Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

2015 წელს, როცა ხელისუფლების შეცვლიდან საკმარისი დრო იყო გასული, - საკმარისი იმისთვის, რომ ბრალი წაეყენებინათ ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისთვის და ახლებსაც მოესწროთ თავის გამოჩენა სათანადოდ, - ნახევრადხუმრობით ითქვა: „ქოცი - ჟღერს როგორც დიაგნოზი, ნაცი - როგორც ბრალდება!“

რაღაცნაირად ამ საეჭვო სენტენციის ერთგვარი გამართლებაა 2019 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნების მთავარ ფიგურანტთა პროფესიული კუთვნილება: ექიმი და ადვოკატი!

2012 წლის 1 ოქტომბრიდან ლამის შვიდი წელი გავიდა, მაგრამ თითქოს არც გასულა: მმართველი პარტია კვლავ ბრალმდებლის როლშია, ოპონენტები კი კვლავინდებურად ხაზს უსვამენ „ქართული ოცნების“ ავადმყოფურ უუნარობას თავი გაართვას ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს!

მოკლედ, ბრალდება vs დიაგნოზი!

და ამომრჩეველმაც გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რა უფრო სახიფათოდ ეჩვენება - „დანაშაული“ თუ „ავადმყოფობა“.

ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, პოლიტიკური ველი საიმედოდაა გამარგლული: ვინც არც „ოცნებაა“ და არც ყოფილ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, მოჭრილ ხეს ჰგავს: ფეხზე დგას არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, მერე ეცემა! ასე რომ, არჩევანი მართლა მწირია: ან „ბრალდება“ გაშინებს, ან - „დიაგნოზი“.

ბუნებრივია, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მთელი ძალისხმევა მიმართულია „ბრალდების“ დამძიმებისკენ და რადგანაც „დრო ყველაფრის მკურნალია“, წლიდან წლამდე მეტი და მეტი ძალისხმევაა საჭირო დროის მოქმედების შესაჩერებლად!

აბა, ვის ახსოვს, როგორი უნდა ყოფილიყო 2015 წელი? ან როგორი უნდა ყოფილიყო 2016 წელი?

2015 წელი უნდა ყოფილიყო „კარგი“, 2016 წელი კი - „ძალიან კარგი“, მაგრამ ახსოვს ბიძინა ივანიშვილს ეს დაპირება?

დაპირებები ივანიშვილის წინა, ხელისუფლებამდელი, ცხოვრების ნაწილი იყო და იქვე დარჩა, დაპირებები ხომ ოპოზიციის მთავარი საწვავია, რომელმაც სისტემა უნდა გამოიყვანოს წონასწორობიდან, რათა მოშალოს ძველი წესრიგი; გახელისუფლებულ ივანიშვილს სულ სხვა მიზანი აქვს, მის ინტერესებში არ შედის წონასწორობის დარღვევა. შესაბამისად, არჩევნების მოსაგებად და ძველი წესრიგის შესანარჩუნებლად სხვა, უფრო საიმედო საშუალებები სჭირდება! დაპირებამ შეიძლება არ იმუშაოს, შეიძლება სხვამ უფრო ნიჭიერად (დამაჯერებლად) გასცეს დაპირებები, ასევე შეიძლება ძველი და შეუსრულებელი დაპირებები შეგახსენონ... ასე რომ, დაპირებების იმედად ხელისუფლება ვერ იქნება, უფრო საიმედო მექანიზმია საჭირო; მექანიზმი, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული ისეთ შემთხვევით ფაქტორებზე, როგორიცაა მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემები, ოპონენტების დაპირებები, კონკურენტების ვინაობა და ისიც, თუ ვინ იყრის კენჭს მმართველი პარტიის სახელით. უფლის ნებით ყველა პარტიის სხეულგამოვლილი ექიმის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ამის ნათელი დადასტურებაა!

თუ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს როგორც საკუთარ კომპანიას, მაშინ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ის ამას ვერ მოახერხებს, თუ თავის სამსახურში არ ეყოლება ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საჭირო ამომრჩეველთა კრიტიკული რაოდენობა!

ბიძინა ივანიშვილს დათვლილი აქვს, რამდენი ამომრჩეველი სჭირდება ხელისუფლების უპირობო შენარჩუნებისთვის. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც ბიძინა ივანიშვილის „კომპანიის“ ისეთივე თანამშრომლები არიან, როგორიც მინისტრები, დეპუტატები, მერები და ა.შ. ცხადია, ყველას ერთნაირი ხელფასი და კონტრაქტი არ აქვს. ზოგი შტატიანია (დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში, სსიპ-ში თუ აიპი-ში), ზოგი უშტატოა, ზოგი ხათრით მუშაობს, ზოგი - სეზონურად, ზოგი კი სულაც - იძულებით... საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კოორდინატორებიც ერთგვარი „ტაბელშიცები“ არიან, რომლებიც მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებასა და იქიდან წასვლას აღრიცხავენ. ყველაზე კრიტიკულ უბნებშიც კი შტატში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა იმდენია, რომ მმართველმა პარტიამ პირველ ტურში არ წააგოს, მეორე ტურში კი იმატებენ უშტატოებს, რომელთა მოძებნა, აქტივობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ძნელი არ არის. ვარაუდის საფუძველს იძლევა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნები, რომლის პირველ ტურში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ 6 ათასი ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა შალვა შავგულიძემ კი - 5,4 ათასი, აქტივობამ 32 % შეადგინა. მეორე ტურში აქტივობა 41 %-მდე გაიზარდა, შავგულიძეს 1200 მხარდამჭერი მოემატა, კახაძეს კი - 4700, ანუ 1.8-ჯერ მეტი, ვიდრე პირველ ტურში.

სად იყო ეს ხალხი პირველ ტურში? რამ აიძულა აზრის შეცვლა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღება? რა ფორმით არიან ისინი რეგისტრირებული კოორდინატორების ტაბელში?

თუმცა, როგორც უნდა იყოს მოპოვებული, ერთი ამომრჩევლის ხმა ერთი ამომრჩევლის ხმაა, გინდა უშტატო ამომრჩეველი იყოს, გინდა - შტატიანი და გინდა - ხმის მჩუქებელი. ჩვენთვის ცნობილია ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის წუწუნი იმაზე, რომ ხმებს ითვლიან და არა „სწონიან“.

„ხმა უნდა აიწონოს და არა დაითვალოს. გნებავთ, საქართველოში ათი ათას კაცს ხელს მოვაწერინებ, რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას და ნუთუ ეს მცირეოდენ მცოდნე კაცისთვის საბუთია? ათი ათას კაცის ხმა უფრო მეტს იწონის, ვიდრე ერთი ხმა გალილეისა?“ - ჩიოდა ლამის საუკუნე-ნახევრის წინ ილია.

დღეს ათი ათას კაცზე ბევრად მეტს ასევე იოლად მოაწერინებს ხელს შეუზღუდავი ძალაუფლება და დიდი კაპიტალი, საბიუჯეტო და კერძო სახსრების სახით. ლიტერატორ თემურ ქორიძეს (1954-2017) რომ დავესესხოთ, ვითარებას ის გარემოება ამძიმებს, რომ ივანიშვილის საქართველოში პოლიტიკურ ფაქტორად გვევლინება სიმდიდრის ყველაზე ცუდი ფორმა, ანუ სიმდიდრე, რომელიც შემთხვევითაა მოპოვებული და დამოკიდებული არ არის არც ხალხის ინდუსტრიაზე, არც მცხოვრებთა რაოდენობაზე და არც მიწათმოქმედებაზე.

„სამწუხაროდ, სიმდიდრის ასეთი ცუდი ფორმა ჩვენში ჯერჯერობით მხოლოდ დადებით მოვლენად აღიქმება და ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ ამ ფაქტორის გავლენაზე“, - წინასწარმეტყველურად წერდა თემურ ქორიძე 2015 წელს.

ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს გაუხარდათ, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელი აირჩია თავისი პირველი უცხოური ვიზიტისთვის. ყოფილმა კომიკოსმა თავისი ორდღიანი სტუმრობისას აუდიტორიას ასიამოვნა თავისი სწორად შერჩეული გამოთქმებით დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ა.შ. მაგრამ ღიმილისა და მეგობრული სალმის ფასადის მიღმა მაინც რჩება გაურკვევლობის შეგრძნება იმის თაობაზე, თუ რა მოხდება უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მეორე მოქმედებაში.

ყოველთვის მოელოდნენ, რომ ეს ზელენსკისთვის უხერხული ვიზიტი იქნებოდა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გარდა, ყველა ლიდერი, ვისაც ის შეხვდა - ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები, ჟან-კლოდ იუნკერი და დონალდ ტუსკი, ასევე ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი, ე.წ. „კოჭლი იხვები“ არიან. წლის ბოლოსთვის ისინი თანამდებობებზე აღარ იქნებიან და მათ დიდი მნიშვნელობა აღარ ექნებათ უკრაინისთვის. მაგრამ, ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტს საშუალება არ ჰქონდა, დიდი დაპირებები გაეკეთებინა უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მითხრა, „ნამდვილად სწორად ამბობს სათქმელს, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა მისი შეფასება. რთული სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის“.

მერე კიდევ არის „პეტრო პოროშენკოს ფაქტორი“. ზელენსკის წინამორბედს კარგი ურთიერთობები ჰქონდა ბრიუსელთან. გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და იცოდა, ევროკავშირის დედაქალაქში როგორ ეწარმოებინა კულუარული დიპლომატია და რა განცხადებები გაეკეთებინა თავისი დასავლელი კოლეგების თანდასწრებით. ინგლისური კარგად იცოდა და ორგანიზაციის მუშაობაში შესანიშნავად ერკვეოდა.

ზელენსკისთვის ყოველივე ეს სიახლეა. იუნკერთან შეხვედრის შემდეგ ამჯობინა, არ შეხვედროდა პრესას, რამაც ჟურნალისტებს შორის განცვიფრება გამოიწვია. თუმცა მედიისთვის განცხადება წაიკითხა ინგლისურად, ძლიერი აქცენტით, მას შემდეგ, რაც სტოლტენბერგს შეხვდა, და ორ კითხვას გასცა პასუხი, ეს იყო და ეს. ამით კიდევ უფრო გაამყარა უკრაინიდან გამოყოლილი რეპუტაცია, რომ მედიას ძალიან უფრთხის. შეხვედრებზე ხშირად საუბრობდა თარჯიმნის დახმარებით. კონტრასტისთვის შეადარეთ ეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირველ ვიზიტს ბრიუსელში. ზურაბიშვილი ძალდაუტანებლად გადადიოდა სრულყოფილი ფრანგულიდან ლამის მშობლიურ ინგლისურზე და მან მასპინძლებიც მოხიბლა და მედიაც. ერთმა წყარომ მითხრა, რომ ზელენსკი დროდადრო ძალიან ნერვიულობდა. მისი თქმით, მან „ცოტა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ უფრო მეტად ტოვებდეს პრეზიდენტის შთაბეჭდილებას, როცა საქმე ისეთ რამეებს ეხება, როგორიცაა სიარული და ხელის ჩამორთმევა“.

მაგრამ არის ასევე კიდევ ერთი, უფრო დადებითი ასპექტი პოლიტიკური ნეოფიტისადმი დამოკიდებულებაში. ისეთი შეფასებები, რომლებიც მოვისმინე - „უჩვეულოა“, „არ არის ჩარჩოებში მოქცეული“ - არ ატარებდა მაინც და მაინც უარყოფით ელფერს. პირიქით, როგორც ერთმა წყარომ მითხრა, მან შეხვედრებში „სიახლე შემოიტანა“ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „წყვეტს კავშირს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პროფესიონალ პოლიტიკოსებთან, ფაქტობრივად აკეთებს იმას, რასაც წარმოადგენდა გარკვეულწილად ევრომაიდანი“. ყველა შეხვედრაზე ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ იტანჯება ხალხი ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რაც ბრიუსელში მის პარტნიორებს მოეწონათ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ, ევროკავშირის ბევრი ოფიციალური პირის აზრით, პოროშენკო ამ საკითხს არასათანადო ყურადღებას უთმობდა თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო პერიოდში. პოროშენკოსგან განსხვავებით, რომელიც შეხვედრებზე ზოგჯერ ზედმეტად თავდაჯერებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და მოთხოვნებს აყენებდა, ბევრმა აღნიშნა, რომ ზელენსკი კარგი მსმენელია, ის დაინტერესებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და უამრავ შენიშვნას იწერდა. მის მრჩეველთა გუნდმაც ფართო მოწონება დაიმსახურა კომპეტენტურობისთვის. მათ შორის გამოირჩეოდა მისი შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ პრისტაიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ნატოში უკრაინის ელჩი იყო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო შერეული ხასიათის შთაბეჭდილებებით აღსავსე ვიზიტი, რომელსაც ახლდა ერთგვარი გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ რა პოზიციაზე დგანან პარტნიორები ამ მომენტისთვის. შემდეგი ნაბიჯია ევროკაშირისა და უკრაინის სამიტი, რომელიც, როგორც უკრაინის დელეგაციამ მოითხოვა დაჟინებით, 8 ივლისს გაიმართება კიევში. იმ დროისთვის ამაზე ბევრად უფრო მეტი რამ არ გახდება ცხადი, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი შანსი სამომავლო ცვლილებებისთვის მოსამზადებლად.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG