Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

პირდაპირ ეთერში რომ ნახავ დაბომბილ სამშობიარო სახლს ან ცირკში გაჭედილ ტანკს, შეიძლება უმწეობისგან მხრებჩამოყრილს მოგეჩვენოს, რომ მსოფლიო საბოლოოდ შეირყა და სიკეთის ადგილი აღარ დარჩა ქვეყნად, მაგრამ ნახავ მატეო გარონეს ახალ ფილმს და მიხვდები, რომ სასწაულები კიდევ ხდება, თურმე.

„მე, კაპიტანი“ (Io Capitano) კეთილი და სასტიკი ზღაპარია. შედევრი. ასეთ კინოს იშვიათად ნახავ ცხოვრებაში. სიუჟეტს ერთ წინადადებაში იტყვი: ორი სენეგალელი ბიჭი აფრიკიდან ევროპაში მიემგზავრება. ესაა და ეს. მაგრამ ესაა, რაცაა.

მთელი ფილმის განმავლობაში მთავარ გმირს, სეიდუს, სიკვდილი სულ ფეხდაფეხ მიჰყვება, მაგრამ ვერ ეწევა. ან როგორ დაეწევა, როცა მას ანგელოზი იცავს, ჩალისფრთიანი. ამ ბიჭუნაში ცოტა ქრისტეც გეცნობა, ცოტა მოსეც და ცოტა ნოეც. ასეთია მისი როლი - მან სიკვდილი უნდა დაამარცხოს, მკვდრეთით აღადგინოს, სნეული განკურნოს და ჟანგიანი ხომალდით, იგივე კიდობნით, გაიყვანოს ხალხი სამშვიდობოს წყლის უდაბნოდან. ზედმეტია იმის ახსნა, რომ გემი მარტო იმიტომ გადარჩება, რომ მას მართავს ის, ვინც გემის მართვა არ იცის.

ფილმის დასაწყისშივე ხდება სეიდუს კურთხევა წყლით, როცა სოფლის შერეკილი მჩხიბავი პირით შეაფრქვევს სახეში ნაკურთხ წყალს, მოგვიანებით ხვდება იგი კალატოზს (ან კი როგორ იქნებოდა ამბავი კეთილი კირითხუროს გარეშე), ვისთან ერთადაც შადრევანს ააგებს უდაბნოში, რაც იგივე წყლის დამორჩილებაა, ბოლოს კი სულაც წყლის მბრძანებელი ხდება, გამოიყვანს რა უძლურ ხალხს მღელვარე სტიქიიდან. აქვე ხდება მთავარი სასწაულიც, სასწაული დაბადებისა. სხვაგვარად შეუძლებელია, სიკვდილს უთუოდ უნდა წაეფინოს სიცოცხლე. ესაა ამბავი დიდ გამოსვლაზე, გამოსვლაზე ქვიშისა და წყლის უდაბნოებში.

ამ ფილმში ყველაფერი შესანიშნავია - მუსიკიდან კოსტიუმებამდე. სრულიად გენიალურია, მთავარ გმირებს, სეიდუსა და მუსას, სულ „გუჩები“ და „ლუი ვიტონები“ რომ აცვიათ, ალბათ, სენეგალური წარმოებისა. აქ ყველა მსახიობი განუმეორებელია. ვერ ნახავ ვერც ერთ უნდო პერსონაჟს, თუნდაც ეპიზოდურს. ასეთია თუნდაც ორიოდ წამით გამოჩენილი ქალიც (ვისთვისაც სინამდვილეში იგება შადრევანი), რომლის სახესაც კი ვერ ვხედავთ. არამედ მის თვალებშიღა ვკითხულობთ სიხარულს, ნიქაბში დატანებული ჭრილიდან რომ ანათებენ.

მატეო გარონე აქამდე კარგი ფილმების ავტორი იყო. მისია „გომორა“, „დოგმენი“ და „რეალობა“, მაგრამ „მე, კაპიტანი“ სხვა სიმაღლეა. ასეთ კინოს მარტო დიდები იღებენ. თავის მთავარ ზღაპრამდე, გარონეს უკვე გადაეღო „საშიში ზღაპრები“ (ან „ზღაპართ ზღაპარი“) და „პინოქიო“, მაგრამ „კაპიტნის“ შესაქმნელად მარტო გამოცდილება არ არის საკმარისი.

წელსვე გამოვიდა დიდ ეკრანებზე ორი მთავარი მეზღაპრის, აკი კაურისმიაკის ახალი ფილმი „ცვენილი ფოთლები“ და ჰაიაო მიაძაკის ბოლო მულტფილმი „ბიჭი და ყანჩა“. როგორც ყოველთვის, სრულიად შეუძლებელია, პირველმა არ გატიროს და მეორემ არ ჩაგწყვიტოს რაღაც ღრმად. ფინელმა თუ არ გატირა და იაპონელმა არ დაგაგლიჯა გულის ძარღვები, ისე როგორ იქნება. სწორედ ამიტომაც გვიყვარს ესენი. და აი, ამათ გვერდით დგას მატეო გარონე თავისი შედევრით. „მე, კაპიტანი“ დიდი ფილმია, მიაძაკისებურად სასტიკი და კაურისმიაკისებურად კეთილი.

ეს უკონკურენტო კინოა. დიდი ნაწარმოებები ყოველგვარი შეჯიბრისა და შეფასებითობის მიღმა არიან ზოგადად, და ერთმანეთს კი არ ეპაექრებიან, არამედ ავსებენ. ამდიდრებენ კიდეც. ასეთი ფილმები თითქმის არ ხვდებიან ხოლმე წლის საუკეთესოებში. საამისოდ სხვა კინო არსებობს, დროის ნერვში რომ არტყამენ და მსოფლიო მაჯისცემას ცნობენ. დიდი ფილმები ცოტა სხვაგან ბინადრობენ, დრო-სივრცის მიღმა, სადაც მარადიული საზომებიღა გამოგადგება: ნათელი/ბნელი, კეთილი/ავი, და ა.შ., და ა.შ.

თუ აღარ გჯერა სასწაულების, თუ თვლი, რომ ადამიანი ადამიანს სინათლის წლებით შორდება, თუ ხედავ, რომ კეთილსა საბოლოოდ სძლია ბოროტმან, სასწრაფოდ ნახე „მე, კაპიტანი“ და რაღაც ისეთი აგენთება გულში, რაც გეგონა, სამუდამოდ გქონდა ჩამქრალი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG