Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 17 დეკემბერი. See content from before

პარასკევი, 15 დეკემბერი 2023

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ელოდნენ, რომ ეს ყველაზე რთულად შესათანხმებელი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 14 დეკემბრის საღამოსვე მიიღეს.

პრობლემა რთული გადასაჭრელი ჩანდა, რადგან წევრი სახელმწიფოები უნგრეთის ვეტოს გვერდს ვერაფრით აუვლიდნენ. სხვა შემთხვევებში ეს შესაძლებელია - მაგალითად, კიევისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა ევროპის ცალკეულ დედაქალაქებშიც შეიძლება გადაწყდეს. აქ კი „ხვრელები“ თითქოს არ არსებობდა.

გამოსავალი გამოიძებნა, და თან სრულიად ახლებური,. - ევროკავშირის სამიტების ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა. უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა დარბაზი დატოვა - თქვა, რომ არ ეთანხმებოდა, მაგრამ დანარჩენ 26 სახელმწიფოს ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ვეტო არ გამოუყენებია.

ევროპის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმია საჭირო - კენჭისყრაში წევრების 2/3 მაინც უნდა იღებდეს მონაწილეობას. კვორუმი შედგა, შესაბამისად, გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში.

ორბანი იქამდე ამტკიცებდა, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად არც უნგრეთი იყო მზად და არც ევროკავშირი.

თუმცა, თუ დავაკვირდებით კომენტარებს, რომლებიც ორბანმა სამიტის დაწყების წინ გააკეთა, დავინახავთ, რომ მან მიანიშნა ლიდერების მიერ მიღწეულ კომპრომისზე.

მან ორჯერ გაიმეორა - ჯერ უნგრეთის პარლამენტში გამოსვლისას, შემდეგ კი სამიტზე ჩასვლის შემდეგ - რომ ის უკრაინის „დაჩქარებული“ და „მეტისმეტად სწრაფი“ გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.

ამან შესაძლებელი გახადა კომპრომისის მიღწევა, რომელზეც სამიტის დაწყებისას, საუზმეზე შეთანხმდნენ ორბანი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები - შარლ მიშელი და ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ამ კომპრომისის უკეთ გასაგებად უნდა განვიხილოთ ორი წინადადება - ორი სტრიქონი სამიტის დასკვნებში, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განცხადებას მოსდევს.

მთლიანი ფორმულირება ასეთია:

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს მოლაპარაკებების შესაბამისი ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის შესაბამის რეკომენდაციებში“.

პირველი წინადადება უკრაინისა და მოლდოვისათვის ცალსახა გამარჯვებაა. უკრაინის ხელისუფლებას სურდა „მკაფიო და მშრალი“ ენით დაწერილი განცხადება, რომ დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. მათ ამას მიაღწიეს - უნგრეთმა ამ მხრივ უკან დაიხია.

თუმცა, მეორე წინადადება საქმეს სამომავლოდ დებს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დე ფაქტო დასაწყებად საჭიროა მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღება.

როდის შეიძლება ეს მოხდეს? აი, აქ კი უნგრეთს ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა.

საქმე ისაა, რომ ეს „გამოსავალი“ თავად ევროკომისიამ გააჟღერა ნოემბერში წარდგენილ მოხსენებაში გაფართოების შესახებ.

იქ მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს 2024 წლის მარტში მოახსენებდნენ, თუ რა ვითარება იყო უკრაინაში, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში დანარჩენი პირობების შესრულების მხრივ.

უკრაინის შემთხვევაში საქმე შეეხება კანონმდებლობის დახვეწას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ლობირების დარეგულირებას და სახელმწიფო ენის, მედიისა და განათლების შესახებ კანონების მიღებას. ამ უკანასკნელ საკითხს ბუდაპეშტი ხშირად იყენებს ხოლმე უკრაინის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანა დისკრიმინაციულად უდგება ეთნიკურად უნგრელ უმცირესობას.

უკრაინა აცხადებს, რომ კანონების ნაწილი უკვე მიიღეს, ნაწილს კი - მალე მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებთან ვიდეომიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში დაამტკიცებენ.

ეს ყველაზე ლოგიკური სცენარია, რადგან ამ დროს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან ბრიუსელში და შეეძლებათ ჩარჩოზე ხელის მოწერა. ამ სამიტზე ორბანი ამტკიცებდა, რომ უკრაინას დარჩენილი სამი პირობიდან არც ერთი არ შეუსრულებია. საბოლოოდ, ვეტოს უფლება მას აქვს.

შარლ მიშელსა და სხვებთან ჩატარებული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ ლიდერები ამ საკითხს ერთ წელიწადში, 2024 წლის დეკემბრისთვის მოუბრუნდებიან.

ამაში არის გარკვეული ლოგიკა. პირველ რიგში, ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის შემდეგაც შეირჩევა სრულიად ახალი ევროკომისია და ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტი.

ევროკავშირში შიშობენ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მწვანე შუქის ანთება პოპულისტებს გააძლიერებს, მით უფრო, რომ როგორც ამბობენ, კლუბში იზრდება „უკრაინით დაღლა“.

ასევე, მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ვითარება ახალმა კომისიამაც შეაფასოს და ყველა გადაწყვეტილება ამჟამინდელმა შემადგენლობამ არ მიიღოს.

ამავე დროს, უმეტესობა იმაზეც თანხმდება, რომ ორბანი ამ ყველაფერს უკრაინის გაწევრიანების შესაფერხებლად აკეთებს და გზადაგზა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რომ მიიღოს ის, რაც სურს - დასავლეთში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა და ევროკავშირისგან მეტი დაფინანსება.

პირველი მიზანი შეიძლება ახლოს იყოს - ნიდერლანდსა და სლოვაკეთში არჩევნებში პოპულისტებმა გაიმარჯვეს, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი ანტიუკრაინული შეხედულებები აქვთ.

უდიდესი მნიშვნელობა ექნება აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც.

ორბანი შესაძლოა ფსონს დებდეს, რომ ევროკავშირს მალე მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღება - ან ნაკლები თანხების გამოყოფა, ან კი - გაფართოების პროცესის საგრძნობლად შენელება.

აქ მას ალბათ მოკავშირეებიც გამოუჩნდება. უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ის მარტო ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არაერთი წევრი დარჩება კმაყოფილი, თუ ეს გაწევრიანება დაჩქარებული წესით არ მოხდება.

აღმოსავლეთით მდებარე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მითხრა: „ოფიციალურად ჩვენ ვემხრობით უკრაინის 2030 წლისთვის მიღებას. სინამდვილეში კი სულაც არ დაგვწყდება გული, თუ ეს 2040-ში მოხდება“.

წევრები შიშობენ, რომ კიევს ევროკავშირის ბიუჯეტის მოზრდილი ნაწილი დასჭირდება და ამისათვის ის მზად არ იქნება.

ბევრს ლაპარაკობდნენ კავშირებზე ორბანის ვეტოებსა და ევროკავშირის დაფინანსებას შორის.

სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროკომისიამ უნგრეთს გამოუყო 10 მილიარდი ევრო, რომელიც მანამდე გაყინული იყო ქვეყანაში კანონის უზენაესობის შემცირებასთან დაკავშირებული შიშების გამო.

ორბანი ამტკიცებდა, რომ ის ვეტოს ფინანსურ იარაღად არ იყენებს. ამავე დროს, ცოტას თუ სჯერა, რომ ბუდაპეშტისთვის ფულის გამოყოფა უბრალოდ დაემთხვა მომენტს, როდესაც ბრიუსელს ორბანის ხმები ესაჭიროებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

უნგრეთი მიანიშნებს, რომ სურს მთელი გაყინული თანხის - 20 მილიარდამდე ევროს მიღება.

გაფართოების პროცესში 70-მდე ნაბიჯია, სადაც ვეტოს გამოყენებაა შესაძლებელი - მათ შორისაა გაწევრიანების 30-ზე მეტი თავი, რომლის გახსნას და დახურვას წევრების თანხმობა ესაჭიროება.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულმა თანხმობამ გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებსაც გაუღო კარი. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც „ყველა ერთად გადახტებოდა, ან ყველა ერთად ჩავარდებოდა“.

მოლდოვა, უკრაინასთან ერთად დაიწყებს მოლაპარაკებებს, როდესაც ჩარჩოს მიიღებენ.

საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებული ჩანაწერი უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. სარაევომ მიიღო ერთგვარი „გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დათქმებით“. აქ ფორმულირება ნაკლებად მკაფიოა, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებულ წინადადებებში: ევროპული საბჭო დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს“.

თუმცა, ავსტრიის, უნგრეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლობირების შემდეგ დაამატეს კიდევ ერთი წინადადება, რომელიც უფრო გასაგებს ხდის, თუ როდის მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას: „საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში, სადაც გამოთქმული იქნება მოსაზრება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

მრავალთვიანი მსჯელობისა და დაყოვნებების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რეაქციის შიშის ფონზე, ევროკომისიამ 12 დეკემბერს წარადგინა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი.

ამ პაკეტის ცენტრალური ნაწილია ევროკავშირის მიერ დირექტივის შეთავაზება „ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ხორციელდება“.

ბრიუსელი ამას მიიჩნევს საკანონმდებლო ინიციატივად, რომელიც მომავალი წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ გაზრდიდა მესამე, ანუ არაევროკავშირის ქვეყნების მხრიდან დაფინანსების ღიაობას. კრიტიკოსების აზრით კი, ევროკავშირის დირექტივა „უცხოელი აგენტების“ კანონს შეიძლება დაემსგავსოს.

საუბრები ამ კანონზე არახალია. 2022 წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის მდგომარეობასა და სამომავლო პოლიტიკის ინიციატივებზე სიტყვით გამოსვლისას, ახსენა, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო წინადადება უკვე დამუშავების პროცესში იყო. თავდაპირველად მისი წარდგენა 2023 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, თუმცა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეშფოთების გამო საჭირო გახდა დამატებითი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და ინიციატივის განხილვა ზაფხულისთვის დაინიშნა, ევროკავშირის საზაფხულო არდადეგებამდე, მაგრამ კვლავ გადაიდო, გადაწყდა, რომ მსჯელობა დაინტერესებულ ჯგუფებთან უნდა გაგრძელებულიყო.

ახლა კი, ბრიუსელისათვის ყველაზე დატვირთულ კვირაში, ევროკავშირის ყოვლისმომცველი სამიტის წინ, სადაც ლიდერები მთელი ღამის (ან ორი ღამისაც) განმავლობაში ეცდებიან ისეთი მწვავე საკითხების გადაჭრას, როგორებიცაა უკრაინის დაფინანსება და ევროკავშირის გაფართოების ისტორიული გადაწყვეტილებები, ინიციატივა კვლავ წარადგინეს.

შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ევროკომისიას სურდა, წინადადება შეუმჩნეველი დარჩენილიყო ბრიუსელში მიმდინარე სხვა პროცესების ფონზე.

შეიძლება, რომ ევროკავშირი მართლაც რაღაცას მალავდეს?

ევროკავშირის წარმომადგენელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ - არა. და იმ ფაქტმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა, ლობისტებმა და კონსულტანტებმა უნდა გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირის გარედან მოდის, არ უნდა შექმნას პრობლემა. ევროკავშირში მიუთითებენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე, რომელმაც ვაშინგტონის ლობისტები პირველად მეორე მსოფლიო ომის წინ აიძულა ოფიციალურად დარეგისტრირებულიყვნენ ფედერალურ ხელისუფლებაში.

აღნიშნავენ ერთ გადამწყვეტ ასპექტს: მესამე ქვეყნებიდან ფულის მიღება დასაშვებია. რეგისტრაცია მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც ეს დაფინანსება დაკავშირებულია „ინტერესის წარმომადგენლობასთან“ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვისი ინტერესის გატარებასთან, ანუ საქმე შეეხება ლობირებას ან ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედებას.

ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შემოთავაზებული დირექტივა არ არღვევს სიტყვის თავისუფლებას. პირიქით, ის მას უფრო აძლიერებს, რადგან ევროკავშირის შედარებითი ღიაობა შეიძლება გამოიყენონ იმ აქტორებმა - მაგალითად, რუსეთმა და ჩინეთმა - რომლებსაც მანამდეც უცდიათ გავლენის მოხდენა ყველაფერზე - არჩევნები იქნება ეს თუ ბლოკის შიგნით არსებული მოსაზრებები. მოჰყავთ ცოტა ხნის წინ წინანდელი მაგალითიც, როდესაც კატარმა ფული გადაუხადა ევროპარლამენტის წევრს და პალატის სხვა ოფიციალურ პირებს, რათა მათ გავლენა მოეხდინათ ქვეყნის შესახებ დაწერილ ანგარიშებზე და უზრუნველეყოთ სავიზო ლიბერალიზაცია.

ევროკავშირის დიპლომატი, რომელიც ჩახედულია ამ საკითხებში, ამბობს, რომ ბრიუსელს ხმების გაჩუმება კი არ სურს, არამედ სურს, რომ შუქი მოჰფინონ, თუ ვისი ფული დგას მათ უკან. არაფერი იკრძალება და არ იარსებებს შავი სიები ან თეთრი სიები.

შემოთავაზების მიხედვით, სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის ეროვნულ რეესტრში, სადაც ისინი საქმიანობენ და მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ - რას აკეთებენ და ვისი სახელით. ეს შეეხება ყველა არაევროკავშირის წევრ ქვეყანას. ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს მეტი ინფორმაცია, მაგრამ საჯარო ინფორმაცია ამ ფაქტებით იქნება შეზღუდული. საჯარო თანამდებობის მქონე პირებთან საუბრისას კი უნდა წარადგინონ სარეგისტრაციო ნომერი.

თუ ამას არ იზამენ, თავიდან სუბიექტს გააფრთხილებენ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. სისხლის სამართლის საქმე არასოდეს დაიწყება, შესაბამისად, არავის დააპატიმრებენ და არავის მოეთხოვება საკუთარი თავის „უცხოეთის აგენტად“ მოხსენიება. ეს ბოლო ორი რამ განასხვავებს ამ კანონს რუსეთის მიერ მიღებული მსგავსი კანონებისგან, - მითხრა ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა.

მაგრამ შიშები მაინც რჩება. ევროკავშირი არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა სახის „უცხოური აგენტების“ კანონების წინააღმდეგ - განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო და ბოსნიის ეთნიკურად სერბული ერთეული - -რეპუბლიკა სრპსკა.

რამდენად სანდო გამოჩნდება ბრიუსელი, თუ ისინი თავადაც იღებენ კანონს, რომელიც თუნდაც, მხოლოდ მიახლოებით წააგავს იმას, რასაც აკრიტიკებენ?

ამას თან ახლავს შიში, რომ ასეთი კანონი შეიძლება გამოიყენონ ევროკავშირის კლუბის შიგნით მყოფმა ისეთმა ლიდერებმა, როგორიცაა, ვთქვათ, უნგრეთის ვიქტორ ორბანი ან სლოვაკეთის რობერტ ფიკო, თავიანთ ქვეყნებში ოპოზიციური ძალების დასასჯელად.

კომისია იმედოვნებს, რომ, სულ მცირე, ეს უკანასკნელი საზრუნავი შეიძლება მოგვარდეს ევროკავშირის შიდა რეგულაციის კონტექსტში ეგრეთ წოდებული სრული ჰარმონიზაციის დირექტივაში მოქცევით. ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ არც ერთ წევრ ქვეყანას არ ექნება უფლება, აქ ცვლილებები ან გამონაკლისები შეიტანოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს გაუჭირდება ამ წესის ან გადამეტება, ან კი, პირიქით, მისთვის თავის არიდება.

კომისია იმედოვნებს, რომ რამდენიმე წევრ ქვეყანაში მიღებული ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის დონეზე იქნება ჰარმონიზებული.

თუმცა, შესაძლებელია თუ არა კანონის მიღება? ცხადია, მიზანი მომავალი წლის ევროპის არჩევნებამდე ასეთი რეგულაციის არსებობაა. მაგრამ ამისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი უნდა შეთანხმდნენ. შესაბამისად, შესაძლოა, მოლაპარაკებების შემდეგ სრულიად განსხვავებული ტექსტი ვიხილოთ. ან, შესაძლოა, ვერც ვერაფერზე შეთანხმდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG