Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

კვირა, 24 დეკემბერი 2023

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

პირდაპირ ეთერში რომ ნახავ დაბომბილ სამშობიარო სახლს ან ცირკში გაჭედილ ტანკს, შეიძლება უმწეობისგან მხრებჩამოყრილს მოგეჩვენოს, რომ მსოფლიო საბოლოოდ შეირყა და სიკეთის ადგილი აღარ დარჩა ქვეყნად, მაგრამ ნახავ მატეო გარონეს ახალ ფილმს და მიხვდები, რომ სასწაულები კიდევ ხდება, თურმე.

„მე, კაპიტანი“ (Io Capitano) კეთილი და სასტიკი ზღაპარია. შედევრი. ასეთ კინოს იშვიათად ნახავ ცხოვრებაში. სიუჟეტს ერთ წინადადებაში იტყვი: ორი სენეგალელი ბიჭი აფრიკიდან ევროპაში მიემგზავრება. ესაა და ეს. მაგრამ ესაა, რაცაა.

მთელი ფილმის განმავლობაში მთავარ გმირს, სეიდუს, სიკვდილი სულ ფეხდაფეხ მიჰყვება, მაგრამ ვერ ეწევა. ან როგორ დაეწევა, როცა მას ანგელოზი იცავს, ჩალისფრთიანი. ამ ბიჭუნაში ცოტა ქრისტეც გეცნობა, ცოტა მოსეც და ცოტა ნოეც. ასეთია მისი როლი - მან სიკვდილი უნდა დაამარცხოს, მკვდრეთით აღადგინოს, სნეული განკურნოს და ჟანგიანი ხომალდით, იგივე კიდობნით, გაიყვანოს ხალხი სამშვიდობოს წყლის უდაბნოდან. ზედმეტია იმის ახსნა, რომ გემი მარტო იმიტომ გადარჩება, რომ მას მართავს ის, ვინც გემის მართვა არ იცის.

ფილმის დასაწყისშივე ხდება სეიდუს კურთხევა წყლით, როცა სოფლის შერეკილი მჩხიბავი პირით შეაფრქვევს სახეში ნაკურთხ წყალს, მოგვიანებით ხვდება იგი კალატოზს (ან კი როგორ იქნებოდა ამბავი კეთილი კირითხუროს გარეშე), ვისთან ერთადაც შადრევანს ააგებს უდაბნოში, რაც იგივე წყლის დამორჩილებაა, ბოლოს კი სულაც წყლის მბრძანებელი ხდება, გამოიყვანს რა უძლურ ხალხს მღელვარე სტიქიიდან. აქვე ხდება მთავარი სასწაულიც, სასწაული დაბადებისა. სხვაგვარად შეუძლებელია, სიკვდილს უთუოდ უნდა წაეფინოს სიცოცხლე. ესაა ამბავი დიდ გამოსვლაზე, გამოსვლაზე ქვიშისა და წყლის უდაბნოებში.

ამ ფილმში ყველაფერი შესანიშნავია - მუსიკიდან კოსტიუმებამდე. სრულიად გენიალურია, მთავარ გმირებს, სეიდუსა და მუსას, სულ „გუჩები“ და „ლუი ვიტონები“ რომ აცვიათ, ალბათ, სენეგალური წარმოებისა. აქ ყველა მსახიობი განუმეორებელია. ვერ ნახავ ვერც ერთ უნდო პერსონაჟს, თუნდაც ეპიზოდურს. ასეთია თუნდაც ორიოდ წამით გამოჩენილი ქალიც (ვისთვისაც სინამდვილეში იგება შადრევანი), რომლის სახესაც კი ვერ ვხედავთ. არამედ მის თვალებშიღა ვკითხულობთ სიხარულს, ნიქაბში დატანებული ჭრილიდან რომ ანათებენ.

მატეო გარონე აქამდე კარგი ფილმების ავტორი იყო. მისია „გომორა“, „დოგმენი“ და „რეალობა“, მაგრამ „მე, კაპიტანი“ სხვა სიმაღლეა. ასეთ კინოს მარტო დიდები იღებენ. თავის მთავარ ზღაპრამდე, გარონეს უკვე გადაეღო „საშიში ზღაპრები“ (ან „ზღაპართ ზღაპარი“) და „პინოქიო“, მაგრამ „კაპიტნის“ შესაქმნელად მარტო გამოცდილება არ არის საკმარისი.

წელსვე გამოვიდა დიდ ეკრანებზე ორი მთავარი მეზღაპრის, აკი კაურისმიაკის ახალი ფილმი „ცვენილი ფოთლები“ და ჰაიაო მიაძაკის ბოლო მულტფილმი „ბიჭი და ყანჩა“. როგორც ყოველთვის, სრულიად შეუძლებელია, პირველმა არ გატიროს და მეორემ არ ჩაგწყვიტოს რაღაც ღრმად. ფინელმა თუ არ გატირა და იაპონელმა არ დაგაგლიჯა გულის ძარღვები, ისე როგორ იქნება. სწორედ ამიტომაც გვიყვარს ესენი. და აი, ამათ გვერდით დგას მატეო გარონე თავისი შედევრით. „მე, კაპიტანი“ დიდი ფილმია, მიაძაკისებურად სასტიკი და კაურისმიაკისებურად კეთილი.

ეს უკონკურენტო კინოა. დიდი ნაწარმოებები ყოველგვარი შეჯიბრისა და შეფასებითობის მიღმა არიან ზოგადად, და ერთმანეთს კი არ ეპაექრებიან, არამედ ავსებენ. ამდიდრებენ კიდეც. ასეთი ფილმები თითქმის არ ხვდებიან ხოლმე წლის საუკეთესოებში. საამისოდ სხვა კინო არსებობს, დროის ნერვში რომ არტყამენ და მსოფლიო მაჯისცემას ცნობენ. დიდი ფილმები ცოტა სხვაგან ბინადრობენ, დრო-სივრცის მიღმა, სადაც მარადიული საზომებიღა გამოგადგება: ნათელი/ბნელი, კეთილი/ავი, და ა.შ., და ა.შ.

თუ აღარ გჯერა სასწაულების, თუ თვლი, რომ ადამიანი ადამიანს სინათლის წლებით შორდება, თუ ხედავ, რომ კეთილსა საბოლოოდ სძლია ბოროტმან, სასწრაფოდ ნახე „მე, კაპიტანი“ და რაღაც ისეთი აგენთება გულში, რაც გეგონა, სამუდამოდ გქონდა ჩამქრალი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

გოგი გვახარია
გოგი გვახარია

ოთარ იოსელიანთან ინტერვიუს ჩაწერას ყოველთვის გავურბოდი.

უამრავი კითხვა მქონდა, უამრავ თემაზე მინდოდა მასთან საუბარი, მიზანსცენაზე, მონტაჟზე, მსახიობ-მოდელებთან ურთიერთობაზე... საბჭოთა კავშირზე, ცენზურაზე. ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის წინ, სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა, ოთარის ფილმების სიყვარულის გამო დავანებე თავი სახვითი ხელოვნების სწავლას და ნელ-ნელა კინოში გადავბარგდი.

სადიპლომო თემად ოთარის ქართული ფილმების მხატვრის, დიმიტრი ერისთავის შემოქმედება ავირჩიე - კინომცოდნე გავხდი. უკვე აუცილებელიც გახდა ჩემთვის იოსელიანთან შეხვედრა. მაგრამ არა. მქონდა რაღაც ზღუდესავით, რომლის გაცნობიერებას წლები დასჭირდა. დიდი მაესტროს შიში? მისი ირონიისგან თავის დაცვა? განსხვავებული გემოვნება კინოში?

არა, არც ერთი.

სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში, როცა „კინოს სახლში“ ჩემთვის ყველა დროის პირველი რეჟისორის, ერიკ რომერის „შემოდგომის ზღაპარი“ უჩვენეს, სეანსის დასრულების შემდეგ წამოდგა უფროსი კოლეგა და მთელი დარბაზის გასაგონად შესძახა: „ესაა დიდი რეჟისორი?! არადა, როგორ აქო და ადიდა იოსელიანმა“.

ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი

აჰა, ვიფიქრე ჩემთვის. უკვე შეიძლება მაესტროსთან ლაპარაკი.

1993 წელს საფრანგეთში ერთად მოგვიხდა ყოფნა. მე ვსწავლობდი, ოთარი დოკუმენტურ ფილმს იღებდა საქართველოზე, „არტეს“ დაკვეთით. შეხვედრაც დავნიშნეთ, მაგრამ დილით ადრე დარეკა და ინტერვიუს გადადება მთხოვა (არ მახსოვს მიზეზი). ამის მერე შეხვედრა აღარ მითხოვია. „რა აზრი აქვს? - ვფიქრობდი ჩემთვის, - იოსელიანი ყოველთვის იოსელიანის წინააღმდეგია“.

„იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ“ - ასე დაარქვა რუსმა პოეტმა და დისიდენტმა ვიქტორ ნეკრასოვმა წერილს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გაქცევამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. „არა, არა, ოთარ, შენ გიყვარს შენი გია!“ - ასე მიმართავდა ნეკრასოვი თავის მეგობარს.

ოთარ იოსელიანი ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ გადაიღო ფილმი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც წვრილმანებში ხარჯავს თავის ენერგიას...

ნიჭიერ მუსიკოსს შეიძლებოდა რაღაც ძალიან ფასეული დაეტოვებინა ჩვენთვის, მან კი მხოლოდ ერთი ლურსმანი ჩააჭედა და დაიღუპა ისე, რომ დროის (და საკუთარი თავის) მართვა ვერ მოახერხა, დაეზარა. „ამას რატომ ამბობ? შენ ხომ ძეგლს უდგამ შენს გიას, სწორედ იმიტომ, რომ იგი უაზრო დროს აზრიანად კარგავსო“, - დატუქსა პოეტმა ქართველი რეჟისორი.

„იყო შაშვი მგალობელი“, რა თქმა უნდა შემთხვევით არ ეძღვნება მუსიკოსის ცხოვრებას. კინოში მოსვლამდე ოთარი ორ პროფესიას დაეუფლა - მუსიკას და მათემატიკას. კინო კი ერთიცაა და მეორეც, თავისებური ფუგაა. ზუსტად ისე, როგორც ოთარის ყველა ქართული ფილმი, რომლებშიც მხატვრულ სახეებს თეზა-ანტითეზა ქმნის. და არა მხოლოდ მხატვრულ სახეებს, არამედ თავად რეალობას - ასე განსხვავებულს იმისგან, რასაც „საბჭოთა კავშირი ჰქვია. კი, ამ ფილმებში ღვინოში წყალს ურევენ, წესიერ ახალგაზრდას სცემენ, მუსიკოსები „ბუნებაში გადიან“ რეპეტიციებისთვის, მაგრამ ამას უფრო მოვალეობის მოხდისთვის აკეთებენ. გლეხი გლეხს აღარ ჰგავს, მუსიკოსი - მუსიკოსს... კი, ეს საბჭოთა რეალობაა, რომლის მიმართ ზიზღს იოსელიანი არასდროს მალავდა, მაგრამ, ამავე დროს, ეს ის პატარა სამყაროა, სადაც ადამიანობა ჯერ არ დაკარგულა. ოთარმა შეგვინახა ეს საქართველო.

10 წლის წინ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა მექსიკაში გაიმართა. ჩემი ძმა, ირაკლი, რომელიც დიდი ხანია მეხიკოში ცხოვრობს და შანსს არ უშვებს, ქართველები სახლში რომ არ მიიპატიჟოს, ხშირად იხსენებს ერთ სასაცილო ისტორიას: „სუფრა გავშალეთ და ოთარი დავპატიჟეთ. სადღეგრძელოების სმა დაიწყო. ერთ ჩემს მეგობარს ჰკითხა, ვისი შვილი ხარო... იმან ამა და ამ აკადემიკოსისო. ოთარმა, უკვე ნასვამი იყო, გაკვირვებული სახე მიიღო. რაო, აკადემიკოსისო?! უიმე, ღმერთო ჩემო, საბჭოთა აკადემიკოსით ამაყობო? ცხადია, ეს ისე უთხრა, რომ არავის აწყენინა. რაღაცნაირად იცოდა - მწარედ ხუმრობდა, მაგრამ თავად ადამიანს არ დასცინოდა“.

ოთარ იოსელიანი და ირაკლი გვახარია, მექსიკა 2014 წ.
ოთარ იოსელიანი და ირაკლი გვახარია, მექსიკა 2014 წ.

ეს „ვისი შვილი ხარ?“, ეს სუფრა, სადღეგრძელოები, მრავალჟამიერი, ინტელიგენცია, რომელიც გაურემონტებელ სახლებში ცხოვრობს და კედლებზე დიდი ბებია-ბაბუების სურათები უკიდია... სამყაროა, რომელშიც ოთარი „ნორმას“ ხედავს, ჰარმონიას. მაგრამ რამდენადაც მის ქართულ ფილმებში წარსული არის ალტერნატივა გადაგვარებული, ძალადობრივი საბჭოთა სისტემისა, საფრანგეთში გადაღებულ სურათებში გაბრაზება და მსუბუქი ირონია ზოგჯერ ცინიზმში გადაიზრდება.

მე ვფიქრობ, აქ ირღვევა ის ბალანსი, რომელიც ასე გვიყვარს ოთარის ფილმებში. ყველაზე ძალიან კი „იყო შაშვი მგალობელში“, რომელიც მხოლოდ სტრუქტურით არ ჰგავს ფუგას. წინააღმდეგობათა ბალანსი აქ თავად ავტორის პოზიციაშია - კი, ახალგაზრდა ქართველი კაცი იხარჯება და მუსიკასაც ღალატობს, მაგრამ დავაკვირდეთ ამ ადამიანების ჟესტებს, მიმიკას, იმას, თუ როგორ მღერიან, ჩაის როგორ სვამენ, დავაკვირდეთ კინოს! მაშინ დავრწმუნდებით, რომ ზედაპირული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აღქმაა. სინამდვილეში ცხოვრება აქ მართლაც შემოქმედებაა და მთლიანად ფილმი ადამიანთა ურთიერთობის ხელოვნებას გამოხატავს, იმ უსასრულობას, რომლის დანახვა უნდა გიას ტელესკოპში.

ოთარმა ფილმი საათის ციფერბლატით დაამთავრა - ერთადერთი ახლო ხედით, რომელიც გიას დაღუპვის შემდეგ ჩნდება ეკრანზე. გამოდის, რომ უსასრულობასა და უდროობაში მცხოვრები ერთი, შეიძლება ითქვას, „უჩინარი კაცის“ სიკვდილი მსხვერპლშეწირვა იყო.

„უნდა იყო ოპტიმისტი, რომელსაც არ ავიწყდება, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება“, - უთქვამს ოთარ იოსელიანს საფრანგეთის სინემატეკაში, მისი ფილმების რეტროსპექტივის გახსნაზე. რა თქმა უნდა, ასეა, უნდა გიხაროდეს სიცოცხლე, მაგრამ სულ უნდა გახსოვდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დასრულდება და მოკვდები. ეს ნორმაა. ამ კონტრაპუნქტზე დგას ჩვენი არსებობა.

ეტყობა, ჰარმონიის ნოსტალგია ნელ-ნელა იღვიძებს ცხოვრებაში. ასაკთან ერთად ძლიერდება. თანაც ისე, რომ ბებია-ბაბუების პორტრეტებიც შეიძლება დავიკიდოთ კედელზე. მგონი ბოლო დროს ამიტომ მოვინდომე ისევ ოთარ იოსელიანთან ინტერვიუს გადაღება. ვის არ ვთხოვე, ვის არ შევუთვალე.

ვერ მოვასწარი. ამას არასდროს ვაპატიებ ჩემს თავს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG