Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 14 დეკემბერი. See content from before

ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2023

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

მრავალთვიანი მსჯელობისა და დაყოვნებების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რეაქციის შიშის ფონზე, ევროკომისიამ 12 დეკემბერს წარადგინა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი.

ამ პაკეტის ცენტრალური ნაწილია ევროკავშირის მიერ დირექტივის შეთავაზება „ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ხორციელდება“.

ბრიუსელი ამას მიიჩნევს საკანონმდებლო ინიციატივად, რომელიც მომავალი წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ გაზრდიდა მესამე, ანუ არაევროკავშირის ქვეყნების მხრიდან დაფინანსების ღიაობას. კრიტიკოსების აზრით კი, ევროკავშირის დირექტივა „უცხოელი აგენტების“ კანონს შეიძლება დაემსგავსოს.

საუბრები ამ კანონზე არახალია. 2022 წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის მდგომარეობასა და სამომავლო პოლიტიკის ინიციატივებზე სიტყვით გამოსვლისას, ახსენა, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო წინადადება უკვე დამუშავების პროცესში იყო. თავდაპირველად მისი წარდგენა 2023 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, თუმცა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეშფოთების გამო საჭირო გახდა დამატებითი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და ინიციატივის განხილვა ზაფხულისთვის დაინიშნა, ევროკავშირის საზაფხულო არდადეგებამდე, მაგრამ კვლავ გადაიდო, გადაწყდა, რომ მსჯელობა დაინტერესებულ ჯგუფებთან უნდა გაგრძელებულიყო.

ახლა კი, ბრიუსელისათვის ყველაზე დატვირთულ კვირაში, ევროკავშირის ყოვლისმომცველი სამიტის წინ, სადაც ლიდერები მთელი ღამის (ან ორი ღამისაც) განმავლობაში ეცდებიან ისეთი მწვავე საკითხების გადაჭრას, როგორებიცაა უკრაინის დაფინანსება და ევროკავშირის გაფართოების ისტორიული გადაწყვეტილებები, ინიციატივა კვლავ წარადგინეს.

შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ევროკომისიას სურდა, წინადადება შეუმჩნეველი დარჩენილიყო ბრიუსელში მიმდინარე სხვა პროცესების ფონზე.

შეიძლება, რომ ევროკავშირი მართლაც რაღაცას მალავდეს?

ევროკავშირის წარმომადგენელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ - არა. და იმ ფაქტმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა, ლობისტებმა და კონსულტანტებმა უნდა გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირის გარედან მოდის, არ უნდა შექმნას პრობლემა. ევროკავშირში მიუთითებენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე, რომელმაც ვაშინგტონის ლობისტები პირველად მეორე მსოფლიო ომის წინ აიძულა ოფიციალურად დარეგისტრირებულიყვნენ ფედერალურ ხელისუფლებაში.

აღნიშნავენ ერთ გადამწყვეტ ასპექტს: მესამე ქვეყნებიდან ფულის მიღება დასაშვებია. რეგისტრაცია მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც ეს დაფინანსება დაკავშირებულია „ინტერესის წარმომადგენლობასთან“ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვისი ინტერესის გატარებასთან, ანუ საქმე შეეხება ლობირებას ან ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედებას.

ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შემოთავაზებული დირექტივა არ არღვევს სიტყვის თავისუფლებას. პირიქით, ის მას უფრო აძლიერებს, რადგან ევროკავშირის შედარებითი ღიაობა შეიძლება გამოიყენონ იმ აქტორებმა - მაგალითად, რუსეთმა და ჩინეთმა - რომლებსაც მანამდეც უცდიათ გავლენის მოხდენა ყველაფერზე - არჩევნები იქნება ეს თუ ბლოკის შიგნით არსებული მოსაზრებები. მოჰყავთ ცოტა ხნის წინ წინანდელი მაგალითიც, როდესაც კატარმა ფული გადაუხადა ევროპარლამენტის წევრს და პალატის სხვა ოფიციალურ პირებს, რათა მათ გავლენა მოეხდინათ ქვეყნის შესახებ დაწერილ ანგარიშებზე და უზრუნველეყოთ სავიზო ლიბერალიზაცია.

ევროკავშირის დიპლომატი, რომელიც ჩახედულია ამ საკითხებში, ამბობს, რომ ბრიუსელს ხმების გაჩუმება კი არ სურს, არამედ სურს, რომ შუქი მოჰფინონ, თუ ვისი ფული დგას მათ უკან. არაფერი იკრძალება და არ იარსებებს შავი სიები ან თეთრი სიები.

შემოთავაზების მიხედვით, სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის ეროვნულ რეესტრში, სადაც ისინი საქმიანობენ და მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ - რას აკეთებენ და ვისი სახელით. ეს შეეხება ყველა არაევროკავშირის წევრ ქვეყანას. ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს მეტი ინფორმაცია, მაგრამ საჯარო ინფორმაცია ამ ფაქტებით იქნება შეზღუდული. საჯარო თანამდებობის მქონე პირებთან საუბრისას კი უნდა წარადგინონ სარეგისტრაციო ნომერი.

თუ ამას არ იზამენ, თავიდან სუბიექტს გააფრთხილებენ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. სისხლის სამართლის საქმე არასოდეს დაიწყება, შესაბამისად, არავის დააპატიმრებენ და არავის მოეთხოვება საკუთარი თავის „უცხოეთის აგენტად“ მოხსენიება. ეს ბოლო ორი რამ განასხვავებს ამ კანონს რუსეთის მიერ მიღებული მსგავსი კანონებისგან, - მითხრა ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა.

მაგრამ შიშები მაინც რჩება. ევროკავშირი არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა სახის „უცხოური აგენტების“ კანონების წინააღმდეგ - განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო და ბოსნიის ეთნიკურად სერბული ერთეული - -რეპუბლიკა სრპსკა.

რამდენად სანდო გამოჩნდება ბრიუსელი, თუ ისინი თავადაც იღებენ კანონს, რომელიც თუნდაც, მხოლოდ მიახლოებით წააგავს იმას, რასაც აკრიტიკებენ?

ამას თან ახლავს შიში, რომ ასეთი კანონი შეიძლება გამოიყენონ ევროკავშირის კლუბის შიგნით მყოფმა ისეთმა ლიდერებმა, როგორიცაა, ვთქვათ, უნგრეთის ვიქტორ ორბანი ან სლოვაკეთის რობერტ ფიკო, თავიანთ ქვეყნებში ოპოზიციური ძალების დასასჯელად.

კომისია იმედოვნებს, რომ, სულ მცირე, ეს უკანასკნელი საზრუნავი შეიძლება მოგვარდეს ევროკავშირის შიდა რეგულაციის კონტექსტში ეგრეთ წოდებული სრული ჰარმონიზაციის დირექტივაში მოქცევით. ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ არც ერთ წევრ ქვეყანას არ ექნება უფლება, აქ ცვლილებები ან გამონაკლისები შეიტანოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს გაუჭირდება ამ წესის ან გადამეტება, ან კი, პირიქით, მისთვის თავის არიდება.

კომისია იმედოვნებს, რომ რამდენიმე წევრ ქვეყანაში მიღებული ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის დონეზე იქნება ჰარმონიზებული.

თუმცა, შესაძლებელია თუ არა კანონის მიღება? ცხადია, მიზანი მომავალი წლის ევროპის არჩევნებამდე ასეთი რეგულაციის არსებობაა. მაგრამ ამისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი უნდა შეთანხმდნენ. შესაბამისად, შესაძლოა, მოლაპარაკებების შემდეგ სრულიად განსხვავებული ტექსტი ვიხილოთ. ან, შესაძლოა, ვერც ვერაფერზე შეთანხმდნენ.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ეს კვირა ბრიუსელში დაძაბული იქნება. 11 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ, თუ რა ვითარებაა უკრაინის მხარდაჭერის მხრივ და შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესონ. მეორე დღეს კი ერთმანეთს ბლოკის ევროპის მინისტრები შეხვდებიან, რათა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით რამდენიმე ისტორიულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, შესაძლებელია, რომ არც არაფერი მოგვარდეს, ვიდრე ბლოკის ლიდერები ევროკავშირის დედაქალაქში არ ჩავლენ ყოველწლიურ წინასაშობაო სამიტზე 14-15 დეკემბერს.

იმდენი საქმეა, რომ წინასწარ ვიცით - მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა დამატებითი შეხვედრების ჩატარება გახდეს საჭირო 16 დეკემბერს. რთული იქნება მოლდოვის, უკრაინისა და, შესაძლოა, ბოსნია-ჰერცეგოვინის საკითხების გადაჭრა, რომლებმაც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი უნდა დაიწყონ. ზამთრის არდადეგებამდე კი სხვა გადაწყვეტილებებიცაა მისაღები - უკვე ნახსენები სანქციების პაკეტი, უკრაინისათვის დახმარების გამოყოფა მომდევნო სამი წლის განმავლობაში და ამ ქვეყნისათვის იარაღის მიწოდება. ამ გადაწყვეტილებების უმეტესობის ცენტრში კი უნგრეთი დგას.

ბუდაპეშტის „გალღობა“

როგორც ყოველთვის, როდესაც საქმე ევროკავშირს ეხება, ბევრი პრობლემა შეიძლება ფულის მეშვეობით გადაიჭრას. შესაძლოა, წელსაც ასე მოხდეს. ევროკომისიამ შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს უნგრეთისთვის 10-დან 13 მილიარდ ევრომდე გამოყოფას, რომელიც ადრე ბრიუსელმა გაყინა, რადგან ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის მხრივ ვითარებით იყო უკმაყოფილო. უნგრეთმა ბოლო რამდენიმე კვირაში სასამართლო რეფორმები განახორციელა, რაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ფულის ნაწილის „გასალღობად“. ეს დიდი თანხებია, თუმცა კიდევ რჩება დაახლოებით 9 მილიარდი ევრო, რომელიც სავარაუდოდ დაიკარგება ბუდაპეშტისთვის, რადგან მათ მოუწევთ განახორციელონ „იდეოლოგიური“ რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, ლგბტქ უფლებები და მიგრაცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნგრეთის მთავრობა ამას გააკეთებს.

მაგრამ მთავარი შეკითხვა მაინც ისაა, საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ფული უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ასამოძრავებლად. წინა წლებში ყოველთვის ასე ხდებოდა - ორბანი მოლბებოდა ხოლმე, როდესაც უნგრეთისთვის თანხებს უზრუნველყოფდა. ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამჯერად სხვაგვარი ვითარებაა. ჯერ ერთი, უნგრეთის ეკონომიკამ კვლა ზრდა დაიწყო რამდენიმეწლიანი პრობლემების შემდეგ. ამასთან, იმასაც აღნიშნავენ, რომ უნგრეთის წინააღმდეგობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ახლა უფრო იდეოლოგიური და პირადი ხასიათი აქვს. ამბობენ, რომ ორბანს დიდი პირადი ანტიპათია გააჩნია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რომელმაც ის არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა და ამიტომ ცდილობს კიევს სამაგიერო გადაუხადოს და მაქსიმალურად გაუფუჭოს საქმე. ბევრი ამბობს, რომ ამას იდეოლოგიური კომპონენტიც ემატება. ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირშიც და ამერიკაშიც განწყობა იცვლება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

უკრაინის განბლოკვა

უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნების ფერმერები უკვე წელიწადზე მეტია აცხადებენ პრეტენზიას უკრაინული აგროპროდუქტების სიჭარბესთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ეს მათ საქონელს აიაფებს. ამას ემატება სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტი, ძირითადად, მაგრამ არა მარტო პოლონეთში, რომლებიც უკრაინის საზღვრებს ნაწილობრივ ან მთლიანად ბლოკავენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინელ გადამზიდავებს საქონელი მთელი ევროკავშირის მასშტაბით გადააქვთ და არა მხოლოდ ბლოკსა და უკრაინას შორის. გასათვალისწინებელია საპარლამენტო არჩევნების შედეგები ნიდერლანდსა და სლოვაკეთშიც, რომელში გამარჯვებულებიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვენ. მსგავსი სენტიმენტები მატულობს ატლანტის ოკეანის გადაღმაც და მას კონგრესის რამდენიმე რესპუბლიკელი ახმოვანებს. მართალია, უნგრეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ღიად აყენებს ეჭვქვეშ ევროკავშირში უკრაინის მიღების მართებულობას, მაგრამ, რამდენადაც მესმის, კლუბში სხვებიც არიან, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, რომლებიც ყოყმანობენ კიევის ასე სწრაფად შემოერთებასთან დაკავშირებით. მათ რუსეთის პასუხისაც ეშინიათ და, რაც უფრო მთავარია, უფრთხიან ევროკავშირის ასეთ საფუძვლიან რეფორმას, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უამრავი თანხა მოხმარდება მოზრდილი და შედარებით ღარიბი ახალი წევრის საჭიროებების დაკმაყოფილებას. იქნებ უნგრეთის პრემიერი გრძნობს, რომ გაფართოება სხვებსაც არ სურთ და მათ უბიძგებს თავიანთი ნამდვილი ფერების გამოსავლენად?

იმასაც მიანიშნებენ, რომ ორბანს სურს ხელი შეუშალოს ურზულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით კომისიის პრეზიდენტად არჩევას. მან ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის უკვე გამოფინა უნგრეთში ბილბორდები, სადაც ბრიუსელი და ურზულა ფონ დერ ლაიენია გაკრიტიკებული. მას არ შეუძლია ვეტო დაადოს ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევას, რადგან ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაური ამას ზაფხულში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტს, მაგრამ ის უკვე საკუთარ თავს მზარდი ევროსკეპტიკური მოძრაობის დე ფაქტო ლიდერად წარადგენს.

რა მოხდება გაფართოებასთან დაკავშირებით?

ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნის პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებამაც ნახა, ევროკომისიის რეკომენდაციები ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით კვლავაც ძალაშია. თუმცა, ყველაფერი ფრჩხილებშია ჩასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ტექსტში ნათქვამია: „საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ევროსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება [მოლდოვასთან/უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ]“. ოდნავ განსხვავებულია ტექსტი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოს რეკომენდაციაა, ევროსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება [ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი.]“.

ახლა ერთი წუთით საქართველო და მოლდოვა გვერდით გადავდოთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება. რამდენადაც მესმის, არავინაა წინააღმდეგი, რომ თბილისმა კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მოლდოვა ერთი ნაბიჯით წინ იყოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით. თუმცა, ორივე ქვეყანა შეიძლება ემსხვერპლოს პრობლემებს, რომლებიც მათ პირდაპირ არ შეეხებათ. ყველაფერი ისევ უკრაინას უბრუნდება. უმრავლესობას სურს, რომ უკრაინამაც დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. წინააღმდეგი უნგრეთია. თუმცა სხვები, მაგალითად, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, აცხადებენ, რომ თუ უკრაინის საკითხი ჩავარდება, მაშინ ისინი ყველა სხვა ქვეყნის საკითხს ჩააგდებენ. ისმის შეკითხვა, დაიხევს თუ არა უკან ბუდაპეშტი? ორბანმა 4 დეკემბერს წერილით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. ამ წერილიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამაც ნახა, ისე ჩანს, თითქოს უნგრეთის პრემიერი არაფრის დათმობას არ აპირებს. ის აღნიშნავს, რომ „კომისიის ბოლო შეთავაზება, რომელიც უკრაინის გაწევრიანების პროცესს შეეხება, მოასწავებს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის დასასრულს, როგორც ობიექტური და დამსახურებაზე დამყარებული ინსტრუმენტისა. ევროსაბჭოს ახლა მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას, ისე, რომ მანამდე მისი განხილვის შესაძლებლობა არ მიეცეს“. ორბანი წერილს ასე ასრულებს: „პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროსაბჭო ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა გარდაუვლად გამოიწვევს წარუმატებლობას. ევროპულმა საბჭომ უნდა აარიდოს თავი ამ კონტრპროდუქტიულ სცენარს ერთიანობის, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის გულისთვის“.

სად ჯდება ამ ყველაფერში ბოსნია?

შესაძლოა, უნგრეთს უბრალოდ ვაჭრობა უნდა და არა მაინცდამაინც ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნაბიჯზე. უნგრეთის გარდა ხორვატიას და სლოვენიას, ყველაზე მეტად კი ავსტრიას სურთ, რომ სარაევოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რასაც თავად უწოდებენ „დაბალანსებულ მიდგომას“ - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აღმოსავლეთის ქვეყნები წავლენ წინ, მათ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც უნდა მიჰყვნენ. 13 დეკემბერს, ევროკავშირის მორიგი სამიტის წინ, ბრიუსელში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტი ჩატარდება. რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, სხვადასხვა მიზეზის გამო, წინსვლა შეუძლებელია. მხოლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინას შეუძლია რამე მიიღოს. ბრიუსელს არ სურს ისე გამოჩნდეს, თითქოს ის კვლავინდებურად უგულებელყოფს ამ ქვეყნებს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ბალკანეთისთვის დაპირებული დამატებითი 6 მილიარდი ევროს გამოყოფა ჯერ, როგორც ჩანს, არ მოხერხდება.

როგორც უკვე ვახსენეთ, დასკვნაში ბოსნია უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებულადაა მოხსენიებული. ბოსნიამ მხოლოდ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია. მაგალითად, ბრიუსელის მიერ დადგენილი 14-დან მხოლოდ 2 პირობა შეასრულა. კიევმა და კიშინიოვმა არსებითად მეტი მოახერხეს და მათ მომხრეებს სურთ, რომ ეს განსხვავება გამოჩნდეს. აქ ისმის კითხვა, მისაღები იქნება თუ არა ეს ავსტრიისათვის და, რაც მთავარია, უნგრეთისათვის. მათ სურთ, უფრო მჭიდროდ დაუკავშირონ ბოსნია უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, ამ კავშირს უკრაინის მომხრეები უფრთხიან. მაგალითისათვის ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი ავიღოთ. ისინი ევროკავშირის გზაზე გადაჯაჭვულები არიან. ამჟამად სკოპიეს წინსვლა შეფერხებულია, რადგან ვერ შეძლო პარლამენტში ორი მესამედის უმრავლესობის მიღება კონსტიტუციის შესაცვლელად, რათა ბულგარელები მოიხსენიონ, როგორც ამ ერის დამფუძნებელი ხალხი - ამას ბულგარეთი მოითხოვს ჩრდილოეთ მაკედონიის წინსვლის მხარდასაჭერად. ეს კი ალბანეთსაც აფერხებს. ამგვარად, ბოსნიამ შეიძლება უკრაინის წინსვლა შეაფერხოს და, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის აზრით, ბუდაპეშტსაც სწორედ ეს სურს.

კიდევ რას განიხილავენ?

ევროკავშირის მე-12 სანქციების პაკეტს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებენ. ძირითადად იმიტომ, რომ ის საკმაოდ სუსტია და არ ეხება რუსულ ენერგეტიკას. უნგრეთმა მთელი პაკეტი შეაყოვნა, მაგრამ ბრიუსელში ელიან, რომ ამ მხრივ წინააღმდეგობა აღარ იქნება. სავარაუდოდ, ეს სანქციების ბოლო რაუნდი იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ევროკავშირს ახალი იდეები და ენერგია აღარ დარჩა მეტის მისაღწევად და წინსვლისათვის ერთსულოვნების მიღწევაც სულ უფრო რთულდება.

ევროკავშირის საერთო დაფინანსება უკრაინის შეიარაღებისთვის ალბათ ვერ მიიღწევა. აქამდე ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) და არაბიუჯეტური ინსტრუმენტების მეშვეობით მოახერხეს კიევში 4,6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის გაგზავნა. თუმცა, 500 მილიონი ევროს ღირებულების მე-8 ტრანში ბუდაპეშტს ზაფხულის შემდეგ აქვს დაბლოკილი. უნგრეთმა ჯერ განაცხადა, რომ კიევს უნგრული ბანკი OTP უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს შავი სიიდან უნდა ამოეღო. უკრაინა დათანხმდა, თუმცა შემდეგ ბუდაპეშტმა მოითხოვა, რომ უკრაინას OTP აღარასოდეს ჩაესვა ამ სიაში. ამ ჩიხიდან გამოსავალი ჯერ არ ჩანს.

შემდეგი საკითხია EPF-ის 20 მილიარდი ევროთი დაფინანსება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ესეც, სავარაუდოდ, ვერ დამტკიცდება, მაგრამ სრულიად განსხვავებული მიზეზის გამო. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაადგინა, რომ ქვეყნის მიერ სპეციალური სახსრების გამოყენება სხვადასხვა სუბსიდიის დასაფინანსებლად, არღვევს მის კონსტიტუციას. ეს გავლენას მოახდენს ევროკავშირის ბიუჯეტზეც. ამჟამად, ევროკავშირი შვიდწლიანი საბიუჯეტო ციკლის შუაშია. ბლოკის ბევრ ქვეყანას სურს ბიუჯეტის გაზრდა, ბევრი სხვადასხვა საკითხის დასაფინანსებლად, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, როდესაც ევროკავშირის ყველაზე მდიდარ ეკონომიკას საკუთარი ბიუჯეტის შემცირება უწევს სამართლებრივი საკითხების გამო.

უკრაინას იარაღი, სავარაუდოდ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიეწოდება. მაგრამ რა ბედი ეწევა სხვა დახმარებას უკრაინისათვის? ევროკომისიამ წლის დასაწყისში წამოაყენა წინადადება უკრაინისათვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. უნგრეთი, ცხადია, ამის წინააღმდეგია. გერმანიის შეზღუდვებსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ საკითხის გადაჭრას შემოქმედებითი მიდგომა დასჭირდება. ამ ფულს ევროკავშირის ბიუჯეტიდან კი არ აიღებენ - რასაც ბუდაპეშტის ვეტო დაბლოკავდა - არამედ ევროკავშირის 26 მთავრობა გამოყოფს და გარანტიად ეროვნულ ბიუჯეტებს მოიყვანს. ეს კი კლუბში უნგრეთის მიმართ გაღიზიანებას ზრდის. ევროკავშირში წევრის გაძევების მექანიზმი არ არსებობს, ქვეყანამ ის ნებაყოფლობით უნდა დატოვოს, როგორც ეს ბრიტანეთმა 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ გააკეთა. თუმცა, არსებობს საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერების გზა - ე.წ. მე-7 მუხლის პროცედურა. ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა ეს პროცედურა უკვე წამოიწყეს პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, მაგრამ წევრ ქვეყნებს არასოდეს გამოუყენებიათ ეს ბირთვული ვარიანტი, რადგან ბუდაპეშტი და ვარშავა ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს. პოლონეთში სამთავრობო ცვლილების შემდეგ ეს პროცედურა შესაძლოა შეწყდეს ვარშავის წინააღმდეგ და ბუდაპეშტი კუთხეში აღმოჩნდეს მომწყვდეული. აქ საკითხავი ისაა, წავა თუ არა სლოვაკეთი და მისი ახალი მთავრობა რობერტ ფიკოს მეთაურობით, ძველი მოკავშირე უნგრეთის წინააღმდეგ? შესაძლოა, მომდევნო თვეებში ბრატისლავაზე ზეწოლა გაძლიერდეს, მაგრამ დიდი იმედი ნუ გექნებათ. ორბანი კვლავაც გააგრძელებს ვეტოს გამოყენებას ბრიუსელშიც და მის ფარგლებს მიღმაც.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG