშინგტონი მუდმივად იგონებს თავისთვის ახალ რუბიკონებს, მაშინ როცა პუტინი ყოველდღიურად არღვევს საკუთარ წითელ ხაზებს. დასავლეთს დღემდე უჭირს გაგება, რომ პუტინი თამაშობს რულეტს (ფსონის მუდმივი გაორმაგებით) და არა რუსულ რულეტს: 1. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი რუსული სამხედრო დოქტრინის ნაწილია, მისი გამოყენება უკრაინაში სრული ნონსენსია: არ არსებობს ამისთვის აუცილებელი სამიზნე ობიქტი (უკრაინის ჯარების, ან სამხედრო ინდუსტრიის ობიექტების დიდი კონცენტრაცია). ასე რომ პუტინმა იცის, რომ ტაქტიკური იარაღის გამოყენება არანაირად არ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე (ზოგადად სიტყვა „ტაქტიკური“ მრავლისმთქმელია). 2. პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა, რადგან მისი გამოყენების შემთხვევაში ვაშინგტონმა, ლონდონმა და პარიზმა კონვენციური იარაღით შურისძიება აღუთქვეს. ასე რომ, ერთი წლის შემდეგ შეიძლება დროა, გავიგოთ, რომ თუ პუტინი დასავლელ ლიდერებს Cosa nostra-ს ენით ესაუბრება, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთს აუცილებლად უნდა ეშინოდეს...

მე-20 საუკუნის კონფლიქტებში, თითქმის ყველა სახმელეთო ოპერაციის წარმატება ცის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ცის კონტროლი იძლევა ერთობლივი ოპერაციის ჩატარების საშუალებას (ქვეითი ნაწილების, ტანკებისა და არტილერიის საშუალებით). დღეს უკრაინის ყველა მოკავშირე ლაპარაკობს უკრაინის მოახლოებული კონტრიერიშის წარმატების აუცილებლობაზე, არადა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის გადაცემაზე ყაბულს არ არის. New York Times-ის თანახმად, ბაიდენის უარი, კიევს მიაწოდოს F-16-ები, აღიზიანებს ზელენსკის. და არის ეს გასაკვირი? ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის განთავისუფლების შემდეგ, რესურსების ნაკლებობის გამო, უკრაინამ ვერ შეძლო კონტრშეტევის გაგრძელება, რითაც რუსებს საშუალება მისცა, გაეძლიერებინათ თავდაცვის ხაზი ათასკილომეტრიანი ფრონტის მთელ სიგრძეზე. ბაიდენის ორჭოფობა, დასავლეთის წვეთოვანი დახმარება, უკრაინას არა მარტო სისხლის მდინარეებად უჯდება, არამედ საფრთხეს უქმნის მომავალი (სავარაუდოდ საზაფხულო) კონტრიერიშის გამარჯვებით დაგვირგვინებას.

ერეკლე მეორის ძეგლი თელავში
ერეკლე მეორის ძეგლი თელავში

20-მა აპრილმა ისე ჩაიარა, რომ არც ხელისუფლებაში, არც მმართველ პარტიაში, არც მმართველი პარტიის განაყოფ „ხალხის ძალასა“ და არც ხელისუფლების მხარდამჭერ მედიაში, არავის გახსენებია „საყვარელი მეფისა და პაპის“, ერეკლე II-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, მოპოვებული ასპინძის ბრძოლაში, 1770 წლის 20 აპრილს, როცა რუსეთის ჯარის მიერ მიტოვებულსა და ნაღალატევს მარტოს მოუწია მტრის წინააღმდეგ ბრძოლა.

წელს „ასპინძის ომი“ მხოლოდ ასპინძელებმა, საქართველოს ისტორიის მკვლევრებმა და ქართული საბრძოლო ტრადიციების იშვიათმა თაყვანისმცემლებმა გაიხსენეს, მათ შორის გაიხსენეს ასეც:

ასპინძის ბრძოლის გახსენებისას, ცხადია, ვერავინ აუვლიდა გვერდს რუსულ-ქართული ურთიერთობისთვისაც კი გამორჩეულად უღირს საქციელს - უთუოდ მოუწევდათ იმის აღნიშვნა, რომ „მოკავშირე რუსეთმა“ გაწირა როგორც ქართლ-კახეთი და იმერეთი, ასევე პირადად ერეკლე, რომ ასპინძაში ერეკლეს დამარცხებას აუცილებლად მოჰყვებოდა მძიმე შედეგები როგორც მეფისთვის, ასევე საქართველოსთვის, რაც შედიოდა კიდეც რუსეთის შორსმიმავალ გეგმებში.

20 აპრილს არც თელავსა და არც თბილისში, ასპინძის ომში გამარჯვების საკადრისი არც ღონისძიება გამართულა და არც სიტყვა თქმულა, მათ შორის არ თქმულა მუდამ ერეკლე მეფის ღირსების „სადარაჯოზე“ მყოფ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში, არადა, უნდა თქმულიყო სულ ცოტა ის მაინც, რაც რუსული ცენზურის ძალისხმევის მიუხედავად ქართულმა ფოლკლორმა შემოინახა:

რუსის ჯარი შემწედ ჰყავდა,
სალ არ დაუჭირეს მხარი,
ისევ უკან მიდიოდნენ
რაღაცაზედ განაცხარი.
შუამავალთ ვერა ქნეს რა,
სულ ვერ გარდიხადეს ვალი,
ტოტლებენმა უღალატა,
სხვას დაადგა თავის ბრჭყალი.

რა მოხდა 1770 წლის 20 აპრილს?

გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი რუსეთის საექსპედიციო რაზმის მეთაური იყო, ბრძოლა კი, რომელსაც თავი აარიდა რუსულმა რაზმმა - რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, რათა ყირიმის მიმართულებით არ მოეხდინა მეტი ძალების კონცენტრირება.

როგორც ისტორიის ძველ სახელმძღვანელოებში წერდნენ, „იმპერატრიცა ეკატერინემ ოსმალეთს ომი აუტეხა სლავიანთ ქრისტიანების გამო. ამიტომ მიმართა ერეკლეს: გთხოვთ, რომ ქრისტიანობის პატივის საცემლათ ოსმალეთს თქვენც აქედან აუტეხოთ ომი, რათა მას საშუალება არ მიეცეს ამ მხარიდან ჯარი წაიყვანოს იქით საომრად“.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებისას ოსმალეთის ელჩები ცდილობდნენ თბილისი ნეიტრალიტეტის დაცვაზე დაეყოლებინათ, თუმცა ერეკლე II-მ მათი შეთავაზება უარყო და, იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად, ფსონი რუსეთზე დადო. როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, ბევრი გარემოება ჯერ კიდევ მაშინ მიუთითებდა, რომ რუსეთი სინამდვილეში არ აპირებდა სამხრეთ კავკასიაში დიდი სამხედრო ძალის გადასროლას და რეგიონიდან ოსმალეთის განდევნას, ერეკლეს მიზანი კი სწორედაც რომ ოსმალების განდევნა და სამცხეს განთავისუფლება იყო. შედეგად რუსეთმა არსებითად არაფერი შეცვალა სამხრეთ კავკასიაში, ერეკლემ კი ირანიც გადაიკიდა და ოსმალეთიც.

რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გოტლიბ ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. ერეკლე II-მ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვეტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფაშამ და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2000-კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა.

რუსების რაზმმა ერეკლეს ლაშქარი გადამწყვეტი ბრძოლის წინ მიატოვა. მეფის მცდელობამ, უკან დაებრუნებინა რუსი გენერალი, შედეგი ვერ გამოიღო. ზაქარია ჭიჭინაძეს ჩაწერილი აქვს ზეპირი ამბავი ასპინძის ომის შესახებ, რომლის ავტორს, 85 წლის იოსებ ნაცვლიშვილს, ამბავი თავისი დიდი პაპისგან მოუსმენია:

„ამ ამბის გაგონებამ მეფეზე მეტად ცუდად იმოქმედა. ამ დროს მეფემ გენერალს დაუჩოქა, დაუწყო მუხლებზე კოცნა და ხვევნა, რომ ახლა ღალატი არ იქნება, რაკი ოსმალნი მზად არიან; ნუ იქმთ ამას, თორემ უთქვენოთ მე ოსმალნი ქართველებს სულ დამიხოცვენო. გენერალმა მაინც უარი უთხრა. მეფე ერეკლე კი მაინც განაგრძობდა თავის თხოვნას და ხვეწნას. მეფე ერეკლეს ხვეწნამ სამ საათს გასტანა, მაგრამ გენერალი მაინც სულ უარზე იდგა და წასასვლელად სამზადისს მიეცა. მეფე ერეკლემ კიდევ მიმართა თხოვნით და ცრემლით ეხვეწა. მაშინ გენერალმა აი რა ჰქნა: უბეში ხელი ჩაიყო, იქიდან ამოიღო ერთი ქაღალდი და მეფეს უთხრა ასე: აი ამ ქაღალდზე დასწერე და ხელი მოაწერე, რომ შენ საქართველოს რუსეთის სახელმწიფოს აძლევ და მე მხოლოდ მაშინ შემეძლება რომ შევისმინო თქვენი თხოვნა და გიშველო, უამისოთ კი მე ნება არა მაქვს თქვენი შველისა”.

გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი
გენერალი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი

ცხადია, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ჩაწერილი ამბავი უტყუარ ისტორიულ წყაროდ არ გამოდგება, მაგრამ ფაქტია, რომ ტოტლებენის გადაწყვეტილებამ უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო ერეკლე II, რომელმაც, დავით სარდალსა და სხვა მეთაურებთან ერთად, მხედრული ნიჭის, სიმამაცისა და ქართველი მეომრების თავგანწირვის წყალობით შეძლო ბედის ჩარხის შემობრუნება და თავის მდიდარ საბრძოლო ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვების ჩაწერა.

19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან, სურამში დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლე II-მ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველთათვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8-ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები და ამით მტერს უკანდასახევი გზა მოეჭრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას - გიორგი ბატონიშვილი, ცენტრს – ერეკლე II. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით მებრძოლი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენიმე ცნობილი ფაშა და ბეგი.

ჯერ რუსული, შემდეგ კი საბჭოთა (მათ შორის ქართული საბჭოთა) პროპაგანდა ისე წარმოაჩენდა ამ ამბავს, თითქოს ეს ერთი კონკრეტული პირის გადაწყვეტილება, ერთი ცალკე აღებული გენერლის ღალატი იყო. ამ იდეის კულტივირება მალე, XVIII საუკუნეშივე დაიწყო. ნიმუშად გამოდგება ერეკლესთან მწყრალად მყოფი ბესარიონ გაბაშვილის ლექსი „ასპინძისათვის“, სადაც წერია:

ვაი, მას დღის მომხსენემან ვითარ ვინ რით განვაქიქო?!
ცილი დასდვეს მეფეს რუსთა: ჩვენთვის კეთილს არა იქო!

ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, დღემდე საკამათოა გენერალ ტოტლებენის მოქმედება აწყურის ციხესთან 1770 წლის 18 აპრილს. ტოტლებენის საქციელის ახსნისას ისტორიკოსებმა ოთხი ვერსია წამოაყენეს.

ტოტლებენი მოქმედებდა:

  • I - თვითნებურად, პირადი შეხედულებით
  • II - უცხო ქვეყნების (ინგლისი, პრუსია, ოსმალეთი) დაზვერვის მიერ შეთავაზებული გეგმით
  • III - ქართლის თავადების წაქეზებითა და მათი თანადგომით
  • IV - რუსეთის საიმპერატორო კარის გეგმის თანახმად

ვახტანგ გურული მხარს უჭერს IV ვერსიას. მისი თქმით, ტოტლებენს დავალებული ჰქონდა, ერეკლესადმი ოპოზიციურად განწყობილი ქართლის თავადების მხარდაჭერით, ტახტიდან ჩამოეგდო ერეკლე II და მოეხდინა ქვეყნის ოკუპაცია. ამ გეგმის ნაწილი იყო ერეკლესა და ქართველთა ლაშქრის მტკვრის ხეობაში შეტყუება, აწყურის აღებისთვის ბრძოლის დაწყება და შემდგომ ქართველთა ბრძოლის ველზე მიტოვება:

„ტოტლებენს საკმაოდ კარგი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, მან შესანიშნავად იცოდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა რუსთაგან მოულოდნელად მიტოვებული ქართველთა ლაშქარი. ტოტლებენის გეგმის მიხედვით, ერეკლე II ბრძოლაში უნდა დაღუპულიყო, უნდა განადგურებულიყო ქართველთა ლაშქრის ძირითადი ნაწილი. ამის შემდეგ რუსის ჯარი ადვილად დაიკავებდა ქართლის სტრატეგიულ პუნქტებს და მოღალატე თავადების დახმარებით მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცებდა. ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში გადმოსასვლელი გზა ამ დროისათვის უკვე გახსნილი იქნებოდა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ჯარის გადმოყვანა არ გაჭირდებოდა“.

ასპინძის ბრძოლა, ერეკლეს გმირობასთან ერთად, რუსეთის ღალატის ამბავიც არის, ხოლო ასპინძის ბრძოლის გახსენება, რუსეთის ვერაგობის გახსენებასაც ნიშნავს.

ალბათ ამიტომაც არ მოიძებნა ერეკლეს დაცვაზე დაგეშილი პროპაგანდის დღის წესრიგში ასპინძის ბრძოლისთვის ადგილი, ისევე როგორც არ მოიძებნა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2.15 სთ-იან ფილმში.

2023 წელს, 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან 240 წელი სრულდება. გეორგიევსკში მომხდარ ამბავს ასპინძის ომისგან განსხვავებით, დადებითი გმირი საერთოდ არ ჰყავს. სწორედ ტრაქტატის დადებიდან 12 წლის შემდეგ მოხდება „კრწანისის კატასტროფა“ და ქართლ-კახეთის სამეფოს დაემართება ის, რაც, რუსეთის ჩანაფიქრით, უნდა დამართოდა ჯერ კიდევ ასპინძაში.

„ერეკლე II-ის დაცვა ლიბერალებისგან“ სახელისუფლებო პროპაგანდის თემად იქცა 2022 წლის მაის-ივნისიდან, როცა „ქართული ოცნების“ თელაველმა წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლევან ბერძენიშვილის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. 2022 წლის 30 ივნისს თელავში ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც ევროინტეგრაციის შესახებ უნდა ელაპარაკათ, თელავის მუზეუმთან დახვედრილმა ჯგუფმა ლევან ბერძენიშვილის დაგმობა მოსთხოვა.

„არ დავუშვებ, რომ ერეკლე მეფის ქალაქში, მათ, ვისაც ბერძენიშვილი უდგათ გვერდში, ვინმემ რამე აქტივობა ჩაატაროს. ვეწინააღმდეგები ბუკას [პეტრიაშვილის] საქციელს, ხალხს ატყუებს და გვერდში ჰყავს ადამიანები, რომლებიც ჩემს პაპას [ერეკლე II] შეურაცხყოფენ. სიცრუეს პროპაგანდირებენ“, - განაცხადა მაშინ თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლაშვილმა, რომელიც მოგვიანებით „ხალხის ძალას“ შეუერთდა.

2023 წლის 15 იანვარს ერეკლე მეფის ღირსების დაცვის საბაბით პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა „კონსერვატიულმა მოძრაობამაც“ ასევე ჩაშალა ყვარლის „ევროკლუბში“ დაგეგმილი ღონისძიება, რომელშიც ლევან ბერძენიშვილს უნდა მიეღო მონაწილეობა.

2022 წლის მაისიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ ლიდერები და პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციები შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ ერეკლე მეორე და საქართველო ლიბერალებისგან „დაიცვან”, ხშირ შემთხვევაში ფორმალური საბაბის არქონის პირობებშიც კი.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG