Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 17 ივნისი. See content from before

კვირა, 16 ივნისი 2019

სინამდვილეში, ყველასთვის ყველაფერი ცხადია და რეალურად არც არავის ეშინია ვინმესი... მით უმეტეს, იმ "სულ რაღაც თხუთმეტიოდე ავადმყოფის, რომელიც გადაგვარებას უპირებს საქართველოს"!

ჩვენ უბრალოდ გვძულს ერთმანეთი (და ზოგჯერ გვიფინანსებენ კიდეც ამ სიძულვილს) და ვტკბებით ერთმანეთის აუტანლობით...

თორემ განა იმ ვირეშმაკა კამეჩისტანმოშიშვლებულმა, ბანჯგვლიან-პერანგისამხანაგ-ჩაოფლილმა კაცებმა არ იციან, რომ სინამდვილეში არანაირი "საფრთხე" არ მოდის იმ ხალხისგან, ვინც უმცირესობათა რიგშია ან ამ უმცირესობებს იცავს ლანძღვისა და უკულტურობისგან?

შეიძლება რომელიღაცა ტვინნაღრძობი ფსიქოპათ-რობოტივით პირჯვრისმწერი კი ფიქრობდეს, რომ ყველას ძალით გააგევებს სატანა, მაგრამ რა ვქნა, არც ასეთების შეშლილობის მჯერა, რადგან ზოგადად ეჭვი არ მეპარება, რომ ესენი ყველანი უკულტურო და ყველაფრისგან აცდენილ-ჩამორჩენილ-დაბოღმილი ფარისევლები და პლუს სარგებლიანი თუ უსარგებლო იდიოტები არიან...

მაგრამ რაშიც ნამდვილები არიან და არ ცრუობენ, ეს მათი ბოროტებაა, რადგან როგორც იქცევიან და რასაც გაბღავიან - ამას ბოროტება ჰქვია! თუ სიკეთე და სიყვარულია, როცა ემუქრები, რომ გალახავ, მოკლავ, გადაჯეგავ და გაანადგურებ, რაც არ უნდა ტყუილად წამოისროდე ამ სიტყვებს და როცა მხოლოდ სიტყვებს არც სჯერდები ზოგჯერ?!

ჰოდა, ვის-ვის და, ცნობიერ თუ არაცნობიერ ბოროტებს კი, თქვენსავე ენაზე რომ ვთქვა, მართლა შთანთქავს, როცა იქნება, ცეცხლოვანი გეენა!

"ცეცხლოვანი გეენა" - ეს სიტყვები ხომ გაგიგიათ, მექანიკურად პირჯვრისმწერო და ცოცხალი ადამიანების ღმერთის სახელით მაგინებელ-გამანადგურებელო უწიგნურებო?! არის ასეთი ტექსტი, "ახალი აღთქმა", შეგიძლიათ დაგუგლოთ კიდეც, ეს მაინც სცადეთ, სხვა თუ არაფერი...

ჯანმრთელები და ავადმყოფები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

მაგრამ კიდევ უფრო მძვინვარე ცეცხლოვანი გეენა ელის ქრისტიანობის სახელით მოქადაგე და პოლიტ თუ ფინანსური კაპიტალის მომხვეჭ პაწუა ანტიქრისტეებს, ამ უბადრუკ ნეო-სერგო ორჯონიკიძეებს, კრემლის ჭ-კლასის ბიზნესმენებისგან გადმოსროლილი "30 ვერცხლით" გამდიდრებულ "ცაკალელ" თვითდამტკბარ-ნარცის პროვოკატორებს (ზოგ-ზოგიერთების მოსკოვურ ბიოგრაფიებში მართლაც რომ ფიგურირებს გვარი "ორჯონიკიძე")!

აი, როგორების სულს ელის ჭეშმარიტი განსაცდელი! აი, ვის ელის სამუდამო "კბილთა ღრჭენა"!

"კბილთა ღრჭენა" - იქნებ ეს სიტყვები მაინც გეცნოს მექანიკური თოჯინასავით პირჯვრისმწერო საბჭოთა მოქალაქევ, ყელს რომ გამოღადრავდი ვინმეს პარტბილეთის გამო და აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, კანონიერი ათეისტი რომ იყავი სულ რაღაც 30 წლის წინ?! ადრე ბოლშევიკური უმრავლესობის წაქეზებით ითხოვდი "მავნე ელემენტების" განადგურებას(კალამს რომ ვერ გაგდებინებდნენ ხელიდან "ანანიმკების" წერით ატანილს), ახლა კი ახლებური "მავნე ელემენტები" გამოგიძებნეს ძველმა უფროსებმა - ანაფორები რომ აცვიათ ზოგიერთებს და შიგნით კაგებეს და პუტინის ფულის ოცნებით რომ უცემთ გული?!

ვითომ ქრისტიანობის გესმოდეთ რამე, ან საქართველოს ისტორიაზე გქონდეთ იმაზე მეტი წარმოდგენა, ვიდრე კინოფილმ "გიორგი სააკაძეში" და "ბაში-აჩუკში" გინახავთ, მორალს რომ კითხულობთ მარქსიზმ-ლენინიზმის საგამოცდო რიხით!

ამდენ წარმოუდგენელ პრობლემაში "ამ თხუთმეტიოდეს აქცია" გექცათ ქვეყნის და სამყაროს დამაქცევარ არმაგედონად?!

გაიძახით "ავადმყოფები, ავადმყოფები" და იმას კი ვერ გრძნობთ, რომ თავად ხართ "ავად" ამ გამოგონილი, სხვების მიერ წაქეზებული თუ გულწრფელი სიძულვილის გამო?!

აბა, ერთი თქვენმა მარკიზ-რაინდმა ჰკითხოს თავის იდეოლოგიურ მოძღვარ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოძულე ამხანაგ დუგინს, თვლის თუ არა ეს კრემლის ქურუმ-ჩეკისტი "ავადმყოფად", ვთქვათ, პეტრე ჩაიკოვსკის და ბარემ თავისი ლაყე ლოგიკით შეებას მისტიკურ-გაზპრომულ ფილოსოფიურ ჭიდილში, იხრაკება თუ არა ამ ეტაპზე ჯოჯოხეთში "გედების ტბის" ავტორი თავისი "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის" გამო?!

მე კი ვიცი, თავისი მუსიკითა და ზნეობით ამდენი სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ჩაიკოვსკი სადაც იქნება ახლა და აი, იმაზე კი ეჭვი არ მეპარება, ვის ელოდება თქვენი საყვარელი სატანა ხელების (თუ გნებავთ, ჩლიქების) ფშვნეტით ადამიანთმოძულე დუგინ-პუტინ-ძველ თუ ნეო-ორჯონიკიძეებიან-შანტრაპიანა... ამათ რა მოთვლის - ლეგიონია მათი სახელი (ესეც სახარების სიტყვებია, უწიგნურო უ-მრევლესობავ, მარტო იქ რომ ხარ მრევლი, სადაც უმრავლესობის ჯოგია და საითაც გაგრეკ-გამოგრეკავენ, რადგან თავად აზროვნების უნარი არა გაქვს)!

უნდა გდებულიყო სახლში "ავადმყოფი" ჩაიკოვსკი და ახლაც სახლში უნდა დაეყუდოს ყველა, ვისაც ჩვენი სასიქადულო პატრიოტი დუგინისტები აუკრძალავენ გარეთ გამოსვლას, და ამის მაგივრად კი ლაღად და ბღავილით ირბინონ ნალჩიკელ პუტანკებზე მეოცნებე წელს ზემოთ შიშველმა ცალტვინა კაცებმა (თურმე ღამის კლუბებშიც რომ არ უშვებენ ამ საწყლებს - ხომ მოაწყვეს რამდენიმე წლის წინ აქცია - ქართველებს არ გვაკარებენ უცხოლ ბოზებსო!)! ესენი თურმე "ჯანმრთელები" ყოფილან და სხვა დანარჩენი - "ავადმყოფები", კარგად რომ მიბეგვავენ ცოლ-შვილს (თუ ეღირსათ ოდესმე) და მართლა ყველანაირ პერვერსიაზე რომ არიან წამსვლელები (თუ უკვე არ წასულან).

ვიძახით, რამხელა კულტურის ხალხი ვართო და, აბა, როგორღა ვართ, სად ვართ? სად ჩანს აქ კულტურა?

დაუსრულებელი საქ-სსრ-სტანი ვართ და მგონი კიდევ დიდხანს ვერ ამოვალთ უკულტურობის, სიბრიყვის და ფარისევლობის მზარდი ჭაობიდან!

როდის დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე? ეს კითხვა ერთი შეხედვით გაკვირვებულს დატოვებს ადამიანს - ითვლება, რომ ეს მოხდა არაუგვიანეს 1945 წლის მაისისა. თუმცა ეს ასე არ იყო. საბჭოთა კავშირში ომი არ დამთავრებულა 1945 წლის გაზაფხულზე. არც მომდევნო წელს. ომი, სულ მცირე, სტალინის სიკვდილამდე გრძელდებოდა. საომარი მოქმედებები განსაკუთრებით მძლავრობდა დასავლეთ უკრაინასა და ლიეტუვაში.

საომარი მოქმედებების ინტენსივობის ხარისხზე მეტყველებს 1953 წლის 26 მაისის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის ერთი ამონარიდიც: „1944-1952 წლებში 500 ათასზე მეტი უკრაინელი იქნა რეპრესირებული. მათ შორის: 134 ათასი დაპატიმრებული, 153 ათასი განადგურებული და 203 ათასი დეპორტირებული უკრაინაში დაბრუნების უფლების დაკარგვით. და, მიუხედავად ამისა, ნაციონალისტურ-ბურჟუაზიული იატაკქვეშეთი ისევ მძლავრობს

დასავლეთ უკრაინაში. (...) 1944-1952 წლებში 270 ათასზე მეტი ლიტველი იქნა რეპრესირებული, რაც რესპუბლიკის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. და, მიუხედავად ამისა, ლიტვის ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი, ე.წ. ტყის საძმო, კვლავ ძლიერია. არა მარტო ე.წ. ტყის ძმების ლიდერები არ არიან დღემდე განადგურებული, არამედ ვერ იქნა აღკვეთილი ვერც მათი აქციები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ“.

კით ლოუვი
კით ლოუვი

დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სტალინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი თუ პოლიშინელის საიდუმლო იყო საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი, ლიეტუვის ტყის ძმების ბრძოლა დღემდე ნაკლებად ცნობილი რჩება.

ისტორიკოსმა კით ლოუვმა თავის ბესტსელერში „ველური ევროპა“ (წიგნი 20 ენაზეა თარგმნილი) ერთი თავი სწორედ ლიეტუველი ტყის ძმების ბრძოლას მიუძღვნა. მას ამ თემაზე ვესაუბრე.

კით, რატომ იყო გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო ძლიერი ლიეტუვაში, ვიდრე ლატვიასა ან ესტონეთში?

ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა. პირველ რიგში არ დაგვავიწყდეს, რომ ლიეტუვის მოსახლეობა ომის შემდეგ თუ იყო 2 553 000, ლატვიის მოსახლეობა 2 მილიონზე ოდნავ ნაკლები, ხოლო ესტონეთის 1 მილიონზე ოდნავ მეტი იყო. ამას გარდა ლიეტუვის მოსახლეობაში უფრო ჭარბობდა გლეხობის წილი. გლეხები კი უფრო კონსერვატორული, უფრო რელიგიური და ნაკლებად განათლებული ფენა იყო. მესამე ფაქტორი ის გახლდათ, რომ ანტინაცისტური მოძრაობა ლიეტუვაში ასევე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ესტონეთში ან ლატვიაში.

ჰო, ლიეტუველებს როდესაც საკუთარი ეროვნული უნიკალურობის წინ წამოწევა სურთ, ამას ხშირად უსვამენ ხაზს.

კით ლოუვის წიგნი "ველური კონტინენტი"
კით ლოუვის წიგნი "ველური კონტინენტი"

სინამდვილეში ამის მიზეზი ბევრად უფრო პროზაულია - ლიეტუვის ანტინაცისტური მოძრაობის სიძლიერე განპირობებული იყო პოლონეთთან მეზობლობით. ორივე ქვეყანაში მეომარი პარტიზანები ხშირად ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ, იყენებდნენ ერთმანეთის ბაზებს ვერმახტის ან წითელი არმიის შეტევის შემთხვევაში.

სწორედ ამიტომაც, პირველ ეტაპზე, 1944-1945 წლებში, როცა წითელი არმია გამოჩნდა ლიეტუვის ტერიტორიაზე, ტყის ძმები ძალზე ორგანიზებულ ძალას წარმოადგენდა: ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი იყო ე.წ. სამხედრო ოლქებად. თითოეულ ოლქს ჰყავდა მეთაური საკუთარი პოლკებით, ბატალიონებით და ა.შ. იყო ნაწილები ლოგისტიკის, მომარაგების, კავშირგაბმულობის, სამედიცინო და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს თუ ლიეტუველები ტყეში გადიან მასობრივად, ამის მიზეზი არა პატრიოტიზმია, არამედ სურვილი, წითელ არმიაში ძალით რეკრუტირებას აარიდონ თავი. ამ დროს საბჭოთა ტერორი მასობრივი და საშინელი იყო. მცირეოდენი ეჭვი პარტიზანებისადმი სიმპათიისა საკმარისი იყო, რომ გლეხი სახალხოდ ჩამოეხრჩოთ. სტალინური ტერორის მსხვერპლი ხდებოდა ტყეში გახიზნული პარტიზანის მთელი ოჯახი. მაგრამ საბჭოთა ტერორს თან ახლდა ასევე თაფლაკვერის პოლიტიკაც - 1945 წელს, როცა მოსკოვი ამნისტიას გამოაცხადებს, 36 000 პარტიზანი გადაწყვეტს სახლში დაბრუნებას.

და ეს კარდინალურად შეცვლის სიტუაციას...

ნამდვილად. ამ დროს ტყის ძმების რაოდენობა 45 000-დან უცბად ეცემა რამდენიმე ათასამდე. ტყის ძმები რჩებიან ლოგისტიკის, მომარაგების გარეშე. ამ ეტაპიდან მოყოლებული ყველაზე დიდი, რასაც ტყის საძმო ახერხებს - ესაა საბჭოთა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებზე თავდასხმების მოწყობა.

ტყის ძმების საარქივო ფოტო (გენოციდის მსხვერპლის მუზეუმი, ვილნიუსი).
ტყის ძმების საარქივო ფოტო (გენოციდის მსხვერპლის მუზეუმი, ვილნიუსი).

ტყეში დარჩენილი ძმების დისკრედიტაციის მიზნით კრემლი მასიურად დაიწყებს პროპაგანდას და მოახერხებს კიდეც მოსახლეობის ნაწილის თავის მხარეს გადმობირებას. ლიეტუველების ნაწილი ნელ-ნელა დაიწყებს დაჯერებას, რომ ტყის ძმები ბანდიტები იყვნენ. სხვათა შორის კრემლის პროპაგანდის წისქვილზე ზოგჯერ ტყის ძმებიც ასხამდნენ წყალს - ვინაიდან მათ სულ უფრო უჭირდათ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმის მოწყობა, ისინი შურს კოლაბორაციონისტებზე იძიებდნენ. ეს კი მოსახლეობის ნაწილში მათ მიმართ აგრესიას ზრდიდა.

როგორ ახსნი მაინც მოსკოვის საბოლოო გამარჯვებას?

ბერიას მიერ მართული სამხედრო, ეკონომიური და სოციალური სტრატეგია საბოლოოდ ეფექტიანი აღმოჩნდება. თუ ომის პირველ ეტაპზე კრემლის რეპრესიული აპარატის ტერორი სასტიკი იყო, მეორე ეტაპზე, როცა ტყის საძმო დასუსტდა, ბერიას უწყება ტყიდან გამოსულ პარტიზანებს მილიციაში გაწევრიანებას შესთავაზებს. ეს წვევამდელი ლიეტუველისათვის გარანტია იყო, რომ მას წითელ არმიაში არ გაიწვევდნენ. მილიციის ფორმა თუ გუშინდელ პარტიზანს ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს აძლევდა, ბერიას უწყებისათვის ისინი ძალზე კარგ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდნენ. ბერიას მოადგილე კრუგლოვი ასევე მოახერხებს რამდენიმე აგენტის ჩანერგვას ტყის საძმოში. მაგალითად, იუზას მარკულისი, ტყის ძმების ერთ-ერთი ლიდერი, კრუგლოვის აგენტი იყო. ამას თან ახლდა მუდმივი ტერორი მოსკოვის მხრიდან - 1948 წელს 40 ათასი ლიეტუველის დეპორტაცია ფატალური აღმოჩნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.

მე შევხვედრივარ ერთ-ერთ ტყის ძმას, იონას კაჯიონისს, რომელიც კრუგლოვის ხელში 1952 წლის ბოლოს ჩავარდება და 25 წელი გაატარა გულაგში. ის მიყვებოდა, თუ ბრიტანელების დახმარების როგორი იმედი ჰქონდათ მათ 1945-52 წლებში...

მათ ანგლოსაქსების ინტერვენციის დიდი იმედი ჰქონდათ, თუმცა ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. და უნდა ითქვას, რომ ბრიტანელებიც ძალზე აღვივებდნენ უსაფუძვლო იმედის ნაპერწკალს ტყის ძმებში - ალექსანდერ მაკკიბინი, რომელიც ბრიტანულ დაზვერვაში ბალტიის ქვეყნებს კურირებდა, განსაკუთრებით აქტიური იყო. მაგალითად, იგი ორგანიზებას უწევდა ემიგრაციაში მცხოვრები იმ ლიეტუველების საჰაერო გზით გადასროლას ლიეტუვის ტერიტორიაზე, რომლებიც სხვებს არწმუნდებდნენ, რომ ბრიტანელები მალე შევიდოდნენ ლიეტუვაში. მაგრამ 40-იანი წლების ბოლოს ბერიას უწყება ყველა ამ ემიგრანტს დააპატიმრებს. ამ პერიოდში ტყის ძმების ერთადერთი საზრუნავი თავის გადარჩენა ხდება - სამხედრო ოპერაციაზე უკვე აღარავინ ფიქრობდა. ეს უკვე ლიეტუვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უკანასკნელი კონვულსიები იყო...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG